ბრძანება N 12641

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.06.2023
№ დოკუმენტი 12641
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 12641

06.06.2023

----- რესპუბლიკის მოქალაქე ----ის (პას/ნ ---)

(მის.: ----) 2023 წლის 16 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 ივნისის სხდომაზე (ოქმი №60) განიხილა -----ის (პას/ნ ---) №82484/01 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 9 მაისის №EL209021 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორის განმარტებით, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი არის უკანონო, რადგან იგი არ ცდილობდა საბაჟოს გვერდის ავლით თანხის შემოტანას. მან არ იცოდა, თუ რა თანხა ექვემდებარებოდა დეკლარირებას, ასევე არ ფლობდა ქართულ ენას, არ განუმარტეს მისთვის გასაგებ ენაზე, რომ თანხის დეკლარილების ვალდებულება ქონდა. არ დაუმალავს, რომ თანხა ედო ჩანთაში და იქცეოდა კეთლსინდისიერად. ოქმში არ არის შევსებული მოწმის გრაფა, ანუ არ ესწრებოდნენ მოწმეები მის შემოწმებას. მის მიერ შემოტანილი თანხა 41000 აშშ დოლარია და გაურკვეველია თუ რა კონვერტაციით მოხდა მისი დანგარიშება, უცნობი იყო ვალუტის კურსიც და კონვერტაციით, თუ ასცდებოდა 100 000 ლარს და იქნებოდა 101 803 ლარი (გაურკვეველია რატომ გამოთვალეს გაცვლითი კურსი იმ პერიოდისთვის 1 აშშ დოლარი=2,483ლარი), რის გამოც შეეფარდა ჯარიმა 10 180,3 ლარი, რომელიც გადაიხადა და ითხოვს მის უკან დაბრუნებას.

მომჩივანი ასევე მიუთითებს, რომ მისი შვილი სწავლობს --- ინსტიტუტში, სტომატოლოგიურზე და სასწრაფოდ ესაჭიროება თანხა შვილის სწავლის გადასახადის დასაფარად. თუ სწავლის ფული არ გადაიხადა მას გამოცდებზე არ დაუშვებენ. ამჟამად არ აქვს სხვა შემოსავალი რომ დაფაროს სწავლის გადასახადი. დანარჩელი თანხა კი ჩამოუტანა თბილისში მის ახლობელს, რომელსაც უნდა დაეფარა ვალი.

საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლები ვალდებულინი იყვნენ მისთვის გასაგებ ენაზე განემარტათ დეკლარილების თოაბაზე ინფორმაცია, ასევე ყველა პროცედურები, ხოლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია ქართული ენის არმცოდნე პირს მიუჩინოს თარჯიმანი.

აღნიშნულ საკითხთან მიმართებით საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკვე დადგენილი აქვს პრაქტიკა, ასევე ანალოგიურად (საგადასახადო დავებზე) შეცდომა დამრღვევის მხირდან არის სანქციისაგან განთავისუფლების საფუძველი. რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერებას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით და ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის №ბს-222-219(კ-14) გადაწყვეტილებაში ასახული სამართლებრივი შეფასებით, ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი და დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი. მომჩივნის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში დაუდევარი ქმედება არ ყოფილა.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას და ჯარიმის სახით გადახდილი თანხის დაბრუნებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 9 მაისს რეისით ---თბილისი (---) ჩამოფრინდა ---ის მოქალაქე ---. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ აღნიშნული პიროვნება საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა „მწვანე დერეფნის“ გავლით.

საბაჟო გამშვები პუნქტი „---ის“ უფლებამოსილი პირის მიერ მოხდა მისი შეჩერება და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება --- კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების თაობაზე, რის შედეგად ხელბარგში აღმოჩენილ იქნა 41 000 აშშ დოლარი, რამაც საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის მიხედვით 2023 წლის 9 მაისისთვის შეადგინა 101 803 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი №69001/000135 “.

ვინაიდან ---ს მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის გადმოტანას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „---ის“ უფლებამოსილი პირის მიერ, 2023 წლის 9 მაისს შედგენილი №EL209021 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ---ს საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 10 180.3 ლარის ოდენობით (გადმოტანილი ნაღდი ფულის 10 პროცენტის ოდენობით). აღნიშნული ჯარიმის თანხა ---ის მიერ გადახდილ იქნა იმავე დღეს.

წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საბაჟო ფორმალობები საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორციელდება ქართულ ენაზე, ---თან ზეპირი გამოკითხვა და გასაუბრება მიმდინარეობდა მისთვის გასაგებ ინგლისურ ენაზე, ასევე განემარტა დაჯარიმების საფუძველი და მისი უფლება-მოვალეობები, რის შემდგომ ხელი მოაწერა და ჩაიბარა სამართალდარღვევის ოქმი. მიუხედავად აეროპორტში არსებული აღნიშვნებისა, ---ს არ მოუმართავს საბაჟო ორგანოს თანამშრომლისთვის ფულის დეკლარირების მოთხოვნით, ის საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა „მწვანე დერეფნის“ გავლით.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით.

მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:

საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;

საბაჟო დეკლარაცია არის დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით აცხადებს, რომ განზრახული აქვს საქონლის მიმართ შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოყენება, და რომელშიც საჭიროების შემთხვევაში დამატებით პირობას უთითებს; საქონელი არის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი, ელექტროენერგია, თბოენერგია, გაზი, წყალი.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის:

ა) შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია;

ბ) ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა);

გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია;

ე) დაათვალიეროს ფიზიკური პირი;

განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.

ამავე კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს:

ა) პირმა, რომელსაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გააქვს;

ბ) პირმა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გამტანი პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს;

გ) პირმა, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი აზუსტებს, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით იწვევს დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით გადატანილი ან გადმოტანილი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს საგადასახადო კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს დეკლარირებას დაქვემდებარებული 100 000 ლარზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანის ფაქტს, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (169-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად მომჩივნისთვის დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.

მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აეროპორტის კონტროლის ზონაში (მოფრენის დარბაზი) განთავსებულია მწვანე და წითელი დერეფნები, რომლებზეც ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზეა განთავსებული ინფორმაცია მგზავრთა ვალდებულებებისა და შეღავათების შესახებ. ასევე „წითელი დერეფანი“ მოქალაქეს წარწერით აფრთხილებს: „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ საბაჟო ორგანოს“, ხოლო „მწვანე დერეფანი“ – „არ ექვემდებარება დეკლარირებას“.

მომჩივნის მიერ პირის მიერ შეცდომით ჩადენილ ქმედებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. კანონმდებლის მიზანია, საბაჟო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ისეთ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ პირი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება. სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.----ის (პას/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას და ჯარიმის სახით გადახდილი თანხის დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის გადმოტანას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი პირის მიერ, 2023 წლის 9 მაისს შედგენილი №EL209021 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 10 180.3 ლარის ოდენობით (გადმოტანილი ნაღდი ფულის 10 პროცენტის ოდენობით).

 

გადაწყვეტილება

სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6); საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 5; 6; 27 (1); 157 (2); 163 (1); 169 (3); 163 (11).