ბრძანება N 28928-2
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 28928
12/10/2018
შპს ------------
(მის: ---------)
სადავო საკითხთან დაკავშირებით
საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 21 აგვისტოს გამართულ სხდომაზე (ოქმი N77) განიხილა შპს ----------- საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება 2018 წლის 1 აგვისტოს N006-344 ,,საგადასახადო მოთხოვნას“.
გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში გამოყოფილია შემდეგი სადავო საკითხი:
ქონების გადასახადში დარიცხვა.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 17 ნოემბრის №30841 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ----- საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 26 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2018 წლის 30 ივლისის N20212 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა 2018 წლის 1 აგვისტოს N006-344 ,,საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის თანახმად საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა სულ - 51417 ლარით, მათ შორის: ძირითადი გადასახადი - 35176 ლარი და ჯარიმა 16241 ლარი.
საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ ,,გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში საკუთრებაში გააჩნია ქ. ------- ში მდებარე შენობა-ნაგებობა, რომელსაც იყენებს როგორც სამედიცინო საქმიანობაში ასევე საიჯარო მომსახურების გაწევაში. გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ბალანსზე რიცხულ ძირითად საშუალებებზე (უძრავ/მოძრავი ქონება) პროპორცილად იხდის ქონების გადასახადს, ხოლო სამედიცინო საქმიანობაში გამოყენებულ შენობის ნაწილზე სარგებლობს სსკ-ის 206-ე მუხლის 1 ნაწილის "წ" ქვეპუნქტით.
"სსკ-ის 201-ე მუხლის თანახმად ქონების გადასახადის გადამხდელია:
ა) რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;
სსკ-ის 206-ე მუხლის მიხედვით შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია:
წ) სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული ქონება, გარდა მიწისა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებათა საკუთრებაშია ან ასეთ დაწესებულებებზე ლიზინგით არის გაცემული;
სსკ-ის 202-ე მუხლის 4(1) ნაწილით საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:
ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება.
სსკ-ის 201-ე, 202-ე და 206-ე მუხლების გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ იჯარით გაცემული შენობა ნაგებობის პროპორციულად გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის კუთვნილი ქონების გადასახადი შესაბამისი პერიოდების მიხედვით, ქონების გადასახადის გაანგარიშების მიზნით გამოყენებულ იქნა შპს -------ის მიერ განსაზღვრული შპს ------- ს ქ. ------- მდებარე შენობა-ნაგებობის საბაზრო ღირებულების მონაცემები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის მიხედვით."
მომჩივანი საბჭოს სხდომაზე არ დაეთანხმა შემოწმების კვალიფიკაციას იმ ნაწილში,სადაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,წ“ ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი არ გავრცელდა. მომჩივნის განმარტებით საგადასახადო შემოწმებით ქონების გადასახადით დაბეგვრის არეალში მოექცა შენობა-ნაგებობა რემონტის პერიოდშიც. კერძოდ, შენობა-ნაგებობის ქვედა სართულებზე დარიცხვა მოხდა 3 თვეზე, ხოლო შენობის ზედა სართულზე - 5 თვეზე. ნიშანდობლივია, რომ რემონტი გამიზნული იყო შენობის სამედიცინო საქმიანობისთვის მოსამზადებლად და შესაბამისად, შენობა-ნაგებობაზე ამ პერიოდზეც უნდა გავრცელდეს სსკ-ის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,წ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი.
საბჭომ გაიზიარა მომჩივნის არგუმენტაცია და განმარტა, რომ სამედიცინო საქმიანობისთვის განკუთვნილი შენობა ნაგებობის სარემონტო სამუშაოების შესრულების პერიოდში ქონების გადასახადით დაბეგვრა არამართებულია და მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებულ შენობაზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულების პერიოდებში გაავრცელოს სსკ-ის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,წ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი და შესაბამისად უზრუნველყოს ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული ქონების გადასახადის შემცირება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს -------- საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებულ შენობაზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულების პერიოდებში გაავრცელოს სსკ-ის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,წ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი და შესაბამისად უზრუნველყოს ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული ქონების გადასახადის შემცირება.
3. ამ ბრძანების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდეს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება.
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი ვ. გორგასლის ქ. N16), ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება დარიცხვას ქონების გადასახადში და ითხოვს შენობის სამედიცინო საქმიანობისთვის მოსამზადებლად რემონტის პერიოდზეც გავრცელდეს სსკ-ის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,წ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ გადამხდელს საკუთრებაში გააჩნია შენობა-ნაგებობა, რომელსაც იყენებს როგორც სამედიცინო საქმიანობაში ასევე საიჯარო მომსახურების გაწევაში. გადამხდელი ბალანსზე რიცხულ ძირითად საშუალებებზე პროპორცილად იხდის ქონების გადასახადს, ხოლო სამედიცინო საქმიანობაში გამოყენებულ შენობის ნაწილზე სარგებლობს სსკ-ის 206-ე მუხლის 1 ნაწილის "წ" ქვეპუნქტით.
სსკ-ის 201-ე, 202-ე და 206-ე მუხლების გათვალისწინებით, გადამხდელის მიერ იჯარით გაცემული შენობა-ნაგებობის პროპორციულად გაანგარიშდა ქონების გადასახადი შესაბამისი პერიოდების მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის მიხედვით.
გადაწყვეტილება
საბჭო განმარტავს, რომ სამედიცინო საქმიანობისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის სარემონტო სამუშაოების შესრულების პერიოდში ქონების გადასახადით დაბეგვრა არამართებულია, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შენობაზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულების პერიოდებში გაავრცელოს სსკ-ის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,წ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი და შესაბამისად უზრუნველყოს ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული ქონების გადასახადის შემცირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201; 202; 206(1,,წ“)