გადაწყვეტილება №20273/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 20.09.2023
№ დოკუმენტი 20273/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20273/2/2023

20 .09. 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ ----- -----------ე (ს/ნ ------------------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ----- -----------ის 16.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20273/2/2023).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 26.04.2023 წლის №19073/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 28.06.2023 წლის №058-3 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 5 000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა.

 

ფაქტების აღწერა

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 19.07.2022 წლის CB1363166 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, მომჩივანმა დაარღვია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე4 ნაწილის მოთხოვნები. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების (სახ. ნომ. --------), გადამოწმების დროს (18.06.2022 წ. 11:25 სთ) გამოვლინდა 4 232 ლარის საბაზრო ღირებულების ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების - დახერხილი ხე-მასალა (ფიცარი 5.29 მ 3 X 800 ლარი), ტრანსპორტირება ხეტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაზეც მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.

საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 21.09.2022 წლის №24277 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 3.11.2022 წლის №17928/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა, სადავო საკითხის ხელახლა შესწავლა, მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ემსჯელა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ნაცვლად, ამავე კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის შეფარდების თაობაზე.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 7.03.2023 წლის №4293 ბრძანებით უცვლელად დარჩა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 19.07.2022 წლის №CB1363166 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული სანქცია, აღნიშნულზე გამოიცა ამავე დეპარტამენტის 7.03.2023 წლის №058-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 26.04.2023 წლის №19073/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა, სადავო საკითხის ხელახლა შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ემსჯელა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ნაცვლად, ამავე კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის შეფარდების თაობაზე.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.06.2023 წლის №14876 ბრძანებით უცვლელად დარჩა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 19.07.2022 წლის №CB1363166 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული სანქცია, აღნიშნულზე გამოიცა ამავე დეპარტამენტის 28.06.2023 წლის №058-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ ტრანსპორტირებული ხის მასალა არის კანონიერად მოპოვებული და გადამუშავებული სახერხ საამქროში, რაზედაც სახერხი საამქროს ელ. ჟურნალიდან გაცემულია შესაბამისი სასაქონლო ზედნადებში დაშვებული იყო ტექნიკური შეცდომა, კერძოდ ტრანსპორტირებული მასალის ნაწილზე დასახელება ფიცრის ნაცვლად მითითებულია ძელაკი, რაც დასტურდება აგრეთვე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების მოხსენებითი ბარათით. კერძოდ:

„მითითებულია რომ საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ------ის რეგიონული სამმართველოს 2022 წლის 20 ივნისის №-------- წერილის საფუძველზე გადამოწმდა ----- ------ის (პ/ნ -----------) მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანა „--------“-ს (სახელმწიფო ნომერი -----), რა დროსაც დადგინდა, ----- -----ძე ახორციელებდა ი/მ ----- ----------ის (ს/ნ ------------------) საკუთრებაში არსებული, სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი დახერხილი ხის მასალის ტრანსპორტირებას №------ ხე-ტყის ელ. სასაქონლო ზედნადებით. ამასთან, №------ ხე-ტყის ელ.სასაქონლო ზედნადების მიხედვით, ი/მ ----- -----------ეს (ს/ნ ------------------) გადაზიდავდა 27,05 მ³ დახერხილ ხის მასალას (21,9 კუბ.მეტრი ფიცარი და 5,15 კუბ.მეტრი ძელაკი). აღნიშნული ხე-ტყის ზედნადების მე-20 გრაფაში (მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე/მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი) მითითებული იყო №------ ხე-ტყის ელ. სასაქონლო ზედნადები, ხოლო ზედნადების „სასაქონლო ზედნადების“-ს 21-ე (პროდუქციის ცხრილი) სვეტში მითითებული იყო ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის №--------- (12,38 კუბ. მეტრი ფიცარი) და №--------- (5,15 კუბ.მეტრი ძელაკი და 9,52 კუბ.მეტრი ფიცარი) ცნობები ჩვენს მიერ აღნიშნული დოკუმენტების გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის სისტემაში გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ №-------- მიღებული აქვს 14 კუბ.მეტრი ძელაკი, ხოლო №------ ჰქონდა 6 კუბ.მეტრი ძელაკი და 12,57 კუბ.მეტრი ფიცარი, შესაბამისად გამოვლინდა შეუსაბამობა სახერხი საამქროს მიერ გაცემული №0------- ცნობით მიღებულ და №------ ხე-ტყის ელ.სასაქონლო ზედნადების 21-ე გრაფაში მითითებულ პროდუქტს შორის (ნაცვლად ძელაკისა მითითებული ჰქონდა ფიცარი)“.

ამასთან, სახერხი საამქროდან გატანის შესახებ №-------- ცნობით დასტურდება, რომ სახერხი საამქროდან პირველადი გადამუშავების პროდუქტის გატანა მოახდინა ----- -------ემ მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით სახელმწიფო ნომრით -------, რითაც შემდგომში ახდენდა ტრანსპორტირებას, ანუ დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ სახერხი საამქროდან გატანილი პირველადი გადამუშავების პროდუქტი და შემდგომ ტრანსპორტირებული ერთი და იგივე პროდუქციაა.

მომჩივანი ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად დარიცხული ჯარიმის მოხსნას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 26.04.2023 წლის №19073/2/2023 გადაწყვეტილებით საბჭომ მიიჩნია, რომ თუ დადასტურდება ტექნიკური შეცდომის ფაქტი და ასევე ცნობების სხვა ელ-ზედნადებებში გამოუყენებლობა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა უნდა იმსჯელოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ნაცვლად, საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის შეფარდების თაობაზე.

საბჭოს სხდომაზე, საკითხის ზეპირი განხილვისას საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით მითითებული ცნობების: №----- და №--------- სხვა ელ-ზედნადებებში გამოყენება და ლიმიტის ამოწურვა არ დასტურდება, თუმცა არ მიაჩნია, რომ სახეზეა ტექნიკური შეცდომა.

მომჩივნის განმარტებით, ტრანსპორტირებული ხის მასალა არის კანონიერად მოპოვებული და გადამუშავებული სახერხ საამქროში, რაზედაც სახერხი საამქროს ელ. ჟურნალიდან გაცემულია შესაბამისი სასაქონლო ზედნადებში დაშვებული იყო ტექნიკური შეცდომა, კერძოდ ტრანსპორტირებული მასალის ნაწილზე დასახელება ფიცრის ნაცვლად მითითებულია ძელაკი, რაც დასტურდება აგრეთვე ------ის სამმართველოს თანამშრომლების მოხსენებითი ბარათით. ამასთან, სახერხი საამქროდან გატანის შესახებ №------ ცნობით დასტურდება, რომ სახერხი საამქროდან პირველადი გადამუშავების პროდუქტის გატანა მოახდინა --- ------ემ მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით სახელმწიფო ნომრით -----, რითაც შემდგომში ახდენდა ტრანსპორტირებას, ანუ დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ სახერხი საამქროდან გატანილი პირველადი გადამუშავების პროდუქტი და შემდგომ ტრანსპორტირებული ერთი და იგივე პროდუქციაა. ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად დარიცხული ჯარიმის მოხსნას.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 69-ე მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების თანახმად:

5. თუ საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება, რომლითაც პირს საგადასახადო სანქციის სახით შეეფარდა სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა, ან საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა შესაბამისი საგადასახადო სანქციისაგან, პირი უფლებამოსილია წერილობითი ან ელექტრონული ფორმით განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დაბრუნების თაობაზე, რომელსაც უნდა ერთოდეს დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული განცხადების რეგისტრაციის შემთხვევაში, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, საგადასახადო ორგანო ადგენს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ დასრულებულია თუ არა განკარგვის პროცედურები და იმ შემთხვევაში, თუ:

ა) საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე დასრულებულია განკარგვის პროცედურები „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის №125 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს ამ პროცედურების შეჩერების ან შედეგების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, პირს/გადასახადის გადამხდელს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ უბრუნდება საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის საგადასახადო ორგანოს წერილობითი მიმართვით წარდგენილი საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ბრძანების შესაბამისად, საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე არ არის დასრულებული განკარგვის პროცედურები, პირს უბრუნდება ჩამორთმეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება.

აღნიშნულ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, საბჭო იზიარებს მომჩივნის არგუმენტებს და მიაჩნია, რომ მომჩივანმა სასაქონლო ზედნადებში მონაცემების შეტანისას დაუშვა ტექნიკური შეცდომა. შესაბამისად, მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ნაცვლად, უნდა შეეფარდოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 100 ლარის ოდენობით. ამდენად, საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალოს სათანადო ღონისძიებების განხორციელება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 28.06.2023 წლის №058-3 საგადასახადო მოთხოვნა;

3. მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ნაცვლად, შეეფარდოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

4. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს სათანადო ღონისძიებების განხორციელება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №19073/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები . საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №058-3 საგადასახადო მოთხოვნა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, მომჩივანმა დაარღვია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების გადამოწმების დროს გამოვლინდა ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების ტრანსპორტირება ხეტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაზეც მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა და საქონლის ჩამორთმევა.

საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლისბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა, სადავო საკითხის ხელახლა შესწავლა, მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ემსჯელა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ნაცვლად, ამავე კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის შეფარდების თაობაზე.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანებით უცვლელად დარჩა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული სანქცია, აღნიშნულზე გამოიცა ამავე დეპარტამენტის №058-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს №19073/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა, სადავო საკითხის ხელახლა შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ემსჯელა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ნაცვლად, ამავე კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის შეფარდების თაობაზე.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანებით უცვლელად დარჩა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული სანქცია, აღნიშნულზე გამოიცა ამავე დეპარტამენტის №058-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №19073/2/2023 გადაწყვეტილებით საბჭომ მიიჩნია, რომ თუ დადასტურდება ტექნიკური შეცდომის ფაქტი და ასევე ცნობების სხვა ელ-ზედნადებებში გამოუყენებლობა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა უნდა იმსჯელოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ნაცვლად, საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის შეფარდების თაობაზე.

 

გადაწყვეტილება

აღნიშნულ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, საბჭო იზიარებს მომჩივნის არგუმენტებს და მიაჩნია, რომ მომჩივანმა სასაქონლო ზედნადებში მონაცემების შეტანისას დაუშვა ტექნიკური შეცდომა. შესაბამისად, მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ნაცვლად, უნდა შეეფარდოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 100 ლარის ოდენობით. ამდენად, საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალოს სათანადო ღონისძიებების განხორციელება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(4); 269(7); 286( 12); 291;

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 69-ე მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტები;