ბრძანება N 10264

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.05.2026
№ დოკუმენტი 10264
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 10264

08 მაისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ --)

(მის.: ქ. ---) 2026 წლის 16 თებერვლის

საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 3 აპრილის და პირველი მაისის სხდომებზე (ოქმები №30 და №35) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) №24995/21 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 21 იანვრის ID:--- გადაწყვეტილებას ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოყენების სპეციალურ წესზე გადაყვანის თაობაზე.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ კომპანიას კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი მიენიჭა 2025 წლის 11 ივნისს. სტატუსის მინიჭების შემდეგ, კომპანიამ დღგ-ით დასაბეგრი პირველი ოპერაცია განახორციელა დეკემბრის თვეში. მათ მყიდველს აუტვირთეს 4 ზედნადები (№---), რომლის საერთო ღირებულება შეადგენდა 153 712.82 ლარს. სანამ მათ მიერ მოხდებოდა სასაქონლო ზედნადებების შესაბამისი ანგარიშფაქტურების ატვირთვა, რატომღაც, 2026 წლის 3 იანვარს, კომპანიას ისევ მიენიჭა არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი. მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოახერხეს ზედნადებების შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა, კომპანიამ მაინც დაბეგრა დღგ-ით განხორციელებული ოპერაციები (დეკლარაცია №---) და გადაიხადა შესაბამისი დღგ-ის თანხა, რომელმაც შეადგინა 23 447 ლარი. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ მათთვის გაუგებარია არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების მიზეზი, რადგან კომპანიას არ დაუკმაყოფილებია დღგ-ის კვალიფიციური სტატუსის გაუქმებისთვის საჭირო არცერთი პირობა. საწარმომ ხელახლა გააგზავნა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მოთხოვნის შესახებ განცხადება და 2026 წლის 21 იანვარს კვლავ მიიღო კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი. სტატუსის მინიჭების დღესვე მათ გააგზავნეს აღნიშნული ზედნადებების შესაბამისი ანგარიშფაქტურა. მათთვის გაუგებარი მიზეზებით, კომპანიას კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებასთან ერთად მიენიჭა ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოყენების სპეციალური წესი 1 წლის ვადით. აღნიშნული წესის გამო, კომპანია ვერ ახერხებს დააკორექტიროს დეკემბრის თვის დეკლარაცია და მიაბას გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა, რათა მყიდველმა შეძლოს დღგ-ის ჩათვლა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სპეციალური წესით სარგებლობის ვალდებულების მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შპს „---ს“ (ს/ნ ---) მიერ დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადება დაიწერა რამდენიმეჯერ. პირველად გადამხდელმა სტატუსი მოითხოვა 2025 წლის 28 მაისს, რაზეც 2025 წლის 3 ივნისს მიენიჭა დღგ-ის გადამხდელის არაკვალიფიციური სტატუსი, რადგან კომპანიის წარმომადგენელთან სატელეფონო კომუნიკაციის დროს 2025 წლის 30 მაისს დადგინდა, რომ კომპანია სამომავლოდ გეგმავდა ეკონომიკური საქმიანობის დაწყებას. მეორედ გადამხდელმა სტატუსი მოითხოვა 2025 წლის 6 ივნისს, რაზეც 2025 წლის 11 ივნისს კომპანიას, იმ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რომ მისი დირექტორი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე საკუთრებაში არ უფიქსირდება უძრავი ქონება, ასევე, ბოლო 6 თვის განმავლობაში არ უფიქსირდებოდა განაცემი, შემოსავლების სამსახურის უფროსის №3751 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-6 მუხლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს მიენიჭა ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოყენების სპეციალური წესი 1 წლის ვადით. 2026 წლის 9 იანვარს შპს „---მ“ (ს/ნ ---) კვლავ მოითხოვა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში გადასახადის გადამხდელზე არსებული ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიამ პირველი მიწოდება განახორციელა 2025 წლის 25 დეკემბერს (ზედნადებები ---), რაც ნიშნავს რომ დეკლარაციის წარდგენის ვადა ჰქონდა 2026 წლის 15 იანვრის ჩათვლით. აღნიშნულ ოპერაციაზე გადამხდელს ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის შესაძლებლობა ჰქონდა 2026 წლის 2 იანვრის ჩათვლით, რაც კომპანიის მხრიდან არ განხორციელებულა. ვინაიდან სპეციალური წესის მინიჭების შემდეგ 2025 წლის 11 ივნისიდან 6 თვის მანძილზე გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა დასაბეგრი ოპერაცია, 2026 წლის 3 იანვარს კომპანია ავტომატურად გადავიდა არაკვალიფიციურ სტატუსზე. რადგან დირექტორის შესახებ ფაქტობრივი გარემოებები არ იყო შეცვლილი, 2026 წლის 21 იანვრის ID:--- გადაწყვეტილებით კომპანიას 2026 წლის 9 იანვრის განცხადების საფუძველზე კვლავ მიენიჭა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი 1 წლის ვადით (ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოყენების სპეციალური წესით), რის შემდეგადაც გადამხდელმა 2025 წლის 25 დეკემბრის ოპერაციაზე ანგარიშ-ფაქტურა გამოწერა 2026 წლის 21 იანვარს.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილების თანახმად:

1. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოიწეროს გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

5. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) ფორმებს, რეკვიზიტებს, მისი გაცემის, აღრიცხვისა და გამოყენების (მათ შორის, გამოყენებაზე შეზღუდვის) წესებს, ასევე ცალკეულ შემთხვევებს, როდესაც საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის შემთხვევაში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ გამოიწერება, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს შეუჩეროს ამ ინსტრუქციის 51-ე და 561 მუხლებით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების გამოყენების (ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების ან/და ჩათვლის მიღების) უფლება ან/და პირს უარი უთხრას აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემაზე, ასევე პირს შეუჩეროს საბაჟო დეკლარაციის გამოყენების უფლება დღგ-ის ჩათვლის მიღების მიზნით შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით. „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან, ასევე წინამდებარე „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციით (შემდგომში - ინსტრუქცია) განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას ენიჭება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის ან არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი. ამავე ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების საფუძველია გადასახადის გადამხდელის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიმართვის შემთხვევაში, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

ამავე ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალურ წესზე გადასახადის გადამხდელის გადაყვანა შესაძლებელია განხორციელდეს: ა) ნებაყოფლობით; ბ) სავალდებულო წესით; გ) შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე, მის მიერ დადგენილი მეთოდოლოგიის მიხედვით.

ამავე ბრძანების მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად გადაიყვანოს/არ გადაიყვანოს/შეუწყვიტოს გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესით სარგებლობის უფლება. “არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 8 აპრილის №6734 ბრძანების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დავალების შესწავლისას თუ გამოიკვეთა ამ სახელმძღვანელოს №2 დანართით განსაზღვრული დამატებითი ფაქტორები კვალიფიციური გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, შემსრულებელი უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს ამ სახელმძღვანელოს მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ხოლო ამავე ბრძანების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კვალიფიციური გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ, შემსრულებელი ადგენს დასკვნას ამ სახელმძღვანელოს დანართი №4-ის შესაბამისად და აღნიშნულ გადაწყვეტილებას აფიქსირებს სპეციალურ პროგრამულ მოდულში. იგი უფლებამოსილია, კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებასთან ერთად, გადასახადის გადამხდელი გადაიყვანოს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოყენების სპეციალურ წესზე შემოსავლების სამსახურის უფროსის №3751 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-6 მუხლის საფუძველზე 1 წლის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ, გადასახადის გადამხდელს პროგრამულად ენიჭება არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი. ამავე ბრძანების მე-5 მუხლის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი და იგი გადაყვანილი იქნა ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის სპეციალურ წესზე, გადასახადის გადამხდელს არ ეზღუდება უფლება შემოსავლების სამსახურში წარადგინოს განცხადება ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის სპეციალური წესით სარგებლობის შეწყვეტის შესახებ.

აღნიშნულ შემთხვევაში, შემსრულებლის მიერ ამავე პროცედურით დადგენილი წესით ხორციელდება გადაწყვეტილების მიღება, წინა გადაწყვეტილების საფუძვლების და ახლად წარმოდგენილი ინფორმაციის მიღების შედეგად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

კომპანია ვერ ახერხებს დააკორექტიროს დეკემბრის თვის დეკლარაცია და მიაბას გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა, რათა მყიდველმა შეძლოს დღგ-ის ჩათვლა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სპეციალური წესით სარგებლობის ვალდებულების მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადება დაიწერა რამდენიმეჯერ.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში გადასახადის გადამხდელზე არსებული ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიამ პირველი მიწოდება განახორციელა 2025 წლის 25 დეკემბერს, რაც ნიშნავს რომ დეკლარაციის წარდგენის ვადა ჰქონდა 2026 წლის 15 იანვრის ჩათვლით. აღნიშნულ ოპერაციაზე გადამხდელს ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის შესაძლებლობა ჰქონდა 2026 წლის 2 იანვრის ჩათვლით, რაც კომპანიის მხრიდან არ განხორციელებულა. ვინაიდან სპეციალური წესის მინიჭების შემდეგ 2025 წლის 11 ივნისიდან 6 თვის მანძილზე გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა დასაბეგრი ოპერაცია, 2026 წლის 3 იანვარს კომპანია ავტომატურად გადავიდა არაკვალიფიციურ სტატუსზე. რადგან დირექტორის შესახებ ფაქტობრივი გარემოებები არ იყო შეცვლილი, 2026 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით კომპანიას 2026 წლის 9 იანვრის განცხადების საფუძველზე კვლავ მიენიჭა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი 1 წლის ვადით (ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოყენების სპეციალური წესით), რის შემდეგადაც გადამხდელმა 2025 წლის 25 დეკემბრის ოპერაციაზე ანგარიშ-ფაქტურა გამოწერა 2026 წლის 21 იანვარს.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 180.

„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანება.