გადაწყვეტილება №24550/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 20.02.2025
№ დოკუმენტი 24550/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№ 24550/2/2024

20 თებერვალი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ -------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ --------- 30.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24450/2/2024).

 

დავის საგანი:

პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული დავალიანების მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 ოქტომბრის №035-12 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 3 დეკემბრის №25336 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 175 135.36 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 93 600

დღგ - 70 878

საშემოსავლო გადასახადი - 22 534

ქონების გადასახადი - 188

ჯარიმა - 55 284

საურავი - 26 251.36

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 29 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 15 აპრილის №8650 ბრძანება და ამავე თარიღის №035-4 საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 31 მაისის №12931 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი. კერძოდ:

დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრის მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ, გაცემული ხელფასების მიმართ შეღავათის გავრცელების საფუძვლების შესახებ;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახულ მიმდინარე გადასახდელებში შესაძლო ტექნიკური უზუსტობის არსებობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 5 ივლისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც, გადაანგარიშებას (შემცირებას) დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების საფუძველზე დარიცხული თანხები სულ 13 402 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 12 ივლისის №035-9 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 ივლისის №035-9 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 2 სექტემბრის №19685 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი. კერძოდ:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრის დანართად წარმოდგენილი) და ჩათვლის მიღებასთან კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 სექტემბრის №19685 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 16 სექტემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც, გადაანგარიშებას (შემცირებას) დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების საფუძველზე დარიცხული თანხები სულ 12 832 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 27 სექტემბრის №035-11 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ასევე, გადასახადის გადამხდელმა 2024 წლის 3 ოქტომბერს №547399 წერილით მოითხოვა 2023 წლის სავადო თარიღით დარიცხული მიმდინარე გადასახდელების შემცირება, რის საფუძველზეც აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 9 ოქტომბრის №679/2 დასკვნა, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელები 22 420 ლარის ოდენობით.

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 ოქტომბერს გამოცემული №976/2 დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოწმების შედეგად, დადგენილი შემოსავლების და გამოვლენილი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს 2022 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე გადასახდელის ნაწილში დაერიცხა 30 992 ლარი, შემდეგი სადავო თარიღების მიხედვით:

15.05.2023-7 731 ლარი, 15.07.2023-7 731 ლარი, 15.09.2023 7 731 ლარი, 15.12.2023-7 731 ლარი. შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს გადაწყვეტილებით მოხდა 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში ხარჯების გაზრდა (აქტით დარიცხული გადასახდელების შემცირება), რის შედეგადაც შემცირდა 2022 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე გადასახდელები 8 502 ლარით. გადამხდელის მიერ 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის პერიოდში (01.04.2024 წ) გამოცემული არ იყო საგადასახადო მოთხოვნა (გამოიცა 15.04.2024 წ), შესაბამისად, ამ პერიოდში არ იყო დარიცხული მიმდინარე გადასახდელები, რის შედეგადაც ვერ მოხდა 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის საფუძველზე დარიცხული მიმდინარე გადასახდელების შემცირება (30 992). შემცირდა მხოლოდ დასკვნის საფუძველზე შემცირებული მიმდინარე გადასახდელები, კერძოდ, 8 502 ლარი.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს მიერ, 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე გადასახდელში დეკლარაციის წარდგენის მომენტში არ მომხდარა მიმდინარე გადასახდელების 22 420 ლარის შემცირება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დაკორექტირდა (შემცირდა) შემოწმების შედეგად გადამხდელის დროებით ბარათზე დარიცხული/დასარიცხი მიმდინარე გადასახდელები.

აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 24 ოქტომბრის №035-12 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 3 დეკემბრის №25336 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ, მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს.

ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილ საჩივარზე მომჩივანს დართული აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი, ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის თაობაზე.

სასარჩელო მოთხოვნაში მომჩივანს მითითებული აქვს შემდეგი:

„გთხოვთ ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №22864 გადასახადის 93 600 ლარის და საურავის 26 251,36 ლარის ნაწილში; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 ოქტომბრის საგადასახადო მოთხოვნა №035-12 და 2024 წლის 9 ოქტომბრის აუდიტორის ------- დასკვნა №679/2; ასევე 2024 წლის 3 დეკემბრის შემოსავლების სამსახურის №25336 ბრძანება, 2024 წლის 25 ნოემბრის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ვინაიდან საქმის გარემოებებით დგინდება, რომ მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301- ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული დავალიანების მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელს 2022 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე გადასახდელის ნაწილში დაერიცხა გადასახადი სადავო თარიღების მიხედვით.

გადასახადის გადამხდელს მიერ, 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე გადასახდელში დეკლარაციის წარდგენის მომენტში არ მომხდარა მიმდინარე გადასახდელების შემცირება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დაკორექტირდა (შემცირდა) შემოწმების შედეგად გადამხდელის დროებით ბარათზე დარიცხული/დასარიცხი მიმდინარე გადასახდელები. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 24 ოქტომბრის №035-12 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 3 დეკემბრის №25336 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დარჩეს განუხილველი;

ვინაიდან საქმის გარემოებებით დგინდება, რომ მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301- ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 301(ი)