ბრძანება N 6324

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 22.03.2024
№ დოკუმენტი 6324
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 6324

22 მარტი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

---------ის (პას/ნ -----)

(მის.: --------

2024 წლის 21 თებერვლის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 მარტის სხდომაზე (ოქმი №24) განიხილა --------ის (პას/ნ -----) №29362/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 10 თებერვლის №EL241286 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ 2024 წლის 10 თებერვალს შემოვიდა -------დან საქართველოში მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებით. გადაადგილდებოდა მარტო, თან ჰქონდა მის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფული 432 200 აშშ დოლარი. თანხის ნაწილი იმყოფებოდა ავტომანქანის სალონში, ნაწილი კი საბარგულში. აღნიშნული თანხა წარმოადგენს მისი უძრავი ქონების გაყიდვის შედეგად მიღებულ შემოსავალს და განკუთვნილია საქართველოში უძრავი ქონების შესაძენად, შემდგომი გაქირავების მიზნით. თანხის ტრანსპორტირება ხდებოდა ღია ჩანთებით. თანხა თავდაპირველად მოათავსა საბარგულში -------ს ტერიტორიაზე კრიმინალური გართულებების თავიდან აცილების მიზნით, ხოლო საზღვართან მოახლოებისას თანხის დიდი ნაწილი გადმოიტანა ავტომანქანის სალონში, რადგან მისი საბაჟო სტრუქტურებისგან დამალვის განზრახვა არ ქონია. მებაჟის კითხვაზე ქონდა თუ არა დასადეკლარირებელი რაიმე, უარი განაცხადა, რადგან არ იცოდა თუ ნაღდი ფულის დეკლარირება სავალდებულო იყო. თანხა არის კანონიერი გზით მიღებული, მისი ოჯახის ერთადერთი მატერიალური აქტივი და შემოსავლის წყარო.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილობრივ გაუქმებას და სანქციის სახით საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ალტერნატიული სანქციის - ჯარიმა დაუდეკლარირერებელი ნაღდი ფულის 10% - ის ოდენობით შეფარდებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 10 თებერვალს საბაჟო გამშვები პუნქტი „------ს“ კონტროლის ზონაში --------ს მხრიდან №------ მსუბუქი ავტომობილით შემოვიდა ------- (------; პასპორტის №------). საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვის დროს აღნიშნულმა პირმა განაცხადა, რომ არ ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი.

საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა №------- ავტოსატრანსპორტო საშუალების და -------ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერება, რის შედეგადაც ავტომობილის უკანა სავარძელზე მოთავსებულ ორ ხელჩანთაში, ასევე საბარგულში არსებულ სათადარიგო საბურავისთვის განკუთვნილ ადგილას აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული საქონელი – 432 200 აშშ დოლარი. აღნიშნულმა თანხამ მოცემული დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგინა 1 147 188 ლარი და 46 თეთრი.

ვინაიდან ------ს მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანის ფაქტს, საბაჟო გამშვები პუნქტი „-------ს“ უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 10 თებერვალს შედგენილ იქნა №EL241286 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც -------ს (პასპორტის №------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა საქონლის (432 200 აშშ დოლარი) ჩამორთმევა.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:

საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;

საბაჟო დეკლარაცია არის დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით აცხადებს, რომ განზრახული აქვს საქონლის მიმართ შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოყენება, და რომელშიც საჭიროების შემთხვევაში დამატებით პირობას უთითებს;

საქონელი არის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი, ელექტროენერგია, თბოენერგია, გაზი, წყალი.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილი ადჰენს, რომ საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: ა) შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია; ბ) ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; ე) დაათვალიეროს ფიზიკური პირი; განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს: ა) პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი აზუსტებს, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით იწვევს დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით გადატანილი ან გადმოტანილი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს საგადასახადო კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით.

დადგენილია, რომ სამართალდამრღვევი შეეცადა დეკლარირებას დაქვემდებარებული 100 000 ლარზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (169-ე მუხლის მე-3 ნაწილი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ლ” ქვეპუნქტით დადგენილია, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით გათვალისწინებული ზომები არ უნდა იწვევდეს პირის კანონიერ უფლებების და ინტერესების დაუსაბუთებელ შეზღუდვას, არამედ მთლიანად უნდა ოყოს გათვალისწინებული საჯარო და კერძო ინტერესები, რადგან სანქციის გამოყენების არსებით მიზანს წარმოადგენს სამართალდარღვევის თავიდან აცილება.

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გამოყენებული სანქციით არ არის დაცული თანაზომიერების პრინციპი, არ არის უზრუნველყოფილი იურიდიული თანასწორობა. ჩადენილი ქმედების ხასიათიდან გამომდინარე გამოყენებული სანქცია არათანაზომიერია იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რომლის მიღწევასაც ისახავს საბაჟო ორგანო. მოცემულ შემთხვევაში საბაჟო სამართალდარღვევისათვის შეფარდებული საბაჟო სანქცია არ შეესაბამება ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და მიყენებული ზიანის მოცულობას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუმცა სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული სანქციის სახე (საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევა) უნდა შეიცვალოს ჯარიმით - საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანილი ნაღდი ფულის 10 პროცენტის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა არ უნდა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. -------ის (პას/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. 2024 წლის 10 თებერვლის №EL241286 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული სანქციის სახე საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევა შეიცვალოს ჯარიმით - საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანილი ნაღდი ფულის 10 პროცენტის ოდენობით;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 10 თებერვლის №EL241286 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2024 წლის 10 თებერვალს საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში მსუბუქი ავტომობილით შემოვიდა მომჩივანი. საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვის დროს აღნიშნულმა პირმა განაცხადა, რომ არ ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა ავტოსატრანსპორტო საშუალების და მომჩივნის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერება, რის შედეგადაც ავტომობილის უკანა სავარძელზე მოთავსებულ ორ ხელჩანთაში, ასევე საბარგულში არსებულ სათადარიგო საბურავისთვის განკუთვნილ ადგილას აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული საქონელი – 432 200 აშშ დოლარი. აღნიშნულმა თანხამ მოცემული დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგინა 1 147 188 ლარი და 46 თეთრი. ვინაიდან მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანის ფაქტს, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 10 თებერვალს შედგენილ იქნა №EL241286 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა საქონლის (432 200 აშშ დოლარი) ჩამორთმევა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუმცა სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული სანქციის სახე (საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევა) უნდა შეიცვალოს ჯარიმით - საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანილი ნაღდი ფულის 10 პროცენტის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა არ უნდა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 169(3).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N257 ბრძანება.