გადაწყვეტილება №23744/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.10.2024
№ დოკუმენტი 23744/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23744/2/2024

01 ოქტომბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------------ი“ (ს/ნ ----------------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------ის“ 19.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №-----/2/2024).

 

დავის საგანი:

დასაქმებულის დაქირავებულ პირთა რეესტრში აუსახველობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.06.2024 წლის №--------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 1.08.2024 წლის №17911 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: ჯარიმა - 200 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

20.06.2024 წელს, მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა. გაირკვა, რომ მომჩივანს დაქირავებულ პირთა რეესტრში არ ჰქონდა ასახული ინფორმაცია დაქირავებული პირის (---- --------ძე პ/ნ ------------) შესახებ, რაზეც 20.06.2024 წლის №----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა, საგადასახადო კოდექსის 2885 გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.

საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 1.08.2024 წლის №17911 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შესაბამისი სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

---- --------თან გადამხდელი არ იმყოფება შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში, მას აქვს გაფორმებული მომსახურების კონტრაქტი, შესაბამისად, რამდენადაც ------ -------ძე არ წარმოადგენს დაქირავებულ პირს, მისი დასაქმებულთა რეესტრში შეყვანის ვალდებულება არ იდგა.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილზე და აცხადებს, რომ აღნიშნულ დეფინიციათაგან სადავო შემთხვევას არცერთი მიესადაგება, რამდენადაც ------ ---------სთან გაფორმებული იყო მომსახურების ხელშეკრულება და იგი არ წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დაქირავებულ პირს. შემოსავლების სამსახური გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ ,,------"ის მიერ წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით ------ --------ზე მომსახურების სახით განაცემი არ ფიქსირდება",- აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს ისევე, როგორც დაჯარიმების პერიოდისათვის, ასევე მანამდეც და შემდეგაც შპს „-------სის“ წარდგენილ დეკლარაციებში ---- ------ძეზე ფიქსირდება მომსახურების განაცემი.

მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი 2024 წლის 20 ივნისის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №-------- და გადამხდელს მოეხსნას საჯარიმო სანქცია სრულად. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს 2024 წლის პირველი აგვისტოს №17911 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად:

1. დაქირავებით მუშაობად ითვლება:

ა) ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით;

ბ) ფიზიკური პირის მიერ იმ ვალდებულების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს თავდაცვის ძალებში, სამართალდამცავ ორგანოებსა და მათთან გათანაბრებულ ორგანოებში მის სამსახურთან;

გ) ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

2. დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებულად, პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს, – დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღაურება – ხელფასად.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია დამქირავებელმა უნდა ასახოს დაქირავებულ პირთა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური.

4. დაქირავებულ პირთა რეესტრში ასასახი ინფორმაციის ნუსხა და ინფორმაციის ასახვის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს წარედგინება ელექტრონულად, შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 3719 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად, ზოგადი ანალიტიკური პროცედურების საფუძველზე განახორციელოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლით განსაზღვრულ „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა. ამ მუხლის მიზნებისათვის „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა გულისხმობს დაქირავებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობის და მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, მოქალაქეობა და სხვა) შესახებ ინფორმაციის ანალიზს., „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს დამქირავებელ პირთან კომუნიკაციის დამყარების გზით ან/და დამქირავებელი პირის ობიექტ(ებ)ზე გასვლით. „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლისას, თუ გამოვლინდა დაქირავებულ ფიზიკურ პირთა შესახებ არასწორი ინფორმაცია, აღნიშნული გამოიწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას.

საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლის თანახმად, პირის მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ დაქირავებულ პირზე 200 ლარის ოდენობით.

მომჩივანმა მისი არგუმენტაციის დამადასტურებლად საჩივარს დაურთო მომსახურების ხელშეკრულება და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაცია.

ხელშეკრულების თანახმად ფიზიკურ პირ ---- ------ძეს (პ/ნ ---------) დამკვეთის, შპს „--------სის“ (ს/ნ -----------) მიმართ ეკისრება დამკვეთის მიერ მითითებულ გაზ-გასამართ სადგურებზე, თხევადი გაზის საცალო რეალიზაციის მომსახურების გაწევა, ნავაჭრი თანხის მიღება, დღის ნავაჭრი თანხის კომპანიის ანგარიზე შეტანა. აღნიშნულ ხელშეკრულებაზე არ ფიქსირდება მისი გაფორმების და მოქმედების ვადები.

მომჩივნის მიერ წარმოდგენილი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაცია საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილია 15.07.2024 წელს და ის ეხება 2024 წლის ივნისის თვეს.დეკლარაციაში ----- -------ძე (პ/ნ -----------) არ ფიქსირდება პირებს შორის, რომელებზეც შპს „----------სი“ (ს/ნ ------------) მიერ მოხდა გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივანი არ წარმოადგენს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის პირველი აგვისტოს №17911 ბრძანების გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დასაქმებულის დაქირავებულ პირთა რეესტრში აუსახველობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა. გაირკვა, რომ მომჩივანს დაქირავებულ პირთა რეესტრში არ ჰქონდა ასახული ინფორმაცია დაქირავებული პირის შესახებ, რაზეც საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა, საგადასახადო კოდექსის 2885 გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.

საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №17911 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

ვინაიდან მომჩივანი არ წარმოადგენს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის პირველი აგვისტოს №17911 ბრძანების გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 12; 2885;