გადაწყვეტილება №25974/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25974/2/2025
03 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ----- ს/ნ -----
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 06.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 25974/2/2025).
დავის საგანი:
საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 04.09.2025 წლის N EL294477 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 26.09.2025 წლის N 21051 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 48 653.77 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:
03.09.2025 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ გავლით საქართველოში შემოვიდა სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება N -----/------, რომლითაც გადაადგილდებოდა N ------/------ (26.08.2025წ.) საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული, მომჩივნის კუთვნილი საქონელი (კარაქი 25 კგ-იანი 840 ყუთი, საერთო წონა: ბრუტო 21 900 კგ, ნეტო 21 000 კგ, საბაჟო ღირებულება 270 298.73 ლარი).
აღნიშნული დეკლარაციისთვის მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალება „eCustoms“-ის მიერ განისაზღვრა „ყვითელი დერეფანი“ და შემდგომი კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით საქონელი და სატრანსპორტო საშუალება გაგზავნილ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“-ის დანიშნულებით.
03.09.2025 წელს, მომჩივნის წარმომადგენლის N -----/21-10-22 განცხადებით, საბაჟო ორგანოსთვის ცნობილი გახდა, რომ ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი, ნაცვლად დანიშნულების ადგილისა, გამოცხადდა ქ. თბილისში მდებარე კომპანიის კუთვნილ საწყობში, სადაც განხორციელდა საქონლის გადმოტვირთვა.
04.09.2025 წელს საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ აღნიშნულ მისამართზე დათვალიერდა კომპანიის კუთვნილი საქონელი, 25 კგ-იანი 840 ყუთი კარაქი (ბრუტო წონა 21 900 კგ, ნეტო წონა - 21 000 კგ), თუმცა ვერ მოხერხდა აღნიშნული საქონლის იდენტიფიცირება №-----/------ (26.08.2025წ.) საქონლის საბაჟო დეკლარაციით გადაადგილებულ საქონელთან.
საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვის, დაკარგვის ან განადგურების გამო, მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის 4.09.2025 წლის N EL294477 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 48 653.77 ლარის ოდენობით. ამასთან, საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლების საფუძველზე, გამოიცა 4.09.2025 წლის N EL11116/9 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს დაერიცხა დღგ - 48 653.77 ლარი და საურავი - 24.3 ლარის ოდენობით.
სადავო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.09.2025 წლის N 21051 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-5 და მე-6 მუხლებზე, 70-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 172-ე მუხლზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 3) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას, დაკარგვას ან განადგურებას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
კანონმდებლობა ვალდებულ პირს აკისრებს ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს ამ ვალდებულებათა დარღვევას, რაც გამოიწვევს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. საბაჟო სანქცია ნორმის ელემენტია, რომელიც ითვალისწინებს უარყოფით შედეგებს საბაჟო ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. საბაჟო პასუხისმგებლობა კი არის კონკრეტული საბაჟო სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ვალდებულება, საბაჟო კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით, პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისთვის.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დარიცხული თანხა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია:
26.08.2025 წელს მომჩივნის სახელზე დარეგისტრირდა წინასწარი დეკლარაცია ( ----- ), რომლის დაბეჭდვის შემდეგ კომპანიის ავტომანქანა გადმოვიდა საბაჟო გამშვებ პუნქტზე, დეკლარაციას განესაზღვრა ყვითელი დერეფანი, მძღოლი (რომელიც იყო არაქართულენოვანი და სავარაუდოდ, ვერ გაიგო, თუ სად უნდა წასულიყო) კი პირდაპირ შევიდა საწყობში (ქ. ----- ), სადაც მომჩივნის მხრიდან მოხდა ავტომანქანის დაცლა და ტვირთის დასაწყობება. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მანქანა საწყობში შევიდა, მომჩივანმა მიიჩნია, რომ დეკლარაცია უკვე დასრულებული იყო, ვინაიდან წინა პერიოდში ანალოგიური შემთხვევის დროს, ხდებოდა მათათან დაკავშირება და დეკლარაციის შესახებ ინფორმაციის მოწოდება, რაც ამ ეტაპზე არ განხორციელებულა არც მოკლე ტექსტური შეტყობინების და არც სატელეფონო ზარის მეშვეობით.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ კომპანიას აღნიშნული გარემოება არ ჩაუდენია განზრახ და ზემოაღნიშნული ქმედება გამოწვეულია მათი შეცდომით. ასევე, არ მომხდარა პროდუქციის რეალიზაცია და აქვე აღნიშნავს ფაქტს, რომ სრულად გადაიხადა პროდუქციაზე დეკლარაციით დარიცხული დღგ-ის თანხა (48 653.77 ლარი), რომელიც გადასახდელი ექნებოდა დეკლარაციის დასრულების შემთხვევაში, რაც ასევე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ კომპანიას მიზანმიმართულად, გადასახადების თავიდან აცილების მიზნით, არ განუხორციელებია აღნიშნული ქმედება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს კომპანიის მდგომარეობის გათვალისწინებას და როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისგან, ასევე ითხოვს შესაძლებლობის ფარგლებში დავის განხილვის პროცესზე დასწრებას.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობა არის საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება. საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აგრეთვე თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებებს და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ღონისძიებებს.
2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება. ამ კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრის შემდეგ საბაჟო ზედამხედველობას არ ექვემდებარება. უცხოური საქონელი მისი საბაჟო სტატუსის შეცვლამდე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან ამ კოდექსის XV თავის შესაბამისად განკარგვამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართ N 3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-5 ნაწილით, თუ სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია, მათ ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სოლიდარულად ეკისრებათ.
საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
მომჩივანი განმარტავს, რომ 26.08.2025 წელს კომპანიის სახელზე დარეგისტრირდა წინასწარი დეკლარაცია ( ----- ), რომლის დაბეჭდვის შემდეგ კომპანიის ავტომანქანა შემოვიდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, დეკლარაციას განესაზღვრა ყვითელი დერეფანი, მძღოლი (რომელიც იყო არაქართულენოვანი და სავარაუდოდ, ვერ გაიგო, თუ სად უნდა წასულიყო) პირდაპირ შევიდა საწყობში (ქ. ----- ), სადაც მოხდა ავტომანქანის დაცლა და ტვირთის დასაწყობება. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მანქანა საწყობში შევიდა, მომჩივანმა მიიჩნია, რომ დეკლარაცია უკვე დასრულებული იყო და ვინაიდან წინა პერიოდში ანალოგიური შემთხვევის დროს ხდებოდა მათათან დაკავშირება და დეკლარაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ამ ეტაპზე კი არ განხორციელებულა შეტყობინება არც სატელეფონო ზარით და არც მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, მომჩივანმა მიიჩნია, რომ დეკლარაცია უკვე დასრულებული იყო.
საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას, დაკარგვას ან განადგურებას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან, წინასწარ დეკლარირებული საქონლით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება, ნაცვლად საბაჟო ორგანოში გამოცხადებისა, გამოცხადდა და გადმოიტვირთა მომჩივნის კუთვნილ საწყობში, სადაც ვერ მოხერხდა მომჩივნის მიერ წარდგენილი საქონლის იდენტიფიცირება N -----/----- (26.08.2025წ.) საბაჟო დეკლარაციით გადაადგილებულ საქონელთან, საბჭოს მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
ფაქტობრივი გარემოებები:
კომპანიის სახელზე დარეგისტრირდა წინასწარი დეკლარაცია, რომლის დაბეჭდვის შემდეგ კომპანიის ავტომანქანა შემოვიდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, დეკლარაციას განესაზღვრა ყვითელი დერეფანი, მძღოლი პირდაპირ შევიდა საწყობში სადაც მოხდა ავტომანქანის დაცლა და ტვირთის დასაწყობება. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მანქანა საწყობში შევიდა, მომჩივანმა მიიჩნია, რომ დეკლარაცია უკვე დასრულებული იყო და ვინაიდან წინა პერიოდში ანალოგიური შემთხვევის დროს ხდებოდა მათათან დაკავშირება და დეკლარაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ამ ეტაპზე კი არ განხორციელებულა შეტყობინება არც სატელეფონო ზარით და არც მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, მომჩივანმა მიიჩნია, რომ დეკლარაცია უკვე დასრულებული იყო. დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას, დაკარგვას ან განადგურებას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
გადაწყვეტილება:
მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას, დაკარგვას ან განადგურებას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საბაჟო დეკლარაციით გადაადგილებულ საქონელთან, საბჭოს მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 172;.