ბრძანება N 7845
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7845
16/03/2020
ფ/პ -----
(მის: ქ. -------)
2020 წლის 21 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილების თაობაზე
სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა ფ/პ ----- ს 2020 წლის 21 იანვრის N48807/1/2020 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 23 დეკემბრის NCB601354 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით. აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 14 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი N9).
ფაქტების აღწერა:
სამქეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ 2015 წლის 23 დეკემბერს, 11:18 სთ-ზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ გადამოწმებული იქნა ავტომანქანა ნომრით ,,------”, რომლითაც ხორციელდებოდა ფ/პ ----- ს სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი 1800 ლარის ღირებულების 300 კგ რძის ფხვნილის ტრანსპორტირება N0213475924 სასაქონლო ზედნადებით. აღნიშნული გადამოწმებისას დადგინდა, რომ ფ/პ ----- სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, რაზეც შედგენილი იქნა NCB601354 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლით დაეკისრა ფულადი ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
ამასთან, NCB601354 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გაიგზავნა გადამხდელის ელექტრონულ გვერდზე 2015 წლის 23 დეკემბერს, რომელსაც იგი გაეცნო 2020 წლის 21 იანვარს.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
ფ/პ ----- წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, საქონელი განკუთვნილი იყო პირადი მოხმარებისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს ჯარიმის გაუქმებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის თანახმად,- პირის მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ამავე კოდექსის 51-ე მუხლის „დ“ და „კ“ პუნქტების შესაბამისად საგადასახადო ორგანოს ვალდებულებაა - უზურნველყოს გადასახადის გადამხდელთა დროულად აღრიცხვა; გამოავლინოს ფიზიკური და იურიდიული პირები რომლებიც თავს არიდებენ გადასახადის გადახდას, და აღკვეთონ საგადასახადო სამართალდარღვევები, აწარმოონ საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეები და გამოიყენონ პასუხისმგებლობის ზომები ამ კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, - საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი, აგრეთვე აფხაზეთის რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებული და რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი, გარდა იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან, ვალდებული არიან ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართონ საგადასახადო ორგანოს მათთვის საიდენტიფიკაციო ნომრების მინიჭების მიზნით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი სამართალდარღვევის ადგილზე განიხილავს საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევ პირს ადგილზევე უფარდებს საგადასახადო სანქციას. ამ შემთხვევაში პირს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, რომელიც ითვლება საგადასახადო მოთხოვნად.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.
3. გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება:
ა) საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის კალენდარული წლის დასრულებიდან, გარდა ამ ნაწილის
„ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ბ) საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან, თუ ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის თანხის გაანგარიშება უკავშირდება საგადასახადო ვალდებულების თანხის ოდენობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გასულია გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა, გასაჩივრებული 2015 წლის 23 დეკემბრის NCB601354 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ექვემდებარება გაუქმებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ ----- ს საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 23 დეკემბრის NCB601354 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა 500 ლარი;
3. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევით განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობისთცის დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
სამქეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმებული იქნა ავტომანქანა, რომლითაც ხორციელდებოდა სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი 1800 ლარის ღირებულების 300 კგ რძის ფხვნილის ტრანსპორტირება. გადამოწმებისას დადგინდა, რომ მომჩივანი სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, რაზეც შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსკ-ს 273-ე მუხლით მომჩივანს დაეკისრა ფულადი ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
ვინაიდან გასულია გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა, გასაჩივრებული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი დაეექვემდებარა გაუქმებას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 4; 66(1); 273