გადაწყვეტილება №25497/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 01.10.2025
№ დოკუმენტი 25497/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

01 ოქტომბერი 2025

N 25497/2/2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ----- (ს/ნ -----)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 05.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 21.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 25497/2/2025).

 

დავის საგანი:

საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. იმპორტის გადასახდელების დარიცხვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 05.06.2025 წლის N EL286907 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 05.06.2025 წლის N EL11114/67 საგადასახადო მოთხოვნა;

3. შემოსავლების სამსახურის 04.07.2025 წლის N 15191 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

4 389.15 ლარი (05.06.2025 წლის N EL11114/67 საგადასახადო მოთხოვნა).

 

მათ შორის:

გადასახადი - 3 435.98;

დღგ საბაჟო - 1 435.98;

აქციზის გადასახადი საბაჟოზე - 2 000;

საურავი - 953.17;.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 3 435.98 (05.06.2025 წლის N EL286907 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი).

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:

22.05.2025 წელს გაფორმების ეკონომიკურ ზონა აეროპორტს N -----/21-10-20 განცხადებით მიმართა საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელმა – შპს ----- (ს/ნ -----) და აცნობა, რომ კომპანიის მიერ შიდა აუდიტის ჩატარებისას გამოვლინდა საქონლის დანაკლისი, კერძოდ, შპს ----- (ს/ნ -----) მიერ N ----- (07.12.2021წ.) საქონლის საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლიდან (2 000 ცალი ელ. სიგარეტი) ნაწილი (1 000 ცალი) მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში, ხოლო დარჩენილი რაოდენობა (1 000 ცალი) არც გაფორმებული იყო და არც საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე არ იყო განთავსებული.

გამოვლენილ ფაქტზე 05.06.2025 წლის N EL286907 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს საბაჟო საწყობთან (შპს -----) სოლიდარულად შეეფარდა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა, საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის (3 435.98 ლარი) ოდენობით. ამასთანავე, საბაჟო კოდექსის 49-ე, 64-ე მუხლებისა და საგადასახადო კოდექსის 64-ე, 272-ე მუხლების გათვალისწინებით, გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა N EL11114/67, რომლითაც მომჩივანს დაერიცხა იმპორტის გადასახდელი და საურავი ჯამში 4 389.15 ლარის ოდენობით.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 04.07.2025 წლის N 15191 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 64-ე მუხლზე, 272-ე მუხლზე, საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლზე, 64-ე მუხლზე, 70-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 127-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 172-ე მუხლზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 3) პირველი მუხლის პირველ და მე-2 პუნქტზე.

დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მომჩივნის მიერ N ----- (07.12.2021წ.) საქონლის საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლიდან (2 000 ცალი ელ. სიგარეტი) ნაწილი (1 000 ცალი) მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში, ხოლო დარჩენილი რაოდენობა (1 000 ცალი) არც გაფორმებული იყო და არც საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე არ არის განთავსებული. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას და ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, ხოლო ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია, მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელთან ერთად სოლიდარულად დაკისრება მართლზომიერია.

ვინაიდან არსებობს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, ასეთ შემთხვევაში საბაჟო ორგანო აფიქსირებს საბაჟო სამართალდარღვევას და პირს წარუდგენს საგადასახადო მოთხოვნას წარმოშობილ ვალდებულებაზე. ამდენად, მომჩივნისთვის უკანონოდ განკარგულ/დაკარგულ/განადგურებულ საქონელზე იმ ოდენობის იმპორტის გადასახდელის დარიცხვა, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას, ასევე საგადასახადო კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავის დაკისრებაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.

შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს, რომ საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოშობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დარიცხული თანხა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

07.12.2021 წელს მომჩივნის მიერ საქართველოში იმპორტირებული იქნა 2 000 ცალი ელექტრონული სიგარეტი (საბაჟო დეკლარაცია N ----- 07.12.2021წ.). საბაჟო უწყების გადაწყვეტილებით, ტვირთის გატანა საწყობიდან მომჩივანს დროებით შეეზღუდა. მიზეზად დასახელდა შეფუთვაზე წარწერის შესაძლო შეუსაბამობა (მებაჟე ოფიცერმა საეჭვოდ მიიჩნია შეფუთვაზე დაწერილი 1 200 ნაფაზის და მოცულობის 2 მლ შესაბამისობა) და საბაჟო დეპარტამენტმა მოითხოვა ექსპერტიზის ჩატარება. სამწუხაროდ, ექსპერტიზა ვერ განხორციელდა, ვინაიდან ვერცერთმა აკრედიტებულმა ექსპერტმა პასუხისმგებლობა ვერ აიღო აღნიშნულ პროდუქციაზე ექსპერტიზის ჩატარებაზე, რადგან არ ჰქონდათ მსგავს საქონელზე მუშაობის გამოცდილება. ტვირთიდან 1 000 ერთეული ელექტრონული სიგარეტი 24.12.2021 წელს განბაჟდა, რაც დოკუმენტურად დასტურდება (საბაჟო დეკლარაცია N -----, 24.12.2021წ.). ტვირთის მეორე ნაწილი (1 000 ცალი) სრულად დარჩა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ, მომჩივანს არ გამოუტანია, არ მიუღია მფლობელობაში და არ განუბაჟებია (77 კგ და მათ მიერ წამოღებული იქნა 29.05 კგ).

როგორც შემოსავლების სამსახურის ბრძანებაშია აღნიშნული, 22.05.2025 წელს გაფორმების ეკონომიკურ ზონა აეროპორტს N ----- /21-10-20 განცხადებით მიმართა საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელმა – შპს ----- (ს/ნ -----) და აცნობა, რომ კომპანიის მიერ შიდა აუდიტის ჩატარებისას გამოვლინდა საქონლის დანაკლისი, კერძოდ, შპს ----- (ს/ნ -----) მიერ N ----- (07.12.2021წ.) საქონლის საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლიდან (2 000 ცალი ელ. სიგარეტი) ნაწილი (1 000 ცალი) მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში, ხოლო დარჩენილი რაოდენობა (1 000 ცალი) არც გაფორმებული იყო და არც საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე არ იქნა განთავსებული.

ზემოაღნიშნული ფაქტის გამოვლენის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ შპს ----- აღიარა, რომ მომჩივანს საბაჟო საწყობიდან საქონელი არ გამოუტანია, არ მიუღია მფლობელობაში და მომჩივნის მონაწილეობით არ განბაჟებულა, შემოსავლების სამსახურმა საქონლის უკანონო განკარგვის გამო, მის საწინააღმდეგოდ გამოსცა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც დაერიცხა დამატებითი ღირებულების გადასახადი 1 435.98 ლარი, აქციზის გადასახადი 2 000 ლარი, შესაბამისი თანხის 100 % ჯარიმა 3 435.98 ლარი, ასევე საურავი.

სრულიად უსაფუძვლოდ მიაჩნია ამ არგუმენტით მის წინააღმდეგ სამართალდარღვევის ოქმის და საგადასახადო მოთხოვნის გამოცემა, ვინაიდან შემოსავლების სამსახურს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ კომპანიის მიერ მოხდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა. უფრო მეტიც, საშემოსავლო სამსახურის ბრძანებაში მოხმობილი ნორმები საბაჟო კოდექსიდან და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 3) მიხედვით, საქონლის შენახვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ და მხოლოდ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს.

კომპანიას ტვირთი არც ერთ ეტაპზე არ გამოუტანია საბაჟო საწყობიდან, არ ყოფილა განბაჟებული და არც მფლობელობაში მიღებული. შესაბამისად, საქონლის უკანონო განკარგვა ვერ მოხდებოდა მომჩივნის მონაწილეობით. საქონლის უკანონო განკარგვასთან დაკავშირებული ნორმებით მომჩივნის წინააღმდეგ სამართალდარღვევის ოქმის და საგადასახადო მოთხოვნის გამოცემა არის უსაფუძვლო, რადგან საქონელი არ გამოსულა საბაჟო ზედამხედველობიდან, შესაბამისად, არ წარმოშობილა იმპორტის გადასახადის ვალდებულება. კომპანიის მხრიდან არ მომხდარა რაიმე დარღვევა, რომელსაც შეეძლო გამოეწვია ჯარიმის და საურავის დაკისრება. საქონლის დაკარგვის ფაქტი მოხდა სახელმწიფოს ზედამხედველობის ქვეშ მყოფ კომპანიაში, რაც ცხადყოფს, რომ არ ყოფილა ვალდებული სუბიექტი აღნიშნულ გადასახადებზე. შესაბამისად, მომჩივანს მიაჩნია, რომ გადასახადების, ჯარიმების და საურავების დარიცხვა სამართლებრივად უსაფუძვლოა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის და შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას, ასევე ყველა დარიცხული გადასახადის და სანქციის მოხსნას, საქმის სრულ გადახედვას, ტვირთის დაკარგვის მიზეზების ოფიციალურ გამოძიებას, ტვირთის დაკარგვის ფაქტის ოფიციალურად დადასტურებას და საჩივრის განხილვას ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობა არის საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

 

საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აგრეთვე თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებებს და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ღონისძიებებს.

2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება. ამ კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრის შემდეგ საბაჟო ზედამხედველობას არ ექვემდებარება. უცხოური საქონელი მისი საბაჟო სტატუსის შეცვლამდე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან ამ კოდექსის XV თავის შესაბამისად განკარგვამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს.

საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო საწყობის მფლობელი და საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებული არიან არ დაუშვან საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად და შეასრულონ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დასაწყობებიდან გამომდინარე მოთხოვნები.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართ N 3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის მიხედვით, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო:

ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას;

ბ) საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.

საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

საგადასახადო კოდექსის 272–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-5 ნაწილით, თუ სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია, მათ ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სოლიდარულად ეკისრებათ.

საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 01.08.2025 წლის N -----21-10 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ 22.05.2025 წელს საბაჟო დეპარტამენტს N -----/21-10-20 განცხადებით მიმართა საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელმა – შპს ----- (ს/ნ -----) და აცნობა, რომ კომპანიის მიერ შიდა აუდიტის ჩატარებისას გამოვლინდა საქონლის დანაკლისი, კერძოდ, შპს ----- (ს/ნ -----) მიერ N ----- (07.12.2021წ.) საქონლის საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლიდან (2 000 ცალი ელ. სიგარეტი) ნაწილი (1 000 ცალი) მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში, ხოლო დარჩენილი რაოდენობა (1 000 ცალი) არც გაფორმებული იყო და არც საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე არ იყო განთავსებული.

მომჩივანი განმარტავს, რომ 07.12.2021 წელს საქართველოში განახორციელა 2 000 ცალი ელექტრონული სიგარეტის შემოტანა, საიდანაც 1 000 ერთეული გაიმპორტდა 24.12.2021 წელს, ხოლო დარჩენილი 1 000 ერთეული სრულად დარჩა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო საწყობიდან არ გაუტანია. საბაჟო დეპარტამენტი ედავება საქონლის უკანონო განკარგვას, რასაც არ ეთანხმება, ვინაიდან კომპანიას დარჩენილ ტვირთთან არც ერთ ეტაპზე არ ჰქონდა წვდომა საბაჟო საწყობში. შესაბამისად, მისი მონაწილეობით საქონლის უკანონო განკარგვა ვერ მოხდებოდა.

საბაჟო ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, შპს ----- (ს/ნ -----) პირადი აღრიცხვის ბარათის მიხედვით, მისთვის გაფორმების ეკონომიკური ზონა აეროპორტის მიერ N EL286900 (05.06.2025წ.) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული საბაჟო სანქცია (3 435.98 ლარი) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე გადატანილია 25.07.2025 წელს (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ) და დღეის მდგომარეობით აღნიშნული საბაჟო სანქციის თანხა აღარ წარმოადგენს საგადასახადო დავალიანებას - გადახდილია ბიუჯეტში. შპს ----- (ს/ნ -----) პირადი აღრიცხვის ძირითადი ბარათის მე-19 სვეტში დღეის მდგომარეობით ასახულია ზედმეტად გადახდილი თანხა. „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის N 13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, აღიარებული სანქციის თანხები აღირიცხება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე, ხოლო ამავე მეთოდური მითითების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ.ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითადი ბარათის მე-19 სვეტში „აისახება ზედმეტად გადახდილი თანხები, სვეტში მონაცემები აისახება იმ შემთხვევაში, როდესაც გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი ან/და დეკლარირებით წარმოქმნილი ზედმეტობის ოდენობა აღემატება ამ ბარათზე დარიცხულ გადასახადებისა და სანქციების თანხას“. აქვე აღნიშნულია, რომ N EL286900 (05.06.2025წ.) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შპს ---- (ს/ნ -----) საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაკისრებული აქვს შპს ----- (ს/ნ -----) სოლიდარულად, N ----- (07.12.2021წ.) საქონლის საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის (2 000 ცალი ელ. სიგარეტი) ნაწილის (1 000 ცალი ელ. სიგარეტი) უკანონო განკარგვის, დაკარგვის ან განადგურებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ერთ-ერთი მოვალის მიერ სოლიდარული ვალდებულების მთლიანად შესრულება ათავისუფლებს შესრულებისაგან დანარჩენ მოვალეებს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 467-ე მუხლი), საბჭო მიიჩნევს, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იძლევა მომჩივანზე დაკისრებული პასუხისმგებლობის (საბაჟო დეპარტამენტის 5.06.2025 წლის N EL286907 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი) კორექტირების საფუძველს, ხოლო, დანარჩენ ნაწილში (იმპორტის გადასახდელი), დარიცხვა მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 04.07.2025 წლის N 15191 ბრძანება;

3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. იმპორტის გადასახდელების დარიცხვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

გაფორმების ეკონომიკურ ზონას განცხადებით მიმართა საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელმა და აცნობა, რომ კომპანიის მიერ შიდა აუდიტის ჩატარებისას გამოვლენილ იქნა საქონლის დანაკლისი. კერძოდ, კომპანიის მიერ საქონლის საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლიდან ნაწილი მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში, ხოლო დარჩენილი რაოდენობა არც გაფორმებული იყო და არც საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე არ არის განთავსებული. პირს დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო საწყობთან სოლიდარულად და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა, გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა რომლითაც ვალდებულ პირს დაერიცხა იმპორტის გადასახდელი და საურავი.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება:

საბჭო მიიჩნევს, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იძლევა მომჩივანზე დაკისრებული პასუხისმგებლობის კორექტირების საფუძველს, ხოლო, დანარჩენ ნაწილში (იმპორტის გადასახდელი), დარიცხვა მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 272;.

საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 172;.