ბრძანება N 10788
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 10788
15 მაისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----“ (ს/ნ -----) (მის.:----- )
2026 წლის 4 და 16 აპრილის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის პირველი მაისის სხდომაზე (ოქმი N 35) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) N 101614/1/2026 და N 27155/2/2026 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 26 მარტის N 6783 ბრძანებას და N 041-11 საგადასახადო მოთხოვნას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრების ავტორი განმარტავს, რომ ჩაბარდა სადავო აქტები, რასაც არ ეთანხმება იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე დაადგინა გარემოება, რომ ვერ დაადასტურებს და მტკიცებულებებს ვერ წარმოადგენს, რომ კომპანიისთვის ცნობილი იყო აღრიცხვის მოწმობაში ----- განთავსებულ 5 მიმღების სხვადასხვა ტვირთებიდან ერთ - ერთზე წინასწარი საბაჟო დეკლარაციის არსებობა.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ გაფორმების ეკონომიკურ ზონა „-----“ 2026 წლის 3 თებერვალს შედგენილი N EL307054 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შპს „-----“ (ს/ნ ----- ) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევისთვის. ოქმის მე-4 გრაფაში („საბაჟო სამართალდარღვევის შინაარსი“) კი მითითებულ იქნა ინფორმაცია „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევის შესახებ.
საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ შპს „----- “ საბაჟო საწყობში განხორციელდა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული და „წითელ დერეფანში“ მოხვედრილი საბაჟო დეკლარაციით გათვალისწინებული საქონლის გადამაადგილებელ სატვირთო სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა და მასში განთავსებული საქონლის ჩამოტვირთვა გასატარებელი საბაჟო კონტროლის ღონისძიებების დაწყებამდე.
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილია საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ შესასრულებელი ვალდებულებები ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში. კერძოდ, „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, იგი ვალდებულია „დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოს მოთხოვნები“, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად – „ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას“.
საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის პირობები განსაზღვრულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლითა და დასახელებული ინსტრუქციის მე-2 და მე-5 მუხლებით, რომლებიც ადგენენ ნებართვის მაძიებლის განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოების განხორციელებისა და ნებართვის გაცემისათვის საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტაციის (მათ შორის, რიგი პირობების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის) წარდგენის ვალდებულებებს და შენობა - ნაგებობის/ტერიტორიის საბაჟო საწყობად მიჩნევისათვის აუცილებელ კრიტერიუმებს.
ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში შპს „-----“ (ს/ნ -----) მხრიდან არ დარღვეულა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-2 და მე-5 მუხლებითა და მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნები, ჩადენილი ქმედება ვერ ჩაითვლება საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობების დაუცველობად.
წინასწარ დეკლარირებულ, „წითელ დერეფანში“ მოხვედრილი საბაჟო დეკლარაციით გათვალისწინებული საქონლის გადამაადგილებელ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნისა და საქონლის ჩამოტვირთვის შეზღუდვა წარმოადგენს არა საბაჟო ორგანოს მოთხოვნას, არამედ საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ სავალდებულო წესს. კერძოდ, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 3) მე10 მუხლის 11 პუნქტის მიხედვით, საბაჟო საწყობში წარდგენილ საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებაზე იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა ან/და საქონლის ჩამოტვირთვა დაუშვებელია საბაჟო დეკლარაციისათვის შეფასების ნომრის მინიჭებამდე, თუ საბაჟო პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის საბაჟო დეკლარაციისათვის განსაზღვრულია „ყვითელი“ ან „წითელი“ დერეფანი, ან თუ საქონელი საბაჟო საწყობის პროცედურაში დეკლარირებულია წინასწარ.
შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში ასევე არ იკვეთება შპს „-----“ მხრიდან საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევის ნაწილში, მიჩნეულ იქნა მხოლოდ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი სანებართვო პირობის შეუსრულებლობად.
ამდენად, 2026 წლის 26 მარტის N 6783 ბრძანებით გასწორდა შპს „-----“ (ს/ნ -----) მიმართ 2026 წლის 3 თებერვალს შედგენილ N EL307054 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაშვებული შეცდომა და ოქმის მე-4 გრაფის („საბაჟო სამართალდარღვევის შინაარსი“) ჩანაწერი „დარღვეულ იქნა საბაჟო საწყობისთვის საქართველოს მთავრობის N 455 დადგენილების მე-8 მუხლის „ა“, „გ“, ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულება“ შეიცვალა ჩანაწერით „დარღვეულ იქნა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი სანებართვო პირობა“, რაც გახდა N 041-11 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის საფუძველი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ „ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები.
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული “ საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ” ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილია, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია:
ა) დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოს მოთხოვნები;
გ) ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას.
დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში მომჩივნის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევის ნაწილში, მიჩნეულ იქნა მხოლოდ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი სანებართვო პირობის შეუსრულებლობად და გამომდინარე აღნიშნულიდან საბაჟო დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 26 მარტის N 6783 ბრძანებით გასწორდა მომჩივნის მიმართ 2026 წლის 3 თებერვალს შედგენილ N EL307054 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაშვებული შეცდომა, რაც გახდა კორექტირებული N 041-11 საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის წინაპირობა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------“ (ს/ნ ----- ) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
მომჩივანი ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმე ეხება საბაჟო საწყობში წესების დარღვევას. კომპანიას დაეკისრა პასუხისმგებლობა, რადგან საბაჟო კონტროლის დაწყებამდე მოიხსნა იდენტიფიკაციის საშუალება და ჩამოიტვირთა საქონელი. მოგვიანებით დადგინდა, რომ დარღვეული იყო მხოლოდ საბაჟო კონტროლის ხელშეშლის აკრძალვა და არა ნებართვის მიღების პირობები, რის გამოც ოქმში მოხდა შეცდომის გასწორება.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 176;.