გადაწყვეტილება №25018/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.05.2025
№ დოკუმენტი 25018/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 25018/2/2025

21 მაისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ----- (ს/ნ -----)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 16.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----- 04.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 25018/2/2025).

 

დავის საგანი:

საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის უფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 26.02.2025 წლის N 21-10-19/13267 გადაწყვეტილება;

2. შემოსავლების სამსახურის 20.03.2025 წლის N 5069 ბრძანება.

 

სადავო თანხა:

იმპორტის გადასახდელი - 2 604.19 ლარი.

 

ფაქტების აღწერა:

13.01.2025 წელს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე N CAAU----- კონტეინერით შემოტანილ იქნა მომჩივნის კუთვნილი საქონელი, რომელიც 18.01.2025 წლის N -----/C---/A--- საქონლის საბაჟო დეკლარაციით, მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში. აღნიშნული დეკლარაციით მომჩივანს იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა 2 604.19 ლარი. მითითებული თანხა გადახდილ იქნა იმავე დღეს (საგადახდო დავალება N -----; 18.01.2025წ.).

07.02.2025 წელს მომჩივანმა N -----/1/2025 განცხადებით მიმართა საბაჟო ორგანოს და ითხოვა N -----/C---/A--- საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გამოყენება.

საბაჟო დეპარტამენტის 26.02.2025 წლის N 21-10-19/----- წერილით, მომჩივანს უარი ეთქვა საგადასახადო შეღავათის გავრცელებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება 05.03.2025 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.03.2025 წლის N 5069 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე-60 მუხლზე, 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტზე.

დადგენილია, რომ მომჩივანს მიღებული არ აქვს საქართველოში მუდმივად ცხოვრების ნებართვა და გააჩნია მხოლოდ დროებითი ბინადრობის მოწმობა (ბარათის N -----). შესაბამისად, მის მიერ შემოტანილ საქონელზე მართლზომიერად ვერ გავრცელდა საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, რის შესახებაც აღნიშნულ პირს ეცნობა საბაჟო დეპარტამენტის 26.02.2025 წლის N 21-10- 19/----- წერილით.

საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 26.02.2025 წლის N 21-10-19/----- გადაწყვეტილებაში ასახული შედეგები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საქართველოში პირველად ექვსი წლის წინ მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა -----. დაიბადა -----, თუმცა 90-იან წლებში მძიმე ყოფის გამო, საცხოვრებლად გადავიდა -----. მას შემდეგ ახალგაზრდობის პერიოდი გაატარა -----. მუშაობდა სპორტული (სამედიცინო) მიმართულებით. საქართველოს შესახებ ახალგაზრდობაში ბევრი სმენოდა, თუმცა მისი ქართველ ხალხთან პირველი შეხვედრა შედგა 6 წლის წინ. მას შემდეგ, რაც ----- მიაღწია საპენსიო ასაკს, დაფიქრდა, რომ მისი ადგილი იქ აღარ იყო. ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია მას და მის ----- მეუღლეს, თუ სად უნდა წასულიყვნენ საცხოვრებლად და არჩევანი საქართველოზე შეაჩერეს. 2024 წლის ივნისში ჩამოვიდნენ საქართველოში (იხილეთ დანართი N 1 - პასპორტის შტამპი; 12.06.2024წ.). ეს ჩამოსვლა იყო ერთგვარი შესწავლა უძრავი ქონების კუთხით, თუ რა ფასები იყო და მათი ფინანსებიდან გამომდინარე, რისი შეძენა შეეძლოთ. უძრავი ქონება შეიძინეს ქალაქ -----, ----- (იხ. დანართი 2 - წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება). როდესაც დაბრუნდნენ -----, დაიწყეს მათი არსებული უძრავი ქონების გასხვისებისათვის მზადება, საყოფაცხოვრებო ნივთების გაჩუქება, გაყიდვა და მათი ნაწილის საქართველოში ჩამოტანა.

სექტემბერში ----- დაუკავშირდა კომპანიას, რომელიც თანამშრომლობდა საერთაშორისო გადამზიდავ კომპანია „-----“. აღნიშნულმა კომპანიამ მიაწოდა კონტეინერი და დაუგეგმა პირადი ნივთების, მეუღლის და საერთო საყოფაცხოვრებო ნივთების გადმოტანა, მათ შორის იყო ოჯახის კუთვნილი ავტომობილი. 2024 წლის ნოემბრის თვეში დატვირთული კონტეინერი მიაწოდა კომპანიას (იხილეთ დანართი N 3 - საქონლის მიწოდების აქტი).

21.11.2024 წელს ჩამოვიდა საქართველოში (იხილეთ დანართი N 4 - შემოსვლის შტამპი), იკითხა, თუ რა იყო საჭირო იმისთვის, რომ მისი და მეუღლის კუთვნილი პირადი მოხმარების ნივთები შემოეტანა. პასუხად მიიღო, რომ სჭირდებოდა მუდმივი ბინადრობის ნებართვა. მოაგვარა საცხოვრებელი ბინის საკითხები - საკუთრებაში დაირეგისტრირა საცხოვრებელი ბინა და ვინაიდან მისი ბინის საფასური 100 000 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების გახლდათ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოანიჭა 5 წლიანი ბინადრობის ნებართვა (იხილეთ დანართი N 5 - ბინადრობის მოწმობა). აღსანიშნავია, რომ მუდმივი ბინადრობის ნებართვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიენიჭება იმ არარეზიდენტს, რომლის ერთ - ერთი მეუღლე არის საქართველოს მოქალაქე. ამ ნაწილში ვერ მოხვდებოდა, ვინაიდან მისი მეუღლე უკრაინის მოქალაქე გახლდათ. მეორე ვარიანტი იყო მოქალაქეობის მიღებისათვის განაცხადის შეტანა, რასაც ვერ აკმაყოფილებდა, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ წერა - კითხვა შეისწავლა, მოქალაქეობის მიღებისათვის საჭირო სხვა წინაპირობებს ვერ აკმაყოფილებდა. ვინაიდან სარგებლობდა 5 წლიანი ბინადრობის უფლებით, რომელიც გათანაბრებულია მუდმივ საინვესტიციო ბინადრობასთან. ჩათვალა, რომ ეკუთვნოდა საშეღავათო პერიოდით სარგებლობა. თუმცა მაშინ, როდესაც მიმართა ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონას, მოუწია დღგ-ის და იმპორტის გადასახადის გადახდა, საერთო ჯამში 2 604.19 ლარის ოდენობით, ასევე დეკლარაციის მომსახურების საფასურის ( 500 ლარი) გადახდა. პრეტენზია არ აქვს ექსპერტის მომსახურებასთან, ვინაიდან ექსპერტი ყველა შემთხვევაში ვალდებული იყო დაეთვალიერებინა მათი ოჯახის კუთვნილი მეორადი ნივთები, რაც მისი მხრიდან დიდ შრომას მოითხოვდა.

ვინაიდან ავტომობილიც შემოიყვანა, საჭირო გახდა განბაჟების პროცედურების გათვალისწინება იმ განსხვავებით, რომ მიეცა 60 დღიანი საშეღავათო პერიოდი, რისი დასრულების შემდეგ ავტომობილის განბაჟების ხარჯი, 2 183.34 ლარი გადაიხადა.

ექსპერტმა სწრაფად დაათვალიერა და დროულად მიაწოდა შეფასების დასკვნა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მისი ქმედების მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია. ფიქრობს, რომ უცხოელისთვის, რომელიც მუდმივად საცხოვრებლად გადმოდის საქართველოში, საბაჟოზე და აეროპორტში საინფორმაციო ბუკლეტის ან/და ეკრანზე განთავსებული ტექსტის სახით უნდა იღებდეს საჭირო ინფორმაციას ქართულ და ინგლისურ ენებზე, ვინაიდან როგორც უცხოელი, აღმოჩნდა გაუგებრობაში - ვერც საბაჟოზე და ვერც შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებთან კონსულტაციის შემდეგ ვერ მიიღო სწორი პასუხი, გარდა იმისა, რომ უნდა ჰქონოდა მუდმივი ბინადრობის ნებართვა. ამასთანავე შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე დარეგისტრირდა, სადაც შეავსო წინასწარი დეკლარაცია. შემდგომ ეკონტაქტებოდა შემსრულებელს, რომელსაც განუმარტა მისი პოზიცია, თუმცა კვლავ გადაამისამართეს ----- გაფორმების ეკონომიკური ზონის შეღავათების დეპარტამენტში. ამ პერიოდისთვის საქონელი შემოვიდა კონტეინერით და ბოლო წუთებში შეიტყო, რომ შეღავათით ვერ ისარგებლებდა.

როგორც ----- მოქალაქე, ნამდვილად ადასტურებს, რომ საქართველოში გადმოვიდა მუდმივად საცხოვრებლად და არ აპირებს სხვა რომელიმე ქვეყანაში გადასვლას. საქართველო მიაჩნია მეორე სამშობლოდ და ფიქრობს, რომ კანონმდებლობით აქვს უფლება ისარგებლოს შეღავათით და დაიბრუნოს მის მიერ გადახდილი დღგ-ის და იმპორტის გადასახადი უკან, ასევე დეკლარაციის მომსახურების საფასური (500 ლარი) და ავტომობილის განბაჟების საფასური 2 183.34 ლარი. ავტომობილი მისი ოჯახის საკუთრებაა, განკუთვნილია მათი პირადი მოხმარებისათვის და მიზნად არც კი ჰქონია მისი რეალიზაციაში გაშვება. აღნიშული ავტომობილით უნდა იმოძრაოს მან და მისმა მეუღლემ.

საქართველოს პრეზიდენტის 28.06.2006 წლის N 400 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა - გადაწყვეტის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა შეიძლება მიეცეს:

ა) უცხოელს, რომელმაც კანონიერ საფუძველზე საქართველოში იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობაში მუშაობის პერიოდი;

ბ) საქართველოს მოქალაქის მეუღლეს, მშობელს, შვილს, მშვილებელს, შვილობილს, დას, ძმას, პაპას ან ბებიას;

გ) მეცნიერების დარგის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტ - ტექნიკოსებს, სპორტსმენებს და ხელოვნების მოღვაწეებს, რომელთა ჩამოსვლა შეესაბამება საქართველოს ინტერესებს.

სიტყვას და ტერმინს რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია განისაზღვროს, რომ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომელიც ----- მოქალაქემ მიიღო იმის გამო, რომ საქართველოში შეიძინა 100 000 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება, რომელიც შეიძინა არა როგორც ინვესტორმა, არამედ ნამდვილმა მოქალაქემ, რომელსაც სამუდამოდ სურს დარჩენილი ცხოვრების საქართველოში გატარება. დამატებით განმარტავს, რომ 5 წლიანი ბინადრობა გათანაბრებულია მუდმივ საინვესტიციო ბინადრობასთან, თუმცა არც იმ შემთხვევაში არ წერენ სიტყვას „მუდმივი“.

სადავოა 18.01.2025 წლის C--- დეკლარაცია და მიაჩნია, რომ მასზე უსაფუძვლოდ არ გავრცელდა საგადასახადო შეღავათი, შესაბამისად, უსაფუძვლოდ გადაიხადა 2 604.19 ლარი, ასევე 500 ლარი დეკლარაციის მომსახურების საფასური. ასევე სადავოა საბაჟო დეპარტამენტის 26.02.2025 წლის N 21-10- 19/----- აქტი, რომელიც არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული აქტის მომზადების პირობებს (არ გააჩნია დასაბუთება, არ გააჩნია გასაჩივრების მექანიზმი და არ გააჩნია რეკვიზიტები).

არარელევანტურია საბაჟო დეპარტამენტის მტკიცება შეღავათის გავრცელების თაობაზე 19.11.2024 წლამდე განუცხადებლობის შესახებ და შემოსავლების სამსახურის ბრძანება, რომელიც არ არის განმარტებული. აქედან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მის მიმართ უნდა გავრცელდეს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათები.

მომჩივანი ითხოვს, დაუბრუნდეს 2 183.34 ლარი, რომელიც ავტომობილის განბაჟებისათვის გადაიხადა, ვინაიდან კანონით გათვალისწინებული შეღავათი უნდა გავრცელებულიყო არა მარტო პირად ნივთებზე, არამედ ავტომობილზეც და უნდა გათავისუფლებულიყო იმპორტის გადასახადის და დღგისგან.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას (რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით) საქონლის (მათ შორის, ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის, ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალების) იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის.

საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 8) მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის მისაღებად არაეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილ იმ საქონელზე, რომელიც:

ა) საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების შემდგომ პირის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას (მაგრამ არა უგვიანეს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღიდან 30 კალენდარული დღისა) მასთან ერთად არ გადაადგილდება, პირი საბაჟო გამშვებ პუნქტში შევსებულ „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში“ აცხადებს ასეთი საქონლის შემოტანის განზრახვის თაობაზე, ხოლო საბაჟო დეკლარაციისა და საქონლის წარდგენა ხორციელდება საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღიდან არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა;

ბ) შეღავათით სარგებლობის უფლების მქონე პირისათვის იგზავნება მის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გადაკვეთის გარეშე, პირი საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღიდან;

ბ.ა) არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა საბაჟო ორგანოში წარადგენს „საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე/მაძიებელი პირის განაცხადს საქართველოში შემოსატანი საქონლის შესახებ“ (დანართი N 8-I-01);

ბ.ბ) არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა წარადგენს საბაჟო დეკლარაციას და საქონელს;

გ) საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მაძიებელი პირის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას (მაგრამ არაუგვიანეს უფლებამოსილ ორგანოში საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის დღიდან 30 კალენდარული დღისა) მასთან ერთად არ გადაადგილდება, პირი საბაჟო გამშვებ პუნქტში შევსებულ „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში“ აცხადებს ასეთი საქონლის შემოტანის განზრახვის თაობაზე, ხოლო საბაჟო დეკლარაციისა და საქონლის წარდგენა ხორციელდება საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის დღიდან არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა;

დ) საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მაძიებელი პირისათვის იგზავნება მის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გადაკვეთის გარეშე, პირი უფლებამოსილ ორგანოში საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის დღიდან;

დ.ა) არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა საბაჟო ორგანოში წარადგენს „საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე/მაძიებელი პირის განაცხადს საქართველოში შემოსატანი საქონლის შესახებ“ (დანართი N 8-I-01);

დ.ბ) არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა წარადგენს საბაჟო დეკლარაციას და საქონელს.

მომჩივანს მიაჩნია, რომ 5 წლიანი ბინადრობის უფლება გათანაბრებულია მუდმივ საინვესტიციო ბინადრობასთან და საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობას, მუდმივი ბინადრობის უფლების ქონას, არ აქვს მნიშვნელობა როგორც სიტყვიერ განმარტებას და მთავარია ფაქტობრივი გარემოება, რომ იგი მუდმივად ცხოვრების მიზნით შემოვიდა, როგორც მოქალაქე.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 10.04.2025 წლის N ----- -21-10 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივანს მიღებული არ აქვს საქართველოში მუდმივად ცხოვრების ნებართვა და გააჩნია მხოლოდ დროებითი ბინადრობის მოწმობა (ბარათის N -----), შესაბამისად, მის მიერ შემოტანილ საქონელზე მართლზომიერად ვერ გავრცელდა საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, რის შესახებაც 26.02.2025 წლის N 21-10-19/----- წერილით, მომჩივანს ეცნობა საბაჟო დეპარტამენტის გადაწყვეტილება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის მომჩივნის მიმართ გავრცელების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი ითხოვს, დაუბრუნდეს 2 183.34 ლარი, რომელიც ავტომობილის განბაჟებისათვის გადაიხადა, ვინაიდან კანონით გათვალისწინებული შეღავათი უნდა გავრცელებულიყო არა მარტო პირად ნივთებზე, არამედ ავტომობილზეც და უნდა გათავისუფლებულიყო იმპორტის გადასახადის და დღგისგან.

ითხოვს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის უფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან გადმოგზავნილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე კონტეინერით შემოტანილ იქნა მომჩივანის (დროებითი ბინადრობის მქონე პირის) კუთვნილი საქონელი, რომელიც საქონლის საბაჟო დეკლარაციით მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში. აღნიშნული დეკლარაციით მომჩივანს იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა გადასახდელი თანხა. აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც შემდგომ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება:

სადავო საკითხზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივანს მიღებული არ აქვს საქართველოში მუდმივად ცხოვრების ნებართვა და გააჩნია მხოლოდ დროებითი ბინადრობის მოწმობა. შესაბამისად, მის მიერ შემოტანილ საქონელზე მართლზომიერად ვერ გავრცელდა საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, რის შესახებაც მომჩივანს ეცნობა საბაჟო დეპარტამენტის გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის მომჩივნის მიმართ გავრცელების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 199;.