ბრძანება N 1198

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 30.01.2023
№ დოკუმენტი 1198
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

საჩივრის განხილვასაბაჟო ორგანოსთვის დოკუმენტისა და სხვა ინფორმაციის წარდგენასაქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენარეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანასაბაჟო სამართალდარღვევა. პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპებისაქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევასაბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურებასაქონლის უკანონო გადატანა ან გადმოტანაგარდამავალი დებულებები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 1198

30.01.2023

შპს „-------------“ (ს/ნ -------------)

(მის: ----------------------------------)

2022 წლის 27 დეკემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 იანვრის სხდომაზე (ოქმი №2) განიხილა შპს „-------------“ (ს/ნ ---------------) №236146/21-11 საჩივარი,რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 15 დეკემბრის №31651 ბრძანებას შპს „------------“ (ს/ნ ---------------) საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო აქტში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გასრემოებას და განმარტავს, რომ საქონლის ჩამოსვლისას მიმღებისთვის უცნობი იყო სადავო აქტში მითითებული საქონლის ჩამოსვლა. ეს საქონელი არ იყო ინვოისებით შეძენილი და კომპანიას არც ინვოისები ჰქონდა. მომჩივნის განმარტებით, ინვოისები მას შემდეგ მიაწოდა მომწოდებელმა, რაც კომპანიამ აღმოაჩინა რომ საქონელი იმაზე დიდი რაოდენობით ჩამოვიდა, ვიდრე შეკვეთილი ჰქონდა. შესაბამისად, მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით დადგენილი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი და აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო აქტისა და დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის ----- ოქტომბერს, №--------- (06.09.2022), №---------------- (09.09.2022), №--------- (09.09.2022) და №-------- (07.09.2022) საქონლის ნასყიდობის დოკუმენტების (ინვოისების) საფუძველზე, შპს „-------------“ (ს/ნ ---------------) მიერ №11114/C22712 (№-------.10.2022) საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცეულ იქნა 37 310 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი (კოაქსიალური კაბელი, სეს ესნ 8544 20 000 00; კაბელი შემაერთებელი სამარჯვეებით, სეს ესნ 8544 429 00 00; იმპულსური მიმწოდებლების შეკვრა, ინტროდიუსერი აჯილისი და კათეტერი, სეს ესნ 9018 390 00 00; წყლის მიმწოდებელი სისტემა, სეს ესნ 9018 908 40 00).

საქონლის გაშვების შემდეგ, 2022 წლის ----- ოქტომბრის №189674/21-10-20 განცხადებით შპს „-------------“ (ს/ნ ---------------) საბაჟო ორგანოს აცნობა ,რომ დასახელებული საბაჟო დეკლარაციით გაფორმებულ საქონელთან ერთად,საბაჟო ორგანოში წარდგენის,ზოგადი დეკლარირების/დეკლარირებისა და საქონლის გაფორმების საბაჟო ფორმალობების განხორციელების გარეშე, საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანილი იყო №--------- (15.09.2022) და №------- (14.09.2022) საქონლის ნასყიდობის დოკუმენტებით (ინვოისებით) შეძენილი 16 560 აშშ დოლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონელი.

საქმის გარემოებათა შესწავლით დადგენილ იქნა, რომ №-------- ინვოისით გათვალისწინებული საქონელი და №----------------ინვოისის მე-2 პოზიციაზე მითითებული საქონელი კლასიფიცირდებოდა სეს ესნ-ის 9018 39 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში და №11114/C22712 საქონლის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული იყო იმავე ქვესუბპოზიციის შესაბამისი საქონელიც. შესაბამისად, შესაძლებელი იყო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე, ამავე კოდექსის 90-ე მუხლისა და 163-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

მითითებული ნორმების მოქმედება ვერ გავრცელდებოდა №------- ინვოისის პირველი პოზიციით გათვალისწინებულ, სეს ესნ-ის 9018 90 600 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციით კლასიფიცირებულ არადეკლარირებულ საქონელზე (ღირებულება 15 000 აშშ დოლარი,რაც №11114/C22712 საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ოფიციალური გაცვლითი კურსის (2.8228) გათვალისწინებით შეადგენს 42 342 ლარს).

იქიდან გამომდინარე, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეული იყო საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის საბაჟო ორგანოში წარდგენის, ზოგადი დეკლარირების, დეკლარირებისა და გაფორმებისათვის საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები და №-------- საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) პირველ პოზიციით გათვალისწინებული, არადეკლარირებული საქონლის ღირებულება აჭარბებდა 15000 ლარს, საქართველოს საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმის მასალები ქვემდებარეობით გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს (წერილის რეგ.: №21-10/97558, 20/10/2022).

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს 2022 წლის 25 ნოემბრის №20257/15-04-02 წერილით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ წარდგენილი მასალების შესწავლის შედეგად არ დაწყებულა სისხლის სამართლის გამოძიება.

ვინაიდან გამოვლენილი საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტზე შპს „-------------“ (ს/ნ ---------------) არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, 2022 წლის 15 დეკემბერს გამოცემულ იქნა საბაჟო დეპარტამენტის უფროსის №31651 ბრძანება, რომლითაც შპს „---------“ (ს/ნ -----------------------) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდოთ ჯარიმა საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაადგილებული საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის − 42 342 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) პირველი მუხლის პირველი პუნქტით დაზუსტებულია, რომ საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის მომენტიდან ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა ამ მუხლით დადგენილი წესით.

ამავე ინსტრუქციის მე-2 მუხლი კი ადგენს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტში,სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე საბაჟო ორგანოს უნდა წარედგინოს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია.

ამავე კოდექსის 213-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, 2022 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 66-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენად მიიჩნევა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემთხვევაში საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარანტის ან მისი წარმომადგენლის მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა.

ამავე საკანონმდებლო აქტის 90-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ დეკლარანტის განცხადების საფუძველზე რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში შესაძლებელია ცვლილების შეტანა. ეს ცვლილება არ შეიძლება შეეხებოდეს იმ საქონელს, რომელიც ამ დეკლარაციით თავდაპირველად დეკლარირებული არ იყო.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე “საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული, „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი აზუსტებს, რომ საქონლის საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებით საქონლის რაოდენობის ან/და ღირებულების ან/და საქონლის საბაჟო ღირებულების ან/და გადასახდელის თანხის გაზრდა დასაშვებია მხოლოდ დეკლარანტის ინიციატივით, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის დაწყებამდე. ამასთან, ეს ცვლილება არ შეიძლება შეეხებოდეს იმ საქონელს, რომელიც ამ დეკლარაციით თავდაპირველად დეკლარირებული არ იყო და ასეთი საქონლის გამოვლენის შემთხვევაში, გაფორმების საბაჟო ორგანო დადგენილი წესით აფიქსირებს საბაჟო სამართალდარღვევას, ვალდებულ პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა დამატებით დარიცხული გადასახადის (გადასახდელის) თანხაზე, ხოლო საქონლის საბაჟო დეკლარაციაში ცვლილება არ ხორციელდება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

დადგენილია და სადავოდ არ არის განხდარი, რომ №------ ინვოისის პირველი პოზიციით გათვალისწინებული, სეს ესნ-ის 9018 90 600 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციით კლასიფიცირებული საქონლის დეკლარირება მომჩივნის მმხრიდან არ მომხდარა, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (168 მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არადეკლარირებული საქონლის ღირებულება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგენს 42 342 ლარს, სადავო აქტით დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ კანონმდებელი საბაჟო სამართალდამრღვევის მიმართ სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად, ითვალისწინებს საბაჟო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს საბაჟო სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება საბაჟო სანქციისგან.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სადავო ბრძანებით დაკისრებული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „-------------“ (ს/ნ ---------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2022 წლის 15 დეკემბრის №31651 ბრძანებით დაკისრებული ჯარიმისგან;

3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს განახორციელოს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირება;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. ბრაძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრაძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.