გადაწყვეტილება №20036/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20036/2/2023
05 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 29.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 21.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20036/2/2023).
დავის საგანი:
საბჭოს 17.11.2022 წლის №17998/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 14.06.2023 წლის №060-3 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 138 950,14
მათ შორის:
გადასახადი - 80 044
დღგ - 21 015
საშემოსავლო გადასახადი - 59 029
ჯარიმა - 36 240,7
საურავი - 22 665,44
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით და თამბაქოს ნაწარმით.
21.07.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვერ ხერხდება ოპერაციების დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე კონტროლი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ამ მიზნით ჩატარდა მიმდინარე კონტროლის პროცედურა, კერძოდ, საკონტროლო შესყიდვა და ფასების ფიქსაცია შერჩევით პროდუქციაზე. გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი დაიყო ჯგუფებად (თამბაქოს ნაწარმი, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები, კვების პროდუქტები, ტკბილეული და სხვა) და აღნიშნულ ჯგუფებზე გავრცელდა „ფიქსაციით“ გამოვლენილი ფასნამატი, რამაც საშუალოდ შეადგინა 9 %. შედეგად, გაიზარდა შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, გაკეთდა საწარმოს ფულადი სახსრების ბრუნვის ანალიზი, შემოწმებით დადგენილი შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს მიერ მიღებულად, ხოლო გაწეული ხარჯები გადახდილად (გადამხდელის განმარტებით დებიტორულ-კრედიტორული ნაშთი 0-ის ტოლია). დადგენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 4.08.2022 წლის №060-6 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 21.09.2022 წლის №24283 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 17.11.2022 წლის №17998/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა საკითხი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოეხდინა მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 17.11.2022 წლის №17998/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). აღნიშნულზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 14.06.2023 წლის №060-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
შპს ,,---“-ის (ს/ნ ---) გააჩნია სესხები ორ ფიზიკურ პირთან, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში დაბრუნდა და არ იქნა გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბრუნვაში. აღნიშნული სესხების აღების დანიშნულებას წარმოადგენდა როგორც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის გაზრდა, რომელიც თავის მხრივ გაზრდიდა შემოსავლებს, ასევე მიმდინარე ისეთი სახის ხარჯების გასტუმრება, რაც შემმოწმებლებმა გაითვალისწინეს ზემოთხსენებული დასკვნის გადაანგარიშებისას (საწვავის დანახარჯები, სამივლინებო ხარჯები, საშემოსავლო გადასახადის შეღავათით მოსარგებლე ფიზიკური პირების ხელფასები და სხვა). საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას სესხის ხელშეკრულება და არც ამ სესხის დაბრუნება, მხედველობაში არ იქნა მიღებული.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
აუდიტის დეპარტამენტის 31.05.2023 წლის დასკვნიდან დგინდება, რომ მომჩივნის მიერ წარდგენილი იქნა ხელფასის განაცემების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ექვემდებარება საგადასახადო შეღავათს, კერძოდ მაღალმთიან რეგიონში დასაქმებულ პირებზე გაცემული ხელფასები, რომელიც გათავისუფლებულია 6 000 ლარამდე. ჯამურად გაცემულმა თანხებმა შეადგინა 154 000 ლარი, ასევე წარდგენილი იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე იჯარის ხელშეკრულებები, რომლებიც ფიქსირდება საქონლის შეძენის ზედნადებებში. შესაბამისად, აღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გახარჯული საწვავის ღირებულება (75%) გათვალისწინებული იქნა ფულის მოძრაობაში. აღნიშნული თანხა გაანგარიშებული იქნა, რამაც შეადგინა 137 970 ლარი. გადამხდელის მიერ ასევე წარდგენილი იქნა ფასნამატის განსაზღვრისთვის ქვე-ჯგუფებად ჩაშლილი ცხრილები. აღნიშნულის შედეგად კომპანიას შეუმცირდა 18 867 ლარით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესწავლის შედეგად განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 17.11.2022 წლის №17998/2/2022 გადაწყვეტილება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად. ამდენად, საქმეზე არსებული მტკიცებულებების და განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საბჭოს 17.11.2022 წლის №17998/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 4.08.2022 წლის №060-6 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 21.09.2022 წლის №24283 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 17.11.2022 წლის №17998/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. №17998/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). აღნიშნულზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 14.06.2023 წლის №060-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1, გ).