ბრძანება N 30307-2

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.10.2018
№ დოკუმენტი 30307-2
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 30307

22/10/2018

შპს -------------------

(მის: ქ. -------------)

სადავო საკითხთნ დაკავშირებით

საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 12 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი N83) განიხილა შპს ----- ს საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 21 აგვისტოს N006-388 საგადასახადო მოთხოვნას.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:

აცხადებს, რომ სარეალიზაციოდ უვარგისი საქონლის გადაყრა უხდება ხშირად, თუმცა საგადასახადო ორგანოსთვის სმფ-ების ჩამოსაწერად არ მიუმართავს, რადგან ამ პროცედურის განხორციელება ყოველ ერთჯერად შემთხვევაზე ძნელია და არაპრაქტიკული. მომჩივანი გამოყოფს შემთხვევებს, როდესაც ელეტროენერგიის გათიშვის გამო ყოველ ჯერზე მაცივრებში შენახული 30 ერთეული ტორტი გახდა სარეალიზაციოდ უვარგისი, ასევე აცხადებს, რომ 2017 წლის ბოლოს საიჯარო ფართში წყლის ჩამოსვლამ გამოიწვია 3000 საშუალო ზომის და 3000 პატარა ყუთის გაფუჭება.

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 12 აპრილის N8408 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- ს გასვლითი სრული საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 10 აგვისტოს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. გამოიცა 2018 წლის 21 აგვისტოს N22689 ბრძანება და ამავე თარიღის N006-388 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლითაც საწარმოს დაერიცხა სულ 20972,79 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 11292 ლარი, ჯარიმა 9084 ლარი და საურავი 596,79 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტით დგინდება, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მოგების გადასახადის დეკლარაციებით ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი შეძენილი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ღირებულება შეადგენს 2015 წელს - 475145 ლარს 2016 წელს - 782 325 ლარს.

სსკ-ის 145-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილის შესაბამისად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სმფ-ის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული ნედლეული ან/და მასალები, რომლებიც განკუთვნილია რეალიზაციისათვის ან საქონლის მიწოდებისათვის; საქონლის ღირებულებაში შეიტანება მისი შეძენის, ტრანსპორტირებისა და შენახვის ხარჯი; სსკ-ის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი, შედეგად, შეძენილი სმფ-ის ღირებულება განისაზღვრა 2015 წელს - 471 316 ლარი 2016 წელს - 773 742 ლარი.

სსკ-ის 145-ე მუხლის მიხედვით: „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად. ამასთანავე, საქონლის ღირებულებას ემატება მისი შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯები. შესაბამისად, დაკორექტირდა საბოლოო სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ღირებულება“.

სსკ-ის 145-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი საქონლის ღირებულებაში შეიტანს მისი შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს“.

საბჭო მიუთითებს სსკ-ის 145-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებზე, რომლის თანახმად:

5. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, დეფექტური ან მოძველებული და მოდიდან გამოსული საქონელი, რომლის რეალიზაციაც შეუძლებელია მის წარმოებაზე გაწეულ ხარჯებზე ან შეძენის ფასზე მეტ ფასად, შეაფასოს ამ საქონლის შესაძლო სარეალიზაციო ფასით.

6. ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

„1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული“.

სსკ-ის 275-ე მუხლით საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება პირველი და მეორე ნაწილების თანახმად იწვევს ჯარიმის დაკისრებას კერძოდ:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

გადასახადის გადამხდელის მიერ დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი საჩივარში მოყვანილი არგუმენტების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ამასთან, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით და საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში არ არის განხორციელებული ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერა საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის და საბჭოზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 304-ე მუხლის საფუძველზე

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ----- ს 2018 წლის 18 სექტემბრის საჩივარი სადავო საკითხთნ დაკავშრებით არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგებს და აცხადებს, რომ სარეალიზაციოდ უვარგისი საქონლის გადაყრა უხდება ხშირად, თუმცა საგადასახადო ორგანოსთვის სმფ-ების ჩამოსაწერად არ მიუმართავს, რადგან ამ პროცედურის განხორციელება ყოველ ერთჯერად შემთხვევაზე ძნელია და არაპრაქტიკული.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტით დგინდება, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მოგების გადასახადის დეკლარაციებით ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი შეძენილი სმფ-ების ღირებულება 2015-2016 წლებში აღემატება შემოწმების შედეგად, სსკ-ის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების და 145-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილის მოთხოვნათ შესაბამისად განსაზღვრულ სმფ-ების ღირებულებას

ამასთან, საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში არ არის განხორციელებული ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სმფ-ების ჩამოწერა საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. შედეგად გადამხდელს დაერიცხა გადასახად, ჯარიმდა და საურავი.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან, ხოლო საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 105; 145; 275