გადაწყვეტილება №18317/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18317/2/2022
16.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ -----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 16.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 28.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18317/2/2022).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 19.11.2021 წლის №13790/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 27.09.2022 წლის №005-140 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 709 863 ლარი.
მათ შორის: გადასახადი - 345 573
მიწა - არასასოფლო - 216
მოგების გადასახადი - 225 882
საშემოსავლო გადასახადი - 118 131
ქონების გადასახადი - 1 344
ჯარიმა - 173 985
საურავი - 190 305
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების 19.03.2020 წლის აქტით შემოწმებულია 1.01.2017 წლიდან 1.11.2019 წლამდე პერიოდი. მომჩივანს 2018 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი აქვს ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ავ-13 №-------), რომლის კორექტირებაც მოხდა 2019 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში. კორექტირების შედეგად აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურით განსაზღვრული სრული ოპერაცია გაუქმდა. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ანგარიშების ამონაწერების ანალიზით ირკვევა, რომ კომპანიის ანგარიშზე მიღებული ავანსის ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისი თანხა ჩარიცხულია 2018 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში და ამავე თვეში გატანილია კომპანიის დირექტორის მიერ. მეორე მხარისთვის თანხის უკან დაბრუნების ოპერაცია საბანკო ანგარიშების ამონაწერების მიხედვით არ ფიქსირდება. კომპანიიდან თანხის გატანა ფიზიკური პირის (დირექტორის) მიერ, მიჩნეულ იქნა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად და მოგების გადასახადით დასაბეგრ ობიექტად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 25.03.2020 წლის №005-61 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2.11.2020 წლის №32581 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 19.11.2021 წლის №13790/2/2021 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, საქმეში არსებულ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ საბანკო ანგარიშიდან გატანილი თანხის ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად განხილვის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში ამ სადავო საკითხის ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2.11.2020 წლის №32581 ბრძანება. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლა, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) საბანკო ანგარიშიდან გატანილი თანხის ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად განხილვის საკითხის ნაწილში და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 19.11.2021 წლის №13790/2/2021 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, საჩივარი და თანდართული მასალები აუდიტის დეპარტამენტს გაეგზავნა 23.03.2022 წლის №26378-03 წერილით.
საბჭოს 19.11.2021 წლის №13790/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 20.09.2022 წლის დასკვნის მიხედვით, კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, მათ შორის მინდობილობა გაცემული ერთი პირის მიერ მეორე პირზე, არ იძლევა არანაირ მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას ---------- კომპანიის შესახებ, მაგალითად რეზიდენტობის ცნობა, ამავე კომპანიის უფლებამოსილი პირების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე მინდობილობის მიმღების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესახებ, შემოწმების მიერ ვერ იქნა მიჩნეული საგადასახადო ვალდებულების (შემცირებისათვის) სათანადო საფუძვლად. წარმოდგენილი ხელშეკრულებით ვერ დგინდება სამეურნეო ოპერაციის შინაარსის სისწორე, შესაბამისად შემოწმების მიერ აღნიშნული ნაწილით გამოწვეული საგადასახადო ვალდებულების კორექტირება არ განხორციელდა.
აუდიტის დეპარტამენტის 20.09.2022 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 27.09.2022 წლის №005-140 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემმოწმებლის მიერ გადასახადის გადამხდელის მიერ ავანსის სახით ---------- კომპანიაზე გაცემული თანხა გადაკვალიფიცირდა როგორც ფიზიკურ პირზე გაცემული სესხი.
საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტს დაევალა კომპანიის მიერ დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოეხდინა თანხის გადაანგარიშება. აუდიტორის შეფასებით, კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ვერ იძლევა ---------- კომპანიის იდენტიფიცირების საშუალებას, გამომდინარე აქედან დარიცხული თანხა არ ექვემდებარება გადაანგარიშებას.
კომპანიას შპს „--------“-ისაგან ავანსის სახით მიღებული ჰქონდა თანხა, რის სანაცვლოდაც კომპანიას უნდა მიეწოდებინა საახალწლო განათებები. სანამ ამ პროდუქციის შეძენა მოხდებოდა, რისთვისაც საჭირო იყო გარკვეული პერიოდი, კომპანიამ გადაწყვიტა ----------- კომპანიისაგან შეეძინა ფისტაშკები შემდგომი რეალიზაციის და მოგების მიღების მიზნით. ---------- კომპანიაზე პროდუქციის ღირებულება გაცემული იქნა ავანსის სახით. ამ პერიოდისათვის ---------- კომპანიის წარმომადგენელი იმყოფებოდა საქართველოში. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ აღმოჩნდა, რომ ------მა კომპანიამ ვერ შეძლო პროდუქციის მოწოდება და გამომდინარე აქედან თანხა დაუბრუნა კომპანიას. ამ პერიოდში კომპანიამაც ვერ შეძლო შპს „-----------“-ისათვის პროდუქციის მიწოდება და იძულებული გახდა ავანსად მიღებული თანხა დაებრუნებინა უკან, რაზეც არსებობს ურთიერთშედარების აქტი.
წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს სესხის სახით გაცემულ თანხაზე დარიცხული მოგების გადასახადის ძირითადი თანხის გადაანგარიშება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საბჭოს 19.11.2021 წლის №13790/2/2021 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საბანკო ანგარიშიდან გატანილი თანხის ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად განხილვის საკითხის ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
აუდიტის დეპარტამენტის 20.09.2022 წლის დასკვნის მიხედვით, კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, მათ შორის მინდობილობა გაცემული ერთი პირის მიერ მეორე პირზე, არ იძლევა არანაირ მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას --------- კომპანიის შესახებ, მაგალითად რეზიდენტობის ცნობა, ამავე კომპანიის უფლებამოსილი პირების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე მინდობილობის მიმღების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესახებ, შემოწმების მიერ ვერ იქნა მიჩნეული საგადასახადო ვალდებულების (შემცირებისათვის) სათანადო საფუძვლად. წარმოდგენილი ხელშეკრულებით ვერ დგინდება სამეურნეო ოპერაციის შინაარსის სისწორე, შესაბამისად შემოწმების მიერ აღნიშნული ნაწილით გამოწვეული საგადასახადო ვალდებულების კორექტირება არ განხორციელდა.
საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ იძლევა არანაირ მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას მომჩივნის მიერ მითითებული კომპანიის შესახებ, მინდობილობაში მითითებულია მხოლოდ პირის სახელი და გვარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 20.09.2022 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 19.11.2021 წლის №13790/2/2021 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.