გადაწყვეტილება №18894/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.03.2023
№ დოკუმენტი 18894/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18894/2/2023

17.03.2023

გადაწყვეტილება

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ ---------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.03.2023 და 17.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------ის 16.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18894/2/2023).

დავის საგანი:

ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნებაზე უარი.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 5.10.2022 წლის ID: 11457427 შესაგებელი;

2. შემოსავლების სამსახურის 16.02.2023 წლის №2814 ბრძანება. სადავო თანხა: 98 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელმა 27.09.2022 წელს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა № ID:--------, რომლის საფუძველზეც მომჩივანი ითხოვდა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის 98 000 ლარის დაბრუნებას.

შესწავლის პროცესში აღმოჩენილი შეუსაბამობების გამო გადამხდელს 2022 წლის 5 ოქტომბრის ID: -------- შესაგებლით, ეთქვა უარი „ბიუჯეტში შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.12.2009 წლის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. კერძოდ, მიეთითა, რომ: მოთხოვნაში არ არის სწორად განმარტებული ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის წარმოშობის საფუძველი.

აღნიშნული შესაგებელი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 16.02.2022 წლის №2814 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 63-ე მუხლის პირველი ნაწილით, 65-ე მუხლით. შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, თვითმმართველი ერთეულების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავზე, ამავე ინსტრუქციის 131 მუხლის პირველ პუნქტზე და 135 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, გადამხდელის მოთხოვნაში არ არის სწორად განმარტებული ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის წარმოშობის საფუძველი, რაც „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის განმარტებით, სადავო არ არის ის გარემოება, რომ თანხა ზედმეტად აქვს გადახდილი და ის გარემოება, რომ საგადასახადო ვალდებულება სრულად აქვს შესრულებული. მომჩივანი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ეს ზედმეტობა წარმოიშვა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გაუქმება და დარიცხვის შემცირების შედეგად. მისი თქმით, გაუგებარია რატომ არ ხდება აუდიტის დეპარტამენტის მიერ ამ თანხის დაბრუნება. მომჩივანის განმარტებით, ზედმეტობის წარმოშობის საფუძველი ანუ მისი რეალობა სადავოდ არავის გაუხდია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდლს უფლება აქვს, დაიბრუნოს ან/და მომავალ საგადასახადო ვალდებულებათა ანგარიშში ჩაითვალოს ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა.

ამავე კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელს დაუბრუნონ ზედმეტად გადახდილი თანხა ამ კოდექსით დადგენილი წესით.

საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.

საგადასახადო კოდექსის 65-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა. საქართველოს ფინანსთა მინისტრისს №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავის 131 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით:

1. ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ (შემდგომში - „მოთხოვნა“), რომელსაც უნდა დაურთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ, საგადასახადო ორგანო თავადაც არის უფლებამოსილი მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია იმ გადამხდელებს, რომელთაც პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებათ ზედმეტად გადახდილი გადასახადი. ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ „მოთხოვნაში“ არ არის განმარტებული ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის წარმოშობის საფუძველი.

ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნიდან არ ირკვევა ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის წარმოშობის საფუძველი, ამასთან დავის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მისი არგუმენტის დამატასტურებელი არანაირი მტკიცებულება, ხოლო შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით 17.03.2023 წლის მდგომარეობით ზედმეტად გადახდილი თანხა შეადგენს 61 445,11 ლარს, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოთხოვნილი თანხის ფარგლებში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ამასთან, საგადასახადო კოდექსის 65-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილების გათვალისწინებით, გადამხდელს უფლება აქვს, კორექტირებული მოთხოვნის ფარგლებში მიმართოს აუდიტის დეპარტამენტს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ 16.02.2023 წლის №2814 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები

ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნებაზე უარი

 

ფაქტობრივი გარემოება

გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც მომჩივანი ითხოვდა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებას. შესწავლის პროცესში აღმოჩენილი შეუსაბამობების გამო გადამხდელს შესაგებლით, ეთქვა უარი კერძოდ, მიეთითა, რომ: მოთხოვნაში არ არის სწორად განმარტებული ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის წარმოშობის საფუძველი. აღნიშნული შესაგებელი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნიდან არ ირკვევა ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის წარმოშობის საფუძველი, ამასთან დავის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მისი არგუმენტის დამატასტურებელი არანაირი მტკიცებულება, საბჭოს მიაჩნია, სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 41 (1); 51 (1); 63 (1); 65 (1) (2).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.12.2009 წლის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია, VI1 თავი, 135 მუხლი, პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი.