გადაწყვეტილება №19253/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.04.2023
№ დოკუმენტი 19253/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19253/2/2023

6.04.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

 

მომჩივანი: „----------“ (პ/ნ ----------)

მოპასუხე: : საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----------ის 29.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19253/2/2023).

 

დავის საგანი:

საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 14.12.2021 წლის №EL150364 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 14.12.2021 წლის №69002069612 საქონლის ან/და სატრანსპორტო

საშუალების ჩამორთმევის დოკუმენტი;

3. საბაჟო დეპარტამენტის 14.12.2021 წლის №69002/000182 საქონლის ან/და სატრანსპორტო

საშუალების დათვალიერების აქტი;

4. შემოსავლების სამსახურის 31.01.2023 წლის №1388 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - საქონლის ჩამორთმევა.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

14.12.2021 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი „----------ის“ კონტროლის ზონაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანა №----------, მომჩივანმა ზეპირი გამოკითხვისას განაცხადა, რომ დასადეკლარირებელი არაფერი ჰქონდა, მათ შორის არც თანხა.

ეჭვის საფუძველზე, მებაჟე-ოფიცრის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ავტომობილის დეტალური დათვალიერების შესახებ, რა დროსაც მომჩივანმა სალონიდან განახორციელა პოლიეთილენის ცელოფანში შეფუთული 6 ცალი პაკეტის გადაგდება. შედეგად აღნიშნულ პაკეტებში აღმოჩნდა არადეკლარირებული ნაღდი ფული 21 680 000 რუსული რუბლი, რამაც ეროვნული ბანკის კურსით შეადგინა 915 633,12 ლარი.

გამოვლენილ ფაქტზე, საბაჟო დეპარტამენტის მიერ 14.12.2021 წელს შედგენილია №EL150364 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა საქონლის ჩამორთმევა.

მომჩივნის მიმართ საბაჟო დეპარტამენტის მიერ 14.12.2021 წელს ასევე შედგენილია №69002/000182 საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი და №69002069612 საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის დოკუმენტი.

აღნიშნული აქტები 11.01.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 31.01.2023 წლის №1388 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს საგადასახადო კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით.

საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმის შედგენასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს „საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვით, საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მოიცავს საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, საქმის განხილვის, საბაჟო სანქციის შეფარდების, გადაწყვეტილების მიღების, მიღებული გადაწყვეტილებების აღრიცხვის, აგრეთვე საბაჟო სამართალდარღვევაზე დავის შემთხვევაში დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თანმდევ პროცედურებს.

მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმის შედგენასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ (დანართი №2) ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, დამალული საქონლის მგზავრის მიერ ნებაყოფლობით გადაცემის ან/და დათვალიერების შედეგად ასეთი საქონლის აღმოჩენის შესახებ დგება „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი“ და სამართალდარღვევის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

საქმის მასალებით დგინდება, რომ სამართალდამრღვევი შეეცადა დეკლარირებას დაქვემდებარებული 100 000 ლარზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით და მისგან მალულად გადმოტანას, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (169-ე მუხლის მე-3 ნაწილი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საბაჟო პასუხისმგებლობის ზომების დაწესებისას მხედველობაში მიიღება კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთისათვის მიყენებული ზიანის მოცულობაც. მოცემულ შემთხვევაში საბაჟო სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული საბაჟო სანქცია შეესაბამება ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და ზიანის მოცულობას. ჩადენილი ქმედების ხასიათიდან გამომდინარე გამოყენებული სანქცია თანაზომიერია იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რომლის მიღწევასაც ისახავს ადმინისტრაციული ორგანო. ამდენად, პირისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით დაკისრებული სანქცია მართლზომიერია.

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

14.12.2021 წელს დაახლოებით 07:00 საათზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა ბიტუმით დატვირთული საქართველოში რეგისტრირებული სატვირთო ა/მანქანა, რომელსაც მართავდა მომჩივანი. საბაჟო ორგანოს თანამშრომელთან ინტერვიურებისას განაცხადა, რომ დასადეკლარირებელი ჰქონდა შესაბამისი მოძრავი ქონებები (საუბარი მიდიოდა რუსულ ენაზე). საბაჟო დეპარტამენტის ოფიცრის განმარტებით თითქოს ა/მანქანის დათვალიერებამდე მძღოლმა გადააგდო ავტომანქანის სალონიდან პოლიეთილენის ცელოფანში გახვეული დასადეკლარირებელი ფულადი თანხა, რომლის ღირებულება შეადგენს 21 680 000 რუსული რუბლის (726 973.76 ლარი) ოდენობით, არ შეესაბამება სიმართლესა და სინამდვილეს. სანქცია უნდა გაუქმდეს ან/და უნდა შეიცალოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ფულადი თანხის საერთო ღირებულების 10%-იანი ჯარიმის გადახდით. ინტერვიურების შესახებ საუბრის საფუძველად მითითება არ შეესაბამება სიმართლეს ვინაიდან დასახელებული ფაქტი არ მომხდარა. ამასთან, თუ მალულად იქნა შემოტანილი, ამ შემთხვევაში რატომ არ არის ავტომანქანა ჩამორთმეული?.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები.

ამავე კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის:

ა) შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია;

ბ) ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო და აუდიოჩაწერა);

გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია;

დ) ლაბორატორიული კვლევის მიზნით აიღოს საქონლის სინჯი ან/და ნიმუში;

ე) დაათვალიეროს ფიზიკური პირი;

ვ) მოახდინოს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციის საშუალების გამოყენებით ნიშანდება;

ზ) განახორციელოს კონტროლისადმი დაქვემდებარებული მიწოდება;

თ) განახორციელოს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი; ი) განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით

საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის მიხედვით საქონელი არის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი, ელექტროენერგია, თბოენერგია, გაზი, წყალი.

ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის,ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აგრეთვე თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებებს და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ღონისძიებებს.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს:

ა) პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა;

ბ) პირმა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს;

გ) პირმა, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართ №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.

საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით იწვევს დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით გადატანილი ან გადმოტანილი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა ითხოვა სანქციის გაუქმება ან/და საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სანქციის შეცვლა ფულადი თანხის საერთო ღირებულების 10%-იანი ჯარიმით.

საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი „-----------“ კონტროლის ზონაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანის შემოსვლისას სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 19.11.2021 წლის №306 ბრძანებით) გათვალისწინებული 200 ლიტრი საწვავის ნაცვლად დამატებით გამოვლინდა არადეკლარირებული დაახლოებით 300 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავი, რაზეც მომჩივანი დაჯარიმდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით (14.12.2021 წლის №EL150273 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი). აღნიშნულის შემდგომ მომჩივანთან ჩატარებული ზეპირი გამოკითხვისას მან განაცხადა, რომ დასადეკლარირებელი არაფერი ჰქონდა, მათ შორის არც თანხა. ეჭვის საფუძველზე, მებაჟე-ოფიცრის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ავტომობილის დეტალური დათვალიერების შესახებ, რა დროსაც მომჩივანმა სალონიდან განახორციელა პოლიეთილენის ცელოფანში შეფუთული 6 ცალი პაკეტის გადაგდება, რაც აღმოჩნდა არადეკლარირებული ნაღდი ფული.

მომჩივნის მხრიდან საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტი ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სადავო ფაქტის ამსახველი ფოტო მასალითაც.

საბჭოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სანქციის შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს თითოეულ იმ გარემოებას, რომელიც გავლენას ახდენს პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის განზრახულობაზე, სამართალდარღვევის საზოგადოებრივ საშიშროებასა და უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდების შესაძლო უარყოფით შედეგებზე.

ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მომჩივანი აცნობიერებდა, რომ ახორციელებდა კანონით ნებადაურთველ საქმიანობას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი ცდილობდა სადავო საქონლის დეკლარირების თავიდან აცილებას. მომჩივნის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ. აღნიშნული სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით კანონით დადგენილი უმკაცრესი ზომის გამოყენება მართლზომიერად და პროპორციულად უნდა იქნეს მიჩნეული

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა გადაადგილებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით, რის გამოც ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის (საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევა) მომჩივნის მიმართ გამოყენება კანონშესაბამისია.

ასევე, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ მომჩივნის მიმართ საბაჟო დეპარტამენტის მიერ შედგენილი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი და ჩამორთმევის დოკუმენტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.