გადაწყვეტილება №25329/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 04.07.2025
№ დოკუმენტი 25329/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25329/2/2025

04 ივლისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------ (ს/ნ ------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“ 17.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25329/2/2025).

 

დავის საგანი:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით (საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული ჯარიმის 50%-ის გაუქმება) სარგებლობის უფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 15.04.2025 წლის №7134 ბრძანება;

2. შემოსავლების სამსახურის 28.05.2025 წლის №10930 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 58 041,23 ლარი.

მათ შორის:

მოგების გადასახადი - 35 557

ჯარიმა - 17 779

საურავი - 4 705,23

 

ფაქტების აღწერ

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო ბიზნესი. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 15.04.2020 წელს. 21.04.2020 წლიდან რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 27.12.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, აღნიშნულის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2024 წლის №27754 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №021-105 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც პირს ერიცხებოდა ჯამში 58 041,23 ლარი, მათ შორის, მოგების გადასახადი 35 557 ლარი, ჯარიმა 17 779 ლარი, საურავი 4 705,23 ლარი.

აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2024 წლის №021-105 საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 30.12.2024 წელს.

22.01.2025 წელს აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2024 წლის №021-105 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული, საგადასახადო ვალდებულებების შესრულების მიზნით ხაზინის ანგარიშზე (№101001000) ჩაირიცხა 58 429,52 ლარი.

14.02.2025 წელს შემოსავლების სამსახურს წარედგინა შპს „------“ განცხადება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის მოთხოვნით.

აუდიტის დეპარტამენტის 15.04.2025 წლის №7134 ბრძანებით (რომელიც გამოიცა ამავე დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების №6 სამმართველოს 4.04.2025 წლის დასკვნის შესაბამისად) მომჩივანს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, იმ საფუძვლით, რომ არ იყო დაცული საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით განსაზღვრული პირობები, კერძოდ გადასახადის გადამხდელს კანონით გათვალისწინებულ ვადაში არ ჰქონდა წარდგენილი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.

აუდიტის დეპარტამენტის 15.04.2025 წლის №7134 ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 28.05.2025 წლის №10930 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტი უქმდება, თუ გადასახადის გადამხდელს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გაცემული საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში ბიუჯეტში სრულად აქვს გადახდილი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადების, აგრეთვე, ჯარიმების 50 პროცენტის ტოლფასი თანხა და პირის მიერ ამავე ვადაში აღიარებულია შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში არ აქვს წარდგენილი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ, შესაბამისად, არ აქვს აღიარებული საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გადამხდელის მიერ არ არის შესრულებული საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 დეკემბრის №021-105 საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში არ აქვს აღიარებული შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხა. ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2024 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე საზოგადოებას დაერიცხა სულ 53 336 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით 2024 წლის 30 დეკემბერს ჩაბარდა საგადასახადო მოთხოვნა №021-105 და ბრძანება №27754.

2025 წლის 22 იანვარს აქტით დარიცხული თანხებიდან სრულად იქნა გადახდილი გადასახადი და ჯარიმის 50 პროცენტი, ასევე საურავი, ამავე საგადახდო დოკუმენტში მიეთითა საგადასახადო მოთხოვნისა და შესაბამისი ბრძანების ნომერი. მას შემდეგ რაც მათთვის ცნობილი გახდა წერილობითი თანხმობის შესახებ, 2025 წლის 14 თებერვალს კომუნიკატორის მეშვეობით გაიგზავნა განცხადება სსკ-ის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით სარგებლობასთან დაკავშირებით.

აუდიტის დეპარტამენტმა აღნიშნული განცხადება ჩათვალა დაგვიანებით წარდგენილად და 2025 წლის 4 აპრილის დასკვნით უარი განუცხადა პირს სსკ-ის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით დადგენილი შეღავათით სარგებლობაზე. აღნიშნული დასკვნა და გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა შემოსავლების სამსახურში, შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივარი არ დაკმაყოფილდა 2025 წლის 28 მაისის ბრძანებით.

ვინაიდან 2025 წლის 22 იანვრის საგადახდო დავალების დანიშნულებაში მკაფიოდ აქვთ მითითებული აქტით დარიცხული თანხის გადახდა („საბიუჯეტო გადასახადი აუდიტის მოთხოვნა 021- 105 ბრძანება 27754“) მომჩივანი ითხოვს აღნიშნული ჩაითვალოს საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხის აღიარებად და სსკ-ის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის მოთხოვნები/პირობები დაკმაყოფილებულად.

მომჩივანი ითხოვს მიეცეს სსკ-ის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით სარგებლობის უფლება. სსკ-ის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით აუცილებელი პირობაა: აქტით დარიცხული თანხის გადახდა და საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხის აღიარება. დარიცხული თანხების გადახდა დასტურდება საგადახდო დავალებით. შპს „-------“ საგადასახადო შემოწმების აქტი სადაოდ არ გაუხდია და თანხის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული იქნა აქტის საფუძველზე გამოცემული მოთხოვნის ნომერი და ბრძანება. აღნიშნული წარმოადგენს საკმარის პირობას რათა სსკ-ის 269-ე მუხლის პირობები ჩაითვალოს დაკმაყოფილებულად. ამასთან სსკ-ის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილით: "აღიარებული საგადასახადო დავალიანება – საგადასახადო დავალიანება, თუ: ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა.

მომჩივანი ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 28 მაისის N 10930 ბრძანების გაუქმებას და სსკ-ის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობისთვის საჭირო პირობების დაცულად ჩათვლას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტი უქმდება, თუ გადასახადის გადამხდელს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოცემული საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში ბიუჯეტში სრულად აქვს გადახდილი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადების, აგრეთვე ჯარიმების 50 პროცენტის ტოლფასი თანხა და პირის მიერ ამავე ვადაში აღიარებულია შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხა.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო დავალიანება აღიარებულია, თუ: პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა; პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 171 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირი უფლებამოსილია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს წერილობითი განცხადება „საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ“.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შპს „-------“ საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 27.12.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც აუდიტის დეპარტამენტის მიერ 30.12.2024 წელს გამოიცა №27754 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №021-105 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც პირს ერიცხებოდა ჯამში 58 041,23 ლარი, კერძოდ, მოგების გადასახადი 35 557 ლარი, ჯარიმა 17 779 ლარი, საურავი 4 705,23 ლარი.

აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2024 წლის №021-105 საგადასახადო მოთხოვნას პირი ელექტრონულად გაეცნო 30.12.2024 წელს და ის არ გაუსაჩივრებია.

22.01.2025 წელს აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2024 წლის №021-105 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული, შპს „------“ (ს/ნ --------) საგადასახადო ვალდებულებების დაფარვის მიზნით ხაზინის ანგარიშზე (№101001000) ჩაირიცხა 58 429,52 ლარი.

14.02.2025 წელს შემოსავლების სამსახურს წარედგინა შპს „-------“ განცხადება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის მოთხოვნით.

საბჭო მიიჩნევს, რომ შპს „------“ მიერ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2024 წლის №021-105 საგადასახადო მოთხოვნის გაუსაჩივრებლობა და გასაჩივრების ვადის გასვლამდე (22.01.2025 წელს) ამავე მოთხოვნაში ასახული თანხის გადახდა, გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტში საგადასახადო მოთხოვნის და პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების, ასევე თანხის გადახდის მიზნობრიობის ზუსტად მითითება მეტყველებს პირის განზრახვაზე ესარგებლა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით დადგენილი პირობით.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში შპს „-------“ მიერ საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადების საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში წარუდგენლობა არ არის მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელი გარემოება. შესაბამისად, შემოწმების შედეგად დაკისრებული ჯარიმის თანხის 50 პროცენტი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის გათვალისწინებით ექვემდებარება შემცირებას.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 28.05.2025 წლის №10930 ბრძანება;

3. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 15.04.2025 წლის №7134 ბრძანება;

4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, 30.12.2024 წლის №021-105 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმის თანხა 50 პროცენტის ოდენობით, შეამციროს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით (საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული ჯარიმის 50%-ის გაუქმება) სარგებლობის უფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო ბიზნესი. 2024 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე მომჩივანს დაერიცხა სულ 53 336 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით 2024 წლის 30 დეკემბერს ჩაბარდა საგადასახადო მოთხოვნა და ბრძანება. 2025 წლის 22 იანვარს აქტით დარიცხული თანხებიდან სრულად იქნა გადახდილი გადასახადი და ჯარიმის 50 პროცენტი, ასევე საურავი, ამავე საგადახდო დოკუმენტში მიეთითა საგადასახადო მოთხოვნისა და შესაბამისი ბრძანების ნომერი. მას შემდეგ რაც მათთვის ცნობილი გახდა წერილობითი თანხმობის შესახებ, 2025 წლის 14 თებერვალს კომუნიკატორის მეშვეობით გაიგზავნა განცხადება სსკ-ის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით სარგებლობასთან დაკავშირებით. აუდიტის დეპარტამენტმა აღნიშნული განცხადება ჩათვალა დაგვიანებით წარდგენილად და 2025 წლის 4 აპრილის დასკვნით უარი განუცხადა პირს სსკ-ის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით დადგენილი შეღავათით სარგებლობაზე. აღნიშნული დასკვნა და გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა შემოსავლების სამსახურში, შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივარი არ დაკმაყოფილდა 2025 წლის 28 მაისის ბრძანებით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს;

შემოწმების შედეგად დაკისრებული ჯარიმის თანხის 50 პროცენტი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის გათვალისწინებით ექვემდებარება შემცირებას.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;

269(11);8(5);