გადაწყვეტილება №25389/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25389/2/2025
12 აგვისტო 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ---------- (ს/ნ -------------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 24.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 30.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №------/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 25.09.2024 წლის №20886 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. 2024 წლის 30 ივლისის N047-67 საგადასახადო მოთხოვნა;
2. 2024 წლის 30 ივლისის NEL------ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
3. 2024 წლის 30 ივლისის NEL------ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
4. საბაჟო დეპარტამენტის 14.03.2025 წლის №4296 ბრძანება;
5. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 28 მაისის №10932 ბრძანება;
დარიცხული თანხა: 92 837.49 ლარი.
მათ შორის:
დღგ საბაჟოზე - 23 191.99
აქციზის გადასახადი საბაჟოზე - 20 000
საურავი - 453.51
ჯარიმა - 43 191.99 (საბაჟო კოდექსის - 172 მუხლი)
ჯარიმა - 6 000 (საბაჟო კოდექსის - 176,2 მუხლი)
ფაქტების აღწერა
2024 წლის 9 ივლისის №---/---- საბაჟო საწყობის დეკლარაციით საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის (საავტომობილო ბენზინი - 40 000 კგ) უკანონო განკარგვა/დაკარგვა/განადგურებისთვის მომჩივანს, 2024 წლის 30 ივლისის NEL----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შპს „---------------“-თან (ს/ნ ----------) ერთად, სოლიდარულად შეეფარდა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 43 191,99 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტით დადგენილი სანებართვო პირობების (საბაჟო საწყობმა ვერ გამორიცხა საბაჟო საწყობში განთავსებული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის (საავტომობილი ბენზინი - 40 000 კგ) უკანონო განკარგვა/დაკარგვა/განადგურება) დარღვევისთვის, 2024 წლის 30 ივლისის NEL----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით. ამასთან 2024 წლის 30 ივლისის №047-67 საგადასახადო მოთხოვნით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა იმპორტის გადასახდელი 43 645,5 ლარი (დღგ 23 191,99 ლარი; აქციზის გადასახადი 20 000 ლარი) და საურავი 453.51 ლარი.
აღნიშნული აქტები მომჩივანმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 25 სექტემბრის №20886 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საბაჟო დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტები და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო აქტებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2024 წლის 25 სექტემბრის №20886 ბრძანების აღსრულების შედეგად, საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოცემული 2025 წლის 14 მარტის №4296 ბრძანების საფუძველზე, მომჩივანს უარი ეთქვა 2024 წლის 30 ივლისის NEL-----, NEL----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების და N047-67 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის კორექტირებაზე (შემცირებაზე).
2025 წლის 17 აპრილს, მომჩივანმა 2024 წლის 25 სექტემბრის №20886 ბრძანების აღსრულების შედეგები, საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 30 ივლისის NEL---- და NEL---- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და ამავე თარიღის N047-67 საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 28.05.2025 წლის №10932 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის მე-21 ნაწილზე, „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებით დამტკიცებული „ნავთობპროდუქტის ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმების შესახებ“ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 პუნქტზე, ამავე მუხლის მე-5 პუნქტზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების 2024 წლის 25 სექტემბრის №20886 ბრძანების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოცემულ 2025 წლის 14 მარტის №4296 ბრძანებაში ასახული შედეგები შეესაბამება დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია არგუმენტი
1 - საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი საწვავის ბუნებრივი დანაკარგების ნორმების სრული იგნორირება.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს ბრძანების (№20839) დანართი №2-ის თანახმად დადგენილია ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმები.
მოცემულ შემთხვევაში კომპანია შპს „-----ი“ (ს.ნ. -----) ახორციელებს როგორც საწვავის იმპორტს, ასევე ადგილობრივ ბაზარზე საწვავის შესყიდვებს. კომპანია განუბაჟებელი საწვავის შესყიდვისას საქონელს იღებს და ინახავს საბაჟო საწყობში, რის გამოც კომპანია რეგისტრირებულია შესაბამისი შვიდნიშნა კოდით მოსარგებლედ. მოცემული ზემოხსენებული ზღვრული ნორმებიდან გამომდინარე, კომპანია ბუნებრივ დანაკარგებში ითვალისწინებს, როგორც გადაზიდვებისთვის დადგენილ დანაკარგების კოეფიციენტს, ასევე მიწისზედა რეზერვუარში 1 თვემდე ან 1 თვეზე მეტი ვადით შენახვისას დადგენილ დანაკარგების კოეფიციენტს.
კომპანიის მიერ საბაჟო საწყობში საქონლის მიღების/დასაწყობების პროცესში საბაჟო დეპარტამენტის მიერ საქონლის რაოდენობის დასაწყობება ძირითად შემთხვევაში ხორციელდებოდა კომპანიის მიერ წარდგენილი ინვოისის საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია საბაჟო ორგანოს ინვოისთან ერთად საქონლის დასაწყობების პროცესში ყოველთვის წარუდგენდა ლიცენზირებული პირის მიერ დოკუმენტურად დადასტურებულ ინფორმაციას მიღებული საქონლის ფაქტობრივ რაოდენობასთან დაკავშირებით, შედეგად კი კომპანიას საბაჟო საწყობში ყოველთვის წარმოექმნებოდა იმაზე მეტი საწვავის რაოდენობა, ვიდრე ფაქტობრივად იყო მიღებული, რაც თავისთავად წარმოქმნიდა საქონლის დანაკლისს მიღების მომენტშივე.
მოცემულ ფაქტთან დაკავშრებით დამატებით აღნიშნავს, რომ კომპანიის მხრიდან არაერთხელ იყო მცდელობა საქონლის დასაწყობება საბაჟო საწყობში მომხდარიყო ლიცენზირებული პირის (ინტერტეკის) მიერ ფაქტობრივი მიღების შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, რის შედეგადაც მომენტალურად მოხდებოდა ტრანსპორტირების დროს წარმოქმნილი დანაკარგის გათვალისწინება და თავიდან იქნებოდა აცილებული საბაჟო საწყობში ვირტუალური ნაშთის წარმოქმნა.
გარდა ტრანსპორტირების დროს გამოვლენილი ბუნებრივი დანაკარგისა, კომპანიას ფაქტობრივად წარმოექმნებოდა მიწისზედა რეზერვუარში ტემპერატურის ცვლილების შედეგად გამოწვეული ბუნებრივი დანაკარგიც (აორთქლება/შეკუმშვა). მოცემული დანაკარგის ფაქტობრივი ოდენობის განსაზღვრა ტექნიკურად შეუძლებელია მანამ, სანამ არ მოხდება რეზერვუარში არსებული საწვავის რაოდენობის სრულად ამოწურვა, თუმცა რეზერვუარში საწვავის რაოდენობის ამოწურვისას ფაქტობრივად გამოვლენილი დანაკარგის ოდენობა, არ აღემატებოდა ბრძანებით დადგენილი ზღვრული ოდენობის რაოდენობას.
არგუმენტი 2 - ოქმის შედგენამდე საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან კომუნიკაციის სრული არ არსებობა.
შპს „-----ი“ (ს.ნ. ----) რეგისტრირებულია საბაჟო საწყობზე შვიდნიშნა კოდით მოსარგებლედ. გამომდინარე იქიდან, რომ 2024 წლის ივლისის თვეში საბაჟო საწყობის მეიჯარის ცვლილება ხორციელდებოდა, საბაჟო ორგანომ მოითხოვა ბაზაში არსებული ფაქტობრივი ნაშთების წარდგენა, ხოლო ახალმა (პოტენციურმა) მეიჯარემ დააკმაყოფილა საბაჟოს მოთხოვნა და წარადგინა რეზერვუარში არსებული სხვადასხვა კომპანიების ფაქტობრივი ნაშთები. საბაჟო ორგანომ მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე მოახდინა მიღებული მონაცემების შედარება შპს „-------ი“-ს (ს.ნ. ------) შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებგვერდზე არსებულ დოკუმენტურად დარჩენილ ნაშთთან (რომელიც საქონლის დოკუმენტურად მიღების, იმპორტში მოქცევის, გასხვისების გათვალისწინებით იქნა დარჩენილი), რის საფუძველზეც იქნა მიღებული ზედაპირული გადაწყვეტილება, რომ სხვაობა მიღებულ ფაქტობრივ ნაშთსა და შპს „-------ი“-ს (ს.ნ. -------) ნაშთს შორის შეფასებულიყო საქონლის უკანონო განკარგვად, რასაც მოყვა სამართალდარღვევის ოქმების და საგადასახადო მოთხოვნის გამოწერა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საბაჟო ორგანოს მხრიდან არ მომხდარა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი დანაკარგების ზღვრული ნორმების გათვალისწინება. ამასთან სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე, საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლის მხრიდან შპს „------“-ს (ს.ნ. ---------) წარმომადგენელებთან კომუნიკაციის მცდელობაც კი არ ყოფილა, რომლის შემთხვევაშიც კომპანიის მხრიდან დანაკარგების ნორმის დაანგარიშების შესახებ მიწოდებული იქნებოდა სრული ინფორმაცია და შემოსავლების სამსახურის მხრიდან დაფიქსირებული გადაცდომა და მოცემული გაუგებრობაც თავიდან იქნებოდა აცილებული.
არგუმენტი 3 - ოქმით გათვალისწინებული სანქციის დარიცხვა საკანონმდებლო საფუძვლის არ არსებობის პირობებში.
მოცემული კანონმდებლობით, კომპანიას არ გააჩნია რაიმე სახის ვალდებულება, რომ არსებული ფაქტობრივი ბუნებრივი დანაკარგების შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია წინასწარ მიაწოდოს შემოსავლების სამსახურს ან/და საბაჟო ორგანოს. შესაბამისად კომპანიის მხრიდან ფაქტობრივად გამოვლენილ ბუნებრივ დანაკარგებზე ინფორმაციის მიწოდება არ ხორციელდებოდა არც საქონლის საბაჟო საწყობში მოქცევის და არც მისი შენახვა განკარგვის დროს. არსებული დანაკარგის აღიარება და გათვალისწინება კი მხოლოდ შიდა აღრიცხვის მიზნებისთვის ხორციელდებოდა.
არგუმენტი 4 - ოქმის შედგენამდე ორაზროვან საკითხში გარკვევის არაერთი მცდელობა კამპანიის მხრიდან და კეთილსინდისიერი გადამხდელის პრინციპის სრული იგნორირება შემოსავლების სამსახურის მხრიდან.
მოცემულ საკითხთან დაკავშირებით შპს „-------ი“-ს (ს.ნ. ---------) სურდა კანონის ფარგლებში მოეხდინა ბუნებრივი დანაკარგების შესახებ დადგენილი ზღვრული ნორმებით გათვალისწინებული ფაქტობრივი დანაკარგების ინფორმაციის მიწოდება შემოსავლების/საბაჟო ორგანოსთვის, რათა თანხვედრაში ყოფილიყო საქონლის ფაქტობრივი და შემოსავლების სამსახურში არსებული ნაშთები. კერძოდ კომპანიის წარმომადგენლის მხრიდან (ნორმიდან 599 466 222) არაერთი ზარი განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზზე, როგორც საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებულ ოპერატორებთან, ასევე საბაჟოს დეპარტამენტის ოპერატორთან. აგრეთვე სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე, შპს „-------ი“-ს (ს.ნ. ------) შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ვებ-გვერდიდან კომუნიკატორის საშუალებით წარმოდგენილი იქნა შეკითხვა თუ როგორ და რა ფორმით უნდა ეღიარებინა საბაჟო საწყობში წარმოქმნილი მაქსიმალური ზღვრული ნორმით დადგენილი ბუნებრივი დანაკარგის ოდენობები, რათა გასწორებული საბაჟოზე დაფიქსირებული ვირტუალური მარაგების ნაშთი. მოცემულ წერილთან დაკავშრებით შემოსავლების სამსახურის მხრიდან დღემდე არ არის პასუხი გამოგზავნილი, მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსახურის მხრიდან პასუხის გამოგზავნის ვადა როგორც წესი 10 სამუშაო დღეა და პასუხის მიღების მოთხოვნით დამატებით კანცელარიაშიც კი არაერთი ზარი განხორციელდა (ნომრიდან 599 466 222). კომუნიკატორში გაგზავნილი განაცხადის რეგისტრაციის ნომერია ------.
წარსულ პერიოდში (2023 წლის თებერვლიდან) შპს -------ის დამფუძნებელი თავის სახელზე რეგისტრირებული სხვა კომპანიით, კერძოდ შპს -----------ის (ს/კ ------) მეშვეობით ახორციელებდა საბაჟო საწყობში საწვავის შესყიდვა/რეალიზაციას. შპს --------ი, შპს --------სგან განსხვავებით ახორციელდება მხოლოდ საბითუმო ვაჭრობას უმეტესწილად იმპორტირებული საწვავის მეშვეობით, რის გამოც ბუნებრივია, რომ ამ კომპანიაზეც იარსებებდა შენახვის/ტრანსპორტირების ბუნებრივი დანაკარგები. როდესაც ბიზნეს საქმიანობიდან გამომდინარე საჭირო გახდა შპს ------ს შეეძინა შპს -------ის საწვავის სრული რაოდენობა და რა მომენტშიც ჯერ კიდევ ბუნდოვანი იყო (გარკვევის მრავალი მცდელობის მიუხედავად) თუ რა ფორმით უნდა ეღიარებინა ხარჯად კომპანიას აორთქლების შედეგად წარმოქმნილი ბუნებრივი დანაკარგები, და ვინაიდან შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების №20839 მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ნავთობპროდუქტის ჩამოწერის უფლების მქონე პირი განისაზღვრება მყიდველისა და გამყიდველის შეთანხმებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ასეთის არსებობის შემთხვევაში მყიდველის მიერ მოხდებოდა ბუნებრივი დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობის გათვალისწინება, რაც დაფუძნებული იქნებოდა გამყიდველის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით (რომელიც მოიცავდა ყველა შესყიდვის რაოდენობის და დასაწყობების თარიღების შესახებ ინფორმაციებს).
შპს ------ის მიერ 01.02.2024 თარიღში რეზერვუარში მის საკუთრებაში არსებული დოკუმენტური ნაშთის (და არა ფაქტობრივი) მიყიდვა ამავე რეზერვუარში განხორციელდა შპს ------ზე, შედეგად წარსულ პერიოდში შპს ------------ზე არსებული ფაქტობრივი ბუნებრივი დანაკარგებიც ავტომატურად აისახა შპს --------ის დანაკარგად.
არგუმენტი 5 - საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შემდეგ უფლებამოსილ პირებთან შეხვედრის დეტალები და კიდევ ორაზროვან საკითხთან დაკავშირებული დეტალები.
სამართალდარღვევის ოქმების და საგადასახადო მოთხოვნის შედგენის შემდგომ საბაჟო დეპარატამენტის თანამშრომლებთან შპს „----------ი“-ს (ს.ნ. ---------) წარმომადგენლების კომუნიკაციისას საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან გამოითქვა მზაობა შეხვედრასთან დაკავშირებით. შეხვედრის პროცესში საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ შპს „------ი“ (ს.ნ.-------) ვალდებული იყო საბაჟო დეპარტამენტისთვის გარკვეული განაცხადის ფორმით წინასწარ ეცნობებინა ბუნებრივად აორთქლების შედეგად მიღებულ დანაკარგების შესახებ (რაც როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა მანამ სანამ არსებულ რეზერვუარში საქონლის ნაშთი სრულად არ ამოიწურებოდა და), თუმცა მოცემულ მოთხოვნასთან დაკავშრებით ვერ იქნა მითითებული საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელიც ამ ვალდებულებაზე მიუთითებს. ამასთან არ არსებობს საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელიც გულისხმობს, რომ დადგენილი ბუნებრივი დანაკარგების ნორმების ფარგლებში არსებულ დანაკლისზე ამ დადგენილი ნორმებით სარგებლობისთვის, საწარმო ვალდებულია რაიმე სახის ინფორმაცია წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს.
შესაბამისად შეხვედრის მიუხედავად არათუ წარსულ პერიოდზე მიღებული სამართალდარღვევის დარიცხვის მართებულობა დარჩა გაურკვეველი, არამედ ასევე ბუნდოვანია სამომავლოდ თუ რა ფორმით და რა სახით უნდა იმოქმედოს კომპანიამ, რომ მსგავსი პრობლემის წინაშე არ დადგეს და კიდევ დამატებით ჯარიმები არ დაერიცხოს, იმ ქმედებაზე რაც არ ჩაუდენია და ამ ბიზნესის ბუნებრივი მოცემულობაა.
შეხვედრის შემდგომ, საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლის მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ კიდევ ერთი შეხვედრა შემდგარიყო შპს „--------ი“-ს (ს.ნ. -------) წარმომადგენლებთან მოცემულ საკითხთან დაკავშრებით. განმეორებით შეხვედრის შემდგომ საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ მკაფიოდ დაფიქსირდა პოზიცია იმის შესახებ, რომ მოცემული საკითხის გადაწყვეტა არსებული კანონმდებლობის ფარგლებში შეუძლებელია და მოუწოდა, რომ სამომავლოდ მსგავსი პრობლეების თავიდან აცილების მიზნით განაცხადის ფორმით მიემართათ შემოსავლების სამსახურის უფროსისთვის, სადაც დეტალურად იქნება ახსნილი ფაქტობრივ გარემოებები და შეკითხვა იმასთან დაკავშრებით თუ რა ფორმით უნდა განხორციელდეს კანონის ფარგლებში დადგენილი ბუნებრივი დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობებით სარგებლობა, ისე რომ არ მოხდეს დამატებით სანქციების დარიცხვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის მიხედვით, მიაჩნია, რომ კომპანია ფაქტობრივი მოცემულობიდან გამომდინარე უფლებამოსილი იყო ბრძანებით არსებული ბუნებრივი დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობა არ ჩაეთვალა დანაკლისად ან/და განუბაჟებელი საქონლის უკანონო განკარგვად.
არგუმენტი 6 - საგადასახადო ორგანოს მიდგომები დანაკარგის ნორმების გათვალისწინებასთან დაკავშირებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანების №994 (მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე) 92 მუხლის მე-8 ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია საგადასახადო მონიტორინგის განხორციელებისას აღრიცხული მონაცემები გამოიყენოს თავისი საქმიანობის შედეგების დასაზუსტებლად (მაგ.: გამოსავლიანობის ნორმის, დანაკარგის დასადგენად).
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვინაიდან შემოსავლების სამსახურის უფროსის მხრიდან დადგენილია ნავთობპროდუქტების დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობები, მიაჩნია, რომ ამ ჩანაწერის საფუძველზე კომპანია ავტომატურად უფლებამოსილია ამ დადგენილი ზღვრული მაქსიმალური ოდენობების ფარგლებში ფაქტობრივად მიღებული ბუნებრივი დანაკარგებით მოახდინოს საქონლის მარაგების კორექტირება (ჩამოწერა) და ამავდროულად ამ ჩამოწეროს უფლების მისაღებად, მოქმედი კანონმდებლობით რაიმე სახის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება შემოსავლების სამსახურისთვის არ არსებობს.
არგუმენტი 7- სხვა უზუსტობები საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში.
სამართალდარღვევის ოქმში მითითებულია შპს „-----ი“-ს (ს.ნ. -------) ბოლო დასაწყობებული დეკლარაცია ნომრით C---- და მიჩნეულია, რომ ამ ბოლო დეკლარაციით შემოტანილი საწვავი ჩაითვალა უკანონოდ განკარგულად, რასაც არ ეთანხმება, რადგან შეუძლებელია მოხდეს კონკრეტული საწვავების იდენტიფიკაცია შესაბამისი სასაწყობო დეკლარაციის ნომრით, ვინაიდან 1 დეკლარაციით მიღება ზოგიერთ შემთხვევაში 1 რეზერვუარში ნაწილდება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ერთდროულად რამდენიმე რეზერვუარებში. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ამ რეზერვუარებში სისტემატიურად ხდება საწვავის როგორც მიღება ასევე გაცემა. ამ ყველაფრის საფუძველზე სასაწყობე დეკლარაციით საქონლის განბაჟებისას შეუძლებელია იმის დადგენა თუ რომელი დეკლარაციით მიღებული განუბაჟებელი სითხე განბაჟდა.
არგუმენტი 8 - სხვა უზუსტობები საგადასახადო სამართ რღვევის ოქმში.
საჩივარში მითითებულ გარემოებებზე, შპს „------ი“-ს (ს.ნ. -------) შეხვედრებზე შემოსავლების სამსახურთან მომჩივნისთვის ცნობილი იყო, ვინაიდან წარმოადგენს პარტნიორ კომპანიებს და ელოდებოდა საკითხის განხილვას, ვინაიდან საკითხის შინაარსი და შედეგი ერთი და იგივე იყო ორივე კომპანიისთვის და თანაბარმნიშვნელოვნად ვრცელდება ორივე კომპანიაზე.
აღსანიშნავია, რომ პასუხისმგებლობა მიდის შპს „-------ი“-ზე (ს.ნ. --------), ვინაიდან მათგან ჰქონდა დასტური, რომ ეს იყო აორთქლებული საწვავის ნაწილი (ბუნებრივი დანაკარგი), ეს საკითხი გავლილი იყო და ამის გამო არ მოხდა მომჩივნის მხრიდან რეაგირება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინება და ადეკვატური ანალიზი მიგვიყვანს იმ დასკვნამდე, რომ დარიცხული სანქციის თანხის დარიცხვა მოხდა არასწორად, რაც აშკარად გამოწვეულია საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებისა და შპს „-------“-ს (ს/ნ -------) და შპს „------ი“-ს (ს.ნ.---------) წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციის საერთოდ არ არსებობით, ასევე საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირების მხრიდან საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების არასაკმარისად შესწავლისა (შეიძლება ითქვას რომ საერთოდ არ შესწავლით) და მათი მხრიდან გამოვლენილი უყურადღებობით, საქმისადმი არასათანადო და არაპროფესიონალური დამოკიდებულებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციის და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. თუ სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია, მათ ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სოლიდარულად ეკისრებათ.
საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა – იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, – იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება. ამ კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრის შემდეგ საბაჟო ზედამხედველობას არ ექვემდებარება. უცხოური საქონელი მისი საბაჟო სტატუსის შეცვლამდე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან ამ კოდექსის XV თავის შესაბამისად განკარგვამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი 3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებით დამტკიცებული „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ დებულების მე-3 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, რეზერვუარში შენახვისას ჩამოწერა დასაშვებია წინა ინვენტარიზაციიდან შემდგომი ინვენტარიზაციის მომენტამდე რეზერვუარში მიღებული მთლიანი ოდენობიდან, ამ დებულების მე-4 მუხლის გათვალისწინებით. დანაკარგად აღიარებული ნედლი ნავთობის/ნავთობპროდუქტის ოდენობა უნდა მიეკუთვნოს ინვენტარიზაციის მომენტში რეზერვუარში დარჩენილ პარტიებს.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საქონლის არამატერიალური ფორმით მარკირების/ნიშანდების შემთხვევაში დანაკლისად არ ჩაითვლება ამ საქონლის წარმოების პროცესში მწარმოებლის მიერ გამოვლენილი დანაკარგი.
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მომჩივანი სადავო აქტების ბათილად ცნობას ითხოვდა იმის გამო, რომ საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ეტაპზე საბაჟო ორგანოს მიერ არ იყო გათვალისწინებული „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებით დადგენილი - ნავთობპროდუქტის ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმები.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 25 სექტემბრის №20886 ბრძანებით საბაჟო დეპარტამენტს დაევალა – შეესწავლა მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტები და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა სადავო აქტებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, საბაჟო დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 14 მარტის №4296 ბრძანება, სადაც აღნიშნულია შემდეგი: „მომჩივნის არგუმენტი უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული, ვიანიდან მისი მხრიდან არ ყოფილა უზრუნველყოფილი საავტომობილო ბენზინის ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმების გათვალისწინებისათვის, შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებით დამტკიცებული „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 – მე-5 პუნქტებით დადგენილი პირობების შესრულება. კერძოდ, მითითებული ნავთობპროდუქტის რეზერვუარში შენახვისას არ განხორციელებულა მყიდველისა და გამყიდველის შეთანხმებით განსაზღვრული – ნავთობპროდუქტის ჩამოწერის უფლების მქონე პირის მიერ მისი ჩამოწერა, რაც დასაშვებია წინა ინვენტარიზაციიდან შემდგომი ინვენტარიზაციის მომენტამდე რეზერვუარში მიღებული მთლიანი ოდენობიდან, ამავე დებულების მე-4 მუხლის შესაბამისად.
მომჩივანი საჩივარში აღნიშნავს, რომ იგი დაჯარიმდა შპს „------ის“ კუთვნილი საავტომობილო ბენზინის (40 000 კგ) უკანონო განკარგვა/დაკარგვა/განადგურების ფაქტზე, თუმცა აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან მოცემული საწვავის რაოდენობა სრულად ჯდება იმ ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგების მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობებში, რომელიც ზემოხსენებული ბრძანებით არის დადგენილი.
მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით შედგენილია შესაბამისი გაანგარიშება/კალკულაცია, რომლის მოთხოვნის შემთხვევაში კომპანია მზად არის წარუდგინოს შესაბამის უწყებას.
ასევე საჩივარში აღნიშნულია, რომ კომპანიამ შიდა სააღრიცხვო პოლიტიკით გადაწყვიტა, რომ საქონლის განბაჟებისას გამოიყენოს ე.წ FIFO მეთოდი, რაც გულისხმობს, იმას რომ საბუთის მიხედვით პირველ რიგში აბაჟებს იმ საქონელს რომელიც უფრო ადრე მიიღო, შესაბამისად ბუნებრივი დანაკარგი (აორთქლების შედეგად) სრულ საოპერაციო პერიოდზე ვრცელდება და არა ბოლო დეკლარაციაზე.
საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:
- საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილია ნავთობპროდუქტის რეზერვუარში შენახვისას ან საზღვაო/სარკინიგზო/საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვისას ნავთობპროდუქტის, ასევე ნედლი ნავთობის სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვისას ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმები, რომლის გათვალისწინებასაც ითხოვს მომჩივანი;
- ზემოაღნიშნული არგუმენტის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიღო ნაწილობრივ დაკმაყოფილების ბრძანება და დაევალა საბაჟო დეპარტამენტს მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტების შესწავლა და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სადავო აქტით დარიცხული თანხის კორექტირება;
- არც საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის და არც აღსრულების ეტაპზე შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის გათვალისწინებული დანაკარგის ნორმები, მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებით დამტკიცებულია ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმები, რაც დაადასტურა ასევე მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა საჩივრის ზეპირი განხილვის ეტაპზეც.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 25 სექტემბრის №20886 ბრძანება არ არის აღსრულებული.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი, მათ შორის მომჩივნის მიერ საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტები საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საჩივარი უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 28 მაისის №10932 ბრძანება;
3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის №20886 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ მომჩივანის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას/დაკარგვას/განადგურებას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 30 ივლისს შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანსა და საბაჟო საწყობის მესაკუთრეს ერთად სოლიდარულად დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 43191.99 ლარის (იდენტურ/მსგავს საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით, ხოლო საბაჟო საწყობის სანებართვო პირობის განმეორებით დარღვევის ფაქტზე, შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით. ამასთან, 2024 წლის 30 ივლისს გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც დაერიცხა იმპორტის გადასახდელი 43191.99 ლარი (დღგ 23191.99 ლარი; აქციზის გადასახადი 20 000 ლარი) და საურავი 453.51 ლარი.აღნიშნული აქტები მომჩივანის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №20886 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: საბაჟო დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტები და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო აქტებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის №20886 ბრძანების აღსრულების შედეგად, საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოცემული №4296 ბრძანების საფუძველზე, მომჩივანს უარი ეთქვა 2024 წლის 30 ივლისის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების და N047-67 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის კორექტირებაზე (შემცირებაზე).
მომჩივანმა №20886 ბრძანების აღსრულების შედეგები, საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 30 ივლისის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და N047-67 საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის №10932 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი, მათ შორის მომჩივნის მიერ საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტები საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საჩივარი უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 70(პირველი და მე-2; 163(პირველი და მე-5 ); 172; 176(პირველი და მე-2);