გადაწყვეტილება №20451/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.10.2023
№ დოკუმენტი 20451/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20451/2/2023

03 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (ს/ნ -----)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------ს 2.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20451/2/2023).

 

დავის საგანი:

საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი, ნაღდი ფულისა გადაადგილება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 19.06.2023 წლის №EL213659 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 24.07.2023 წლის №17872 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 5 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

19.06.2023 წელს რეისით ------- მიფრინავდა მომჩივანი. მის მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვების შემდგომ, საავიაციო უსაფრთხოების დადგენილი ნორმების გათვალისწინებით, მისი და მისი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების დროს, აღმოაჩნდა დაუდეკლარირებელი თანხა – 20 000 აშშ დოლარი. აღმოჩენილმა დაუდეკლარირებელმა თანხამ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად, შეადგინა 52 178 ლარის ექვივალენტი. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი №69001/000197.

საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადატანის ფაქტზე, მომჩივანს 19.06.2023 წლის №EL213659 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, რაც გადახდილ იქნა იმავე დღეს.

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 24.07.2023 წლის №17872 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლზე, მე-6 მუხლზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 169-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს დეკლარირებას დაქვემდებარებული 50 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 100 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულის საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გატანის ფაქტს, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მომჩივნისთვის დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.

საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“-ს კონტროლის ზონაში, გაფრენის დარბაზში სპეციალურად მოწყობილ სივრცეში მწვანე და წითელ დერეფნებზე განთავსებულია აღნიშვნები მგზავრთა უფლებებისა და შეღავათების შესახებ. მომჩივნის არგუმენტზე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. კანონმდებლის მიზანია, საბაჟო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ისეთ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ პირი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიაჩნია საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება. სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

19.06.2023 წელს როდესაც აპირებდა საზღვრის კვეთას და -----ში გამგზავრებას დაჯარიმდა საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე. გამოგზავნილ დანართში დეტალურად აქვს აღწერილი მოვლენათა თანმიმდევრობა, რომ ადგილი ქონდა არა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლას, არამედ არცოდნას. არის პატიოსანი გადასახადების გადამხდელი, არც უფიქრია თანხის დამალვა და საბაჟო კონტროლის გვერდის ავლა, როგორც ეს ოქმში წერია. პირიქით ხელბარგით მიჰქონდა თანხა, იქვე ედო საბუთებში და როგორც ჰკითხეს მაშინვე უპასუხა.

აღნიშნული კანონი მისთვის ცნობილი, რომ ყოფილიყო თანხას არ წაიღებდა ან გადარიცხავდა ------ში, რასაც აქამდე აკეთებდა ან დაადეკლარირებდა. დართულია საბანკო ამონაწერი საიდანაც ჩანს, რომ ბოლო წლებია რიცხავს თანხას ------ში და აქვს სხვადასხვა დასახელების საქონლის იმპორტი.

№EL213659 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე მიღებული ჯარიმა არამართლზომიერია, რადგან არის პატიოსანი გადასახადის გადამხდელი, არ აპირებდა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით თანხის გატანას, რადგან არ იცოდა დასაშვები თანხის ზღვრული ოდენობა, ფიქრობდა, რომ არაფერს აშავებდა და თანხაც იქვე ქონდა თამამად პატარა ხელბარგში. ეს საკითხი განიხილა შემოსავლების სამსახურმა რაზეც მიიღო საჩივარზე უარი შემდეგი არგუმენტით, ციტატა შეტყობინებიდან: საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. კანონმდებლის მიზანია, საბაჟო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში 3 მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ისეთ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ პირი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიაჩნია საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება. სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ამის საპირისპიროდ ზემოთ აღნიშნულ ახსნა განმარტებაში ეცადა დამაკმაყოფილებლად გადმოეცა ის ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარემოებები, რაც დაადასტურებდა ჩადენილი სამართალდარღვევის ქმედების საფუძველს, რომ ეს იყო არცოდნა და არა წინასწარ განზრახვა ან საბაჟო კონტროლის გვერდის ავლა.

თანხის წაღების დიდი აუცილებლობა არ ჰქონდა, თავისუფლად რიცხავს ------ში აღნიშნულ მომწოდებელთან თანხას, ეს პრობლემა არ დგას, ამიტომაც გამოაგზავნა საბანკო ამონაწერი დოლარში, საიდანაც იკვეთება სავაჭრო ურთიერთობები და თანხის გადარიცხვა მომწოდებელთან, რომ სცოდნოდა რომ კონკრეტული თანხა ზღვრული ოდენობით აჭარბებდა დაშვებულს, საერთოდ არ გაიყოლებდა ხელზე ან დაადეკლრირებდა. დამალვა ან გვერდის ავლის განზრახვა არ ჰქონდა. ყველაფერი ღია და გამჭვირვალეა მის ბიზნესში. სწორედ ამიტომ ედო თანხა იქვე და მებაჟე ოფიცერსაც მაშინვე უპასუხა, რამდენიც ჰქონდა ხელბარგში.

აღნიშნავს, რომ თანხა ზღვრულ ოდენობას აჭარბებდა მცირედით. შეადგენდა 52 178 ლარს ეროვნული კურსით, მხოლოდ 2 178 ლარის გადაჭარბებით შედგა 5000 ლარიანი ჯარიმა, ნაცვლად 3000 ლარისა, როგორც მოგვიანებით განუმარტეს და გააცნეს 169-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილები. წინასწარ განზრახვა ჰქონოდა, რასაც ადგილი არ ქონდა ამ უმნიშვნელო თანხით საფრთხეში არ ჩააგდებდა არც საკუთარ თავს და არც საკუთარ ბიზნესს. ადგილი ქონდა ამ კანონის არცოდნას, რაზეც ფიქრობს უსამართლოდ დაჯარიმდა.

ასევე ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი 24.07.2023 წლის №17872 ბრძანება და გათავისუფლდეს №EL213659 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო დეკლარაცია არის დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით აცხადებს, რომ განზრახული აქვს საქონლის მიმართ შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოყენება, და რომელშიც საჭიროების შემთხვევაში დამატებით პირობას უთითებს.

საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქონელი არის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი, ელექტროენერგია, თბოენერგია, გაზი, წყალი.

საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის:

ა) შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია;

ბ) ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეოდა აუდიოჩაწერა);

გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია;

ე) დაათვალიეროს ფიზიკური პირი.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა.

საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 100 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით – იწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

მომჩივანი განმარტავს, რომ თანხა ზღვრულ ოდენობას აჭარბებდა მცირედით. შეადგენდა 52 178 ლარს ეროვნული კურსით, მხოლოდ 2 178 ლარის გადაჭარბებით შედგა 5 000 ლარიანი ჯარიმა, ნაცვლად 3 000 ლარისა, როგორც მოგვიანებით განუმარტეს და გააცნეს 169-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილები. წინასწარ განზრახვა რომ ჰქონოდა, რასაც ადგილი არ ქონდა ამ უმნიშვნელო თანხით საფრთხეში არ ჩააგდებდა არც საკუთარ თავს და არც საკუთარ ბიზნესს. ადგილი ქონდა ამ კანონის არცოდნას, რაზეც ფიქრობს უსამართლოდ დაჯარიმდა.

ითხოვს გათავისუფლდეს ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან.

საქმეზე წარმოდგენილი მასალებიდან დგინდება, რომ ხელბარგის დათვალიერების დროს, აღმოაჩნდა დაუდეკლარირებელი თანხა – 20 000 აშშ დოლარი. აღმოჩენილმა დაუდეკლარირებელმა თანხამ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად, შეადგინა 52 178 ლარის ექვივალენტი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით ნაღდი ფულის გატანა არ იბეგრება, თუმცა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით იგი ექვემდებარება სავალდებულო დეკლარირებას, რაც მოცემულ შემთხვევაში მომჩივნის მხრიდან არ შესრულებულა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიმართ საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის გამოყენება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით, ან არ იყო მისთვის ცნობილი ის გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი, ნაღდი ფულის გადაადგილება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვების შემდგომ, საავიაციო უსაფრთხოების დადგენილი ნორმების გათვალისწინებით, მისი და მისი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების დროს, აღმოაჩნდა დაუდეკლარირებელი თანხა – 20 000 აშშ დოლარი. აღმოჩენილმა დაუდეკლარირებელმა თანხამ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად, შეადგინა 52 178 ლარის ექვივალენტი. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი. საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადატანის ფაქტზე, მომჩივანს 19.06.2023 წლის №EL213659 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, რაც გადახდილ იქნა იმავე დღეს. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 24.07.2023 წლის №17872 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიმართ საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის გამოყენება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 6(1"ზ""ჟ"), 27(1), 169(2), 163(11).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N 257 ბრძანება.