გადაწყვეტილება №18879/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.03.2023
№ დოკუმენტი 18879/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18879/2/2023

30.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

 

მომჩივანი: „----------“ (პ/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --------------14.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18879/2/2023).

 

დავის საგანი:

საქონლის (საწვავის) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 27.09.2022 წლის №EL184930 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28152 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 1 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

13.10.2022 წელს, საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ კონტროლის ზონაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფი, სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება (აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნომრით -----------).

საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელებული საბაჟო კონტროლის ფარგლებში (სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისას) გამოვლინდა, რომ აღნიშნულ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებას გამწევზე მარჯვენა მხარეს დამონტაჟებული ჰქონდა 650-ლიტრიანი საწვავის ავზი, ხოლო მარცხენა მხარეს – 550-ლიტრიანი საწვავის ავზი, რომლებშიც სულ მოთავსებული იყო დაახლოებით 1 200 ლიტრი საწვავი (დიზელის ტიპის). თუმცა, აღნიშნული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების კონკრეტულ მოდელზე ქარხანა დამამზადებელს განსაზღვრული აქვს 1 ცალი 650- ლიტრიანი ტევადობის საწვავის ავზი.

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებით საქონლის (საწვავის) საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას, 27.09.2022 წელს შედგენილ იქნა №EL184930 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 10.11.2022 წლის №28152 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

ავტოსატრანსპორტო საშუალების საწვავის ავზი უნდა შეესაბამებოდეს იმ სტანდარტებს, რომელიც დამამზადებლის მიერ დამონტაჟებულია მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე და იძლევა საწვავის უწყვეტი მიწოდების შესაძლებლობას გამწევი ძალის შესაქმნელად მისი ფუნქციონირებისთვის. იგი უნდა შეესაბამებოდეს სპეციფიკური ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს (ზოგადი მახასიათებლები), რომლებსაც უცილობლად უნდა აკმაყოფილებდეს. საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებას, ნაცვლად ქარხანა დამამზადებლის მიერ დადგენილი სტანდარტით გათვალისწინებული ავზისა, დამონტაჟებული ჰქონდა არასტანდარტული ავზი, რომელშიც მოთავსებული იყო დაახლოებით 550 ლიტრი არადეკლარირებული დიზელის ტიპის საწვავი.

ვინაიდან, მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფ სატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული ავზი არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც მწარმოებელმა გამოიყენა მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე, მასში მოთავსებული საწვავი დეკლარირებულ და იმპორტის გადასახადებისგან გათავისუფლებულ საქონლად არ განიხილება და ასეთი ავზით საწვავის შემოტანაზე ვრცელდება საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები. ამდენად, ადგილი აქვს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას.

საგულისხმოა, რომ მომჩივანი ხშირად გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე. შესაბამისად, მისთვის კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი მოქმედი შეზღუდვების შესახებ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სატვირთო ავტომანქანას MERCESES BENZ ---------- საიდენტიფიკაციო ნომრით: ---------- ქარხნული მონაცემებით დამონტაჟებული აქვს 2 საწვავის ავზი, რომლის მოცულობა შეადგენს: პირველი მთავარი საწვავის ავზი 650 ლიტრს, მეორე საწვავის ავზი 550 ლიტრს. ითხოვს გაუქმდეს 10.11.2022 წლის №28152 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად დაკავშირებულ სტანდარტულ ავზში არსებული საწვავის იმპორტი.

ამავე კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩათვლის უფლების გარეშე აქციზისაგან გათავისუფლებულია საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალების იმ სტანდარტულ ავზში არსებული საწვავი, რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1 “, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.

ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამის პერიოდში მოქმედი (დანართი №2) პირველი მუხლის მე-5 და მე-6 და მე-7 პუნქტები აზუსტებს:

5. საქართველოს ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთების გადაადგილება საავტომობილო მიმოსვლისათვის გახსნილი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით შესაძლებელია მხოლოდ სპეციალიზებული, EX/II, EX/III, FL, AT ან MEMU-ს ტიპის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელიც განკუთვნილია და დაშვებულია ასეთი ტვირთის გადასატანად.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

7. საბაჟო გამშვებ პუნქტ „--------“, „--------“ ან „მტკვრის“ გავლით საქართველოში შემომსვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება: გ) დაუტვირთავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების (საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებულის გარდა) შემთხვევაში, თუ ავზში არსებული საწვავის ოდენობა არ აღემატება 50 ლიტრს.

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

საბაჟო დეპარტამენტის 30.03.2023 წლის №28727-21-10 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებას გამწევზე მარჯვენა მხარეს დამონტაჟებული ჰქონდა 650-ლიტრიანი საწვავის ავზი, ხოლო მარცხენა მხარეს 550-ლიტრიანი საწვავის ავზი, რომლებშიც სულ მოთავსებული იყო დაახლოებით 1 200 ლიტრი საწვავი (დიზელის ტიპის). თუმცა, აღნიშნული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების კონკრეტულ მოდელზე ქარხანა დამამზადებელს განსაზღვრული აქვს 1 ცალი 650-ლიტრიანი ტევადობის საწვავის ავზი.

საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფ სატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული ავზი არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც მწარმოებელმა გამოიყენა მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე, მოთავსებული საწვავი იმპორტის გადასახადებისგან გათავისუფლებულ საქონლად არ განიხილება და მასზე ვრცელდება საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე, ხოლო სადავო შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული დამატებითი ავზით მომჩივანს შემოქონდა არადეკლარირებული დიზელის ტიპის საწვავი, საბჭო მიიჩნევს, რომ საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა დაკისრებულია კანონმდებლობის შესაბამისად.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.