გადაწყვეტილება №24255/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.11.2024
№ დოკუმენტი 24255/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24255/2/2024

19 ნოემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "---------" (პას. № "---------")

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "---------"-ის 6.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24255/2/2024).

 

დავის საგანი:

საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 100 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 31.08.2024 წლის №EL260530 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 22.10.2024 წლის №22672 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 5 000 ლარი

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

31.08.2024 წელს, საჰაერო რეისით საქართველოში შემოსულ მომჩივანს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად აღმოაჩნდა დეკლარირებას დაქვემდებარებული 19 000 აშშ დოლარი, რამაც საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის მიხედვით შეადგინა 51 148 ლარი.

გამოვლენილ ფაქტზე მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის 31.08.2024 წლის №EL260530 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

ჯარიმის თანხა მომჩივანმა გადაიხადა იმავე დღეს, რის შემდეგაც დარეგისტრირდა ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია №"--------", მიზნობრიობით - პირადი დანაზოგი.

აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 22.10.2024 წლის №22672 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-5 და მე-6 მუხლებზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, საბაჟო კოდექსის163-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 169-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.

შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს საგადასახადო კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საქართველოს საბაჟო საზღვარზე 19 000 აშშ დოლარის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საბაჟო კოდექსის 169- ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახური სრულად იზიარებს საბაჟო დეპარტამენტის მოსაზრებებს და დასკვნებს საბაჟო სამართალდარღვევის გარემოებებთან და სამართლებრივ შეფასებებთან დაკავშირებით. რაც შეეხება საჩივარში მითითებული არგუმენტებს, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ის არ იძლევა იმის საფუძველს, რომ მომჩივნის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არადეკლარირებულად მიჩნეული თანხის ნახევარი (9 500 აშშ დოლარი) წარმოადგენდა მისი მეგობრის ("---------") საკუთრებას, რომელმაც დაკარგვის და მოპარვის შიშით, სთხოვა თანხის შენახვა. მებაჟე ოფიცერმა გააერთიანა ეს თანხები და შეადგინა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის შედგენის პროცესში მოჩივანს არ ჰყავდა თარჯიმანი და მისთვის სრულიად გაუგებარ ენაზე განხორციელდა საბაჟო პროცედურები. მომჩივანი მიიჩნევს, რომ ვინაიდან 9 500 აშშ დოლარი არის დეკლარირებას დაქვემდებარებულ თანხაზე ნაკლები, მისი ქმედება გამორიცხავს სამართალდარღვევას. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას და ჯარიმის სახით გადახდილი თანხის დაბრუნებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ფორმალობები საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აგრეთვე აფხაზურ ენაზე.

საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ჟ“ქვეპუნქტების თანახმად:

ა) საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.

ჟ) საქონელი – საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი, ელექტროენერგია, თბოენერგია, გაზი, წყალი. საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის:

ა) შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია;

ბ) ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო და აუდიოჩაწერა);

გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია;

ე) დაათვალიეროს ფიზიკური პირი;

ი) განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.

საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 100 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით, იწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

მომჩივნის განმარტებით, არადეკლარირებულად მიჩნეული თანხის ნახევარი (9 500 აშშ დოლარი) წარმოადგენდა მისი მეგობრის საკუთრებას, რომელმაც დაკარგვის და მოპარვის შიშით, სთხოვა თანხის შენახვა. მებაჟე ოფიცერმა გააერთიანა ეს თანხები და შეუდგინა სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის შედგენის პროცესში არ ჰყავდა თარჯიმანი, ასევე მისთვის სრულიად გაუგებარ ენაზე განხორციელდა საბაჟო პროცედურები და ვინაიდან 9 500 აშშ დოლარი არის დეკლარირებას დაქვემდებარებულ თანხაზე ნაკლები, მისი ქმედება გამორიცხავს სამართალდარღვევას.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 13.11.2024 წლის №"--------" წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივანი საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა „მწვანე დერეფნის“ გავლით, რა დროსაც კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად აღმოაჩნდა 19 000 აშშ დოლარი, რამაც საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის მიხედვით შეადგინა 51 148 ლარი, შესაბისად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე მეტი მაგრამ არაუმეტეს 100 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტზე, მომჩივანს შეეფარდა საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. აეროპორტის კონტროლის ზონაში (მოფრენის დარბაზი) განთავსებულია მწვანე და წითელი დერეფნები, სადაც ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზეა განთავსებული ინფორმაცია მგზავრთა ვალდებულებებისა და შეღავათების შესახებ. „წითელი დერეფანი“ მოქალაქეს აფრთხილებს შემდეგი წარწერით: „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ საბაჟო ორგანოს“. ხოლო „მწვანე დერეფანი“ – „არ ექვემდებარება დეკლარირებას“. მიუხედავად აეროპორტში არსებული აღნიშვნებისა, მომჩივანი საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა „მწვანე დერეფნის“ გავლით. აღნიშნულს ადასტურებს ვიდეო-კამერის ჩანაწერებიც, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ მომჩივანი მარტო ტოვებდა მწვანე დერეფანს, შესაბამისად, მომჩივნის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტი მეგობართან ერთად ყოფნის თაობაზე არ შეესაბამება სიმართლეს. მწვანე დერეფნის გამოყენება კი საბაჟო ორგანოსთვის ნიშნავს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით დაუდეკლარირებელი საქონლის გადაადგილებას.

ამავე წერილში აღნიშნულია, რომ მომჩივანთან საუბარი მიმდინარეობდა მისთვის გასაგებ ინგლისურ ენაზე.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია, მომჩივნის არგუმენტი საფუძველს მოკლებულია და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას და ჯარიმის სახით გადახდილი თანხის დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქართველოში შემოსულ მომჩივანს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად აღმოაჩნდა დეკლარირებას დაქვემდებარებული 19 000 აშშ დოლარი, რამაც საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის მიხედვით შეადგინა 51 148 ლარი.

გამოვლენილ ფაქტზე მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

ჯარიმის თანხა მომჩივანმა გადაიხადა იმავე დღეს, რის შემდეგაც დარეგისტრირდა ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია,მიზნობრიობით - პირადი დანაზოგი.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია, მომჩივნის არგუმენტი საფუძველს მოკლებულია და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

169(2).