ბრძანება N 11866
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 11866
29 მაისი 2026
ბრძანება
შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
(ფაქტ. მის.: „--------“)
2026 წლის 8 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 7 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №37) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ „--------“) 2026 წლის 8 აპრილის №101675/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 მარტის №081-36 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასამართლოს გზით მხარეთა მორიგების შედეგად, ფ/პ „--------“ -სათვის საწარმოში მისი კუთვნილი წილის 33.3%-ის სანაცვლოდ 49 ბინის, ასევე 9 უძრავი ქონების გადაცემის (მიწოდების) ოპერაციებზე შემოწმების მიერ გამოყენებულ საბაზრო ფასს. აცხადებს, რომ საგადასახადო ორგანომ საბაზრო ფასის დასათვლელად გამოიყენა საშუალო გასაყიდი ფასი, მაშინ როდესაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლი არ იცნობს საშუალო გასაყიდი ფასის ცნებას. მიუთითებს, რომ საგადასახადო ორგანო ჯერ უნდა დაეყრდნოს იდენტურ, ხოლო მხოლოდ მისი არარსებობის შემთხვევაში - მსგავს საქონელს, ასევე, საბაზრო ფასი განისაზღვრება იდენტურ საქონელზე დადებული გარიგების ფასით, რომელი გარიგებაც 30 დღით უსწრებს ან მოჰყვება განსახილველ გარიგებას. მაგალითად მოჰყავს, რომ „--------“ -მ მის მიერ მიღებული 49 ბინიდან ერთი ბინა 9 დღეში გაყიდა, რა დროსაც უძრავი ქონების სარეალიზაციო ფასმა 1 კვ/მ-ზე შეადგინა 295 აშშ დოლარი და ვინაიდან, გარიგება დადებული იყო იდენტურ საქონელზე, დამოუკიდებელ მხარეთა შორის, სწორედ ეს გარიგება უნდა გამხდარიყო საბაზრო ფასის დადგენის საფუძველი. ასევე, მომჩივნის პოზიციით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საბაზრო ფასის გამოყენების უფლება შეზღუდული იყო „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტითაც. მომჩივანი ასევე, აღნიშნავს, რომ 9 უძრავი ქონების გადაცემის (მიწოდების) ოპერაციას საფუძვლად ჰქონდა მორიგების აქტი და აღნიშნული ოპერაცია არ უნდა განხილულიყო უსასყიდლოდ მიწოდებად.
მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მომჩივანი ითხოვს ზემოაღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების სრულად შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 მარტის №5491 ბრძანებით 2023 წლის 14 თებერვლის, 11 დეკემბრის, 2024 წლის 15 მარტის და 12 დეკემბრის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „--------“ (ს/ნ „--------“) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ დასაბეგრი ოპერაციის თანხის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში წარდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს კომპანიის მიერ მიღებული ავანსების საკითხი (მ.შ თანხის ჩარიცხვის მომენტში არსებული ლარის მიმართ უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით) და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, უძრავი ქონების მიწოდების ოპერაციაზე საბაზრო ფასის დადგენის მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, განსახილველ შემთხვევაში საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით იხელმძღვანელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის შესაბამისად, არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე ქონების რეალიზაციისას დადებული გარიგების საფუძველზე დაფიქსირებული ფასით და მის შესაბამისად უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების, ასევე შპს „--------“ მიერ გადახდილი თანხების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 მარტის №5491 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 26 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც შემცირებას დაექვემდებარა სულ 515 754 ლარი, მ.შ. გადასახადი 343 846 ლარი და ჯარიმა 171 908 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 2 მარტის №081-36 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
დასაბეგრი ოპერაციის თანხის დაზუსტების მიზნით, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში დამატებით წარმოდგენილი არგუმენტები. კერძოდ: კომპანიის მიერ მიღებული ავანსების საკითხი (მ.შ თანხის ჩარიცხვის მომენტში არსებული ლარის მიმართ უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით) და აღნიშნულის გათვალისწინებით გაანგარიშდა კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები შესაბამისი პერიოდების მიხედვით. გადაანგარიშების შედეგად დაკორექტირდა (შემცირდა) დღგ და შესაბამისი ჯარიმა.
შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის შესაბამისად და შესწავლილ იქნა არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე ქონების რეალიზაციისას დადებული გარიგების საფუძველზე დაფიქსირებული ფასები. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2020 წლის ივნისის თვეში საშუალო გასაყიდმა ფასმა შეადგინა 330 აშშ დოლარი, ხოლო 2021 წლის აპრილის თვეში 336 აშშ დოლარი. აღნიშნულის მიხედვით გაანგარიშებულ იქნა ფ/პ „--------“ -სათვის წილის სანაცვლოდ გადაცემული ბინების ღირებულება. ამასთან, გადასახადის გადამხდელს ზემოთ აღნიშნულ პერიოდებში კომერციული ფართების რეალიზაცია არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე არ უფიქსირდებოდა, ხოლო სრული შესამოწმებელი პერიოდის ანალიზით დადგინდა, რომ საგადასახადო შემოწმებით დადგენილი კომერციული ფართის რეალიზაციის ფასი შესაბამისობაშია საბაზრო ფასთან. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით გაანგარიშებულ იქნა ფ/პ „--------“ -სათვის უძრავი ქონების გადაცემის (მიწოდების) ოპერაციებიდან წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებები. შედეგად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხებიდან, გადასახადის გადამხდელს დაუკორექტირდა (შეუმცირდა) უსასყიდლოდ მიწოდებად განხილული და მოგების გადასახადით დაბეგრილი თანხა. გადაანგარიშებით შემცირდა მოგების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
შემოწმებით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/არგუმენტაცია. აღნიშნულიდან დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას შპს „------- -ზე “ რეალიზებული ჰქონდა კომერციული ფართი, რაც დასტურდება ნასყიდობის ხელშეკრულებითა და აღნიშნულის საჯარო რეესტრში (უძრავი ქონების რეესტრში) რეგისტრაციით. ამასთან, აღნიშნულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ფიქსირდება, რომ „მყიდველის მიერ ნასყიდობის საგნის საფასური 175 000 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარი, წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დროისათვის გადახდილია სრულად". მიუხედავად ზემოაღნიშნულისა დავის პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა დამატებითი არგუმენტაცია/მტკიცებულება, საიდანაც დადგინდა, რომ ზემოთ აღნიშნული თანხა გადახდილია შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ თარიღში. აღნიშნულის შედეგად, შპს „------- -ის“ მიერ გადახდილი თანხების გათვალისწინებით, შემცირებულ იქნა შემოწმებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხები. გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდების ოპერაციაზე საბაზრო ფასის დადგენის მიზნით, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის შესაბამისად და შეისწავლა არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე ქონების რეალიზაციისას დადებული გარიგების საფუძველზე დაფიქსირებული ფასები. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2020 წლის ივნისის თვეში საშუალო გასაყიდმა ფასმა შეადგინა 330 აშშ დოლარი, ხოლო 2021 წლის აპრილის თვეში 336 აშშ დოლარი, რის მიხედვითაც გაანგარიშდა ფ/პ „--------“ -სათვის წილის სანაცვლოდ გადაცემული ბინების ღირებულება. ამასთან, გადასახადის გადამხდელს, ზემოთ აღნიშნულ პერიოდებში, კომერციული ფართების რეალიზაცია არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე არ უფიქსირდებოდა, ხოლო სრული შესამოწმებელი პერიოდის ანალიზით დადგინდა, რომ საგადასახადო შემოწმებით დადგენილი კომერციული ფართის რეალიზაციის ფასი შესაბამისობაშია საბაზრო ფასთან. შედეგად, შემოწმების მიერ შემცირდა უსასყიდლო მიწოდებად განხილული და მოგების გადასახადით დაბეგრილი თანხა.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან მიმართებით, რომ ფ/პ „--------“ -მ მის მიერ მიღებული 49 ბინიდან ერთი ბინა 9 დღეში გაყიდა, რა დროსაც უძრავი ქონების სარეალიზაციო ფასმა 1 კვ/მ-ზე შეადგინა 295 აშშ დოლარი და ვინაიდან, გარიგება დადებული იყო იდენტურ საქონელზე, დამოუკიდებელ მხარეთა შორის, სწორედ ეს გარიგება უნდა გამხდარიყო საბაზრო ფასის დადგენის საფუძველი, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული გარიგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის შესაბამისად არ უნდა ჩაითვალოს იდენტურად, ვინაიდან პირვანდელ შემთხვევაში გარიგება დადებული იყო შპს-სა და ფიზიკურ პირს შორის, ხოლო შემდგომი გადაყიდვა განხორციელდა ფიზიკურ პირებს შორის, ამდენად, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ზემოაღნიშნული გარიგების ფასის გამოყენებასთან დაკავშირებით საფუძველს მოკლებულია.
ხოლო, რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს, რომ 9 უძრავი ქონების გადაფორმება მოხდა კომპანიის მიერ ვალდებულებების დარღვევის შედეგად წარმოშობილი პირგასამტეხლოს დაფარვის ფარგლებში და აღნიშნული არ უნდა განხილულიყო უსასყიდლოდ მიწოდებად, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც 2025 წლის 25 მარტის №5491 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების სრულად შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებამ იხელმძღვანელა სსკ-ის მე-18 მუხლის შესაბამისად და შესწავლილ იქნა არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე ქონების რეალიზაციისას დადებული გარიგების საფუძველზე დაფიქსირებული ფასები. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2020 წლის ივნისის თვეში საშუალო გასაყიდმა ფასმა შეადგინა 330 აშშ დოლარი, ხოლო 2021 წლის აპრილის თვეში 336 აშშ დოლარი. გაანგარიშებულ იქნა ფ/პ-სთვის წილის სანაცვლოდ გადაცემული ბინების ღირებულება. ამასთან, გადამხდელს ზემოთ აღნიშნულ პერიოდებში კომერციული ფართების რეალიზაცია არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე არ უფიქსირდებოდა, ხოლო სრული შესამოწმებელი პერიოდის ანალიზით დადგინდა, რომ საგადასახადო შემოწმებით დადგენილი კომერციული ფართის რეალიზაციის ფასი შესაბამისობაშია საბაზრო ფასთან. შემოწმებით გაანგარიშებულ იქნა ფ/პ-სათვის უძრავი ქონების გადაცემის ოპერაციებიდან წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებები. შედეგად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხებიდან, გადამხდელს დაუკორექტირდა უსასყიდლოდ მიწოდებად განხილული და მოგების გადასახადით დაბეგრილი თანხა. გადაანგარიშებით შემცირდა მოგების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას შპს-ზე რეალიზებული ჰქონდა კომერციული ფართი, რაც დასტურდება ნასყიდობის ხელშეკრულებითა და აღნიშნულის საჯარო რეესტრში რეგისტრაციით. ამასთან, აღნიშნულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ფიქსირდება, რომ წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დროისათვის გადახდილია სრულად.ზემოთ აღნიშნული თანხა გადახდილია შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ თარიღში. შპს-ს მიერ გადახდილი თანხების გათვალისწინებით, შემცირებულ იქნა შემოწმებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხები. გადამხდელს შეუმცირდა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
18,304(21).