ბრძანება N 21453
📄 სრული ტექსტი
N 21453
30 სექტემბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს„-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 3 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 16 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №83) განიხილა შპს „----“ (ს/ნ -----) №153518/21 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 27 აგვისტოს №007334 და №007335 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებს.
სადავო საკითხები:
1.სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის მფლობელის მიერ მესამე პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა.
2. სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის მფლობელის მიერ ობიექტში კომერციული საქმიანობით დაკავებული მეწარმე სუბიექტის ქონებისათვის (მოძრავი ქონება, მარაგები) მიყენებული ზიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა.
დარიცხული თანხა:
ჯარიმები - 1 000 და 5 700 ლარი (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17714 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები)
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად დგინდება, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 30 ივლისის №17151 ბრძანების საფუძველზე, მიმდინარე წლის 21 აგვისტოს გადამოწმდა შპს „-----“ (ს/ნ -----) (მისამართზე ქ. --------) დათვალიერების ჩატარების მიზნით. დათვალიერების ჩატარების მიზანს წარმოადგენდა შპს „------“ (ს/ნ ------) მხრიდან „მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №177 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების გადამოწმება.
2026 წლის 21 აგვისტოს განხორციელდა შპს „-----“ (ს/ნ -----) ტერიტორიის დათვალიერება. ამასთან, მოთხოვნილი იქნა მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისები.
შპს „------“ (ს/ნ -----) წარმომადგენლის წერილობითი ახსნა-განმარტებითა და ჩატარებული დათვალიერების შედეგად დადასტურდა მოცემულ მომენტამდე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი. დადგინდა, რომ კომპანია ახორციელებს საკუთარი უძრავი ქონების იჯარით გაცემას. დათვალიერების ჩატარების მომენტში იჯარით გაცემული აქვს 57 სავაჭრო ადგილი.
გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისი №------ რომლითაც გაირკვა, რომ დაზღვევის პერიოდი განსაზღვრული არის 2025 წლის 27 მაისიდან 2026 წლის 26 მაისის ჩათვლით და სავალდებულო დაზღვევის პოლისი №------, რომლითაც ირკვევა, რომ დაზღვევის პერიოდი განსაზღვრული არის 2026 წლის 9 ივლისიდან 2027 წლის 8 ივლისის ჩათვლით. საკუთარი უძრავი ქონების იჯარით გაცემას კომპანია ახორციელებს 2006 წლიდან. შესაბამისად, დარღვეულია ,,მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №177 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. კერძოდ, ამავე დადგენილების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გასაზღვრული დაზღვევის პერიოდის უწყვეტობის პრინციპი, რადგან ხსენებულ სავალდებულო დაზღვევის პოლისებს შორის ფიქსირდება 43 დღიანი წყვეტა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადგილი აქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაზედაც 2026 წლის 27 აგვისტოს შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. კერძოდ, №----- ოქმით - ბაზრობის მფლობელის მიერ მესამე პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობისათვის შპს „----- (ს/ნ ----- ) დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17714 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო №----- ოქმით - ბაზრობის მფლობელის მიერ ობიექტში კომერციული საქმიანობით დაკავებული მეწარმე სუბიექტის (სულ 57 მეწარმე სუბიექტი) ქონებისათვის მიყენებული ზიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობისათვის შპს „----- (ს/ნ -------) დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17714 მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით 5 700 ლარის ოდენობით.
გადასახადის გადამხდელს სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები ჩაბარებული აქვს ხელზე შედგენის დღეს.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ჰქონდა და აქვს მოქმედი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი. დაზღვევის პროდუქტის გარდა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ჰყავს სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, შრომის უსაფრთხოების ინსპექტორი. გადამხდელი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პრევენციის მიზნით არსებულ ტერიტორიაზე დამონტაჟებული იყო სრულიად ახალი სახანძრო უსაფრთხოების სისტემა, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული მესამე პირების სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ქონება, მარაგები, მაინც დაჯარიმდა. გადამხდელი აცხადებს, რომ არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული მოქმედი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი, მისი მოქმედების პერიოდი, პასუხისმგებლობის დაფარვის რისკები და მოიჯარეთა სია/ჩამონათვალი. ასევე, კონკრეტულად რა მოთხოვნას არ აკმაყოფილებდა მოქმედი სადაზღვევო პოლისი, რომელი კონკრეტული ობიექტი ან სამართლებრივი ურთიერთობა არ იყო დაზღვეული, რა საფუძვლით მიიჩნია თითოეული მოიჯარის მიმართ შესაბამისი სადაზღვევო ვალდებულება შეუსრულებლად მაშინ, როცა შპს „------“ გააჩნია დაზღვევის მოქმედი პოლისი.
გადასახადის გადამხდელი ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით აცხადებს, რომ სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ითხოვს მათ ბათილად ცნობას.
შემოსავლების სამსახური:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურმა საკითხის განხილვისას მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლითაც დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობა საგანგებო სიტუაციის შედეგად მოსახლეობის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისა და ქონებისთვის მიყენებული ზიანის შემცირების მიზნით სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებიდან განსაზღვრავს მასობრივი თავშეყრის ობიექტებს და ადგენს მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესს.
„მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №177 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის პირველი მუხლის თანახმად: „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად:
1. განისაზღვროს მასობრივი თავშეყრის ობიექტების ჩამონათვალი:
ბ) ბაზრობა.
„მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №177 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-2 მუხლის თანახმად:
1. მასობრივი თავშეყრის ობიექტის მფლობელი ვალდებულია, უზრუნველყოს სავალდებულო სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა ამ წესით დადგენილი პირობებით;
2. სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულოა მასობრივი თავშეყრის ობიექტის ფუნქციონირების სრული პერიოდის განმავლობაში.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17714 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა:
ა) სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის მფლობელის მიერ მესამე პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა გამოიწვევს სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის მფლობელის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
ბ) სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის მფლობელის მიერ ობიექტში კომერციული საქმიანობით დაკავებული მეწარმე სუბიექტის ქონებისათვის (მოძრავი ქონება, მარაგები) მიყენებული ზიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა გამოიწვევს სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის მფლობელის დაჯარიმებას ობიექტში ფუნქციონირებადი დაუზღვეველი კომერციული ობიექტების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა) რაოდენობის 100 ლარზე ნამრავლის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 278-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჩივრის ან პროტესტის განხილვისას ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) დადგენილების უცვლელად დატოვებისა და საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ;
ბ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გაგზავნის შესახებ;
გ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ;
დ) ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილების გაუქმებისა და პირის ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ;
ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის ზომის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში შეცვლის შესახებ.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „----“ (ს/ნ -----) მიერ დარღვეულია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №177 დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები. შესაბამისად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1.შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. -----), საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის მფლობელის მიერ მესამე პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა.
2. სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის მფლობელის მიერ ობიექტში კომერციული საქმიანობით დაკავებული მეწარმე სუბიექტის ქონებისათვის (მოძრავი ქონება, მარაგები) მიყენებული ზიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის ტერიტორიაზე ჩატარებული დათვალიერებით, რომლის მიზანი იყო მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნების შესრულების გადამოწმება, დადგინდა, რომ კომპანია 2006 წლიდან ახორციელებს საკუთარი უძრავი ქონების იჯარით გაცემას და იჯარით გაცემული აქვს 57 სავაჭრო ადგილი.
წარმოდგენილი დაზღვევის პოლისებს შორის ფიქსირდება 43 დღიანი წყვეტა, რის გამოც დარღვეულია დაზღვევის პერიოდის უწყვეტობის პრინციპი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორი ოქმი, რომლებითაც გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა 1 000 ლარისა და 5 700 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17714 მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს.