ბრძანება N 20667-1
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 20667
23/07/2020
შპს ----------------------- ს
(მის.: ქ. ------------------)
სადავო საკითხთან დაკავშირებით
საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 11 ივნისის სხდომაზე (ოქმი №38) განიხილა შპს ----- ს 2020 წლის 23 იანვრის N13693/21-11 და 2020 წლის 7 თებერვლის N27038/21 საჩივრები , შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 26 დეკემბრის N081-440 საგადასახადო მოთხოვნასთან და 2020 წლის 28 იანვრის N081-3 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი უთითებს, რომ სადავო საგადასახადო მოთხოვნები ჩაბარდა საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 25 სექტემბრის N33218 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს ----- ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. ბრძანებით შესამოწმებელი პერიოდი განსაზღვრულია 2016 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 სექტემბრამდე.
ამავე დროს, 2019 წლის 25 ნოემბრის N40813 და 2019 წლის 26 ნოემბრის N41029 ბრძანებით დაინიშნა შპს ----- ს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია (ფაქტიური შედეგების გამოყვანის მიზნით). 2019 წლის 27 ნოემბერს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ აღირიცხა ფაქტობრივი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.
2019 წლის 25 დეკემბერს შედგენილ იქნა შპს ----- ს საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზეც 2019 წლის 26 დეკემბერს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №46474 ბრძანება და №081-440 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც საწარმოს განესაზღვრა ბიუჯეტის წინაშე ვალდებულება სულ 178 233.75 ლარის ოდენობით. მათ შორის გადასახადი შეადგენს 93 743 ლარს, ჯარიმა - 47 672 ლარს და საურავი - 36 818.75 ლარს.
2020 წლის 21 იანვარს აუდიტის დეპარტამენტმა შეადგინა №18 დასკვნა, სადაც, შემმოწმებელი უთითებს, რომ 2019 წლის 25 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში დაშვებულია ტექნიკური ხასიათის შეცდომა, კერძოდ, განსხვავდება შემოწმების აქტით (ძირითადი გადასახადი 93 747 ლარი და ჯარიმა 47 772 ლარი) და ამონაკრებით (ძირითადი გადასახადი 93 747 ლარი და ჯარიმა 47 672 ლარი) დარიცხული თანხები 100 ლარით. სხვაობა ეხება სხვა ჯარიმების ნაწილში დარიცხულ თანხებს. შემოწმების აქტით სხვა ჯარიმებში დარიცხულია 400 ლარი, ხოლო ამონაკრებში სხვა ჯარიმების გრაფაში დაფიქსირებულია 300 ლარის დარიცხვა, სხვაობა შეადგენს 100 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამონაკრებში დარიცხული თანხა ჯარიმების ნაწილში დამატებით დარიცხვას დაექვემდებარა 100 ლარი.
აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 21 იანვრის №18 დასკვნის საფუძველზე, 2020 წლის 28 იანვარს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №1598 ბრძანება ტექნიკური უზუსტობის გასწორების თაობაზე და ამავე თარიღის N081-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. 2020 წლის 28 იანვრის №081-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით გადასახადის გადამხდელის მიმართ განსაზღვრული ვალდებულებები გადასახადების ნაწილში დარჩა უცვლელი, ხოლო ჯარიმის თანხა 100 ლარით და განისაზღვრა შესაბამისი საურავი, კერძოდ 2020 წლის 28 იანვრის №081-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება შეადგენს 179 847 ლარს, საიდანაც ძირითადი გადასახადი შეადგენს 93 743 ლარს, ჯარიმა - 47 772 ლარს, ხოლო საურავი - 38 332 ლარს.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება შემდეგი:
2019 წლის 25 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2019 წლის 26 დეკემბრის №46474 ბრძანება და №081-440 საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონულად 2019 წლის 26 დეკემბერს. გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ხსენებულ შეტყობინებას გაეცნო 2020 წლის 6 იანვარს.
აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 21 იანვრის №18 დასკვნა, 2020 წლის 28 იანვრის №1598 ბრძანება ტექნიკური უზუსტობის გასწორების თაობაზე და 2020 წლის 28 იანვრის №081-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონულად, 2020 წლის 28 იანვარს. გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ხსენებულ შეტყობინებას გაეცნო 2020 წლის 4 თებერვალს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკვშირებით საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
იმავე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა გაშვებულად არ მიიჩნევა, თუ საგადასახადო ორგანომ შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე განათავსა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ 2019 წლის 25 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2019 წლის 26 დეკემბრის N46474 ბრძანება და N081-440 საგადასახადო მოთხოვნა საგადასახადო ორმანომ 2019 წლის 26 დეკემბერს განათავსა/გაგზავნა გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე.
ასევე დადგენილია, რომ 2019 წლის 25 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი ითვალისწინებდა 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე 100 ლარის ოდენობის ჯარიმის დარიცხვასაც, თუმცა, ტექნიკური უზუსტობის გამო, აღნიშნული თანხა ვერ მოხვდა საგადასახადო შემოწმების აქტის ამონაკრებში. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 21 იანვრის №18 დასკვნაც, 2020 წლის 28 იანვრის №1598 ბრძანებაც და №081-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნაც მხოლოდ შეეხებოდა მანამდე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს კანონით დადგენილ ვადაში წარედგინა საგადასახადო მოთხოვნა და შესაბამისად, ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. N11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი უთითებს, რომ სადავო საგადასახადო მოთხოვნები ჩაბარდა საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.
ფაქტობრივი გარემოებები
დგინდება, რომ დაინიშნა საწარმოს საგადასახადო შემოწმება, შესამოწმებელი პერიოდი განსაზღვრულია 2016 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 სექტემბრამდე. შემოწმების აქტი, ბრძნება და საგადასახადო მოთხოვნა საგადასახადო ორმანომ 2019 წლის 26 დეკემბერს განათავსა/გაგზავნა გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე.
ასევე გადამხდელს 2020 წლის 28 ინვარს ელექტრონულად გაეგზავნა 2020 წლის 28 იანვრის კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილია, რომ 2019 წლის 25 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი ითვალისწინებდა 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე 100 ლარის ოდენობის ჯარიმის დარიცხვასაც, თუმცა, ტექნიკური უზუსტობის გამო, აღნიშნული თანხა ვერ მოხვდა საგადასახადო შემოწმების აქტის ამონაკრებში. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 28 იანვრის ბრძანებაც და კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნაც შეეხებოდა მანამდე გამოცემულ აქტებში დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორებას.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს კანონით დადგენილ ვადაში წარედგინა საგადასახადო მოთხოვნა და შესაბამისად, ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 4(1); 4(13);
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59(1) მუხლი.