ბრძანება N 26637
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26637
19 დეკემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“(ს/ნ ------)
(მის.:---------)
2024 წლის 9 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 12 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №130) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 29 ნოემბრის №24244/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-----------“ (ს/ნ ---------) 2024 წლის 9 ოქტომბრის №----------- საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 7 ოქტომბრის ID ----------- შესაგებელთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ შესაგებელს უარის თქმის თაობაზე. აცხადებს, რომ უარის თქმის საფუძველი/არგუმენტაცია არის დაუსაბუთებელი. მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლზე და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა პირდაპირ ითვალისწინებს მომჩივნის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას და არ ითვალისწინებს გამონაკლისს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, განხორციელდა შპს „---------“ (ს/ნ ---------) მიერ 2024 წლის 18 სექტემბერს წარდგენილი გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის (ID: ---------) შესწავლა, რომლის მიხედვითაც გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. გადამხდელის განმარტებით, ზედმეტობის წარმოშობის მიზეზი არის ძირითადი საშუალებების იმპორტისას საბაჟოზე გადახდილი დღგ-ის თანხა.
გადამხდელის მოთხოვნაზე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის საფუძველზე 2024 წლის 24 სექტემბერს განისაზღვრა ხარვეზი (ID: ---------), კერძოდ:
1) დეტალურ განმარტებას ექვემდებარება ეკონომიკური საქმიანობის სახე, ანგარიშსწორების ფორმა (ნაღდი ან უნაღდო), ბუღალტრული აღრიცხვის ფორმა, საქმიანობის განხორციელების ადგილის საკუთრების ფორმის მითითებით (იჯარის შემთხვევაში წარმოადგინეთ შესაბამისი ხელშეკრულება);
2) განმარტეთ რა სახის ძირითადი საშუალების იმპორტი განხორციელდა, სად გამოიყენება (მათ შორის რა მიზნით) ან იქნება გამოყენებული ძირითადი საშუალება.;
3) წარმოდგენას ექვემდებარება 29.01.2024 წლიდან მიმდინარე პერიოდამდე ცნობა მომსახურე ბანკ(ებ)ში გახსნილი ანგარიშების შესახებ და ამონაწერი ყველა (მათ შორის ნულოვანი) საბანკო ანგარიშიდან Excel-ის და PDF-ის ფორმატებში;
4) წარმოდგენას ექვემდებარება შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია რომელიც rs.ge ავტორიზებული მომხმარებლის ვებ გვერდზე არ არის ატვირთული (ხელშეკრულებები, შესყიდვის აქტები, იმპორტირებული საქონლის ინვოისები და ა.შ.);
5) წარმოდგენას ექვემდებარება ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც rs.ge ავტორიზებული მომხმარებლის ვებ გვერდზე არ არის ატვირთული (ხელშეკრულებები, შესყიდვის აქტები, იმპორტირებული საქონლის ინვოისები და ა.შ.).
გადასახადის გადამხდელს დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა 5 სამუშაო დღე.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, გადასახადის გადამხდელმა ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით 2024 წლის 30 სექტემბერს წარადგინა „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ (ID: ----------), რომლის საპასუხოდ 2024 წლის 7 ოქტომბერს შედგა შესაგებელი (ID: -------------) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ VI1 თავის 135 მუხლის შესაბამისად. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს ეთქვა უარი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, ვინაიდან, გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის ანალიზით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა სალაროს არაგონივრული ნაშთი (საქვეანგარიშოდ გატანილი თანხა), რასთან დაკავშირებითაც არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულება.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 7 ოქტომბრის ID: --------- შესაგებელი გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის პირველი ნოემბრის №23320 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 29 ნოემბრის №24244/2/2024 გადაწყვეტილებით, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის პირველი ნოემბრის №23320 ბრძანება და საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 29 ნოემბრის №24244/2/2024 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია შემდეგი:
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც საგადასახადო ორგანო ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახდო კოდექსის 63-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.
ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად:
1.გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2.გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.
3.გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.
4.თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.
5.პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, თვითმმართველი ერთეულების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავით დადგენილია ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების დამატებითი პროცედურები და „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე“ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა.
ამავე ინსტრუქციის 131 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ (შემდგომში - „მოთხოვნა“), რომელსაც უნდა დაურთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.
ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ:
ა) „მოთხოვნა“ წარმოდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ. ამასთან, ამ თავის მიზნებისთვის ითვლება, რომ „მოთხოვნა“ წარმოდგენილია უფლებამოსილი პირის მიერ, თუ ის წარმოდგენილია გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან (www.rs.ge) ან/და დაინტერესებული შესაბამისი პირის განცხადება (გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა) მიღებულია და შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (www.rs.ge) რეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ;
ბ) გასულია „მოთხოვნის“ წარდგენის ხანდაზმულობის ვადა (ხანდაზმული მოთხოვნის ნაწილში);
გ) „მოთხოვნაზე“ არ არის დართული ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები;
დ) „მოთხოვნაში“ არ არის განმარტებული ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის წარმოშობის საფუძველი;
ე) შეუსაბამობა გამოვლინდა ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საკითხის შესწავლისას ან/და სახეზეა გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის დაბეგვრაზე წარუდგენლობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, დასარიცხად გამოანგარიშებული გადასახადის/სანქციის თანხა არ ამცირებს სალდირებული ზედმეტობის მაჩვენებელს „მოთხოვნაში“ მითითებული დასაბრუნებელი თანხის ფარგლებში, ან როდესაც სავარაუდოდ, გამოანგარიშებული გადასახადის/სანქციის თანხის დარიცხვის შედეგად გადამხდელს მაინც უფიქსირდება სალდირებული ზედმეტობა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, გადამხდელს მიეთითება ხსენებული შეუსაბამობების აღმოფხვრაზე და საგადასახადო ორგანოს შესაბამისი თანამშრომლის მიერ სათანადო პროცედურები შესაძლო დასაბრუნებელი თანხის ფარგლებში განხორციელდება გადამხდელის მიერ აღნიშნული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემთხვევაში. ამასთან, შეუსაბამობის აღმოფხვრის შესახებ მითითებიდან მათ აღმოფხვრამდე ინტერვალში, ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება, საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებულ ვადაში შეუსაბამობების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კი გადამხდელს გაეგზავნება შესაგებელი);
ვ) ამ ინსტრუქციის 132 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დღგ-ის გადამხდელმა მოითხოვა ექსპორტზე გატანილი საქონლის ღირებულების 18%-ზე მეტი ოდენობით ზედმეტად გადახდილი თანხა;
ზ) მოთხოვნილი თანხის ოდენობა აღემატება დასკვნის შედგენის დღისთვის შედარების აქტის მიხედვით სალდირებულ ზედმეტად რიცხულ თანხას (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო ორგანოს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით მიმართვისას, გადამხდელი ამავე ფორმით თანხმობას განაცხადებს საგადასახადო ორგანოს მხრიდან შესაბამისი პროცედურების განხორციელებაზე, აღნიშნულ სალდირებულ ზედმეტად რიცხულ თანხებთან დაკავშირებით. ამასთან, ამ ინტერვალში, ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება, საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებულ ვადაში გადასახადის გადამხდელის პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში კი გაეგზავნება შესაგებელი);
თ) გადამხდელმა მოითხოვა დეკლარაციის წარდგენის გადავადება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისად (გადავადების პერიოდში გადავადებული საგადასახადო დეკლარაციის წარმოდგენამდე);
ი) „მოთხოვნის“ წარმოდგენამდე გადამხდელის მიმართ გაგზავნილია შეტყობინება საგადასახადო შემოწმების შესახებ ან/და დანიშნულია/მიმდინარეობს საგადასახადო შემოწმება;
კ) გადამხდელის მიმართ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორი საგადასახადო ორგანოა) ან/და გადამხდელი იმყოფება რესტრუქტურიზაციის რეჟიმში;
ლ) „მოთხოვნა“ მოიცავს შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 29 ივლისის №21655 ბრძანებით დამტკიცებული „დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით შესამცირებლად გაანგარიშებული ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების შესახებ“ პროცედურული სახელმძღვანელოს მიხედვით შესასწავლ დეკლარაციაში შესამცირებლად გაანგარიშებულ (ზედმეტად გადახდილ) თანხას და მიღებულია გადაწყვეტილება დეკლარაციის საგადასახადო შემოწმების თაობაზე;
მ) გადასახადის გადამხდელმა ხარვეზი არ გამოასწორა საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგენილ ვადაში გადამხდელმა დამატებით წარადგინა დოკუმენტაცია, რომლის ანალიზის საფუძველზეც დადგინდა, რომ გადამხდელს უფიქსირდებოდა სალაროს არაგონივრული ნაშთი (საქვეანგარიშოდ გატანილი თანხა), რასთან დაკავშირებითაც არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი/სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ზედმეტად გადახდილი თანხების უკან დაბრუნების საფუძველი გახდებოდა. შესაბამისად, მართლზომიერია წარდგენილ მოთხოვნაზე უარის თქმა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ შესაგებელს უარის თქმის თაობაზე.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. გადამხდელის განმარტებით, ზედმეტობის წარმოშობის მიზეზი არის ძირითადი საშუალებების იმპორტისას საბაჟოზე გადახდილი დღგ-ის თანხა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგენილ ვადაში გადამხდელმა დამატებით წარადგინა დოკუმენტაცია, რომლის ანალიზის საფუძველზეც დადგინდა, რომ გადამხდელს უფიქსირდებოდა სალაროს არაგონივრული ნაშთი (საქვეანგარიშოდ გატანილი თანხა), რასთან დაკავშირებითაც არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულება. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:63(1);65