ბრძანება N 27049

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.12.2024
№ დოკუმენტი 27049
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27049

24 დეკემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“-ს (ს/ნ ----------)

(მის: ----------)

(იურ. მის: ----------)

2024 წლის 13 და 28 ნოემბრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 22 ნოემბრის და 13 დეკემბრის სხდომებზე (ოქმი N124; N131) განიხილა შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) N92826/1/2024 და N93091/1/2024 საჩივრები, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 12 ნოემბრის NCB1687802 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივრებში არ ეთანხმება სადავო ოქმს და განმარტავს, რომ კომპანია 2024 წლის 10 ოქტომბერს შპს ---------- ახდენდა ფიცრის და ძელაკის სახით დახერხილი ხის მასალის მიწოდებას ---------- მუნიციპალიტეტიდან ქ. ----------, ----------ში, რაზედაც მოქმედი კანონმდებლობითა და ხე-ტყის ახალი აღრიცხვის შესაბამისი მოდულის მეშვეობით გამოწერილი იყო N---------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები. ტრანსპორტირებულ ხის მასალაზე სახერხი საამქროდან 2023 წლის 19 და 20 ივნისს გაცემულია ცნობები (N----------,N----------,N----------,N----------), რომლებიც 2023 წლის 15 ივნისიდან ავტომატურად ისახება ხე-ტყის აღრიცხვის ახალ მოდულში, საიდანაც შემდგომში ხდება შეტყობინების გამოწერა, შეტყობინების საფუძველზე კი - ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოწერა.

2024 წლის 10 ოქტომბერს ხე-ტყის აღრიცხვის მოდულიდან არსებული ნაშთიდან გაწერილი იქნა სასაქონლო შეტყობინება შპს ----------, რომლებმაც დაადასტურეს და შემდგომში გამოწერილი იქნა ხეტყის სასაქონლო ზედნადები. შესაბამისად გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ ტრანსპორტირებულ მასალაზე მითითებული ცნობის ნომრები თუ უკვე გამოყენებული იყო, მაშინ ბაზას არ უნდა მიეცა ხელმეორედ გამოყენების უფლება და აღნიშნულიდან გამომდინარე აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს, რაც მათი ბრალეულობით არ ყოფილა გამოწვეული.

ამასთან, გადასახადის გადამხდელის განმარტებით, იგი მრგვალ მორს ყიდულობს მხოლოდ აუქციონის გზით სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოდან. გამოწერილ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებში გამოყენებულია 4 ცნობა, სახერხი საამქროდან გატანის შესახებ. 1. ---------- 2. ---------- 3. ---------- 4. ----------. სახერხ საამქროში N---------- შეტანა რეგისტრირებულია 2023 წლის 14 მაისს. N---------- შეტანა 2023 წლის 26 მაისს ანუ ხე-ტყის ახალი აღრიცხვის შემოტანამდე. ხოლო N---------- შეტანა 2023 წლის 15 მაისს და N---------- შეტანა 2023 წლის 18 ივნისს, ანუ ხე-ტყის ახალი აღრიცხვის ამოქმედების შემდგომ. პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ ცნობები გაცემულია 2023 წლის 19 და 20 ივნისს, ხე-ტყის ახალი აღრიცხვის შემოტანის შემდეგ. სახერხ საამქროებში ხე-ტყის ახალი აღრიცხვის შემოღებამდე და შემოღების შემდგომ რეგისტრირებული მორების გადამუშავების შემდგომ გაცემული ცნობის შესაბამისად ავტომატურად აღირიცხებოდა ხე-ტყის აღრიცხვის მოდულში. თავდაპირველად იყო ტექნიკური ხარვეზები და ,,ცნობის“ მაგივრად, არა მარტო შპს „----------“, არამედ სხვა კომპანიებიც, უთითებდნენ ,,ადგილწარმოშობას“ წმინდა ტექნიკური ხარვეზის გამო, რის გამოც არაერთ გადამხდელს ჰქონდა კომუნიკაცია მეთოდოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებთან.

გადასახადის გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან გადამხდელს არ აქვს შესაძლებლობა ტექნიკურად შეცვალოს რაიმე სახის მონაცემები ხე-ტყის მოდულში ასახულ ინფორმაციაში, პროგრამას არ უნდა მიეცა უკვე რეალიზებული, თანაც ახალი აღრიცხვის შემოღების შემდგომ, ხელმეორედ იმავე ცნობების გამოყენების შესაძლებლობა და მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული არის ტექნიკური ხარვეზი. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციითა და საქმის მასალებით ირკვევა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს 2024 წლის 29 ოქტომბრის ---------- წერილის საფუძველზე დადგინდა, რომ ---------- (პ/ნ ----------) „----------“-ს მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით ----------, ახორციელებდა დაახლოებით 28.2მ3 სოჭის ჯიშის დახერხილი ხე-მასალის ტრანსპორტირებას, რაზეც შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) გამოწერილი ჰქონდა N---------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები.

საკითხის შესწავლით გაირკვა, რომ ზემოაღნიშნულ ზედნადებში მითითებული ცნობები სრულად იყო გამოყენებული. კერძოდ, N---------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების მე-8 სვეტში გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებულია ელექტრონული ცნობები: N----------, N----------, N----------, N----------. აღნიშნული ცნობების ნომრებიდან:

1) N---------- და N---------- ცნობების ნომრები ფიქსირდება 2023 წლის 19 ივნისის N---------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებში.

2) N---------- და N---------- ცნობების ნომრები ფიქსირდება 2023 წლის 20 ივნისის N---------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებში, სადაც ტრანსპორტირების დაწყების მისამართი მითითებულია ----------, ხოლო დასრულების მისამართი ქ. ----------, ----------, ასევე N---------- და N---------- ცნობების ნომრები ფიქსირდება 2023 წლის 21 ივნისს გამოწერილ N---------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებში.

წიწვოვანი ჯიშის ხე-მასალის სახეობის, ღირებულებისა და რაოდენობის დასადგენად 2024 წლის 31 ოქტომბრის N---------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დახერხილი წიწვოვანი ჯიშის ხე-მასალის (ფიცარი-ძელაკი) მთლიანმა რაოდენობამ შეადგინა 29.08მ3 , საბაზრო ღირებულება შეფასების თარიღისთვის განისაზღვრა 23845.6 ლარით დღგ-ის ჩათვლით. ფიცრის მოცულობამ შეადგინა 24.17 კუბ.მ, ძელაკის მოცულობამ შეადგინა 4.91 კუბ.მ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2024 წლის 12 ნოემბერს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელის მიმართ შედგენილ იქნა NCB1687802 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 3² ნაწილის შესაბამისად, შეეფარდა სანქცია 10000 ლარის ოდენობით და ჩამოერთვა ტრანსპორტირებული საქონელი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივრები და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

“გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის:

ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება;

ბ) მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის შესაბამისად:

1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.

2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

3. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ახორციელებენ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებული/შეძენილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზედაც ადგენენ შესაბამის ოქმს;

ბ) უზრუნველყოფენ საქონლის განთავსებას და დალუქვას საწყობებში ან ამ მიზნისათვის გამოსაყენებელ სხვა ადგილებში;

გ) საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილი პირი საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის შესახებ ინფორმაციას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უგზავნის უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად,11. სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 1 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

12. სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

32. ამ მუხლის 11 ან 12 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, იწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საბჭოზე საჩივრის განხილვისას მეთოდოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, შპს „----------“ (ს/ნ ----------) საკითხთან დაკავშირებით გამოიკვეთა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში სახერხი საამქროს ცნობების გააქტიურების შემდგომ, 30 წუთის მანძილზე, გადამხდელის ხე-ტყის ელექტრონულ ჟურნალში ელექტრონული სერვისის მიერ ისახება სახერხი საამქროს ცნობები. ამასთან, შპს „----------“ აღნიშნული ცნობები 2023 წლის 19-20 ივნისს აისახა ცნობების გააქტიურებიდან 15-25 წუთიან მონაკვეთში. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე შემოსავლების სამსახურის ხე-ტყის აღრიცხვის მოდულში ხარვეზი არ დაფიქსირებულა.

ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადამოწმებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი ხე-ტყის შესყიდვის დოკუმენტები. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მოყვანილი არგუმენტები სისტემაში არსებული ხარვეზის თაობაზე, აღნიშნული დოკუმენტებით არ დასტურდება. ხოლო მომჩივანს ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები არ წარმოუდგენია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივრებში არ ეთანხმება სადავო ოქმს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საბჭოზე საჩივრის განხილვისას მეთოდოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, მომჩივანს საკითხთან დაკავშირებით გამოიკვეთა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ: მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში სახერხი საამქროს ცნობების გააქტიურების შემდგომ, 30 წუთის მანძილზე, გადამხდელის ხე-ტყის ელექტრონულ ჟურნალში ელექტრონული სერვისის მიერ ისახება სახერხი საამქროს ცნობები. ამასთან, მომჩივანთან აღნიშნული ცნობები 2023 წლის 19-20 ივნისს აისახა ცნობების გააქტიურებიდან 15-25 წუთიან მონაკვეთში. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე შემოსავლების სამსახურის ხე-ტყის აღრიცხვის მოდულში ხარვეზი არ დაფიქსირებულა. ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადამოწმებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი ხე-ტყის შესყიდვის დოკუმენტები. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მოყვანილი არგუმენტები სისტემაში არსებული ხარვეზის თაობაზე, აღნიშნული დოკუმენტებით არ დასტურდება. ხოლო მომჩივანს ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები არ წარმოუდგენია.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286(32).