ბრძანება N 17690-4

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.07.2018
№ დოკუმენტი 17690-4
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17690

10/07/2018

შპს „-----

(მის: ------ )

სადავო საკითხთან დაკავშირებით

საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 29 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი N 57) განიხილა შპს ----- საჩივარი, რომლითაც გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 4 დეკემბრის № 083-39 „საგადასახადო მოთხოვნის“ ბათილად ცნობას.

გადამხდელი არ ეთანხმება დანადგარის სარეალიზაციო თანხით 368894 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე, დაფიქსირებული ხელშეკრულებაში და მიღება ჩაბარების აქტში) დღგ-ით 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვების გაზრდას. გადამხდელს მიაჩნია, რომ არ უნდა განხორციელდეს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების გაზრდა და მოითხოვს აღნიშნულ ნაწილში ძირითადი გადასახადისა და სანქციების გაუქმებას.

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ განიხილა გადასახადის გადამხდელის საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძვლები შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 21 აპრილის N მ-11104 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რაზეც 2017 წლის 27 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების შედეგებზე გადამხდელს წარედგინა 2017 წლის 4 დეკემბრის N 083-39 ,,საგადასახადო მოთხოვნა“, რომლითაც გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 306209 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 163728 ლარი, ჯარიმა 88470 ლარი და საურავი 54011 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების აქტში აღნიშნულია შემდეგი:

საზოგადოებას 2016 წლის საანგარიშო პერიოდში შიდა გადაზიდვის ზედნადებით ----- ში გადატანილი აქვს ქვის სამტვრევი დანადგარი, რომელიც დღემდე არ დაბრუნებულა საზოგადოების ტერიტორიაზე, შემოწმებით დგინდება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების და მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე საზოგადოებამ აღნიშნული დანადგარი 435295 ლარად (დღგ-ის ჩათვლით) მიყიდა შპს ---- ს, თუმცა შპს ----- ს მიერ არ ხდება დანადგარის თანხის ანაზღაურება და შპს ---- ითხოვს დანადგარის უკან დაბრუნებას. (მიმდინარეობს დავა სასამართლოში). შემოწმებით დანადგარის სარეალიზაციო თანხით 368894 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე, დაფიქსირებული ხელშეკრულებაში და მიღება ჩაბარების აქტში), სსკ-ის 161-ე მუხლის შესაბამისად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დავების განხილვის საბჭო ყურადღებას ამახვილებს სსკ-ის 136-ე მუხლზე რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. გადასახადის გადამხდელი შემოსავლებისა და ხარჯების აღსარიცხავად იყენებს საკასო ან დარიცხვის მეთოდს. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია გამოიყენოს აღრიცხვის დარიცხვის მეთოდი.

სსკ-ის 140-ე მუხლის თანახმად დარიცხვის მეთოდის გამოყენებისას გადასახადის გადამხდელმა შემოსავლები და ხარჯები უნდა აღრიცხოს შესაბამისად შემოსავლების მიღების უფლების მოპოვებისა და ხარჯების აღიარების მომენტის მიხედვით, შემოსავლების ფაქტობრივად მიღებისა და ხარჯების ფაქტობრივად გაწევის მომენტის მიუხედავად

ხოლო სსკ-ის 141-ე მუხლის მიხედვით გადასახადის გადამხდელის შემოსავლების მიღების უფლება მოპოვებულად ითვლება, თუ: შესაბამისი თანხა ექვემდებარება გადასახადის გადამხდელისათვის გადახდას.

ზემოთ აღნიშნული ნორმების, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებებისა და არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საბჭო მიიჩნევს, რომ სსკ-ის 161-ე მუხლის შესაბამისად დღგ-ით 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვების გაზრდა შეესაბამება მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობასთან და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს ----- საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ., N11) საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება დანადგარის სარეალიზაციო თანხით დღგ-ით 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვების გაზრდას და ითხოვს აღნიშნულ ნაწილში ძირითადი გადასახადისა და სანქციების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტში აღნიშნულია შემდეგი:

საზოგადოებას 2016 წლის საანგარიშო პერიოდში შიდა გადაზიდვის ზედნადებით გადატანილი აქვს ქვის სამტვრევი დანადგარი, რომელიც დღემდე არ დაბრუნებულა საზოგადოების ტერიტორიაზე, შემოწმებით დგინდება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების და მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე საზოგადოებამ აღნიშნული დანადგარი 435295 ლარად (დღგ-ის ჩათვლით) გაყიდა საწარმოზე, თუმცა მყიდველი შპს-ს მიერ არ ხდება დანადგარის თანხის ანაზღაურება. გადამხდელი ითხოვს დანადგარის უკან დაბრუნებას. (მიმდინარეობს დავა სასამართლოში). შემოწმებით ხელშეკრულებაში დაფიქსირებული დანადგარის სარეალიზაციო თანხით 368894 ლარის ოდენობით სსკ-ის 161-ე მუხლის შესაბამისად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

 

დავების განხილვის საბჭო მიიჩნევს, რომ სსკ-ის 161-ე მუხლის შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების გაზრდა შეესაბამება მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 140; 141

01.01.2021 წლამდე მოქმედი: 161