ბრძანება N 17690-3

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.07.2018
№ დოკუმენტი 17690-3
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17690

10/07/2018

შპს „-----

(მის: ------ )

სადავო საკითხთან დაკავშირებით

საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 29 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი N 57) განიხილა შპს ----- საჩივარი, რომლითაც გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 4 დეკემბრის № 083-39 „საგადასახადო მოთხოვნის“ ბათილად ცნობას.

გადამხდელი არ ეთანხმება წარმოების პროცესში (მწარმოებლურობის ნორმის გათვალისწინებით, აგრეთვე წარმოების უფროსი ტექნოლოგის განმარტების საფუძველზე) დახარჯული მასალების ნაწილის დანაკლისად ჩათვლას, რაც ითვლება მიწოდებად და აღნიშნულის შედეგად დანაკლისის საბაზრო ფასით (დღგ-ის გარეშე) 404683 ლარის ოდენობით საზოგადოების ერთობლივი შემოსავლის გაზრდას 2015 წლის საანგარიშო პერიოდისათვის. გადამხდელის ინფორმაციით 2015 წელს მანდარინის კონცენტრატის წარმოებისათვის საბუღალტრო პროგრამის და წარმოების აქტების შესაბამისად დახარჯული მასალების ოდენობები და სახეობა წარმოადგენს წარმოებაში ფაქტიურად გამოყენებულ მონაცემებს. შესაბამისად, მოითხოვს აღნიშნულ ნაწილში ძირითადი გადასახადისა და სანქციების გაუქმებას.

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ განიხილა გადასახადის გადამხდელის საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძვლები შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 21 აპრილის N მ-11104 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რაზეც 2017 წლის 27 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების შედეგებზე გადამხდელს წარედგინა 2017 წლის 4 დეკემბრის N 083-39 ,,საგადასახადო მოთხოვნა“, რომლითაც გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 306209 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 163728 ლარი, ჯარიმა 88470 ლარი და საურავი 54011 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების აქტში აღნიშნულია შემდეგი:

2015 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდში საწარმომ აწარმოა მანდარინის კონცენტრატი. წარმოების დროს გაწეულ დანახარჯებთან დაკავშირებით შედგენილი წარმოების აქტების და ბუღალტრული პროგრამის შესაბამისად, საწარმომ კონცენტრატის საწარმოებლად გამოიყენა სტანდარტული მანდარინი, არასტანდარტული მანდარინი და ფორთოხალი. მანდრინის კონცენტრატის წარმოების უფროსი ტექნოლოგის (ცვლის ტექნოლოგი 2014 წლის სეზონისათვის) განმარტებით საზოგადოება კონცენტრატის წარმოებისათვის იყენებდა მხოლოდ არასტანდარტულ მანდარინს. შემოწმებით ასევე დგინდება, რომ წარმოების პროცესის შესაბამისად საზოგადოებას ჩამოწერილი აქვს უფრო მეტი არასტანდარტული მანდარინი, ვიდრე საჭირო იქნებოდა ფაქტობრივად წარმოებული მანდარინის კონცენტრატის საწარმოებლად (შემოწმების პროცესში გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მანდარინისგან მანდარინის კონცენტრატის გამოსავლიანობასთან დაკავშირებით ----- საგან, მოწოდებული ინფორმაციით მწარმოებლურობის ნორმა შეადგენს (6.84%)). აღნიშნულის გათვალისწინებით საზოგადოებას 2015 წლის თებერვლის თვეში გამოუვლინდა ჯამურად 359133 კგ სტანდარტული მანდარინის, არასტანდარტული მანდარინის და ფორთოხალის დანაკლისი, რომელთა სარეალიზაციო ღირებულება (დოკუმენტური) დღგ-ის გარეშე შეადგენს 404683 ლარს. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელი ახდენდა მანდარინის და ფორთოხალის საცალოდ რეალიზაციას (წარმოებაში გამოყენებული ნედლეული) საქონლის შემძენი პირების იდენტიფიცირების გარეშე (მათ შორის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად), ასევე შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელი დაჯარიმებულია ორჯერ (საკონტროლო სალარო აპარატის გამოუყენებლობა, საქონელის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გამოწერის წესების დარღვევით სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილი). შემოწმებით სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანაკლისის საბაზრო ფასით (დღგ-ის გარეშე) 404683 ლარის ოდენობით გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი 2015 წლის საანგარიშო პერიოდისათვის.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დავების განხილვის საბჭო ყურადღებას ამახვილებს ოპერაციის განხორციელების მომენტისათვის მოქმედ სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე): თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის მიხედვით სააღრიცხვო დოკუმეტაციას წარმოადგენს პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის არ იქნა წარდგენილი მანდარინის და ფორთოხალის საცალოდ რეალიზაციის ამსახველი უტყუარი მტკიცებულებები და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის მათ საფუძველზე განსაზღვრა, სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება მართებულია.

დავების განხილვის საბჭო ასევე ყურადღებას ამახვილებს სსკ-ის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე რომლის მიხედვითაც დანაკლისი არის – გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.

სსკ-ის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით განსაზღვრული დანაკლისის გამოვლენა, გარდა ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, განიხილება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად და გადასახადებით დაიბეგრება ამ კოდექსით დადგენილი წესით.

სსკ-ის მე-100 მუხლის შესაბამისად რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

სსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით კი ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება, საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

ზემოთ აღნიშნული ნორმების, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებებისა და არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საბჭო მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა და 2015 წლის ერთობლივი შემოსავლის კორექტირება სრულ შესაბამისობაშია მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობასთან და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს ----- საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ., N11) საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება წარმოების პროცესში დახარჯული მასალების ნაწილის დანაკლისად ჩათვლას და დანაკლისის საბაზრო ფასით (დღგ-ის გარეშე) ერთობლივი შემოსავლის გაზრდას. გადამხდელი ითხოვს აღნიშნულ ნაწილში ძირითადი გადასახადისა და სანქციების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტში აღნიშნულია შემდეგი:

საწარმომ მანდარინის კონცენტრატის წარმოებისთვის გამოიყენა სტანდარტული მანდარინი, არასტანდარტული მანდარინი და ფორთოხალი. შემოწმებით დგინდება, რომ წარმოების პროცესის შესაბამისად საზოგადოებას ჩამოწერილი აქვს უფრო მეტი არასტანდარტული მანდარინი, ვიდრე საჭირო იქნებოდა ფაქტობრივად წარმოებული მანდარინის კონცენტრატის საწარმოებლად აღნიშნულის გათვალისწინებით საზოგადოებას 2015 წლის თებერვლის თვეში გამოუვლინდა სტანდარტული მანდარინის, არასტანდარტული მანდარინის და ფორთოხალის დანაკლისი, შემოწმებით სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანაკლისის საბაზრო ფასით (დღგ-ის გარეშე) გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი 2015 წლის საანგარიშო პერიოდისათვის.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა და 2015 წლის ერთობლივი შემოსავლის კორექტირება სრულ შესაბამისობაშია მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობასთან და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(11); 73(5); 100; 102; 286(9)