ბრძანება N 3267
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 3267
22.02.2023
ი/მ--------ს (ს/ნ-------)
(მის.: ------------------)
2022 წლის 26 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 იანვრისა და 6 თებერვლის სხდომებზე (ოქმი №5 და N10) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 23 დეკემბრის №18323/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ი/მ ------ს (ს/ნ ------) №193989/21-11 საჩივარი შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 18 ოქტომბრის №21-11/96174 გადაწყვეტილების თაობაზე.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელზე გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №---- ლიცენზია მიწისქვეშა მტკნარი წყლის (ჩამოსხმის მიზნით) მოპოვების მიზნით. გადამხდელმა ლიცენზიის მოპოვებიდან მეოთხე დღესვე მიმართა განცხადებით სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე მხოლოდ 50 მ3 ათვისება. ზეპირსიტყვიერი რეკომენდაციით განუმარტეს, რომ არ დაჯარიმებულიყო, ჯერ შეევსო 500მ3-ზე და მერე დაეკორექტირებინა. თებერვალში ისევ მიმართა განცხადებით მოსაპოვებელი კუბატურის შემცირებაზე, თუმცა ოფიციალური პასუხი ვერ მიიღო. ვირტუალური უარი გაასაჩივრა და მიღებული რეკომენდაციით განმეორებით მოითხოვა 100მ3 წელიწადში.
ზემოაღნიშნული განაცხადი დაკმაყოფილდა და 2022 წლის 7 სექტემბრის №20 ლიცენზია ბრძანებით გადამხდელზე გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №------ ლიცენზიის ნაწილის გაუქმების თაობაზე“ ძალადაკარგულად გამოცხადდა ფ/პ --- ზე (პ/ნ ----) მიწისქვეშა მტკნარი წყლის (ჩამოსხმის მიზნით) მოპოვების მიზნით გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №--ლიცენზიის ნაწილი და მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა ლიცენზიის მოქმედების ვადის ბოლომდე (22.01.2047 წ.) განისაზღვრა წელიწადში 100 მ 3 -ის ოდენობით (2022 წელი 96მ3 , შემდეგ წლიურად 100მ3 , ხოლო ბოლო, 2047 წელი - 4მ3 ).
გადამხდელმა მიმართა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს და მოითხოვა მის მიერ წარდგენილ კვარტალურ გაანგარიშებებში ცვლილების განხორციელება და მოსაკრებლის დარიცხვა ახალი №------
ლიცენზია-ბრძანებით გათვალისწინებული ათვისების გეგმის მიხედვით, რაზეც მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 18 ოქტომბრის №21-11/----- გადაწყვეტილებით გადამხდელს ეთქვა უარი.
გადამხდელი მიუთითებს, რომ პირველი ლიცენზია ბათილია, ვინაიდან ძალაშია მეორე ლიცენზია/ათვისების გეგმა და ითხოვს სადავო გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების გამოცემას მოქმედი ათვისების გეგმის მიხედვით.
ფაქტების აღწერა:
მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის 2022 წლის 21 იანვრის №45/ს ბრძანებით ფ/პ ------ზე (პ/ნ ------) გაიცა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №----- ლიცენზია მიწისქვეშა მტკნარი წყლის (ჩამოსხმის მიზნით) წელიწადში 1000 კუბური მეტრის მოპოვებაზე. სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის 2022 წლის 7 თებერვლის №146/ს ბრძანებით ლიცენზიას დაუმტკიცდა წიაღისეულის ათვისების გეგმა, აღნიშნული ბრძანებით 2022 წლისთვის დამტკიცებული ასათვისებელი რესურსის ოდენობა შეადგენს 942 კუბურ მეტრს. სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის 2022 წლის 7 სექტემბრის №---- ლიცენზია - ბრძანების საფუძველზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №------ ლიცენზიაში განხორციელდა ცვლილება კერძოდ: ძალადაკარგულად გამოცხადდა №----- ლიცენზიის ნაწილი და მოსაპოვებელი წიაღისეულის მოცულობა ლიცენზიის მოქმედების ვადის ბოლომდე განისაზღვრა წელიწადში 100 კუბური მეტრის ოდენობით. შესაბამისად სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №---- ლიცენზია, ამავე ლიცენზიით განსაზღვრული მოცულობის გათვალისწინებით მოქმედი იყო 2022 წლის 7 სექტემბრამდე.
ი/მ ------ს (პ/ნ ------) მიერ წარმოდგენილია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის 2022 წლის I და II კვარტლის გაანგარიშებები, სადაც №---- ლიცენზიის ფარგლებში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსი ნაჩვენებია თითოეულ კვარტალში 125 კუბური მეტრის ოდენობით.
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის 2022 წლის III კვარტლის გაანგარიშებაში შეტანილია შეზღუდვა, კერძოდ, მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მინიმალური ოდენობა შეადგენს 236მ3 (945/4). ხოლო 2022 წლის 7 სექტემბრის №---- ლიცენზია-ბრძანებაზე 2022 წლის 17 ოქტომბერს დამტკიცებული ათვისების გეგმით გათვალისწინებული 94 მ3 მთლიანად შეტანილია 2022 წლის მე-4 კვარტლის გაანგარიშებაში. ი/მ ------ კი ითხოვდა, რომ 2022 წლის III კვარტლის გაანგარიშებაში შეტანილი ყოფილიყო 07.09.2022 წლის №---- ლიცენზია-ბრძანებაზე 17.10.2022წ დამტკიცებული ათვისების გეგმით გათვალისწინებული 23.5მ3 (94/4).
სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაციით, №----- სალიცენზიო მოწმობა გაუქმებულად ითვლება 2022 წლის 7 სექტემბრიდან, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მე-3 კვარტლის მოსაკრებელი დასარიცხია №---- ლიცენზიის ფარგლებში დამტკიცებული ათვისების გეგმის მიხედვით. ამასთან, მოსაკრებლის დარიცხვის მიზნებისათვის ლიცენზიის გაუქმების თვე ითვლება სრულ თვედ. აქედან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2022 წლის მე-3 კვარტლის გაანგარიშებაში შეტანილი შეზღუდვა, მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მინიმალური ოდენობა 236 მ 3 (945/4) ჩაითვალა მართლზომიერად,------ს მოთხოვნა 2022 წლის მე-3 კვარტლის მოსაკრებლის სრულად №---- ლიცენზია - ბრძანების ფარგლებში დარიცხვის თაობაზე, ვერ დაკმაყოფილდა, რის შესახებაც გადამხდელს ეცნობა მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 18 ოქტომბრის №21-11/------ გადაწყვეტილებით, რომელიც ჩაბარდა 2022 წლის 25 ოქტომბერს.
2022 წლის 20 ოქტომბერს გადამხდელისათვის გაგზავნილია შეტყობინება სავარაუდო დარიცხვის შესახებ, რომელსაც პირი გაეცნო იმავე დღეს. სავარაუდო დარიცხვა განხორციელდა 2022 წლის 25 ოქტომბერს, რის შესახებაც გადამხდელს ეცნობა 25 ოქტომბერს.
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 18 ოქტომბრის №21- 11/------- გადაწყვეტილება 2022 წლის 26 ოქტომბერს გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 ნოემბრის №-------- ბრძანებით მომჩივანს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გასაჩივრდა საქართველოს ფინანასთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საქართველოს ფინანასთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 23 დეკემბრის №-----/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სრულყოფილად შესწავლილი და გამოკვლეული სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 107-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების III ნაწილის მე-4 სვეტში აისახება გარემოდან ამოღებული (მოპოვებული/მოსაპოვებელი) ბუნებრივი რესურსების მოცულობა (რაოდენობა), კერძოდ: მინერალურ წყლებსა და მიწისქვეშა მტკნარ ჩამოსასხმელ წყლებზე – კვარტლის განმავლობაში ლიცენზიის შესაბამისად დამტკიცებული სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, წლიური გეგმის ¼-ის ოდენობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება წლიური გეგმის ¼- ს, შეიტანება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის რაოდენობა;
,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლების შემთხვევაში − არა უგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, მიუხედავად იმისა პირი ფაქტობრივად ახორცილებდა თუ არა მოპოვებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია გაანგარიშება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარადგინოს ამ მოსაკრებლის გადახდისათვის დადგენილ ვადაში.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაციით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №---- ლიცენზია, ამავე ლიცენზიით განსაზღვრული მოცულობის გათვალისწინებით მოქმედი იყო 2022 წლის 7 სექტემბრამდე. ამასთან, მოსაკრებლის დარიცხვის მიზნებისათვის ლიცენზიის გაუქმების თვე ითვლება სრულ თვედ. აქედან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2022 წლის მე-3 კვარტლის გაანგარიშებაში შეტანილი შეზღუდვა, მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მინიმალური ოდენობა 236 მ 3 (945/4) ჩაითვალა მართლზომიერად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება კანონშესაბამისია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ -------- ს (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.