ბრძანება N 15962
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 15962
15 ივლისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
----- მოქალაქე -----ის (პასპ/ნ -----)
(მის.: ქ. , ----- N --)
2025 წლის 16 ივნისის
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 ივლისის სხდომაზე (ოქმი N 53) განიხილა ------ის (პასპ/ნ -----) N 92709/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 18 მაისის N EL285261 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მიიღო შეთავაზება შეეძინა უძრავი ქონება ქალაქ -----. როდესაც ტოვებდა ----- ტერიტორიას, მან თავად აცნობა მებაჟეს, რომ ჰქონდა თანხა და ჰკითხა, თუ სად შეძლებდა მის დეკლარირებას. ხოლო როცა საქართველოს საპასპორტო კონტროლს მიუახლოვდა, მებაჟემ მასთან გასაუბრების გარეშე დაიწყო მანქანის ჩხრეკა, თითქოს რაღაცას ეძებდა, ან ფლობდა ინფორმაციას. მებაჟის მიერ დასმულ ყველა კითხვას პასუხობდა გულწრფელად. კითხვაზე, ჰქონდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებული ნივთები, გასცა უარყოფითი პასუხი, ხოლო კითხვაზე, ჰქონდა თუ არა თანხა ხელზე, უპასუხა, რომ დიახ, მას გააჩნდა თანხა ჩანთაში 20 000 აშშ დოლარი, რასთან დაკავშირებითაც საჩივარზე დაურთო ვიდეოფაილები. თანხის წარმომავლობის შესახებ ჰქონდა შესაბამისი დოკუმენტი, რაც არ იქნა გათვალისწინებული და დაჯარიმდა 5000 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილი აქვს.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის ბათილად ცნობას და ჯარიმის სახით გადახდილი თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 18 მაისს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ კონტროლის ზონაში ----- რესპუბლიკის მხრიდან N ----- მსუბუქი ავტომობილით შემოვიდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ----- (-----; პასპორტის N -----). საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვის დროს აღნიშნულმა პირმა განაცხადა, რომ არ ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, რაც ასახულია სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერში.
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა N ----- ავტოსატრანსპორტო საშუალების და ----- კუთვნილი ხელბარგის დათვალიერება, ასევე მისი ფიზიკური დათვალიერება, რის შედეგადაც ავტომობილის სალონში, სავარძლებს შორის არსებულ ჩანთაში, აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული საქონელი – 20 000 აშშ დოლარი. აღნიშნულმა თანხამ მოცემული დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგინა 54 830 ლარი.
ვინაიდან ----- მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანის ფაქტს, საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 18 მაისს შედგენილ იქნა NEL285261 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ----- (პასპორტის N -----) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:
საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;
საქონელი არის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი, ელექტროენერგია, თბოენერგია, გაზი, წყალი.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი აზუსტებს, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 13-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან, საქონლის რეექსპორტთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს:
ა) პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა;
ბ) პირმა, რომელიცსაქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს;
გ) პირმა, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 100 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით – იწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს საგადასახადო კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარის ეკვივალენტზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 100 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულის (20 000 აშშ დოლარი) საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვისას მომჩივანმა განაცხადა, რომ არ ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი. აღნიშნული ასახულია სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერში. საჩივარზე თანდართული ვდეოფაილებით კი არ დასტურდება, რომ საბაჟო სამართადარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
მომჩივნის მოთხოვნაზე სადავო აქტის ბათილად ცობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.------ის (პასპ/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
მომჩივანი ითხოვს სადავო ოქმის ბათილად ცნობას და ჯარიმის სახით გადახდილი თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა ავტოსატრანსპორტო საშუალების, მომჩივანის კუთვნილი ხელბარგის და ასევე მისი ფიზიკური დათვალიერება, რის შედეგადაც ავტომობილის სალონში, სავარძლებს შორის არსებულ ჩანთაში, აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული საქონელი – 20 000 აშშ დოლარი. აღნიშნულმა თანხამ მოცემული დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგინა 54 830 ლარი. მომჩივანი დაჯარიმდა 5000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება:
სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
169 (2); 163 (1).