ბრძანება N 9899
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 9899
06 მაისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----“ (ს/ნ -----) (მის.: ----- )
2026 წლის 20 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის პირველი მაისის სხდომაზე (ოქმი N 35) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ ----- ) N 63007/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 7 აპრილის N EL312218 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეულ საქონელს გადამუშავების ვადა განესაზღვრა არაუგვიანეს 2023 წლის 10 თებერვალი. საქონელი გამოიგზავნა ----- 2022 წლის 25 დეკემბერს და მოექცა იმპორტის რეჟიმში 2023 წლის 3 იანვარს საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით. მომჩივანს მიაჩნია, რომ მისი მხრიდან სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის 26 აგვისტოს შპს „-----“ (ს/ნ ------) მიერ N ----- საქონლის საბაჟო დეკლარაციით გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეულ საქონელს (ოპტიკური სიგნალის გადამცემის ნაწილი (პლატა) – 3 ერთეული (ს/ნ -----; ს/ნ -----; ს/ნ ----- ) გადამუშავების ვადად განესაზღვრა 168 დღე – არაუგვიანეს 2023 წლის 10 თებერვალი.
ვინაიდან შპს „-----“ (ს/ნ ----- ) მიერ გადამუშავებული პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა არ განხორციელდა განსაზღვრული საბაჟო ფორმალობების დაცვით, აღნიშნული ჩაითვალა გარე გადამუშავების პროცედურის პირობის დარღვევად და გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ 2026 წლის 7 აპრილს შედგენილ იქნა N EL312218 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
2023 წლის 3 იანვარს შპს „-----“ მიერ N ----- საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოექცა 9 ცალი პლატა (საბაჟო ღირებულება – 810.6 ლარი), N ----- საქონლის საბაჟო დეკლარაციით კი გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული იყო 3 ცალი ოპტიკური სიგნალის გადამცემის ნაწილი (პლატა), რომლის საბაჟო ღირებულება შეადგენდა 48336.35 ლარს. ამასთან ორივე დეკლარაციაში მითითებული საქონლის (პლატა) საიდენტიფიკაციო ნომრები (ს/ნ -----; ს/ნ -----; ს/ნ -----;) ემთხვევა ერთმანეთს, თუმცა საბაჟო ღირებულებები მნიშვნელოვნად განსხვავდება.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, გადამუშავებული პროდუქტი არის შიდა გადამუშავების პროცედურაში ან გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული საქონელი.
ამავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონელი, რომელიც განკუთვნილია საბაჟო პროცედურაში მოქცევისთვის, დეკლარირდება შესაბამისი საბაჟო პროცედურის საბაჟო დეკლარაციით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 148-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ დროებით გატანილი საქართველოს საქონლის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გადამუშავების ერთი ან რამდენიმე ოპერაცია. გადამუშავებული პროდუქტი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას შეიძლება იმპორტის გადასახადისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებით თავისუფალ მიმოქცევაში მოაქციოს გარე გადამუშავების პროცედურის ავტორიზაციის მფლობელმა ან საქართველოში დაფუძნებულმა პირმა, თუ მას აქვს გარე გადამუშავების პროცედურის ავტორიზაციის მფლობელის შესაბამისი თანხმობა და გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენების ყველა პირობა შესრულებულია.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანო განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც უნდა განხორციელდეს გადამუშავებული პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან ამ კოდექსის 158-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად გასხვისება. ეს ვადა განისაზღვრება გარე გადამუშავების პროცედურის ხანგრძლივობისა და მის დასასრულებლად საჭირო დროის გათვალისწინებით.
“საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „გარე გადამუშავების პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 14) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გარე გადამუშავების პროცედურაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება საქონლის საბაჟო დეკლარაციის წარდგენით, ხოლო 3 000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონლის დეკლარირება ასევე შესაძლებელია საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ის წარდგენით.
ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 8) 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით (დანართი N 8-V-01) შესაძლებელია გაფორმდეს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაცხადებული გადამუშავებული საქონელი, რომელიც მიღებულია ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გარე გადამუშავების პროცედურაში დეკლარირებული საქონლის (გარე გადამუშავების პროცედურაში გაცხადებული 3000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონელი) გადამუშავების შედეგად.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა – იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
კანონმდებლობა ვალდებულ პირს აკისრებს ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს ამ ვალდებულებათა დარღვევას, რაც გამოიწვევს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ გადამუშავებული პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა არ განხორციელდა განსაზღვრული საბაჟო ფორმალობების დაცვით. აღნიშნული წარმოადგენს გარე გადამუშავების პროცედურის პირობის დარღვევას. შესაბამისად, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო სამართალდარღვევას, რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და არგუმენტები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ მომჩივნის მხრიდან საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
მომჩივანი ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
კომპანიამ ტექნიკური მოწყობილობები დროებით გაიტანა გადამუშავებისთვის, მაგრამ უკან დაბრუნება წესების დაცვით ვერ მოახერხა, რის გამოც დააჯარიმეს. შემდგომ გაირკვა, რომ იგივე მოწყობილობები სხვა საბაჟო დეკლარაციაშიც ფიქსირდებოდა, თუმცა განსხვავებული ფასით. სამართალდამრღვევს დაეკისრა პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:171910; 151; 158; 163;.