ბრძანება N 17690-1

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.07.2018
№ დოკუმენტი 17690-1
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17690

10/07/2018

შპს „-----

(მის: ------ )

სადავო საკითხთან დაკავშირებით

საჩივრის არდაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 29 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი N 57) განიხილა შპს ----- საჩივარი, რომლითაც გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 4 დეკემბრის № 083-39 „საგადასახადო მოთხოვნის“ ბათილად ცნობას.

გადამხდელი არ ეთანხმება მოგების გადასახადის ნაწილში დადგენილ დამატებით საგადასახადო ვალდებულებას, კერძოდ: 2014 და 2015 წლების ერთობლივი შემოსავლიდან გადამხდელის მიერ კურსთაშორისი სხვაობიდან 3887973 ლარის ოდენობით გამოქვითული ზარალის ერთობლივ შემოსავალში ასახვას და შესაბამისად, გადასახადის დარიცხვას. კერძოდ ამ პერიოდში საზოგადოებას მიღებული აქვს ფულადი თანხები არარეზიდენტი ფირმა ------სა და არარეზიდენტ ფირმა -------სგან. რომლის გადაფასებით მიღებულმა ზარალმა 2014 და 2015 წლების ბოლოსათვის შეადგინა 3887973 ლარი. გადამხდელის ინფორმაციით ვერ ხერხდება შემოწმების პროცესში აუდიტის დეპარტამენტისათვის ხელშეკრულების წარმოდგენა, რომლის საფუძველზეც საზოგადოებამ მიიღო აღნიშნული თანხები, გამსესხებელი ორგანიზაციები წარმოადგენს დამფუძნებლის კომპანიებს (-----), ხოლო შპს ------ ს მიერ მიღებული თანხა წარმოადგენს დამფუძნებლის შენატანს, რომელიც ბუღალტრულად განხილულ იქნა, როგორც სესხი, თანხის დაბრუნება დამფუძნებლისათვის (დამფუძნებლის კომპანიისათვის) მოხდება მაშინ, როცა შპს ----- ს ექნება თავისუფალი სახსრები მოგებიდან. ამგვარად, მიაჩნია, რომ აღნიშნული კურსთაშორისი სხვაობიდან წარმოქმნილი ზარალი 3887973 ლარის ოდენობით გამოქვითული უნდა იქნეს ერთობლივი შემოსავლიდან და არ ექვემდებარება დაბეგვრას.

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ განიხილა გადასახადის გადამხდელის საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძვლები შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 21 აპრილის N მ-11104 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რაზეც 2017 წლის 27 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების შედეგებზე გადამხდელს წარედგინა 2017 წლის 4 დეკემბრის N 083-39 ,,საგადასახადო მოთხოვნა“, რომლითაც გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 306209 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 163728 ლარი, ჯარიმა 88470 ლარი და საურავი 54011 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების აქტში აღნიშნულია შემდეგი:

2014 და 2015 წლების ერთობლივი შემოსავლიდან გადამხდელს გამოქვითული აქვს ზარალი კურსთაშორისი სხვაობიდან 3887973 ლარის ოდენობით, კერძოდ ამ პერიოდში საზოგადოებას მიღებული აქვს ფულადი თანხები არარეზიდენტი ფირმა ------სა და არარეზიდენტ ფირმა ------სგან. რომლის გადაფასებით მიღებულმა ზარალმა 2014 და 2015 წლების ბოლოსათვის შეადგინა 3887973 ლარი. შემოწმების მიერ სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად 3887973 ლარით შემცირებული იქნა განსაზღვრული გამოქვითვები, 2014 და 2015 წლების საანგარიშო პერიოდების ერთობლივი შემოსავალიდან.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დავების განხილვის საბჭო ყურადღებას ამახვილებს სსკ-ს 43-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე, კერძოდ, "გ" ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები;

დ) საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები);

სსკ-ს 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ:

ა) შეამოწმონ გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტები, საბუღალტრო წიგნი, ანგარიში, ხარჯთაღრიცხვა, ფინანსური სახსრები, ფასიანი ქაღალდები და სხვა ფასეულობანი, გაანგარიშებები, დეკლარაციები, გადასახადების გაანგარიშებისა და გადახდის სხვა დოკუმენტები;

ბ) გადასახადის გადამხდელისაგან ან/და მისი წარმომადგენლისაგან მიიღონ გადასახადების გამოანგარიშებასა და გადახდასთან დაკავშირებული დოკუმენტები, აგრეთვე წერილობითი და სიტყვიერი განმარტებები საგადასახადო შემოწმების დროს წამოჭრილ საკითხებზე;

სსკ-ს 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას,ამასთან სსკ-ს 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

სსკ-ის 105-ე მუხლის მიხედვით ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, ამასთან ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული. 106-ე მუხლის მიხედვით კი ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიიჩნევს, რომ არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით (2012 წლიდან დღემდე მიღებულ თანხაზე გადამხდელს არა აქვს გადახდილი სესხის თანხა, ამავდროულად გადახდილი აქვს თანხები სხვა კრედიტორებისთვის, არ არის წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულება, ხოლო ახსნა-განმარტებით გადახდის კოკნრეტული თარიღი არ არის განსაზღვრული) შპს -----ს მიერ არარეზიდენტი ფირმა ------სა და არარეზიდენტ ფირმა -----სგან მიღებულ თანხა/ვალდებულება არ აკმაყოფილებს ბასს 21-ით დადგენილ კრიტერიუმებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ვალდებულება ექვემდებარება გადაფასებას საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის, ხოლო კურსთაშორისი სხვაობებით გამოწვეული შედეგი საანგარიშო პერიოდის მოგება-ზარალში ასახვას. შესაბამისად, შემოწმებით გამოვლენილი სხვაობით 3887973 ლარით 2014 და 2015 წლების საანგარიშო პერიოდების ერთობლივი შემოსავალიდან გამოქვითვების შემცირება, შეესაბამება მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1 შპს ----- საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ., N11) საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება მოგების გადასახადის ნაწილში დადგენილ დამატებით საგადასახადო ვალდებულებას, კერძოდ: ერთობლივი შემოსავლიდან გადამხდელის მიერ კურსთაშორისი სხვაობიდან გამოქვითული ზარალის ერთობლივ შემოსავალში ასახვას და შესაბამისად, გადასახადის დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტის მიხედვით: 2014 და 2015 წლებში საწარმოს მიღებული აქვს ფულადი თანხები არარეზიდენტი კომპანიებისგან. რომლის გადაფასებით მიღებულმა ზარალმა შეადგინა 3887973 ლარი. შემოწმების მიერ სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად 3887973 ლარით შემცირებული იქნა განსაზღვრული გამოქვითვები, 2014 და 2015 წლების საანგარიშო პერიოდების ერთობლივი შემოსავალიდან. შედეგად გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა ძირითადი გადასახადი, ჯარიმა და საურავი.

 

გადაწყვეტილება

 

დავების განხილვის საბჭო მიიჩნევს, რომ საწარმოს მიერ არარეზიდენტი კომპანისებისგან მიღებული თანხა/ვალდებულება არ აკმაყოფილებს ბასს 21-ით დადგენილ კრიტერიუმებს, შესაბამისად, შემოწმებით გამოვლენილი სხვაობით 2014 და 2015 წლების საანგარიშო პერიოდების ერთობლივი შემოსავალიდან გამოქვითვების შემცირება, შეესაბამება მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9,,ბ“); 105;

ბუღალტრული აღრიცხვის საერთშორისო სტანდარტი 21