გადაწყვეტილება №25357/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.07.2025
№ დოკუმენტი 25357/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25357/2/2025

08 ივლისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "-------" (ს/ნ "-------")

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,4.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------"-ის 23.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25357/2/2025).

 

დავის საგანი:

სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 10.12.2024 წლის №ELC44391 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 19.05.2025 წლის №10057 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 1 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

19.12.2022 წელს მომჩივნის მიერ საბაჟო გამშვები პუნქტი "-------"-საავტომობილოს გავლით განხორციელდა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (საიდენტიფიკაციო ნომერი "-------", სარეგისტრაციო ნომერი "-------") ზოგადი დეკლარირება, რომელსაც გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ბოლო ვადად განესაზღვრა 17.02.2023 წელი. აღნიშნულ ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე არ შესრულებულა საბაჟო კონტროლის ზონაში/გაფორმების ორგანოში წარდგენის ვალდებულება, ასევე არ განხორციელებულა მისი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება.

გამოვლენილ ფაქტზე საბაჟო დეპარტამენტის 10.12.2024 წლის №ELC44391 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

სადავო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 19.05.2025 წლის №10057 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლზე, 163-ე და 165-ე მუხლებზე.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ადმინისტრაციული აქტით საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

საჩივარში მითითებულ არგუმენტთან დაკავშირებით საგულისხმოა, რომ მოცემულ შემთხვევაში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო მარშრუტითა და დადგენილ ვადაში გადაზიდვის/გადატანის ვალდებულება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემომტან პირს ეკისრება. ვინაიდან "-------"-ის მიერ მოხდა ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანა, ის ვალდებული იყო ავტომობილი საბაჟო ორგანოში კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარედგინა, რაც არ განუხორციელებია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ წარმოადგენს აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს (არც არასოდეს ყოფილა). ფაქტობრივი მესაკუთრის თხოვნით (საზღვრის კვეთის დროს მესაკუთრე გვერდზე ეჯდა) მოახდინა ავტომობილის საზღვარზე გადაყვანა. საბუთები მესაზღვრეს ორივე პირმა გადასცა - მართვის მოწმობა წარუდგინა მომჩივანმა და განუმარტა, რომ თვითონ იყო მხოლოდ მძღოლი, ავტომობილის საბუთებთან ერთად პირადი საბუთები კი გადასცა მესაკუთრემ და შესაბამისად, მომჩივნის მესაკუთრედ დაფიქსირება და მისთვის რაიმე პასუხისმგებლობის დაკისრება არ უნდა მომხდარიყო. მისთვის ცნობილი არ არის ავტომანქანის მესაკუთრის ვინაობა/ადგილსამყოფელი და არც ავტომობილის ადგილსამყოფელზე ფლობს რაიმე ინფორმაციას, ვინაიდან საზღვრის კვეთის შემდგომ ავტომობილის საჭეს მართავდა სხვა პიროვნება.

მომჩივანი თვლის, რომ საბაჟოზე დაფიქსირებულია ავტომობილის მესაკუთრე და შესაბამისად, მას უნდა დაეკისროს ავტომობილის დეკლარირებისა და სამართალდარღვევაზე პასუხისმგებლობა. ითხოვს, საჩივრის განხილვისას გაითვალისწინებულ იქნეს ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, გაუქმდეს მის მიერ გასაჩივრებული ბრძანება და დაუბრუნდეს ჯარიმის სახით გადახდილი თანხა 1000 ლარი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საბაჟო ორგანომ შეიძლება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლისთვის განსაზღვროს საბაჟო მარშრუტი ან/და დაადგინოს ვადა, რომლის განმავლობაშიც ეს საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უნდა გადაადგილდეს. ამ შემთხვევაში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო მარშრუტითა და დადგენილ ვადაში გადაზიდვის/გადატანის ვალდებულება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემომტან პირს ეკისრება.

2. ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ იღებს მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობას, ეკისრება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-7 – მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) განისაზღვრება 60 კალენდარული დღით.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

დადგენილია, რომ მომჩივანს დანიშნულების საბაჟო ორგანომდე სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადის დარღვევის გამო, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის გათვალისწინებული სანქცია.

მომჩივანი განმარტავს, არ წარმოადგენს აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს (არც არასოდეს ყოფილა). ფაქტობრივი მესაკუთრის თხოვნით (საზღვრის კვეთის დროს მესაკუთრე გვერდზე ეჯდა) მოახდინა ავტომობილის საზღვარზე გადაყვანა. საბუთები მესაზღვრეს ორივე პირმა გადასცა - მართვის მოწმობა წარუდგინა მომჩივანმა და განუმარტა, რომ თვითონ იყო მხოლოდ მძღოლი, ავტომობილის საბუთებთან ერთად პირადი საბუთები კი გადასცა მესაკუთრემ და შესაბამისად, მომჩივნის მესაკუთრედ დაფიქსირება და მისთვის რაიმე პასუხისმგებლობის დაკისრება არ უნდა მომხდარიყო. მისთვის ცნობილი არ არის ავტომანქანის მესაკუთრის ვინაობა/ადგილსამყოფელი და არც ავტომობილის ადგილსამყოფელზე ფლობს რაიმე ინფორმაციას, ვინაიდან საზღვრის კვეთის შემდგომ ავტომობილის საჭეს მართავდა სხვა პიროვნება. საბაჟოზე დაფიქსირებულია ავტომობილის მესაკუთრე და შესაბამისად, მას უნდა დაეკისროს ავტომობილის დეკლარირებისა და სამართალდარღვევაზე პასუხისმგებლობა.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 2.07.2025 წლის №------წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივნის მიერ საბაჟო გამშვები პუნქტი სადახლო-საავტომობილოს გავლით განხორციელდა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოში შემოყვანა და ზოგადი დეკლარირება, თუმცა დადგენილ ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე არ შესრულებულა საბაჟო კონტროლის ზონაში/გაფორმების ორგანოში წარდგენის ვალდებულება, ასევე არ განხორციელებულა მისი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება.

მომჩივნის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტთან დაკავშირებით, საბჭო მიუთითებს რომ მოცემულ შემთხვევაში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო მარშრუტითა და დადგენილ ვადაში გადაზიდვის/გადატანის ვალდებულება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემომტან პირს ეკისრება და ვინაიდან, მომჩივნის მიერ მოხდა ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანა, ის ვალდებული იყო ავტომობილი საბაჟო ორგანოში კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარედგინა, რაც არ განუხორციელებია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანს მართებულად დაეკისრა პასუხისმგებლობა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს, საჩივრის განხილვისას გაუქმდეს მის მიერ გასაჩივრებული ბრძანება და დაუბრუნდეს ჯარიმის სახით გადახდილი თანხა 1000 ლარი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

19.12.2022 წელს მომჩივნის მიერ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით განხორციელდა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება, რომელსაც გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ბოლო ვადად განესაზღვრა 17.02.2023 წელი. აღნიშნულ ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე არ შესრულებულა საბაჟო კონტროლის ზონაში/გაფორმების ორგანოში წარდგენის ვალდებულება, ასევე არ განხორციელებულა მისი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება. გამოვლენილ ფაქტზე დეპარტამენტის მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანს მართებულად დაეკისრა პასუხისმგებლობა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

71,165.