ბრძანება N 18630

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 31.07.2023
№ დოკუმენტი 18630
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18630

31 ივლისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---“-ს (ს/ნ ---)

(მის.: ---№1) 2023 წლის 28 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 და 28 ივლისის სხდომებზე (ოქმები №75 და №79) განიხილა შპს „---“-ს (ს/ნ ---) №81961/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 29 მაისის №EL211182 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და 30 მაისის №EL77777/14 (№001-14) საგადასახადო მოთხოვნას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ შპს ,---"-ს (ს/ნ ---) მიერ 2021 წლის 12 იანვარს №11111/A 2316 საბაჟო დეკლარაციით დასაწყობებული საქონელი - ფილტრიანი სიგარეტი PREZIDENT FULL FLAVOUR (პროგრამული ნაშთი 100000 კოლოფიდან) 98309 კოლოფი შემოწმების აქტი №02-WHS2023-ის მიხედვით ინახებოდა შპს ----ს კუთვნილ საბაჟო საწყობში (WHS200240079A; დანიშნულების კოდი GEO37). ე.ი. შპს ----ს მიერ მოხდა მაქსიმუმ 100000-98309=1691 კოლოფის ,,განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება" (დამატებით დასარიცხია დღგ საბაჟო 1707.43 ლარი; აქციზის გადასახადი საბაჟოზე - 7 947.7 ლარი; იმპორტის გადასახადი 164.79 ლარი; სანქცია სსკ-ის 172-ე მუხლით 9 819.92 ლარი სულ 19 639.84 ლარი. რაც შეეხება საურავს იგი (აგრეთვე დამატებით დარიცხული თანხები) დარიცხულია დასაწყობების და არა აღმოჩენის (18.05.2023 წ) მომენტში. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტების ნაწილობრივ გაუქმებას და დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2021 წლის 16 დეკემბრის №18079/15-04- 02 (რეგ. №260124/21-10 17.12.2021) და 20 დეკემბრის №18197/15-04-02 (რეგ. №261720/21-10 20.12.2021) მომართვებისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 20 დეკემბრის №39356 და 2022 წლის 21 იანვრის №1120 ბრძანებების საფუძველზე, 2021 წლის 21 დეკემბრიდან - 2023 წლის 18 მაისის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა ---ში მდებარე, შპს „---“-ს (ს/ნ ---) კუთვნილი საბაჟო საწყობების (WHS200240079 – GEA22; 31 ივლისი 2023 N 18630 WHS200240079A – GEO37) სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი და ამავე საწყობში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ნაშთების შემოწმება.

აღნიშნული ბრძანებების ფარგლებში, საბაჟო საწყობის სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი და საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ნაშთების შემოწმება განხორციელდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საბაჟო კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციისა და „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შერჩევით შემოწმებაზე დამყარებული პრინციპით.

შპს „---“-ს (ს/ნ ---) საბაჟო საწყობში (WHS200240079 – GEA22) არსებული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაშთების შემოწმებისას (შემოწმების აქტი №01- WHS2023 18.05.2023), აღნიშნულ საბაჟო საწყობში არ აღმოჩნდა შპს „---“-ს (ს/ნ ---) კუთვნილი, №11111/C2140/A2316/2021 საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონელი – ფილტრიანი სიგარეტი „PREZIDENT FULL FLAVOUR“ 100 000 კოლოფი (200 ყუთი).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან შპს „---“-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 29 მაისს შედგენილ იქნა №EL211182 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „---“-ს (ს/ნ ---) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 580716.98 ლარის (უკანონოდ განკარგულ საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.

ამასთან ერთად, 2023 წლის 30 მაისს გამოიცა №EL77777/14 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შპს „---“-ს (ს/ნ ---) იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა 580716.98 ლარის (დღგ – 100971.84 ლარი; აქციზის გადასახადი – 470 000 ლარი; იმპორტის გადასახადი – 9745.14 ლარი) და საურავი – 252031.17 ლარის ოდენობით.

შპს „---“-ის დირექტორი --- და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი თანამშრომლები (---) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 იანვრის განაჩენით (საქმე №1/3659-32; №092141221007) ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 214-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ამავე განაჩენით, სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დამნაშავედ იქნა ცნობილი იურიდიული პირი – შპს „---“ (ს/ნ ---).

მითითებული განაჩენით დადგინდა, რომ შპს „---“-ის საბაჟო საწყობიდან ხორციელდებოდა არადეკლარირებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება იმპორტის გადასახდელების გადახდის გარეშე, ასევე უაქციზო სიგარეტის საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანა და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება. საბაჟო საწყობის მიერ დარღვეული იყო არაერთი სანებართვო პირობა, მათ შორის, თვითნებურად მოხდა საბაჟო საწყობის ტერიტორიის გაზრდა მომიჯნავე არასაბაჟო ტერიტორიის ხარჯზე, დარღვეული იყო საბაჟო საწყობში განთავსებული ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერების უწყვეტობა, რაც საბაჟო საწყობს საშუალებას აძლევდა საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის შეტანა და კონტროლის ზონიდან საქონლის გატანა განეხორციელებინა არასაბაჟო ტერიტორიის გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად. ამავე განაჩენით დადგენილია, რომ საბაჟო საწყობის სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობის გამო, 2021 წლის 16 დეკემბერს №WHS200240079A საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა 630 842 ლარის ღირებულების, ხოლო №WHS200240079 საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე – 1 913 225 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონლის დანაკლისი.

წარმოდგენილი ინფორმაციით, ვინაიდან საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის პირობა, იმპორტის გადასახდელის და საურავის დარიცხვა განხორციელდა საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევის დეკლარაციის (№11111/C2140/A2316/2021 12.01.2021) რეგისტრაციის მომენტიდან.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:

საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;

საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლით დადგენილია:

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი აზუსტებს:

1. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია არ დაუშვას საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად. შეასრულოს საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დასაწყობებიდან გამომდინარე მოთხოვნები. ამასთან, საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.

„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ პუნქტის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.

ამავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია საქონლის დაკარგვის ან დანაკლისის (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) აღმოჩენის შემთხვევაში, დანაკლისის შესახებ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის შესაბამისად, გადაიხადოს იმპორტის გადასახდელი იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა იმპორტის გადასახდელი ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

ამავე საკანონმდებლო აქტის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა: უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა;

უცხოური საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის:

ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას;

ბ) საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

ამავე კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას და ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ზემოაღნიშნული საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია. იმ პირობებში, როცა ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის პირობა, საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი. ვინაიდან, არსებობს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული ვალდებულება და საურავი (მათ შორის დარიცხული თანხის ოდენობა) მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---“-ს (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენარული დღის ვადაში.

 

 

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი ითხოვს სადავო აქტების ნაწილობრივ გაუქმებას და დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ვინაიდან მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 29 მაისს შედგენილ იქნა №EL211182 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საწარმოს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 580716.98 ლარის (უკანონოდ განკარგულ საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 272; 64.

საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 6; 70; 127; 163; 172; 49.