ბრძანება N 10999

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.05.2023
№ დოკუმენტი 10999
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 10999

17.05.2023

შპს „-------------------ის“ (ს/ნ ----------------)

(მის.: --------------------------------------------)

2023 წლის 27 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 მაისის სხდომაზე (ოქმი №51) განიხილა შპს „-------------------ის“ (ს/ნ ----------------) №80609/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 17 მარტის №056-13 საგადასახადო მოთხოვნას.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ შემოწმდა საბაჟო დეკლარაციები თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად. გადამოწმდა ექსპორტიორ ქვეყანაში - -------ში, რის შედეგადაც გამოვლინდა უზუსტობები და წარმოიშვა დარიცხვა.

შპს „-------------------ის“ მიერ საქონლის დეკლარირება განხორციელდა არსებული დოკუმეტაციის საფუძველზე. ყოველ დეკალრაციაზე ელექტრონულად იტვირთება ექსპორტის დეკლარაცია, რაც მომჩივნის მითითებით, არის უტყუარი დოკუმენტაცია იმისა, რასაც გზავნის -----ის საბაჟო და ------ი კომპანიის მიერ მიწოდებული ინვოისები, ყოველთვის ემთხვეოდა საქონლის რაოდენობას. ასევე მიუთითებს, რომ არ აქვს მასალები და დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც მოხდა დარიცხვა.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებას და შესაბამისი კორექტირების განხორციელებას დარიცხვაში.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 17 თებერვლის №297 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „-------------------ის“ (ს/ნ ----------------) №----/C------ (17.01.2020 წ.), №----/C------ (21.01.2020 წ.), №----/C------ (31.01.2020 წ.), №----/C------ (05.02.2020 წ.) საბაჟო დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება.

საბაჟო რისკების მართვის სამმართველომ, 2023 წლის 24 იანვარს №------21-10 წერილით მიწოდებული იქნა ინფორმაცია საქართველო -------ს შორის განხორციელებული საქონლის ექსპორტ-იმპორტის მონაცემების შედარებისას დაფიქსირებული შეუსაბამობის შესახებ. კერძოდ, შპს „--------------------ის“ (ს/ნ ----------------) მიერ №----/C------ (17.01.2020 წ.), №----/C------ (21.01.2020 წ.),№----/C------ (31.01.2020 წ.) და №----/C------ (05.02.2020 წ.) საბაჟო დეკლარაციებით იმპორტირებული საქონლის მონაცემებსა და იგივე საქონლის -----ში შესაბამის ექსპორტის საბაჟო დეკლარაციების საბაჟო ღირებულებებს შორის არსებული სხვაობის შესახებ.

№4349-21-10 (24.01.2023 წ.) წერილით ირკვევა საბაჟო ღირებულებებს შორის შემდეგი შეუსაბამობები:

• შპს „--------------------ის“ მიერ №----/C------ (17.01.2020 წ.) განხორციელებული იმპორტის საბაჟო დეკლარაციით, „CIP -----ი“ მიწოდების პირობით, საქონლის საბაჟო ღირებულება შეადგენს 19523,76 ლარს, ხოლო ------დან იმავე საქონლის ექსპორტისას, მოწოდებული №------------- (15.01.2020 წ.) ექსპორტის დეკლარაციის მიხედვით, “FCA ------ი“ მიწოდების პირობით, საქონლის ღირებულება შეადგენს 78404,96 ლარს;

• №----/C------ (21.01.2020 წ.) იმპორტის საბაჟო დეკლარაციით, „CIP -------ი“ მიწოდების პირობით, საქონლის ღირებულება შეადგენს 20548,97 ლარს, ხოლო -------დან იმავე საქონლის ექსპორტისას, მოწოდებული №----------- (18.01.2020 წ.) ექსპორტის დეკლარაციის მიხედვით, “FCA --------ი“ მიწოდების პირობით, საქონლის ღირებულება შეადგენს 82251,53 ლარს;

• №----/C------ (31.01.2020 წ.) იმპორტის საბაჟო დეკლარაციით, „CIP -------ი“ მიწოდების პირობით, საქონლის ღირებულება შეადგენს 16740,34 ლარს, ხოლო --------დან იმავე საქონლის ექსპორტისას, მოწოდებული №------------- (28.01.2020 წ.) ექსპორტის დეკლარაციის მიხედვით, “FCA ---------ი“ მიწოდების პირობით, საქონლის ღირებულება შეადგენს 66587,37 ლარს;

• №----/C------ (05.02.2020 წ.) იმპორტის საბაჟო დეკლარაციით, „CIP -------ი“ მიწოდების პირობით, საქონლის ღირებულება შეადგენს 15783,14 ლარს, ხოლო თურქეთიდან იმავე საქონლის ექსპორტისას, მოწოდებული №------------- (03.02.2020 წ.) ექსპორტის დეკლარაციის მიხედვით, “FCA ------ი“ მიწოდების პირობით, საქონლის ღირებულება შეადგენს 63074,59 ლარს.

• №----/C------ (17.01.2020 წ.), • №----/C------ (21.01.2020 წ.),• №----/C------ (31.01.2020 წ.), • №----/C------ (05.02.2020 წ.) საბაჟო დეკლარაციების გაფორმებისას წარმოდგენილი ინვოისებისა და დეკლარაციის თანმხლები დოკუმენტების მიხედვით, მიწოდების პირობაა „CIP -------ი“, --------ის საბაჟო სამსახურიდან მიღებული შესაბამისი ექსპორტის ამსახველი №------------- (15.01.2020 წ.), №------------- (18.01.2020 წ.), №------------- (28.01.2020 წ.), №------------- (03.02.2020 წ.) დეკლარაციების თანახმად კი - “FCA ---------ი“.მიღებული დოკუმენტებიდან გამომდინარე, შეუძლებელია საქონლის ტრანსპორტირების ხარჯის განსაზღვრა. ვინაიდან, ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულება საქონლის საბაჟო ღირებულების შემადგენელი ელემენტია, განხორციელდა შემოსავლების სამსახურში არსებული ერთიანი ელექტრონული სისტემის ბაზური მონაცემების გამოყენებით მისი განსაზღვრა და შეადგინა 4787 ლარი.

მოპოვებული ინფორმაციისა და საბაჟო დეპარტამენტის ხელთ არსებული მონაცემების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ შპს “--------სს“ ხსენებულ საბაჟო დეკლარაციებში საქონლის საბაჟო ღირებულება შემცირებული აქვს ჯამში 236870,2 ლარის ოდენობით. ყოველივემ გამოიწვია იმპორტის გადასახდელის, კერძოდ, დამატებული ღირებულების გადასახადის შემცირება.

№25-21-10 (27.02.2023 წ.) საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტის მიხედვით, შპს “------სს“ №----/C------ (17.01.2020 წ.), №----/C------ (21.01.2020 წ.), №----/C------ (31.01.2020 წ.) და №----/C------ (05.02.2020 წ.) საბაჟო დეკლარაციებზე დამატებით გადასახდელად დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი - 41818 ლარი, ხოლო საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სანქცია ჯარიმის სახით შეეფარდა - 41818 ლარი.

2023 წლის 20 მარტის საბაჟო დეპარტამენტის №21-10/22841 წერილით გადამხდელს გაეგზავნა 2023 წლის 27 თებერვლის №ა25-21-10 გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტი, 2023 წლის 17 მარტის №5229 ბრძანება გადასახდელის დარიცხვისა და სანქციის დაკისრების შესახებ, 2023 წლის 17 მარტის №056-13 საგადასახადო მოთხოვნა და საქმის მასალები.

საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტს გადამხდელი გაეცნო 2023 წლის 30 მარტს.

2023 წლის 22 მარტს №21-10/23733 წერილით “საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 45-ე მუხლის მე-5-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემდგომი რეაგირების მიზნით მასალები გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ამავე კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის განახორციელოს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ორგანოს შეუძლია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას შეამოწმოს:

ა) საბაჟო დეკლარაციით, დროებით შენახვის დეკლარაციით, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით, რეექსპორტის დეკლარაციით ან რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული მონაცემების სისწორე, აგრეთვე მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობა, სისწორე, ნამდვილობა და ძალაში ყოფნა;

ბ) დეკლარანტის საბუღალტრო და სხვა ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია შესამოწმებელ საქონელთან ან მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან ამ საქონლის გაშვებამდე ან გაშვების შემდეგ.

ამავე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, თუ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად გამოვლინდა პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების აუცილებლობა, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ. ასეთ შემთხვევაში შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება პირს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო მოთხოვნასთან (შემდგომ − საგადასახადო მოთხოვნა) ერთად.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 37-ე მუხლის მიხედვით, საქონლის დეკლარირებისას საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საბაჟო ორგანო.

ამავე კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილია გარიგების ფასის ელემენტები, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ეს მუხლი განიხილება ამ კოდექსის 44-ე მუხლთან ერთად, რომელიც ითვალისწინებს საქონლისთვის ფაქტობრივად გადახდილი ან/და გადასახდელი ფასის კორექტირებას იმ შემთხვევაში, როდესაც მყიდველს ეკისრება გარკვეული ელემენტების გადახდა, რომლებიც საბაჟო ღირებულების ნაწილია, მაგრამ არ არის შეტანილი საქონლისთვის ფაქტობრივად გადახდილ ან გადასახდელ ფასში.

ამავე მუხლისმე-2 ნაწილის თანამად, საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება გარიგების ფასით, ანუ საქართველოში საექსპორტოდ გაყიდული საქონლისთვის ფაქტობრივად გადახდილი ან/და გადასახდელი ფასით, ამ კოდექსის 44-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულებაში შეიტანება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის ადგილამდე გაწეული შემდეგი ხარჯები:

ა) ტრანსპორტირების ხარჯები, დატვირთვა-გადმოტვირთვისა და დამუშავების (მათ შორის, საწყობში შენახვის) ხარჯები. თუ სხვადასხვა სასაქონლო პარტია ერთი და იმავე სატრანსპორტო საშუალებით არის შემოტანილი, ტრანსპორტირების ხარჯები პროპორციულად განაწილდება, რაც უნდა განისაზღვროს გადამზიდავთან დადებული ხელშეკრულებით;

ბ) სადაზღვევო ხარჯი, თუ ეს ხარჯი დეკლარანტმა გასწია.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

ამავე საკანონმდებლო აქტის 49-ე მუხლი კი ადგენს, რომ იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

ამავე კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

დადგენილია,რომ მომჩივანს საბაჟო დეკლარაციებში საქონლის საბაჟო ღირებულება შემცირებული აქვს. ყოველივემ გამოიწვია იმპორტის გადასახდელის,კერძოდ, დამატებული ღირებულების გადასახადის შემცირება. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვა საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული სანქცია და იმპორტის გადასახდელის დარიცხვა მართლზომიერია.

მომჩივნის არგუმენტზე, რომ არ აქვს მასალები და დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც მოხდა დარიცხვა, შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ 2023 წლის 20 მარტის საბაჟო დეპარტამენტის №21-10/22841 წერილით გადამხდელს გაეგზავნა 2023 წლის 27 თებერვლის №ა25-21-10 გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტი, გადასახდელის დარიცხვისა და სანქციის დაკისრების შესახებ 2023 წლის 17 მარტის №5229 ბრძანება, 2023 წლის 17 მარტის №056-13 საგადასახადო მოთხოვნა და საქმის მასალები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული ვალდებულება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „-------------------ის“ (ს/ნ ----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი ითხოვს მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებას და შესაბამისი კორექტირების განხორციელებას დარიცხვაში.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანს საბაჟო დეკლარაციებში საქონლის საბაჟო ღირებულება შემცირებული აქვს. ყოველივემ გამოიწვია იმპორტის გადასახდელის, კერძოდ, დამატებული ღირებულების გადასახადის შემცირება. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვა საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული სანქცია და იმპორტის გადასახდელის დარიცხვა მართლზომიერია.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული ვალდებულება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 64(2 „დ“); 272; 302(6);

ასევე ბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 13; 27(1„თ“); 30(1.9.10); 37: 38: 44(2.6); 49: 163(1); 167(1);

“საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 45-ე მუხლის მე-5-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი;