ბრძანება N 26705
📄 სრული ტექსტი
N 26705
19 დეკემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------);
მის: ----------;
2024 წლის 29 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 13 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №131) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №93109/1/2024 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 19 ნოემბრის №AL057886, 20 ნოემბრის №AL057921, 26 ნოემბრის №AL058049 და №AL058050 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ კომპანიას გამართულად აქვს მოწყობილი ინფრასტრუქტურა, შესაბამისი აღჭურვილობები და მინიმიზებულია ინციდენტები, თუმცა ფიქსირდება საგამონაკლისო შემთხვევებიც, როდესაც ხდება მცირე ტექნიკური შეფერხებები, რომლებიც იწვევს სისტემის გაუმართაობას.
პარკის ტერიტორია არის ღია გაშლილი სივრცე, რომელიც მდებარეობს ---------- აეროპორტთან ახლოს. აღნიშნულ მონაკვეთში ხშირია ბუნებრივი მეტეოროლოგიური პირობების გაუარესება (ხშირად ფიქსირდება ძლიერი ქარი), რის გამოც არაერთხელ მომხდარა ელექტროგადამცემი თუ სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დროებითი შეფერხება/გათიშვა. ოქმებში სადაც აღნიშნულია, რომ ვიდეო კამერაში არ ფიქსირდება სისტემაში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება, გამოწვეულია ძლიერი ქარის დროს კამერის მიმართულების შემთხვევითი ცვლილებით, რაც შეუმჩნეველი დარჩა ადმინისტრაციას. აღნიშნულის შესახებ შეიტყო მხოლოდ სადავო ოქმების მიღების შემდეგ, რის შემდეგ დაუყოვნებლივ მოახდინა შესაბამისი რეაგირება (კამერის მიმართულების გასწორება დადგენილი ფორმით). ბუნებრივია კომპანია დღის განმავლობაში მრავალ სატრანსპორტო საშუალებას ემსახურება და როგორც ადამიანური ისე ბუნებრივი ფაქტორები ვერ იქნება 100 პროცენტიანი სიზუსტით დაზღვეული. აგრეთვე იმ ოქმებთან დაკავშირებით სადაც აღნიშნულია, რომ თითქოსდა სატრანსპორტო საშუალება გაშვებული იქნა განსაზღვრულ ვადაზე ადრე და არ შეატყობინეს საბაჟო ორგანოს, მომჩივანი განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალებებს არ ჰქონდათ იმ დროს დატოვებული შესაბამისი პარკის ტერიტორია. სატრანსპორტო საშუალებებს უფიქსირდებოდათ საბაჟო დეკლარაციებში პრობლემური საკითხები, რომლებიც გამოსწორებული იქნა საბაჟო დეპარტამენტის მეშვეობით. არ ფიქსირდებოდა დროულად ინფორმაციის გადაცემა, ხოლო ამ პერიოდში სატრანსპორტო საშუალებები ფაქტობრივად იმყოფებოდნენ პარკის ტერიტორიაზე. აღნიშნული ტექნიკური გაუმართაობა არ ყოფილა მისი ბრალეულობით გამოწვეული და შესაბამისად არ უნდა განხორციელებულიყო სამართალდარღვევის ოქმების შედგენა.
აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო ოქმების გაუქმებას და დარიცხული ჯარიმების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 19 ნოემბერს, 20 ნოემბერს და 26 ნოემბერს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ მიმდებარედ არსებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგის მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული, შპს „----------“ (ს/ნ ----------) კუთვნილი ავტოსადგომის კამერალური შემოწმება. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია განხორციელდა დადგენილი წესების დარღვევით, კერძოდ:
1. №---------- ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას (რიგის ნომერი – ----------; თარიღი – ----------) მითითებული სატრანსპორტო საშუალება არ იდგა სარეგისტრაციო კამერასთან, რაც დასტურდება ნომრის ამომცნობი სპეციალური ვიდეოკამერის მიერ გადაღებული ფოტოსურათით;
2. №---------- ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას (რიგის ნომერი – ----------; თარიღი – ----------) მითითებული სატრანსპორტო საშუალება არ იდგა სარეგისტრაციო კამერასთან, რაც დასტურდება ნომრის ამომცნობი სპეციალური ვიდეოკამერის მიერ გადაღებული ფოტოსურათით;
3. №---------- ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის (რიგის ნომერი – ----------; თარიღი – ----------) შემდეგ, სატრანსპორტო საშუალებამ ავტოსადგომის ტერიტორია დატოვა განსაზღვრულ ვადაზე ადრე და ავტოსატრანსპორტო საშუალების ავტოსადგომიდან გასვლის შესახებ ავტოსადგომის ადმინისტრაციას ინფორმაცია არ მოუწოდებია საბაჟო ორგანოსთვის. მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო №---------- (----------) აღრიცხვის მოწმობით საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი, საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადდა 2024 წლის 22 ნოემბერს 11:42 საათზე, რაც დასტურდება მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „eCustoms“- ში ასახული მონაცემებით;
4. №---------- ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის (რიგის ნომერი – ----------; თარიღი – ----------) შემდეგ, სატრანსპორტო საშუალებამ ავტოსადგომის ტერიტორია დატოვა განსაზღვრულ ვადაზე ადრე და ავტოსატრანსპორტო საშუალების ავტოსადგომიდან გასვლის შესახებ ავტოსადგომის ადმინისტრაციას ინფორმაცია არ მოუწოდებია საბაჟო ორგანოსთვის. მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო №---------- (----------) აღრიცხვის მოწმობით საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი, საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადდა 2024 წლის 21 ნოემბერს 01:18 საათზე, რაც დასტურდება მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „eCustoms“- ში ასახული მონაცემებით.
ვინაიდან შპს „----------“ მიერ განმეორებით (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №AL056170 (12.09.2024)) დაირღვა ავტოსადგომის მუშაობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები, გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტებზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა №AL027886 (19.11.2024), №AL057921 (21.11.2024), №AL058050 (26.11.2024) და №AL058049 (26.11.2024) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც შპს „----------“ (ს/ნ ----------) დაეკისრა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1271 მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა თითოეული ოქმით 1 000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №258/№73 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ავტოსადგომზე ავტოსატრანსპორტო საშუალების შესვლისას ავტომატურად (ნომრის ამომცნობი სპეციალური ვიდეოკამერით) ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომრის იდენტიფიცირება, მონაცემთა ბაზაში გადამოწმება, „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ რეგისტრაცია და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, პრიორიტეტულად გადასაადგილებლის სტატუსის მინიჭება. ამასთან, ავტოსადგომის ადმინისტრაცია ვალდებულია, გადაამოწმოს ავტომატურად (ნომრის ამომცნობი სპეციალური ვიდეოკამერით) აღქმული და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომრის ფაქტობრივი მონაცემები და განსხვავების შემთხვევაში, უზრუნველყოს „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ასახული არასწორი მონაცემების შესწორება.
ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ავტოსადგომზე შესვლისას, შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობის მეშვეობით მძღოლზე გაიცემა ქვითარი (გარდა ამ მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), სადაც მითითებული იქნება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი, ავტოსადგომზე შესვლის თარიღი და დრო, აგრეთვე რიგის ნომერი და ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების პრიორიტეტის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო შეუძლებელია ქვითრის ამობეჭდვა, აღნიშნული მონაცემები მიეთითება შესაბამის ფურცელზე და დამოწმდება ავტოსადგომის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. ამასთან, ავტოსადგომის ადმინისტრაცია ვალდებულია აღნიშნული ქვითარი/შესაბამისი ფურცელი გასცეს მხოლოდ ავტოსადგომზე შესულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.
ამავე მუხლის მე-17 პუნქტის მიხედვით, „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ასახული მონაცემების გამოყენებით განსაზღვრულ ვადაზე ადრე ავტოსატრანსპორტო საშუალების ავტოსადგომიდან გასვლის შემთხვევაში, ავტოსადგომის ადმინისტრაცია ვალდებულია, „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის გაუქმების მიზნით, აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს საბაჟო ორგანოს. ამასთან, ავტოსადგომზე დაბრუნების შემთხვევაში, ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება რიგის ნომრის თავიდან მინიჭებას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მე-10 მუხლით დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 23-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 1271 -ე მუხლის 31 ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან არაუმეტეს 20 კმ-ის რადიუსში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებული და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული M2, M3, N2 და N3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომის მუშაობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ამავე მუხლის 32 ნაწილის მიხედვით კი, ამ მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივანმა დაარღვია ავტოსადგომის მუშაობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები. შესაბამისად, მისი მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ მოქმედებებს, რომლისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობები, ხოლო ვინაიდან, მომჩივანი არის ადმინისტრაციულ სახდელდადებული და ერთი წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვებები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1271 -ე მუხლის 32 ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული სახდელების (ჯარიმები) დადება მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად იქნეს დატოვებული 2024 წლის 19 ნოემბრის №AL057886, 20 ნოემბრის №AL057921, 26 ნოემბრის №AL058049 და №AL058050 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და მათ საფუძველზე დადებული სახდელი;
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზ. №358) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს სადავო ოქმების გაუქმებას და დარიცხული ჯარიმების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილია, რომ მომჩივანმა დაარღვია ავტოსადგომის მუშაობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები. შესაბამისად, მისი მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ მოქმედებებს, რომლისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობები, ხოლო ვინაიდან, მომჩივანი არის ადმინისტრაციულ სახდელდადებული და ერთი წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვებები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად ადმინისტრაციული სახდელების (ჯარიმები) დადება მართლზომიერია.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შემდეგ ნორმებს: 1271(32).