გადაწყვეტილება №22137/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22137/2/2024
16 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "-------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი/ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,11.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------"-ის 2.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22137/2/2024).
დავის საგანი:
1. სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევა;
2. საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;
3. იმპორტის გადასახდელების დარიცხვა;
4. საგადასახადო გირავნობა იპოთეკის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 26.10.2023 წლის №ELC26454 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 26.10.2023 წლის №ELC26455 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
3. საბაჟო დეპარტამენტის 26.10.2023 წლის №EL7777/409 (005-409) საგადასახდო მოთხოვნა;
4. ვალის მართვის დეპარტამენტის 27.10.2023 წლის №005-18846 შეტყობინება;
5. შემოსავლების სამსახურის 15.01.2024 წლის №338 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 31 301,13 ლარი.
26.10.2023 წლის №EL7777/409 (005-409) საგადასახადო მოთხოვნა - 16 618,075
მათ შორის:
აქციზის გადასახადი - 13 500,9
იმპორტის გადასახადი - 182,155
საურავი - 2935,2
ჯარიმა - 1 000 26.10.2023 წლის №ELC26455 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით
ჯარიმა - 13 683,055 26.10.2023 წლის №ELC26454 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალება (ს/ნ "-------")"-------"-ს (პასპორტის №"-------") წარმომადგენლის მომჩივანის მიერ 9.07.2022 წელს ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით (№69050/02227702) დადეკლარირდა რეექსპორტში და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადად განისაზღვრა – 22.08.2022 წელი.
საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზებში ასახული ინფორმაციის მიხედვით, არ ფიქსირდება ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, რაზეც 26.10.2023 წელს შედგენილი №ELC26455 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისთვის დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და დაჯარიმდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო საბაჟო ორგანოსთვის შეუთანხმებელი ქმედებისთვის, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იმავე დღეს შედგენილი №ELC26454 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით და სამართალდამრღვევს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
ამასთან იმავე დღეს გამოიცა №EL7777/409 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა შესაბამისი გადასახდელები და საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად – საურავი.
საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 27.10.2023 წლის №005-18846 საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შესახებ შეტყობინება.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 15.01.2024 წლის №338 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტზე, ამავე ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-12 პუნქტზე, ამავე ბრძანებით დამტკიცებული „რეექსპორტის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №16) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 165-ე მუხლზე, 172-ე მუხლზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და 239-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე.
დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალება ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობებით დადეკლარირდა რეექსპორტში და მისი დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა განისაზღვრა 45 კალენდარული დღით, თუმცა სატრანსპორტო საშუალება არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ტერიტორიის დატოვების და რეექსპორტის დეკლარაციის კონტროლიდან მოხსნის მიზნით. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის და ასევე რეექსპორტის პირობების დარღვევას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა/დაკარგვა/განადგურება. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი და 172-ე მუხლის) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, რომელიც ასევე წარმოშობს საბაჟო ვალდებულებას. ამდენად, მომჩივანზე დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია, ხოლო საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად, მომჩივნის ქონებაზე წარმოშობილი საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
მომჩივნის არგუმენტზე, რომ ჯარიმის ნაცვლად სანქციის სახით გამოყენებული იქნეს გაფრთხილება, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ნორმის განმარტების შინაარსიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობის ზომის – გაფრთხილების ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ გამოყენების ვალდებულებას კანონი არ ადგენს და საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების გამოყენება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებას და არა ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში, სადავო აქტებით დაკისრებული პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევის ადეკვატურია და შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია სადავო აქტებით დაკისრებული ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების გამოყენება.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს სადავო აქტების ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ წარმოადგენს იმ პირს, რომელიც ახორცილებს საქართველოში სატრანსპორტო საშუალებების იმპორტს და რეალიზებას. მისი საქმიანობის სფეროა სხვა სახის სამეწარმეო საქმიანობა, კერძოდ, მიტანის სერვისი მან მხოლოდ ერთხელ განახორციელა სატრანსპორტო საშუალების საქართველოში შემოყვანა, თავიდან სურდა ავტომანქანა საკუთარი სამეწარმეო საქმიანობისას გამოეყენებინა, თუმცა როდესაც ავტომანქანას გარკვეული ნაკლი აღმოაჩნდა, რის გამოც მიტანის სერვისი განსახორციელებლად არ იქნებოდა ეფექტური მისი გამოყენება, გადაწყვიტა მისი გაყიდვა და ავტომანქანა შემოყვანიდან განბაჟების ვადის გასვლამდე 9.07.2022 კანონიერად გაასხვისა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. შემძენი სხვა ქვეყნის მოქალაქე აღმოჩნდა, რომლის შუამავალმა, შემთხვევით გაცნობილმა პირმა, შესთავაზა მინდობილობის გაფორმებით გაეყიდა ჩამოყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, ზეპირი შეთანხმებით, შემძენს უნდა განებაჟებინა ავტომანქანა და გადაეხადა ყველა სახის გადასახადი. შუამავალმა გამოართვა პირადი მონაცემები და მალევე მოუტანა რუსულ ენაზე შედგენილი მინდობილობა. საქმე ისაა რომ მომჩივანმა საერთოდ არ იცის რუსული ენა, წერა-კითხვა არც საყოფაცხოვრებო და არც პროფესიონალურ დონეზე, შესაბამისად არ იცოდა რა ეწერა მინდობილობაში, თუმცა ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, ისე რომ არავის მოუთხოვია ეს დოკუმენტი ქართულ ენაზე. ნასყიდობის ხელშეკრულება კანონის დაცვით და 3 ენაზე შედგა. შემძენს გადაეცა კიდეც შეძენილი ავტომანქანა და მომჩივანმა ჩათვალა რომ სრულად შეასრულა ვალდებულება სახელმწიფოსთან, რადგან ავტოსატრანსპორტო საშუალების შემძენთან ზეპირი მოლაპარაკებით, შემძენს უნდა განებაჟებინა შეძენილი ავტომანქანა. იმიტომ რომ მან ავტომანქანა შეიძინა განბაჟების ვადის გასვლამდე, თუმცა როგორც ჩანს ასე არ მოხდა.
მომჩივანმა არ იცოდა არც სამართალდარღვევის ფაქტის არსებობის და არც მისი ქმედების ბრალეულობის შესახებ, მან დაუშვა შეცდომა. საქართველოში შემოყვანილი ავტომანქანის გასხვისებისას,როცა დაუჯრა ავტომანქანის შემძენს/შუამავალს ვერ გაითვალისწინა, რომ შემძენს შეეძლო საქართველოში შემოყვანილი განსაბაჟებელი ავტომანქანა, სავარაუდოდ დაეშალა და გაეტანა საქართველოდან და თავი აერიდებინა დაწესებული გადასახადების გადახდისგან, არ გამოეცხადებინა ავტომანქანა საბაჟო კონტროლზე.
მომჩივანმა არ იცოდა მყიდველის განზრახვის შესახებ, იმედოვნებდა მყიდველი შეძენილი ავტომანქანის საზღვარზე გატანისას გადაიხდიდა ხარჯებს. არც ის იცოდა რომ მას დაეკისრებოდა რაიმე გადასახადი რადგან შეთანხმებისამებრ მყიდველს უნდა გადაეხადა ყველა საბაჟო გადასახადი რაც არ მომხდარა. მომჩივანს სამართალდარღვევა განზრახ არ ჩაუდენია და შეცდომის/არცოდნის გამო მოხდა ხსენებული ფაქტი, იქიდანაც ჩანს რომ ამ ფაქტიდან წელიწადზე მეტი გავიდა და ავტომანქანის შემოყვანა გასხვისება და ამითი სარგებლის მიღება არც უცდია, შესაბამისად საბაჟო სამართალდარღვევა არ ჩაუდენია.
მიუთითებს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-3, მე-11 და მე-15 ნაწილებზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კანონით დადგენილი წესით შეიტანა საჩივრები ზემდგომ ორგანოში, მოითხოვა გასაჩივრებულ 26.10.2023 წლის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების №ELC26454, №ELC26455 და №EL7777/409 საგადასახდო მოთხოვნის ბათილად ცნობა და ამ ოქმით დაკისრებული 1 000 ლარის, 13683.055 ლარისა და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაკისრებული საურავის გადახდისგან სრულად გათავისუფლება და საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 და მე-15 ნაწილებით გათვალისწინებული გაფრთხილების გამოყენება, რადგან მომჩივანმა პირველად განახორციელა ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოყვანა/იმპორტი და საბაჟო კოდექსის 165-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევა არ ჩაუდენია განზრახ, ეს იყო შეცდომისა და უცოდინრობის გამო.
ასევე ასაჩივრებს 15.01.2024 წლის №338 ბრძანებას და მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, მე-6 და მე-7 მუხლებზე, 53 მუხლის მე-3 ნაწილზე.
გასაჩივრებული ბრძანების დასაბუთება, მომჩივნის მიმართ ფულადი ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების გამოყენებაზე უარის შესახებ არის მხოლოდ და მხოლოდ ის გარემოება, რომ ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების გამოყენება არის ადმინისტრაციული ორგანოს უფლება და არა ვალდებულება, თუმცა რატომ გამოიყენა ადმინისტრაციულმა ორგანომ პირველივე შემთხვევაზე უზარმაზარი ჯარიმის დაკისრების თაობაზე არსებული სანქცია და არა გაფრთხილების შესაძლებლობა, გასაჩივრებულ ბრძანებაში არ არის დასაბუთებული. 2022 წლიდან თითქმის გასულია 2 წელი, მომჩივანს არ ჩაუდენია მსგავსი სამართალდარღვევა, უფრო მეტიც მისი საქმიანობა გრძელდება მიტანის სერვისის მიმართულებით და არა საზღვარგარეთიდან ავტომობილების შემოყვანით. მის მიერ 2022 წელს ჩადენილი სამართალდარღვევა გამომდინარეობდა სათანადო გარემოებების არცოდნისა და დაშვებული შეცდომებისგან, რაც აღარ განმეორებულა. აღნიშნული კი ნიშნავს, რომ მცირე მეწარმე მომჩივანის მიმართ გაფრთხილებაც საკმარისი იქნებოდა შემდეგი სამართალდარღვევის გარემოების თავიდან ასაცილებლად, ხოლო უზარმაზარი ჯარიმის დაკისრებით გაუმართლებლად და დაუსაბუთებლად შეილახა მისი კანონიერი უფლებები და ინტერესები.
ამასთან, რადგან საბაჟო კანონი ითვალისწინებს პირის მიერ უცოდინრობითა და შეცდომით გამოწვეული, ასევე პირველად ჩადენილი სამართალდარღვევისათვის გაფრთხილების გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნდა დასაბუთდეს რატომ არ იქნა გამოყენებული გაფრთხილება, რატომ ვერ მიიღწევა კანონიერი ინტერესი, მსგავსი სამართალდარღვევის პრევენციის მიზანი, სანქციად გაფრთხილების გამოყენებითა და რა უპირატესობა აქვს მომჩივნისთვის უზარმაზარი სანქციის დაკისრებას რის გამოც გამოიცა გასაჩივრებული სანქციები.
გასაჩივრებული ბრძანება არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო, არ არის დასაბუთებული საჯარო და კერძო ინტერესების დაბალანსების შესაბამისი საჯარო ინტერესის, უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენების მიზანშეწონილობისა და მკაცრი სანქციის მიზანშეწონილობის შესახებ, რაც გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის დარღვევით გამოცემულად ჩათვლის საფუძველია, რომლის არარსებობის შემთხვევაში სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული და ასევე მისი ბათილად ცნობის საფუძველია.
ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი 26.10.2023 წელს შედგენილი №ELC26454, №ELC26455 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, 26.10.2023 წელს შედგენილი №EL7777/409 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის 15.01.2024 წლის №338 ბრძანება და გათავისუფლდეს დარიცხული ჯარიმასაურავის გადახდისგან და გამოეცხადოს გაფრთხილება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, რეექსპორტის განხორციელებისას საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-4 ნაწილების თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი ქმედების ჩამდენ პირს.
საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანმა პირმა იგი საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული მარშრუტით დაუყოვნებლივ უნდა გადაზიდოს/გადაიტანოს შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე.
2. ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ იღებს მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობას, ეკისრება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, რეექსპორტში ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული ან ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 45 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება შესაბამისი დეკლარაციის ან მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან.
ამავე ბრძანებით დამტკიცებული „რეექსპორტის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №16) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქონლის რეექსპორტის დასრულება დასტურდება საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ სათანადოდ გაფორმებული რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების კონტროლიდან მოხსნით.
საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის 18.04.2023 წლამდე მოქმედი რედაქციის თანახმად, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის ერთერთი შემდეგი საფუძველი, პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად, საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ჩადენილია განმეორებით) ან ამავე კოდექსის 167-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 172-ე მუხლით, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
ვინაიდან დანიშნულების საბაჟო ორგანომდე სატრანსპორტო საშუალებების მიტანისათვის განსაზღვრულ ვადაში მომჩივანი არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში და ამასთან, არც სატრანსპორტო საშუალებას არ დაუტოვებია საქართველოს საბაჟო ტერიტორია, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით და შესაბამის პერიოდში მოქმედი საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისთვის ჯარიმების დაკისრება და იმპორტის გადასახდელების დარიცხვა მართებულია.
ამასთან მომჩივნის მოთხოვნას ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების შეფარდებასთან დაკავშირებით, საბჭოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილების გამოყენება.
რაც შეეხება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გამოყენებას, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე, 26.10.2023 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება - არაღიარებული საგადასახადო დავალიანება 31 301.14 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს ერიცხება საგადასახადო დავალიანება, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გავრცელება მართლზომიერია და არ არსებობს სადავო აქტის გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანიითხოვს ბათილად იქნას ცნობილი 26.10.2023 წელს შედგენილი №ELC26454, №ELC26455 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, 26.10.2023 წელს შედგენილი №EL7777/409 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის 15.01.2024 წლის №338 ბრძანება და გათავისუფლდეს დარიცხული ჯარიმასაურავის გადახდისგან და გამოეცხადოს გაფრთხილება.
ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალება.საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზებში ასახული ინფორმაციის მიხედვით, არ ფიქსირდება ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, მომჩივანს ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისთვის დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და დაჯარიმდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო საბაჟო ორგანოსთვის შეუთანხმებელი ქმედებისთვის, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გავრცელება მართლზომიერია და არ არსებობს სადავო აქტის გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
160,163(15),172.