გადაწყვეტილება №19611/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.07.2023
№ დოკუმენტი 19611/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19611/2/2023

26 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "-------" (პ/ნ "-------" )

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------"-ის 7.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19611/2/2023).

 

დავის საგანი:

საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის (ფული) გადაადგილება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 25.03.2023 წლის №EL204054 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 25.04.2023 წლის №8866 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 3 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

25.03.2023 წელს "-------"-"-------"რეისით ("-------") საქართველოში ჩამოფრენილმა მომჩივანმა საპასპორტო კონტროლის გავლის და კუთვნილი ბარგის მიღების შემდგომ, საბაჟო კონტროლის ზონა დატოვა მწვანე დერეფნის გამოყენებით, რის შემდგომაც მოხდა მისი შეჩერება და კუთვნილი ბარგის და ხელბარგის დათვალიერება. ხელჩანთაში აღმოჩნდა არადეკლარირებული ნაღდი ფული - 14 000 აშშ დოლარის (ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 36 069,6 ქართული ლარი) ოდენობით.

საქართველოს საბაჟო საზღვარზე 30 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის არადეკლალირებულ ნაღდი ფულის გადმოტანის ფაქტზე, მომჩივანს 25.03.2023 წლის №EL204054 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 3 000 ლარი.

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 25.04.2023 წლის №8866 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-5 და მე-6 მუხლებზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 169-ე მუხლის პირველი ნაწილზე, „საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 27.08.2019 წლის №254 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები და მათი განხორციელების წესის“ (დანართი №2), პირველი მუხლის პირველი პუნქტზე, ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საქართველოს საბაჟო საზღვარზე 30 000 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 50 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

დადგენილია ასევე, რომ მომჩივანს დეკლარირების მოთხოვნით არ მიუმართავს გამშვები პუნქტის თანამშრომლებისთვის, რის შემდგომაც განხორციელდა მისი კონტროლის ზონის (მწვანე დერეფნის) გარეთ შეჩერება. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მწვანე დერეფანზე გარკვევით და სამ ენაზე არის მითითებული: „არ ექვემდებარება დეკლარირებას“. მომჩივნის მიერ დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ქონის მიუხედავად აღნიშნული დერეფნის გამოყენება ნიშნავს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით დაუდეკლარირებელი საქონლის გადაადგილებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გასაჩივრებულ ბრძანებაში საერთოდ არ არის მსჯელობა იმ მთავარ საკითხზე, რომ უცნობი იყო მსგავსი რეგულაცია, არ მაქვს მოგზაურობის გამოცდილება და ასევე, მებაჟე ოფიცრის ურთიერთსაწინააღმდეგო ქმედებები, რითაც თითქოს გვერდის ავლის გამო დამაჯარიმა, თუმცა მეორე მხრივ, მიზანმიმართულად უკვე როცა მოაბრუნა, მიზანმიმართულად არასწორად მოანიშნინა, რომ არ გადაჰქონდა 30 ათას ლარზე მეტი თანხა. უნდა გაუქმდეს აღნიშნული ბრძანება და სამართალდარღვევის ოქმი და მიღებულ იქნეს დასაბუთებული გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.

25.03.2023 წელს "-------"-დან ჩამოფრენისას "-------"-ის საერთაშორისო აეროპორტში, საბაჟო ტერიტორიიდან გამოსვლის პროცესში გააჩერა მებაჟე ოფიცერმა, მოაბრუნა გასასვლელიდან და აცნობა, რომ უნდა დაეთვალიერებინა ბარგი. ბარგში თან ჰქონდა 14 000 აშშ დოლარი, რომლის დეკლარირების ვალდებულების შესახებ არ იცოდა. ფაქტობრივი სურათი ის იყო, რომ რეგულაციის არცოდნის პირობებში საბაჟოს გვერდის ავლით გამოდიოდა საბაჟო ტერიტორიიდან. მებაჟე ოფიცერმა გაჩერების და დათვალიერების შემდეგ, უკვე როცა ნახა, რომ თან ჰქონდა 30 ათას ლარზე მეტი თანხა, შეადგინა შემდეგი დოკუმენტები ერთობლივად: დეკლარაციის განაცხადი, სამართალდარღვევის ოქმი და უზრუნველყოფის მიზნით საქონლის ჩამორთმევა და დალუქვის აქტი. აღნიშნავს, რომ მისთვის ერთი მხრივ უცნობი იყო, რომ 30 ათას ლარზე მეტი ნაღდი ფულის ტარების შემთხვევაში დეკლარირება არის სავალდებულო და მეორე მხრივ, მობრუნების შემდეგ მებაჟე ოფიცერმა ისე შეავსო დეკლარირების ფორმა და მონიშნა, რომ თითქოს განცხადებით 30 ათას ლარზე მეტი არ ჰქონდა, რომ არ დაუსვამს მსგავსი კითხვა და არც განუმარტავს, რომ ვალდებული იყო ასეთ შემთხვევაში დეკლარირება გაეკეთებინა. გარდა ამისა, თვითონ სამართალდარღვევის ოქმშიც კი მიუთითა, რომ საბაჟოს გვერდის ავლით ატარებდა 30 ათას ლარზე მეტ თანხას, თუმცა ამის საწინააღმდეგოდ დეკლარირების ფორმა შეავსო და იქ განზრახ არასწორად მონიშნა 30 ათას ლარზე, რომ თითქოს არ ჰქონდა. ანუ, სამართალდარღვევის ოქმში სწორად მიუთითა, რომ გვერდის ავლით გადიოდა (რა თქმა უნდა, არა განზრახ, არამედ არცოდნის გამო), თუმცა დეკლარირების ფორმა მიზანმიმართულად თვითონ არასწორად შეავსო და რეალურად არასწორი დეკლარირება უნდა მიეთითებინა ჯარიმის საფუძვლად. ყველა ზემოთ აღნიშნული ფაქტი დაფიქსირებული იქნება იქ არსებულ ვიდეო-მეთვალყურეობის კამერებში. დამატებით აღნიშნავს, რომ იყო ემიგრანტი "-------"-ში დედასთან ერთად 13 წლის ასაკიდან, 2011 წლიდან. საქართველოში ბოლოს იყო 2017 წელს და ამავე წელს დაბრუნდა "-------"-ში . მას შემდეგ საქართველოში არ ყოფილა და მისთვის უცნობი იყო, რომ ვალდებული იყო თავიდანვე თავისივე ინიციატივით შეევსო დეკლარაცია.

მომჩივანი მიუთითებს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილზე, ამავე კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობი იყო მსგავსი რეგულაცია აქამდე. არ მაქვს მოგზაურობის ხშირი გამოცდილება და ბოლოს საქართველოში იყო 2017 წელს. არანაირი ბოროტი

განზრახვა არ ჰქონია, რომ სახელმწიფოსთვის ზიანი მიეყენებინა და მით უმეტეს, დეკლარირების შემთხვევაში არც თანხის გადახდის ვალდებულება არ ექნებოდა. ამიტომ, წინასწარ რომ სცოდნოდა, ან თუნდაც მებაჟე ოფიცერს მისთვის კეთილსინდისიერად განემარტა, რომ კონკრეტული ოდენობით თანხის თან ქონის შემთხვევაში უნდა შეევსო, ასეც გააკეთებდა, ხოლო საბაჟო დეპარტამენტი სანქციის უზრუნველყოფის მიზნით არ ჩამოართმევდა მთლიან ოდენობას და არც დააჯარიმებდა. სხვა რა შემთხვევა უნდა იყოს არცოდნის/შეცდომის მაგალითი, თუ არა ის ფაქტი, რომ 2017 წლის შემდეგ საქართველოში არ იყო და არც მოგზაურობის ისტორია აქვს გარდა, "-------"-ში ბოლო 6 წლის განმავლობაში უწყვეტად ყოფნისა. გამოყენებული სანქცია ზედმეტად მკაცრია და მისი დაკისრების გარეშე შესაძლებელია სამომავლოდ დეკლარირების ვალდებულების გათვალისწინება მომჩივანისთვის. მიღებული ბრძანება არ არის დასაბუთებული და საერთოდ არ არის განხილული მომჩივანის მიერ რეგულაციის არცოდნის საკითხი.

მომჩივანი მოითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საჩივარი სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების შესახებ. ასევე, აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც დააკისრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო დეკლარაცია არის დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით აცხადებს, რომ განზრახული აქვს საქონლის მიმართ შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოყენება, და რომელშიც საჭიროების შემთხვევაში დამატებით პირობას უთითებს.

ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქონელი არის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი, ელექტროენერგია, თბოენერგია, გაზი, წყალი.

საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.

საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის:

ბ) ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეოდა აუდიოჩაწერა);

გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია;

ე) დაათვალიეროს ფიზიკური პირი;

ი) განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.

საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 30 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 50 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით – იწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

დადგენილია, რომ მომჩივანმა საპასპორტო კონტროლის გავლის და კუთვნილი ბარგის მიღების შემდგომ, საბაჟო კონტროლის ზონა დატოვა მწვანე დერეფნის გამოყენებით, მიუხედავად იმისა, რომ გადააადგილებდა საბაჟო საზღვარზე დეკლარირებას დაქვემდებარებულ თანხას (14 000 აშშ დოლარი, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 36 069,6 ლარი).

მომჩივნის განმარტებით, მისთვის უცნობი იყო, რომ აღნიშნული თანხა ექვემდებარებოდა დეკლარირებას. ასევე მიუთითებს მებაჟე ოფიცრის მიზანმიმართულ, არამართლზომიერ ქცევაზე და აცხადებს, რომ გამოყენებული სანქცია ზედმეტად მკაცრია და მისი დაკისრების გარეშე შესაძლებელია სამომავლოდ დეკლარირების ვალდებულების გათვალისწინება მომჩივანისთვის. მიღებული ბრძანება არ არის დასაბუთებული და საერთოდ არ არის განხილული მომჩივანის მიერ რეგულაციის არცოდნის საკითხი.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 18.05.2023 წლის №"-------" წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივანს დეკლარირების მოთხოვნით არ მიუმართავს საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლებისთვის, რის შემდგომაც განხორციელდა მისი კონტროლის ზონის (მწვანე დერეფნის) გარეთ შეჩერება. მწვანე დერეფანზე გარკვევით სამ ენაზეა მითითებული: „არ ექვემდებარება დეკლარირებას“. ხოლო ზემოაღნიშნული მგზავრის მიერ დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ქონის მიუხედავად აღნიშნული დერეფნის გამოყენება საბაჟო ორგანოსთვის ნიშნავდა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით დაუდეკლარირებელი საქონლის გადაადგილებას.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და დადასტურებულად მიაჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით ნაღდი ფულის შემოტანა არ იბეგრება, თუმცა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით იგი ექვემდებარება სავალდებულო დეკლარირებას, რაც მოცემულ საქმეში მომჩივნის მხრიდან არ შესრულებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს მომჩივნის არგუმენტაციის გათვალიწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო მომჩივნის შეცდომით, ამდენად არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი მოითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საჩივარი სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების შესახებ. ასევე, აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც დააკისრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქართველოში ჩამოფრენილმა მომჩივანმა საბაჟო კონტროლის ზონა დატოვა მწვანე დერეფნის გამოყენებით, რის შემდგომაც მოხდა მისი შეჩერება და კუთვნილი ბარგის და ხელბარგის დათვალიერება. ხელჩანთაში აღმოჩნდა არადეკლარირებული ნაღდი ფული - 14 000 აშშ დოლარის ოდენობით.

მომჩივანს შეეფარდა საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 3 000 ლარი.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო მომჩივნის შეცდომით, ამდენად არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

169(1),„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 2( 15 „დ“ .)