ბრძანება N 47029
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 47029
30/12/2019
შპს -----
(მის: -----)
სადავო საკითხთნ დაკავშირებით საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს ----- 2019 წლის 9 ოქტომბრის №46519/1/2019 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 26 სექტემბრის N006-837 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით. აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 14 ნოემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი N82).
გადამხდელი წარმოდგენილი საჩივრით ითხოვს შეუმცირდეს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, კერძოდ, არასწორად დაბეგრილი „------“ ნაწილში. გადამხდელის განმარტებით კომპანიას არასწორად ჰქონდა დეკლარირებული მოგების გადასახადი ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, დაბეგვრის ობიექტად განიხილავდა არამხოლოდ მოთამაშეთა მხრიდან საანგარიშო თვის განმავლობაში განთავსებულ ფულად ფსონებს, აგრეთვე მოთამაშეების მიერ განთავსებული უფასო ბილეთების ვირტუალურ ნომინალურ ღირებულებასაც. კომპანიის საქმიანობის საგანია ტოტალიზატორის მოწყობა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობანი. გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტს იმ ნაწილში, რომლითაც არასწორად იქნა გაანგარიშებული ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში კომპანიაზე კუთვნილი მოგების გადასახადი. კერძოდ, სსკ-ის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილის თანახმად, ტოტალიზატორის სისტემურ- ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში პირისთვის საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია აღნიშნული საქმიანობის ნაწილში ამ საქმიანობის მიხედვით ყოველი საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული ფსონების ჯამი. „------“ არ არის ფულადი ფორმის და ის წარმოადგენს „ვირტუალურ ფულს“, მხოლოდ უფლებას ტოტალიზატორის ნაწილში უფასო ბილეთების განთავსებისა და მისი განაღდება შეუძლებელია. „--------“ გამოყენებით განთავსებულ ბილეთს მოგების შემთხვევაში აკლდება „-------“ ნომინალის ოდენობა და მოთამაშეს უფლება ეძლევა სხვაობა გაანაღდოს ფულად ერთეულში. შესაბამისად, სსკ-ს 309-ე მუხლის მე-16 ნაწილის თანახმად, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მხოლოდ მოთამაშეთა მხრიდან დადებული ფსონი, ის რაც ფულადი ფორმისაა და არა ამ ფულადი ფსონით განთავსებული ბილეთების ვირტუალური ნომინალის ჯამური ოდენობა.
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 08 ივლისის N22765 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- საქმიანობის გასვლითი სრული საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 25 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც გამოიცა 2019 წლის 26 სექტემბრის N33494 ბრძანება და ამავე თარიღის N006-837 საგადასახადო მოთხოვნა. გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა სულ 13 829.29 ლარი, მათ შორის: გადასახადი 11 829 ლარი, ჯარიმა 1 496 ლარი, ხოლო საურავი 504.29 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტით მიხედვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება:
„მოგების გადასახადის საკითხი: შპს ----- საქმიანობის საგანს წარმოადგენს ტოტალიზატორის და აზარტული თამაშების მოწყობა როგორც მიწაზე, ასევე ელექტრონულად. შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება მოთამაშეებზე ზედმეტი თანხის გაცემა, აღნიშნული თანხები რეალურად მოთამაშეებს არ მოუგია, მაგრამ დაფიქსირდა პროგრამული შეცდომა და მოთამაშეებმა მოასწრეს მათ ბალანსზე დარიცხული თანხის გატანა“. (იხ. შ./აქტის მე-9 გვერდი).
აუდიტორის შეფასება: „შემოწმების შედეგად, ზედმეტად გადახდილი თანხები დაიბეგრა მოგების გადასახადით და დაერიცხა ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად“.“
გადასახადის გადამხდელის პოზიცია ზემოთხსენებულ საკითხზე შემოწმების პროცესში წარმოდგენილი არ არის.
ე.წ. „----“ რაც შეეხება და მისი სსკ-ის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილით დაბეგვრის ობიექტზე მიკუთვნების საკითხს, ფაქტობრივი გარემოებები საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებული არ არის. ამასთანავე, არ არის აუდიტის დეპარტამენტის შეფასება, თუ რას წარმოადგენს „-----“ და რა სახის ოპერაციები მიეკუთვნება.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს სსკ-ის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია: ა) რეზიდენტი საწარმო;
ბ) არარეზიდენტი საწარმო, რომელიც საქართველოში საქმიანობას მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ახორციელებს ან/და შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან.
ამასთან, ამავე კოდექსის 97-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში ამ საქმიანობის ნაწილში, განისაზღვრება ამ კოდექსის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილის შესაბამისად.
სსკ-ის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილის თანახმად, ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში პირისთვის საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი აღნიშნული საქმიანობის ნაწილში არის ამ საქმიანობის მიხედვით ყოველი საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული ფსონების ჯამი, რომელიც იბეგრება 7%-იანი განაკვეთით. ამ შემთხვევაში პირი ვალდებულია არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით წარადგინოს დეკლარაცია და იმავე ვადაში გადაიხადოს შესაბამისი გადასახადი.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ო.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ტოტალიზატორი არის თამაშობა, რომელიც იმართება მოთამაშეების მიერ შეჯიბრების მიმდინარეობის, თამაშობის, რაიმე მოვლენის (მოვლენების) შედეგის პროგნოზზე ფსონების დადებით, ხოლო მოგება დამოკიდებულია ფსონის მოცულობაზე და შედეგზე. აკრძალულია ტოტალიზატორის მოწყობა ისეთ შემთხვევებში, როცა შედეგი შესაძლოა წინასწარ იყოს ცნობილი ერთ-ერთი ან ორივე მხარისთვის. ტოტალიზატორი იმართება სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობაში ან შენობა-ნაგებობის ნაწილში.
იმის გათვალისწინებით, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით არ არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოება თუ რას წარმოადგენს ცნება - „-----“ და რა სახის „-----“ არსებობს კომპანიაში და ამასთანავე, არ არის შესწავლილი მისი სსკ-ს 309-ე მუხლის მე-16 ნაწილის მიხედვით მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტზე მიკუთვნების საკითხი, შესაბამისად, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
სზაკ–ის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა საკითხის ზეპირი განხილვისას განმარტა: შპს „-------“ საკუთარი ინიციატივით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს ფასიანი სერვისით მომსახურებაზე და მოითხოვა საგადასახადო შემოწმების ჩატარება 2017-2018 წლებზე.
სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ ტოტალიზატორში მოთამაშეთა აქტივობის ზრდის მიზნით შპს ----- გააჩნია გარკვეული მარკეტინგული აქციები. კერძოდ, კომპანია მოთამაშეებს ფსონების აქტიური განთავსებისათვის პარალელურად თავაზობს უფასო ბილეთების გაკეთების უფლებას. აღსანიშნავია, რომ „----“ არ არის ფულადი ფორმის და ის წარმოადგენს იდეაში „ვირტუალურ ფულს“, ანუ მხოლოდ უფლებას ტოტალიზატორის ნაწილში უფასო ბილეთის განთავსებისა და მისი განაღდება შეუძლებელია. „------“ გამოყენებით განთავსებულ ბილეთს მოგების შემთხვევაში აკლდება „------“ ნომინალის ოდენობა და მოთამაშეს უფლება ეძლევა სხვაობა გაანაღდოს ფულად ერთეულში. ანუ, თუ მოთამაშეს მიეცა 50 ლარის ექვივალენტი „-----“ და მან განათავსა ბილეთი, საიდანაც მოგებამ ბილეთზე შეადგინა 90 ლარი, მოთამაშეს უფლება აქვს ფულადი სახით გაიტანოს ბილეთზე სუფთა მოგება (90-50), ანუ 40 ლარი.
ერთი სახის „------“ (3+1 აქცია, ----+1 აქცია და 200% CASHBACK აქცია) ითვალისწინებს მოთამაშის მხრიდან ფსონების განთავსებისას გარკვეული მოთხოვნების შესრულების ვალდებულებას - მინიმუმ 4 თამაშიანი გადაბმა, მინიმუმ 1,25 კოეფიციენტი თითოეულ არჩეულ თამაშზე და ა.შ. ამ ტიპის „-----“ ლიმიტირებულია დღიური შესაძლო თანხობრივი ოდენობა და შეადგენს მაქსიმუმ 50 ლარს. ამ სახის აქციის მარკეტინგული გათვლა არის ის, რომ მოთამაშეთა მხრიდან მოხდეს რაოდენობრივად ბევრი თამაშისა და მაღალი კოეფიციენტის მქონე ბილეთებზე ფსონების განთავსება.
მე-2 სახის „-----“ ითვალისწინებს ზოგად პირობებს ყველა მოთამაშისათვის და ყველას აძლევს შანსს შპს ----- სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ ტოტალიზატორში თამაშის შემთხვევაში დამატებითი ფულადი პრიზების ან უფასო ბილეთების მოგებისა. მაგალითად, ასეთი აქციებია - ყველა წაგებულ ბილეთს ეძლევა ელექტრონული რულეტკის დატრიალებით „------“ მოგების შანსი, მოგებული ბილეთებით დგება მოთამაშეთა რეიტინგები, რაც დამატებით ფულადი პრიზების ან უფასო ბილეთების მოგების შანსია.
გადამხდელი ითხოვს შეუმცირდეს მოგების გადასახადის დაბეგვრის ობიექტი არასწორად დაბეგრილი „-----“ ნაწილში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს: 2019 წლის 25 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით, რადგანაც სადავო საკითხზე არ არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ამასთან, არ არის შეფასებული და დადგენილი „------“ ცნება, სახეები და სსკ- ის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილის შესაბამისად მისი დასაბეგრ ობიექტზე მიკუთვნების საკითხი, აღნიშნული საჭიროებს დამატებით შესწავლას აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, ხოლო შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტმა უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ----- საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს და დაადგინოს „------“ ცნება, სახეები და სსკ-ის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილის შესაბამისად მისი დასაბეგრ ობიექტზე მიკუთვნების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება;
3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდეს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.