გადაწყვეტილება №22526/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.04.2024
№ დოკუმენტი 22526/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22526/2/2024

30 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "------" (ს/ნ "------")

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,11.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "------"-ის 11.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22526/2/2024).

 

დავის საგანი:

ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 14.01.2024 წლის №EL238402 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 27.02.2024 წლის №4195 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 1 000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

14.01.2024 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი "-----"-ის კონტროლის ზონაში "-----"-ის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა მომჩივანი, რომელმაც საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვისას განაცხადა, რომ არ გადაადგილებდა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს, თუმცა მისი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერებისას აღმოაჩნდა არადეკლარირებული საქონელი - სიგარეტი- „LEADER“ – 400 ღერი (20 კოლოფი) და სიგარეტი „ZUMERRET“ – 200 ღერი (10 კოლოფი), რომლებიც მოთავსებული ჰქონდა ჩიფსის ცარიელ პაკეტებში.

საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანას საბაჟო კონტროლისგან მალულად, რაზეც მას 14.01.2024 წლის №EL238402 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა (საქონლის ჩამორთმევის ოქმი №69601097381).

აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი 2.02.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.02.2024 წლის №4195 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლზე, მე-13 მუხლზე, 27-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 70-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 73 -ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტებზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1 “, „დ.ზ“ ქვეპუნქტებზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კითხვაზე ჰქონდა თუ არა დასადეკლარირებელი ნივთები, მომჩივანმა განაცხადა უარი, რადგან ჩათვალა, რომ კითხვა ეხებოდა მხოლოდ ტანსაცმელსა და წამლებს. დათვალიერებისას აღმოჩენილ 2 ბლოკ სიგარეტთან დაკავშირებით, მომჩივანი განმარტავს, რომ ეკუთვნოდა შეღავათი, თუმცა ამის მიუხედავად, ჩამოერთვა სიგარეტი და დაეკისრა 1000 ლარიანი ჯარიმა. სიგარეტი განკუთვნილი იყო ავადმყოფისთვის და აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს ყოველივეს გათვალისწინებასა და ჯარიმისაგან გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.

საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: ბ) ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; ე) დაათვალიეროს ფიზიკური პირი; ი) განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია მგზავრის მიერ 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 02 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 კოდით გათვალისწინებული 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული 3 მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული 50 მლ საქონლის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1 “, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

დადგენილია, რომ 14.01.2024 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი "-----"-ის კონტროლის ზონაში "-------"-ის რესპუბლიკის მხრიდან შემოსულ მომჩივანს, რომელმაც დანაცხადა, რომ არ ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, აღმოაჩნდა ჩიფსის ცარიელ პაკეტებში მოთავსებული არადეკლარირებული საქონელი (სიგარეტი).

მომჩივნის განმარტებით, კითხვაზე ჰქონდა თუ არა დასადეკლარირებელი ნივთები, განაცხადა უარი, რადგან ჩათვალა, რომ კითხვა ეხებოდა მხოლოდ ტანსაცმელსა და წამლებს. დათვალიერებისას აღმოჩენილ 2 ბლოკ სიგარეტზე კი ეკუთვნოდა შეღავათი.

საბაჟო დეპარტამენტის მიერ 14.03.2024 წელს მოწოდებული №"------: წერილის მიხედვით დგინდება, რომ მომჩივანი ხშირად გადაადგილდებოდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე (5.01.2023 წლიდან 14.01.2024 წლამდე – 586 შესვლა/გასვლა).

სისტემატურად სარგებლობდა საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“ და „დ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათით, კერძოდ უფიქსირდება:

საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის 11 ფაქტი კვების პროდუქტზე;

საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის 2 ფაქტი საყოფაცხოვრებო საქონელზე;

საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის 26 ფაქტი თამბაქოს ნაწარმზე.

აქციზური მარკის გარეშე აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის - სიგარეტის შემოტანის 24 ფაქტი, სადაც „საქონლის სახელმწიფო საკუთრებში გადაცემის შესახებ“ განცხადებისა და „აქციზური მარკის გარეშე ან დადგენილი წესის დარღვევით ნიშანდებული აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ჩამორთმევის ოქმი“-ს საფუძველზე ჩამორთმეული იქნა 6 480 ღერი (324 კოლოფი) სიგარეტი.

დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები და საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფორმა ცხადყოფს, რომ მომჩივანი სრულყოფილად ფლობდა ინფორმაციას აქციზური მარკის გარეშე აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის შემოტანისა და მის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი გასატარებელი საბაჟო პროცედურების თაობაზე. აცნობიერებდა, რომ ახორციელებდა კანონით ნებადაურთველ საქმიანობას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ცდილობდა საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას. ასევე აღსანიშნავია, რომ მომჩივნის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ. მსგავსი სამართალდარღვევის მასშტაბმა მიაღწია არასასურველ ზღვარს, მიიღო საშიში ტენდენციის სახე და მისი აღკვეთის მიზნით კანონით დადგენილი უმკაცრესი ზომის გამოყენება მართლზომიერად და პროპორციულად უნდა იქნეს მიჩნეული.

საბჭო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სანქციის შერჩევისას, გაითვალისწინა თითოეული ის გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის განზრახულობაზე, სამართალდარღვევის საზოგადოებრივ საშიშროებასა და უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდების შესაძლო უარყოფით შედეგებზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს ჯარიმისაგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

4.01.2024 წელს საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა მომჩივანი, რომელმაც საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვისას განაცხადა, რომ არ გადაადგილებდა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს, თუმცა მისი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერებისას აღმოაჩნდა არადეკლარირებული საქონელი - სიგარეტი.

საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანას საბაჟო კონტროლისგან მალულად, რაზეც მას შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

70,73,168(3).