გადაწყვეტილება №24579/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.02.2025
№ დოკუმენტი 24579/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24579/2/2025

06 თებერვალი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.01.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 7.01.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24579/2/2025).

 

დავის საგანი:

სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 12.11.2024 წლის №CB1687802 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 24.12.2024 წლის №27049 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 10 000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 12.11.2024 წლის №CB1687802 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, მომჩივნის მიერ დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ სატრანსპორტო საშუალების გადამოწმების დროს (სახელმწიფო ნომერი ----------, გადამოწმების დრო: 10.10.2024 წ. 14:30 სთ) გამოვლინდა 23 845,6 ლარის საბაზრო ღირებულების ხეტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების, დახერხილი წიწვოვანი ჯიშის ხე-მასალის (ფიცარი, 24,17 მ3X820 ლარი), დახერხილი წიწვოვანი ჯიშის ხე-მასალის (ძელაკი, 4,91 მ3X820 ლარი) ტრანსპორტირება ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაზეც მომჩივანს, აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.

სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 24.12.2024 წლის №27049 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებზე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 286-ე მუხლზე და ყურადღებას ამახვილებს საბჭოზე საჩივრის განხილვისას მეთოდოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, შპს „----------“ (ს/ნ ----------) საკითხთან დაკავშირებით გამოიკვეთა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში სახერხი საამქროს ცნობების გააქტიურების შემდგომ, 30 წუთის მანძილზე, გადამხდელის ხე-ტყის ელექტრონულ ჟურნალში ელექტრონული სერვისის მიერ ისახება სახერხი საამქროს ცნობები. ამასთან, შპს „----------“ აღნიშნული ცნობები 2023 წლის 19-20 ივნისს აისახა ცნობების გააქტიურებიდან 15-25 წუთიან მონაკვეთში. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე შემოსავლების სამსახურის ხე-ტყის აღრიცხვის მოდულში ხარვეზი არ დაფიქსირებულა.

ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადამოწმებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი ხე-ტყის შესყიდვის დოკუმენტები. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მოყვანილი არგუმენტები სისტემაში არსებული ხარვეზის თაობაზე, აღნიშნული დოკუმენტებით არ დასტურდება. ხოლო მომჩივანს ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები არ წარმოუდგენია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 12.11.2024 შედგენილი იქნა №CB1687802 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 10 000 ლარი და ჩამოერთვა ექსპერტიზის შეფასებით 23 845,6 ლარის ტრანსპორტირებული ხის მასალა, ფიცარი 24,17 მეტრ. კუბი და ძელაკი 4,91 მეტრ. კუბი, რასაც არ ეთანხმება.

კომპანია 18.10.2024 წელს შპს „----------“ ახდენდა ფიცრის და ძელაკის სახით დახერხილი ხის მასალის მიწოდებას ---------- მუნიციპალიტეტიდან ----------ში, რაზეც მოქმედი კანონმდებლობის და ხე-ტყის ახალი აღრიცხვის შესაბამისი მოდულის მეშვეობით გამოწერილი იყო ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები №----------. ტრანსპორტირებულ ხის მასალაზე სახერხი საამქროდან 2023 წლის 19 და 20 ივნისს გაცემულია ცნობები (ცნობები №----------, №----------, №----------, №----------), რომლებიც 15.06.2023 წლიდან ავტომატურად ისახება ხე-ტყის აღრიცხვის ახალ მოდულში, საიდანაც შემდგომში ხდება შეტყობინების გამოწერა. შეტყობინების საფუძველზე კი ხდება ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოწერა.

10.10.2024 წელს ხე-ტყის აღრიცხვის მოდულიდან არსებული ნაშთიდან (რასაც ახალი მოდული ნაშთად აჩვენებს) გაწერილი იქნა სასაქონლო შეტყობინება შპს „----------“, რომელმაც დაადასტურა და შემდგომში გამოწერილი იქნა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები. ამდენად ტრანსპორტირებულ მასალაზე მითითებული ცნობის ნომრები თუ უკვე გამოყენებული იყო, თანაც ხე-ტყის ახალი აღრიცხვის შემოღების შემდგომ, მაშინ ბაზამ რატომ მისცა ხელმეორედ გამოწერის უფლება. ე.ი ბაზაში მოხდა ტექნიკური ხარვეზი, რაც კომპანიის ბრალეულობით ვერ იქნება გამოწვეული. შპს „----------“ მრგვალ მორს ყიდულობს მხოლოდ აუქციონის გზით სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოდან.

სადავო საკითხთან დაკავშირებით გამოწერილ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებში გამოყენებულია 4 ცნობა, სახერხ საამქროდან გატანის შესახებ: 1. ----------, 2. ----------, 3. ----------, 4. ----------. სახერხ საამქროში №---------- შეტანა რეგისტრირებულია 2023 წლის 14 მაისს. №---------- შეტანა 2023 წლის 26 მაისს ანუ ხე-ტყის ახალი აღრიცხვის შემოტანამდე. ხოლო №---------- შეტანა 2023 წლის 15 მაისს და №---------- შეტანა 2023 წლის 18 ივნისს ანუ ხე-ტყის ახალი აღრიცხვის ამოქმედების შემდგომ. პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ ცნობები გაცემულია 2023 წლის 19 და 20 ივნისს ანუ ხე-ტყის ახალი აღრიცხვის შემოტანის შემდეგ. სახერხ საამქროებში ხე-ტყის ახალი აღრიცხვის შემოღებამდე და შემოღების შემდგომ რეგისტრირებული მორების გადამუშავების შემდგომ გაცემული ცნობის შესაბამისად ავტომატურად აღირიცხებოდა ხე-ტყის აღრიცხვის მოდულში. თავდაპირველად იყო ტექნიკური ხარვეზები და „ცნობის“ მაგივრად არა მარტო შპს „----------“ არამედ სხვა კომპანიებიც უთითებდნენ „ადგილწარმოშობას“ წმინდა ტექნიკური ხარვეზის გამო, რის გამოც არაერთ გადამხდელს ქონდა კომუნიკაცია მეთოდოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებთან. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან გადამხდელს არ აქვს შესაძლებლობა ტექნიკურად შეცვალოს რაიმე სახის მონაცემები ხე-ტყის მოდულში ასახულ ინფორმაციაში არ უნდა მომხდარიყო უკვე რეალიზებული თანაც ახალი აღრიცხვის შემოღების შემდგომ ხელმეორედ იმავე ცნობების გამოყენების შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში ეს არის წმინდა ტექნიკური ხარვეზი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 32 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, − იწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.

ამავე ინსტრუქციის 252 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ზედნადების მე-20 სტრიქონში მიეთითება შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი, კერძოდ:

ა) მრგვალი ხე-ტყის (მორი) ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის ან შესაბამისი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების/ბრძანების ან/და სხვა დოკუმენტის საფუძველზე მოპოვებულ ხეტყეზე დადგენილი წესით გაცემული – ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალისწინებული ზედნადები;

ბ) ხე-მცენარის ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა ან/და დადგენილი წესით გაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალისწინებული ზედნადები.

დადგენილია, რომ სატრანსპორტო საშუალების გადამოწმების დროს (სახელმწიფო ნომერი ----------, გადამოწმების დრო: 10.10.2024 წ. 14:30 სთ) გამოვლინდა 23 845,6 ლარის საბაზრო ღირებულების ხეტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების, დახერხილი წიწვოვანი ჯიშის ხე-მასალის (ფიცარი, 24,17 მ3X820 ლარი), დახერხილი წიწვოვანი ჯიშის ხე-მასალის (ძელაკი, 4,91 მ3X820 ლარი) ტრანსპორტირება ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე.

სადავო საკითზე წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.01.2025 წლის №---------- წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს გამოწერილი ჰქონდა №---------- ხე-ტყის ელექტრონული სასაქონლო ზედნადები, სადაც მითითებული ცნობები, სრულად იყო გამოყენებული. კერძოდ: №---------- ხე-ტყის ელექტრონული სასაქონლო ზედნადების მე-8 სვეტში გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებულია ელექტრონული ცნობები: №----------, №----------, №----------, №----------.

აღნიშნული ცნობების ნომრებიდან:

1) №---------- და №---------- ცნობების ნომრები ფიქსირდება 19.06.2023 წელს გამოწერილ №---------- ხე-ტყის ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებში.

2) №---------- და №---------- ცნობების ნომრები ფიქსირდება 20.06.2023 წელს გამოწერილ №---------- ხე-ტყის ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებში, სადაც ტრანსპორტირების დაწყების მისამართი მითითებულია ---------- რაიონი სოფ. ----------, ხოლო დასრულების მისამართი ----------ში, ასევე №---------- და №---------- ცნობების ნომრები ფიქსირდება 21.06.2023 წელს გამოწერილ №---------- ხე-ტყის ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებში.

31.10.2024 წლის №---------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დახერხილი წიწვოვანი ჯიშის ხემასალის (ფიცარი-ძელაკი) საერთო მოცულობამ შეადგინა 29,08 მ3, საორიენტაციო საბაზრო ღირებულებით 23 845,6 ლარი დღგ-ის ჩათვლით. კერძოდ: ფიცრის მოცულობამ შეადგინა 24,17 კუბ. მ, ძელაკის მოცულობამ შეადგინა 4,91 კუბ. მ.

მომჩივანი მიუთითებს, რომ გამოწერილ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებში გამოყენებულია 4 ცნობა. პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ ცნობები გაცემულია 2023 წლის 19 და 20 ივნისს, ხე-ტყის ახალი აღრიცხვის შემოტანის შემდეგ. სახერხ საამქროებში ხე-ტყის ახალი აღრიცხვის შემოღებამდე და შემოღების შემდგომ რეგისტრირებული მორების გადამუშავების შემდგომ გაცემული ცნობის შესაბამისად ავტომატურად აღირიცხებოდა ხე-ტყის აღრიცხვის მოდულში. თავდაპირველად იყო ტექნიკური ხარვეზები და „ცნობის“ მაგივრად არა მარტო შპს „----------“ არამედ სხვა კომპანიებიც უთითებდნენ „ადგილწარმოშობას“ წმინდა ტექნიკური ხარვეზის გამო, რის გამოც არაერთ გადამხდელს ქონდა კომუნიკაცია მეთოდოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებთან. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან გადამხდელს არ აქვს შესაძლებლობა ტექნიკურად შეცვალოს რაიმე სახის მონაცემები ხე-ტყის მოდულში ასახულ ინფორმაციაში არ უნდა ყოფილიყო უკვე რეალიზებული, თანაც ხალი აღრიცხვის შემოღების შემდგომ ხელმეორედ იმავე ცნობების გამოყენების შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში ეს არის წმინდა ტექნიკური ხარვეზი.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ხე-ტყის აღრიცხვის მოდულში, პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ ცნობები არ მიეთითებოდა ხე-ტყის პროგრამულ ნაშთზე მეტი ოდენობით, ხოლო მომჩივანს გამოყენებული ჰქონდა პროგრამის მექანიკურად შესავსები ველი და მითითებული ჰქონდა „ადგილწარმოშობა“, რა დროსაც პროგრამა ნაშთზე შეზღუდვას არ იყენებს. მომჩივანს ხე-ტყის წარმოშობის კანონიერების დამადასტურებელი სხვა შესაბამისი დოკუმენტები არ წარმოუდგენია.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების მოცულობა აღემატება სასაქონლო ზედნადებში/ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებში მითითებულ ოდენობას, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია მართებულად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილია, რომ სატრანსპორტო საშუალების გადამოწმების დროს გამოვლინდა 23 845,6 ლარის საბაზრო ღირებულების ხეტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების, დახერხილი წიწვოვანი ჯიშის ხე-მასალის (ფიცარი, 24,17 მ3X820 ლარი), დახერხილი წიწვოვანი ჯიშის ხე-მასალის (ძელაკი, 4,91 მ3X820 ლარი) ტრანსპორტირება ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე. სადავო საკითზე წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.01.2025 წლის წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს გამოწერილი ჰქონდა ხე-ტყის ელექტრონული სასაქონლო ზედნადები, სადაც მითითებული ცნობები, სრულად იყო გამოყენებული. კერძოდ: ხე-ტყის ელექტრონული სასაქონლო ზედნადების მე-8 სვეტში გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებულია ელექტრონული ცნობები. აღნიშნული ცნობების ნომრებიდან: ცნობების ნომრები ფიქსირდება 19.06.2023 წელს გამოწერილ ხე-ტყის ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებში. ცნობების ნომრები ფიქსირდება 20.06.2023 წელს გამოწერილ ხე-ტყის ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებში, ასევე ცნობების ნომრები ფიქსირდება 21.06.2023 წელს გამოწერილ ხე-ტყის ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებში. 31.10.2024 წლის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დახერხილი წიწვოვანი ჯიშის ხემასალის (ფიცარი-ძელაკი) საერთო მოცულობამ შეადგინა 29,08 მ3 , საორიენტაციო საბაზრო ღირებულებით 23 845,6 ლარი დღგ-ის ჩათვლით. კერძოდ: ფიცრის მოცულობამ შეადგინა 24,17 კუბ. მ, ძელაკის მოცულობამ შეადგინა 4,91 კუბ. მ.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286(32).