ბრძანება N 12738

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 07.06.2023
№ დოკუმენტი 12738
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 12738

07.06.2023

სს „----------“-ის (ს/ნ ---------)

(მის: ქ. ---------------)

2023 წლის 21 აპრილის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 ივნისის სხდომაზე (ოქმი №60) განიხილა სს „---------“-ის (ს/ნ --------) №68717/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 4 აპრილის №094-25 საგადასახადო მოთხოვნას.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორის განმარტებით, საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით მიიღო ტვირთი 2 ადგილი (№686909874 გზავნილი), რომელსაც ახლდა 2 ივოისი: №-------- 09.03.2022 წ. და №------ 09.03.2022 წ.

დეკლარაციის რეგისტრაციის შემდეგ კომპნიისთვის ცნობილი გახდა, რომ ჩამოსული 2 ადგილიდან ერთ-ერთის შეგთავსი (№------- 09.03.2022 წ) არ შეესაბამებოდა საქართველოში რეალურად ჩამოსულ ტვირთს (არ იყო სს „----------“-ის საკუთრება) და შეცდომით იყო გამოგზავნილი.

შესაბამისად კომპანიამ მოითხოვა არსებული დეკლარაციის გაუქმება. შედეგად, საბაჟო დეპარტამენტის №7240 04.04.2023 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი №20010/1338813 12.10.2022 საბაჟო დეკლარაცია, დაინიშნა ექსპერტიზა ტვირთის იდენტიფიცირების მიზნით და გადასახდელად დაერიცხა 8723,43 ლარი, რასაც მომჩივანი არ ეთანხმება.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას და ტვირთის გაფორმების უფლებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით მიღებულ გზავნილთან (№686909874) დაკავშირებით სს „--------“-ის (ს/ნ ---------) 2023 წლის 3 აპრილის №ა 61-21-10 საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის აქტით დაერიცხა იმპორტის გადასახდელი და სანქცია.

კომპანიამ (ს/ნ --------) №20010-1338813 (12.10.22) საბაჟო დეკლარაციით -------დან საფოსტო გზავნილის (AWB 686909874, 11.03.22) მეშვეობით ქვეყანაში შემოიტანა - 958.96 ევროს ღირებულების სითხის დონის საზომი ოთხი ცალი ხელსაწყო (ინვოისი №--------, 09.03.22) და - 8,945.64 ევროს ღირებულების ერთი ცალი ა/მ რადიატორი (ინვოისი №---------, 09.03.22).

საქონლის ჯამური წონა შეადგენს 120.0 კგ-ს. საბაჟო დეკლარაციაში გადამხდელზე დარიცხული გადასახდელის (დღგ) ოდენობამ კი, ჯამში შეადგინა - 4,832.0 ლარი.

მომჩივნის განმარტებით, გადამზიდი კომპანიის (-------) მიერ დაშვებული შეცდომის შედეგად, რეალურად, ა/მ რადიატორის ნაცვლად მიიღო უცნობი დასახელებისა და ღირებულების საქონელი, რომელიც არ წარმოდგენს მის საკუთრებას და ითხოვა საბაჟო დეკლარაციის კორექტირება რეალური მონაცემების გათვალისწინებით.

აღნიშნულის დასტურად წარმოადგინა ექსპორტიორი კომპანიისა (---------) და გადამზიდი კომპანიის (-------) წერილები, ავიაზედდებული №------ და გზავნილის დასურათებული ფოტომასალა.

ექსპორტიორი კომპანია თავის წერილში აღნიშნავს, რომ მიმღების დანიშნულებით გამოგზავნილი იყო მხოლოდ ოთხი ცალი სითხის დონის საზომი ხელსაწყო, ხოლო ა/მ რადიატორი გაურკვეველი მიზეზით დატოვებული იქნა გადამზიდავი კომპანიის საწყობში. თავის მხრივ, გადამზიდავი კომპანია განმარტავს, რომ საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის შემდეგ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ჩამოსული ორი ადგილიდან ერთ-ერთის შიგთავსი (ინვოისი №--------) არ შეესაბამება საქართველოში რეალურად მიღებულ საქონელს.

საბაჟო დეპარტამენტის მიერ დანიშნული ექსპერტიზის (№27367-21-10, 27.03.23) შედეგად, შესაძლებელი გახდა უცნობი სტატუსით მიღებული საქონლის იდენტიფიცირება სეს ესნ-ის კოდების შესაბამისად, ასევე მათი დასახელებებისა და საბაჟო ღირებულებების დადგენა. კერძოდ, სს „--------“-ის დანიშნულებით რეალურად მიღებულია შემდეგი დასახელების საქონელი (2 ადგილი):

№ საქონლის დასახელება ზომის ერთეული რაოდ ენობა წონა კგ საბაჟო ღირებულება (აშშ დოლარი) სეს ესნ-ის კოდი

1 საზომი ხელსაწყო (Gauge, Liquid Level Sandwik 001065-001) ცალი 4 2.60 958.96 9026202000 0

2 კარის საკეტი (Conteg) კომპლექტ ი 13 1.50 182.83 8301409000 0

3 კაბელის კონექტორი (EZ-400-NMH-X 3190-2590-19 კომპლ. C240-NMH-X 3190-6381-1 კომპლ; TC-400- SMX3190-3046-1 კომპლ; საკონტაქტო ელემენტი კაბელისთვის-9 კომპლ.) კომპლექტ ი 21 1.30 359.23 8536901000 0

4 ლითონის ხრახნი (100ც-იანი შეკვრა Bossard (BN33021/S813350) შეკვრა 1 0.15 63.35 7318159000 0

5 ლითონის ნაწარმი 0.10 3.93 7326909800 0

6 კოაქსიალური კაბელი (LMR-400 COAX CABLE 50მ) მეტრი 50 5.50 469.12 8544200000 0

7 ლითონის პროფილი კონსტრუქციაში გამოსაყენებელი ცალი 22 41.45 1,116.80 7308909800 0 ჯამი 52.60 3,154.22

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო დეპარტამენტის მიერ დაინიშნა ბრძანება №6823 (31.03.23) სს „---------“-ის საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმების შესახებ, ხოლო 2023 წლის 3 აპრილს შედგა საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტი №ა61- 21-10 და 2023 წლის 4 აპრილს გამოიცა ბრძანება №7240 რომელთა თანახმად, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული, „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის მე-141 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი საბაჟო დეკლარაცია №20010-1338813 (12.10.22). ასევე, გადამხდელს გადასახდელად დაეკისრა ძირითადი გადასახდელი: იმპორტის გადასახადი - 460.89 ლარი და დღგ - 1,668.14 ლარი, ხოლო საბაჟო სანქციის სახით დაეკისრა ჯარიმა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად - 6,129.17 ლარის ოდენობით. შესაბამისად, გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა №094-25 (04.04.23).

აღნიშნულის შესახებ გადამხდელს ეცნობა საბაჟო დეპარტამენტის წერილით (№21-10/28014, 04.04.23), რომელიც გაიგზავნა როგორც ფოსტით, ასევე მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით. მიწოდებულ მასალას ადრესატი გაეცნო 2023 წლის 5 აპრილს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ამავე კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ორგანოს შეუძლია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას შეამოწმოს:

ა) საბაჟო დეკლარაციით, დროებით შენახვის დეკლარაციით, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით, რეექსპორტის დეკლარაციით ან რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული მონაცემების სისწორე, აგრეთვე მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობა, სისწორე, ნამდვილობა და ძალაში ყოფნა;

ბ) დეკლარანტის საბუღალტრო და სხვა ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია შესამოწმებელ საქონელთან ან მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან ამ საქონლის გაშვებამდე ან გაშვების შემდეგ.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილით, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას საბაჟო ორგანო უფლებამოსილია იმპორტის გადასახდელის/საბაჟო სანქციის ოდენობა განსაზღვროს ამ ორგანოში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს მოთხოვნილ ინფორმაციას.

ამავე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, თუ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად გამოვლინდა პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების აუცილებლობა, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ. ამათან, ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება პირს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო მოთხოვნასთან (შემდგომ − საგადასახადო მოთხოვნა) ერთად.

საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამის პერიოდში მოქმედი 90-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დეკლარანტის განცხადების საფუძველზე რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში შესაძლებელია ცვლილების შეტანა. ეს ცვლილება არ შეიძლება შეეხებოდეს იმ საქონელს, რომელიც ამ დეკლარაციით თავდაპირველად დეკლარირებული არ იყო.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნტით დაზუსტებულია, რომ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას, თუ ასეთი შემოწმება ხორციელდება დეკლარანტის ინიციატივით – საქონლის საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანის შესახებ დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, დეკლარანტს ჯარიმა არ დაეკისრება, ამასთან, თუ საბაჟო ორგანო დაადგენს, რომ ცვლილების შედეგად შემცირდება დეკლარირებული საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება ან/და საბაჟო ღირებულება ან/და გადასახდელის თანხის ოდენობა, იგი დადგენილი წესით ახორციელებს ცვლილებას საქონლის საბაჟო დეკლარაციაში.

ამავე ინსტრუქციის მე-141 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნტის შესაბამისად კი, საქონლის გაშვების შემდეგ საბაჟო დეკლარაცია ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, თუ დეკლარანტის წერილობითი განცხადებით დასტურდება, რომ დათვალიერების გარეშე გაშვებული საქონლის ნაცვლად აღმოჩნდა სხვა საქონელი – საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგებზე დაყრდნობით საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილების შესაბამისად. ამ შემთხვევაში საბაჟო ორგანო დადგენილი წესით აფიქსირებს საბაჟო სამართალდარღვევას.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

დადგენილია, რომ სახეზე არ იყო „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნტით დადგენილი მოცემულობა, ვინაიდან აღნიშნული ნორმის შესაბამისად, ცვლილების შედეგად უნდა შემცირდეს დეკლარირებული საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება ან/და საბაჟო ღირებულება ან/და გადასახდელის თანხის ოდენობა, რასაც ადგილი არ ჰქონია. მოცემულ შემთხვევაში რეალურად მიღებულია ისეთი საქონელიც, რომლის დეკლარირება არ განხორციელებულა და შესაბამისად, სახეზეა ზემოაღნიშნული ინსტრუქციის მე-141 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნტით გათვალისწინებული შემთხვევა, რა დროსაც დათვალიერების გარეშე გაშვებული საქონლის ნაცვლად აღმოჩნდა სხვა საქონელი, და ასეთ შემთხვევაში საქონლის გაშვების შემდეგ საბაჟო დეკლარაცია ბათილად იქნება ცნობილი და საბაჟო ორგანო დადგენილი წესით აფიქსირებს საბაჟო სამართალდარღვევას.

შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ საბაჟო სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება საბაჟო სანქციისგან.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი საბაჟო პასუხისმგებლობა გამოიწვია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სს „--------“-ის (ს/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2023 წლის 4 აპრილის №094-25 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული ჯარიმისგან;

3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

მომჩივანი არ ეთანხმება გადასახდელად დარიცხულ თანხებს, ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას და ტვირთის გაფორმების უფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საწარმოს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის აქტით დაერიცხა იმპორტის გადასახდელი და სანქცია. მომჩივნის განმარტებით, გადამზიდი კომპანიის მიერ დაშვებული შეცდომის შედეგად, რეალურად, ა/მ რადიატორის ნაცვლად მიიღო უცნობი დასახელებისა და ღირებულების საქონელი, რომელიც არ წარმოდგენს მის საკუთრებას და ითხოვა საბაჟო დეკლარაციის კორექტირება რეალური მონაცემების გათვალისწინებით. ექსპორტიორი კომპანია თავის წერილში აღნიშნავს, რომ მიმღების დანიშნულებით გამოგზავნილი იყო მხოლოდ ოთხი ცალი სითხის დონის საზომი ხელსაწყო, ხოლო ა/მ რადიატორი გაურკვეველი მიზეზით დატოვებული იქნა გადამზიდავი კომპანიის საწყობში. თავის მხრივ, გადამზიდავი კომპანია განმარტავს, რომ საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის შემდეგ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ჩამოსული ორი ადგილიდან ერთ-ერთის შიგთავსი არ შეესაბამება საქართველოში რეალურად მიღებულ საქონელს. საბაჟო დეპარტამენტის მიერ დანიშნული ექსპერტიზის შედეგად, შესაძლებელი გახდა უცნობი სტატუსით მიღებული საქონლის იდენტიფიცირება სეს ესნ-ის კოდების შესაბამისად, ასევე მათი დასახელებებისა და საბაჟო ღირებულებების დადგენა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო დეპარტამენტის მიერ დაინიშნა ბრძანება კომპანიის საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმების შესახებ, შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი საბაჟო დეკლარაცია №20010-1338813 (12.10.22). ასევე, გადამხდელს გადასახდელად დაეკისრა ძირითადი გადასახდელი: იმპორტის გადასახადი - 460.89 ლარი და დღგ - 1,668.14 ლარი, ხოლო საბაჟო სანქციის სახით დაეკისრა ჯარიმა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად - 6,129.17 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 64(2).

საქართველოს საბაჟო კოდექსი: 13, 30, 163(1)(11), 167(1).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N 257 ბრძანება.