ბრძანება N 7456
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7456
04 აპრილი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 12 სექტემბრის და 20 ოქტომბრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 14 მარტის (ოქმი №27) სხდომაზე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „---------“ (ს/ნ ----------) №153724/21, №153725/21 და №176769/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 აგვისტოს №006-433 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, არ ეთანხმება ურთიერთდამოკიდებული პირისგან, ----------, შეძენილი შპს „--------“ 100% წილის შემოწმებით განსაზღვრულ საბაზრო ღირებულებას და აღნიშნულის გათვალისწინებით დარიცხულ მოგების გადასახადს.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 აპრილის №8984 ბრძანებით შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები 2022 წლის 30 დეკემბრის №006-704 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
„1. შპს „----------“ (ს/ნ -----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად მტკიცებულების სახით წარმოდგენილი შპს „----------- - ----------“ შეფასების დასკვნა, რომლითაც განისაზღვრა 2020 წლის 30 ივლისის მდგომარეობით შპს „----------“ (ყოფილი შპს „----------“) 100% წილის საბაზრო ღირებულება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 აპრილის №8984 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 14 აგვისტოს დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 18 აგვისტოს №006-433 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც 2023 წლის 12 სექტემბერს და 20 ოქტომბერს წარმოდგენილი საჩივრები შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ნოემბრის №29355 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ნოემბრის №29355 ბრძანებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 28 თებერვლის №21599/2/2023 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ნოემბრის №29355 ბრძანება და საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურმა არ გაითვალისწინა მისი შუამდგომლობა და საკითხი განიხილა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლების დასწრების გარეშე, არ მოისმინა მომჩივნის მხრიდან ის არგუმენტები, რომელიც უპირისპირდება აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის მსჯელობას. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის თანახმად:
გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში 2023 წლის 26 თებერვალს წარმოდგენილ საჩივარს ახლავს შპს „---------- - ------------“ მიერ 2023 წლის 7 თებერვალს მომზადებული შპს „----------“ (ს/ნ ----------) (ყოფილი შპს „----------“) 100% წილის შეფასების ანგარიში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წლის 30 ივლისის მდგომარეობით საწარმოს 100% წილი შეფასდა 1 570 000 ლარად. შეფასების ანგარიშზე ხელს აწერენ ---------- და ----------.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, საშემფასებლო საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო აქტის ამოქმედებამდე, საშემფასებლო მომსახურების გაწევის უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს, რომელშიც დასაქმებულია აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებული შემფასებელი. შეფასების განხორციელების და შეფასების ანგარიშზე/დასკვნაზე ხელის მოწერის უფლება ენიჭება აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებულ შემფასებელს. ამავე მუხლის მიხედვით შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციას და მონიტორინგს ახორციელებს სსიპ – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საშემფასებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ, რაიმე სახის დამატებითი მოთხოვნა, გარდა იმ მოთხოვნისა, რომ მათ უნდა გააჩნდეთ შესაბამისი აკრედიტაციის მქონე სერტიფიკაციის ორგანოს სერტიფიკატი, არ არსებობს.
სსიპ ---------- მიერ 2021 წლის 6 ივლისს აკრედიტაციის მოწმობა (---------) გაცემულია ა(ა)იპ „-----------“ (ს/ნ -----------) პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოზე, ხოლო 2021 წლის 15 ივლისს აკრედიტაციის მოწმობა (----------) გაცემულია ა(ა)იპ „საერთაშორისო საშემფასებლო აკადემიის“ (ს/ნ -----------) პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოზე. აკრედიტაციის მოწმობების მიხედვით პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოებს უფლება აქვთ განახორციელონ უძრავი ქონების, მოძრავი ქონების, ბიზნესის და არამატერიალური აქტივების შემფასებელთა სერტიფიცირება.
ა(ა)იპ „-----------“ მიერ წარმოდგენილი მონაცემით შპს „--------“ შეფასების ანგარიშზე ხელის მომწერ პირზე, -----------, შეფასების ანგარიშის მომზადების თარიღის მდგომარეობით არ ფიქსირდება მოქმედი სერტიფიკატი (---------- გაცემული იყო უძრავი ქონების შემფასებლის სერტიფიკატი, რომელსაც ვადა ამოეწურა 2021 წლის 25 ივლისს), ხოლო შეფასების ანგარიშზე ხელის მომწერ მეორე პირზე, ---------, შეფასების ანგარიშის მომზადების თარიღის მდგომარეობით ფიქსირდება მხოლოდ უძრავი ქონების შემფასებლის სერტიფიკატის არსებობა, რომელსაც ვადა ამოეწურა 2023 წლის 1 აპრილს. ა(ა)იპ „----------“ მიერ წარმოდგენილი მონაცემით, ---------- და ---------- მათი ორგანიზაციის მიერ სერტიფიკატების გაცემა არ განხორციელებულა. შპს „---------- - ------------“ ვებგვერდის დათვალიერებით დგინდება, რომ ---------- აქვს მხოლოდ უძრავი ქონების შეფასების გამოცდილება, ხოლო ---------- შესახებ მონაცემები აღნიშნულ ვებგვერდზე არ იძებნება.
შპს „----------- - ----------“ მიერ დარღვეულია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რადგან შეფასების ანგარიშზე ხელს აწერენ აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ არა სერტიფიცირებული შემფასებლები, ამასთან შეფასების ანგარიშის მომზადების დროს არ არის გამოყენებული შეფასების საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტის (IVS) სტანდარტები: --------. ბიზნესი და ბიზნესში მონაწილეობის უფლება (წილი); -------. არამატერიალური აქტივები; ---------. არაფინანსური ვალდებულებები; --------. ფინანსური ინსტრუმენეტები. ასევე შეფასების ანგარიში თავისი სტრუქტურით და შინაარსით წარმოადგენს მხოლოდ უძრავი ქონების შეფასების ანგარიშს (გვ. 13 და გვ. 15). შეფასების ანგარიშში არ არის გათვალისწინებული მიმდინარე სესხზე 30 თვის განმავლობაში დასარიცხი საპროცენტო ხარჯი და გადასახდელი სესხის ძირითადი თანხა უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის შესაბამისად.
გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა 2023 წლის 10 მაისს აუდიტის დეპარტამენტში წარმოადგინა შპს „---------- - -----------“ მიერ შპს „-----------“ გაგზავნილი 2023 წლის 27 მარტით დათარიღებული წერილი. წერილში აღნიშნულია, რომ კომპანიის წილის შეფასება წარმოადგენდა უძრავი ქონების შეფასებას, ხოლო კაპიტალის 100% წილის ღირებულების დათვლა წარმოადგენდა მხოლოდ არითმეტიკულ გაანგარიშებას. საჩივრის განხილვის დროს, 2023 წლის 31 მარტს, აღნიშნული წერილი არ წარედგინა დავების განხილვის საბჭოს.
ბიზნესის ღირებულება მისი ფუნქციონირების შედეგების ობიექტური მაჩვენებელია. ბიზნესის ღირებულების შეფასება ფაქტობრივად ეს არის საწარმოს მიმდინარე მოღვაწეობისა და პერსპექტივების ფინანსური, ორგანიზაციული და ტექნოლოგიური ანალიზი. ბიზნესის შეფასება არის კომპანიის ყველა აქტივის: უძრავი ქონების, მანქანა-დანადგარების და სხვა მოწყობილობების, ფასიანი ქაღალდების, სასაქონლო-მატერიალური მარაგების, ინვესტიციების, არამატერიალური აქტივების და ვალდებულებების კომპლექსური შეფასება. გარდა ამისა ცალკე შეფასების საგანია წარსული, მიმდინარე და მომავალი შემოსავლები, კომპანიის ეფექტურობა, განვითარების პერსპექტივა და კონკურენტული გარემო ბაზარზე. ასევე, ხორციელდება ამ კომპანიის შედარება სხვა ანალოგიური საქმიანობის კომპანიებთან. ასეთი ანალიზის საფუძველზე კომპანია ფასდება, როგორც მოგების მოტანის შესაძლებლობის მქონე ქონებრივი კომპლექსი. ბიზნესის შეფასების ანგარიშში ასახული უნდა იყოს საწარმოს ისტორიული ფინანსური ინფორმაციის და საქმიანობის შედეგების ანალიზი, ფინანსური მაჩვენებლები, მენეჯმენტის სამომავლო გეგმების ანალიზი, SWOT ანალიზი, მაკროეკონომიკური და გარემოს ანალიზი, დარგის ანალიზი, დარგის სტრუქტურა და სიცოცხლის ციკლის ანალიზი, კონკურენციის სტრატეგიები და ანალიზი, შესაფასებელი საწარმოს ანალიზი, დოკუმენტების შესახებ მონაცემები (წესდება, ხელშეკრულებები და ა.შ.), საწარმოს შემოსავლების და ხარჯების სტრუქტურა, ისტორიული და პროგნოზირებული ფინანსური დოკუმენტების კორექტირება.
ვინაიდან, აუქციონზე (განაცხადის №---------) უძრავი ქონების (საკადასტრო კოდები - ----------, -----------) შესყიდვის თარიღიდან (07.07.2020) შპს „--------“ 100% წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების თარიღამდე (30.07.2020) პერიოდში არსებითად ვერ შეიცვლებოდა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება, შპს „----------“ მიერ აუქციონზე შესყიდული ძირითადი საშუალებების ღირებულება 2020 წლის 30 ივლისის მდგომარეობით შესაბამისობაშია აუქციონზე დაფიქსირებულ საწყის საპრივატიზაციო ფასთან, რომელიც განსაზღვრულ იქნა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ექსპერტიზის დასკვნით უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება შეფასებულია 4 109 398 ლარად. ზემოთ მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შპს „---------- - ---------“ მიერ მომზადებულ შეფასების ანგარიშზე დაყრდნობით, საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები არ ექვემდებარება კორექტირებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს გარიგების შედეგად გაწეულ ხარჯსა და გარიგების საბაზრო ფასს შორის სხვაობას, თუ გარიგების შედეგად გაწეული ხარჯი აღემატება გარიგების საბაზრო ფასს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, წილის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, მომჩივანის მიერ წარმოდგენილი იქნა შპს „---------“ შეფასების დასკვნა. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა ეჭვქვეშ დააყენა კოლიერსის საშემფასებლო კომპეტენცია. აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილია შემფასებელი კომპანიის წერილი, რომელზე დაყრდნობითაც, გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ შეფასების სტანდარტების მიხედვით, დასკვნის მომზადებისას აუცილებელ მოთხოვნას არ წარმოადგენს, რომ ყველა პირი იყოს სერტიფიცირებული. წარმოდგენილ დასკვნაზე ხელს აწერს კომპანიის დირექტორი. ის ფაქტი, რომ დასკვნის მომზადების თარიღისათვის მას არ აქვს მოქმედი სერტიფიკატი, ეჭვქვეშ არ აყენებს მის კომპეტენციას და, შესაბამისად, არც შეფასების დასკვნის მომზადების ხარისხს. რაც შეეხება სერტიფიცირებულ შემფასებელს, არარელევანტურია კომენტარი ამ პირის შესახებ ინფორმაციის კომპანიის ვებ. გვერდზე განთავსება/არ განთავსების შესახებ, ვინაიდან, შეფასების მომენტში მას გააჩნდა შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული მოქმედი სერთიფიკატი და ცხრა წლიანი გამოცდილება.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშების დასკვნაში აღნიშნული იქნა, რომ შეფასების ანგარიშის მომზადების დროს არ იქნა გამოყენებული შეფასების საერთაშორისო სტანდარტები. ასევე, შეფასების ანგარიში თავისი სტრუქტურით და შინაარსით წარმოადგენს მხოლოდ უძრავი ქონების შეფასების ანგარიშს. არ არის გათვალისწინებული მიმდინარე სესხზე 30 თვის განმავლობაში დასარიცხი საპროცენტო ხარჯი და გადასახდელი სესხის თანხა. გადასახადის გადამხდელი აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ შეფასების ეფექტური თარიღისათვის კომპანია არ ახორციელებდა კომერციულ საქმინობას, შესაბამისად, არ ჰქონდა მატერიალური საოპერაციო შემოსავლები და ხარჯები. ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს აქტივებზე დაფუძნებული შეფასების მეთოდი, რომელიც გამოყენებულია შეფასების პროცესში და რომელიც ყველაზე რეალურად ასახავს გაყიდვის მომენტში კომპანიის წილის ღირებულებას.
გადასახადის გადამხდელის განცხადებით, შემდგომი მოვლენების ანალიზიც ადასტურებს, რომ წილი შეძენილი იყო საბაზრო ღირებულებით. კერძოდ: შპს „---------“, რომელმაც 921 465 ლარად შეიძინა შპს „----------“ 100% წილი, 2021 წლის 24 თებერვალს კუთვნილი წილის 50% გაყიდა არაურთიერთდამოკიდებულ პირზე, შპს „-----------“, ღირებულებით 524 734 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შპს „--------“ (ყოფილი შპს „----------“) 100% წილის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი იქნა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს“ დასკვნა, რომლის თანახმად, 2020 წლის 30 ივლისის მდგომარეობით შპს „---------“ (ყოფილი შპს „---------“) 100% წილის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს
1 548 045 აშშ დოლარს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, 2020 წლის 30 ივლისის მდგომარეობით შპს „---------“ (ყოფილი შპს „---------“) 100% წილის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით იხელმძღვანელოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს“ შეფასების დასკვნით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---------“ (ს/ნ ---------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, 2020 წლის 30 ივლისის მდგომარეობით შპს „----------“ (ყოფილი შპს „----------“) 100% წილის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით იხელმძღვანელოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს“ შეფასების დასკვნით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს;
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგად, ურთიერთდამოკიდებული პირისგან, შეძენილი 100% წილი შემოწმებით განისაზღვრა საბაზრო ღირებულებით და აღნიშნული დაიბეგრა მოგების გადასახადით.
გადაწყვეტილება
საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:19(1); 97(1,3);981(4);