გადაწყვეტილება №23603/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23603/2/2024
25 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 31.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23603/2/2024).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 13.07.2023 წლის №19925/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 24.07.2024 წლის №006-384 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 817 855 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 358 742
დღგ - 33 160
მოგების გადასახადი - 826
საშემოსავლო გადასახადი - 324 756
ჯარიმა - 273 114
საურავი - 185 999
ფაქტების აღწერა
კომპანიის საქმიანობაა სასტუმროს მომსახურება. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: საგადასახადო შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ინფორმაცია 2014-2022 წლებზე საწესდებო კაპიტალის მოძრაობის შესახებ. დამუშავდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და შედარდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებთან. განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ანალიტიკური პროცედურები, მათ შორის ხანდაზმულ პერიოდებზე. აღნიშნული ინფორმაციის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ გადასახადის გადამხდელი ახორციელებს სალაროში საწესდებო კაპიტალის დანიშნულებით თანხების შეტანას, რომლის ხარჯვაც (თანხების გადახდა) შემდგომ უფიქსირდება ფიზიკურ პირებთან.
შემოწმებით საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე ზემოაღნიშნული ფიზიკური პირებისგან გამოთხოვილია ინფორმაცია/დოკუმენტაცია და დადგინდა, რომ ფიზიკურ პირებს გადასახადის გადამხდელისგან თანხები არ მიუღიათ, შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში დამფუძნებლის შენატანების რეალობა ვერ დადასტურდა. ასევე გაირკვა, რომ გადასახადის გადამხდელს სალაროდან უფიქსირდება ისეთი ხარჯების გადახდა, რომლის მიზნობრიობა ვერ დგინდება და ვერ დასტურდება დოკუმენტურად. გადამხდელის მიერ წარდგენილი შესამოწმებელი პერიოდის კაპიტალის საწყისი და საბოლოო ნაშთები არ ედრებოდა ხანდაზმულ პერიოდზე ანალიტიკური პროცედურების ჩატარების შემდგომ მიღებულ ნაშთს.
გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი სრულყოფილი ინფორმაცია განხორციელებულ ოპერაციებზე (კაპიტალის ზრდის მიზნობრიობა). შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №33295 ბრძანება და №006-666 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 19.05.2023 წლის №11160 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
- პირველი დავის საგნის ნაწილში გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, მშენებლობაზე გაწეულ დანახარჯებთან დაკავშირებით;
- განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 19.05.2023 წლის №11160 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. დავების განხილვის საბჭოს 13.07.2023 წლის №19925/2/2023 გადაწყვეტილებით მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხზე აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 ივლისის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 24 ივლისის №006-384 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 ივნისის განჩინებით კომპანია გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდა რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 15 ივლისის №--- გადაწყვეტილებით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. შესაბამისად, თხოვს სადავო აქტების გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მომჩივნის მოძიება შეუძლებელია. მომჩივანს საჩივარზე წარმოდგენილი აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 ივნისის მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ განჩინება (საქმე №2/33712-33), რომლის მიხედვით, შპს --- (ს/ნ ----) გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდა მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში, ასევე, წარმოდგენილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 15.07.2024 წლის №--- გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება შპს ---ს (ს/ნ ---) რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გაუქმებულია შპს ---ს (ს/ნ ---) რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრიდან, აღარ არსებობს და მისი მოძიება შეუძლებელია, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ექვემდებარება განუხილველად დატოვებას.
ამასთან, საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილებზე, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 39-ე მუხლის მე-4 პუნქტსა და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 151 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს --- (ს/ნ ---) გამოცხადებულია გაკოტრებულად, გაუქმებულია მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში, შესაბამისად შეუძლებელი ხდება ამ გადაწყვეტილების ადრესატისათვის ჩაბარება, უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილების საჯაროდ გავრცელება სსიპ შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდზე (www.rs.ge) განთავსების გზით.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება გავრცელდეს საჯაროდ;
3. ამ გადაწყვეტილების საჯაროდ გავრცელება უზრუნველყოს სსიპ შემოსავლების სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.rs.ge) განთავსებით;
4. დაევალოს საბჭოს აპარატს, ეს გადაწყვეტილება საჯაროდ გავრცელების ნაწილში შესასრულებლად ელექტრონული ფორმით გადასცეს სსიპ შემოსავლების სამსახურს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების გაცნობიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 13.07.2023 წლის №19925/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედგები.
ფაქტობრივი გარემოებები
დავების განხილვის საბჭოს 13.07.2023 წლის №19925/2/2023 გადაწყვეტილებით მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხზე აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის ივლისის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ექვემდებარება განუხილველად დატოვებას.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301 (მ); 44.