ბრძანება N 12305

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.06.2023
№ დოკუმენტი 12305
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 12305

02.06.2023

ფ/პ ---ის (პ/ნ ---)

(მის.:---) 2023 წლის 18 აპრილის

საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 29 მაისის სხდომაზე (ოქმი №58) განიხილა ფ/პ ---ის (პ/ნ ---) №80420/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 აპრილის ID: ---- შესაგებელთან დაკავშირებით.

მომჩივნის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნაზე გამოცემულ უარის თქმის შესახებ შესაგებელს. გადამხდელი აღნიშნავს, დასაქმებულია არარეზიდენტ საწარმოში, რომლის წარმომადგენლობა მდებარეობს ---ის რესპუბლიკაში. აღნიშნული საწარმოდან ხელფასის სახით მიღებული აქვს შემოსავალი, რაზეც არცოდნის გამო, შეცდომით გადახდილი აქვს საშემოსავლო გადასახადი. გადამხდელის ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული შემოსავალი არ ეკუთვნის საქართველოში მიღებულ შემოსავალს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის ,,ფ“ ქვეპუნქტზე მითითებით ითხოვს ზედმეტად გადახდილი თანხის 25 000 ლარის დაბრუნებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, განხორციელდა ფ/პ ---ის (პ/ნ ---) მიერ წარდგენილი 2023 წლის 20 მარტის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შესწავლა, რომლის მიხედვითაც გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. ფ/პ --- (პ/ნ ---) განმარტავს, რომ ზედმეტობა გამოწვეულია ზედმეტად გადახდილი საშემოსავლო გადასახადის გამო, რომელიც წარმოიშვა უცხოეთში გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის არასწორად დაბეგვრის გამო.

გადამხდელს დაუდგინდა ხარვეზი და გადახდილი თანხის შინაარსის დეტალურად განმარტების მიზნით, დაევალა გაწეული მომსახურების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტების (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი), ასევე, გაწეული მომსახურების ღირებულების საგადასახადო დაბეგვრისგან გათავისუფლების საფუძვლების 5 სამუშაო დღის ვადაში წარდგენა. ვადაში წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ (ID: ---) საპასუხოდ, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 2023 წლის 30 მარტის შესაგებელი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე. შესაგებელში უარის თქმის საფუძვლად მითითებულია: თქვენს მიერ მიღებული შემოსავალი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ზ“ ქვეპუნქტით განეკუთნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს. შესაბამისად, ამავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვერ გავრცელდება გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურებიდან მიღებულ შემოსავალზე.“

ზემოაღნიშნული ზედმეტად გადახდილი გადასახადის უკან დაბრუნების მოთხოვნით გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 30 მარტს ხელახლა წარმოდგენილ იქნა ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ ID ---, რაზეც საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ 135 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 2023 წლის 6 აპრილის შესაგებელი, რომლითაც გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე. კერძოდ: ,, თქვენს მიერ 2023 წლის 20 მარტს წარმოდგენილ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე (ID:---) გეთქვათ უარი, ვინაიდან მიღებული შემოსავალი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს და შესაბამისად, ამავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვერ გავრცელდება გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურებიდან ან/და ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალზე. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი ინფორმაციით/დოკუმენტაციით და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით ფაქტობრივი გარემოებები არ შეცვლილა.“

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახდო კოდექსის 63-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.

ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.

3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.

4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.

5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს საგადასახდო კოდექსის 104-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ და „გ.ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება:

ა) საქართველოში დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავალი

გ.ზ) საქართველოში მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი.

ამ მიზნით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურება საქართველოში გაწეულად ითვლება, თუ მომსახურების გამწევი და მომსახურების მიმღები სხვადასხვა სახელმწიფოში არიან და მომსახურების გამწევი საქართველოს რეზიდენტია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომსახურების გამწევის მიერ მომსახურების გაწევა ხორციელდება სხვა ქვეყანაში მისი მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, რომელიც ადასტურებს, რომ მომსახურების გამწევმა სხვა ქვეყანაში (გარდა საქართველოსი) გასწია მომსახურება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, თვითმმართველი ერთეულების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავით დადგენილია ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების დამატებითი პროცედურები და „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე“ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა.

ამავე ინსტრუქციის 131 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ (შემდგომში - „მოთხოვნა“), რომელსაც უნდა დაურთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.

ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ შეუსაბამობა გამოვლინდა ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საკითხის შესწავლისას ან/და სახეზეა გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის დაბეგვრაზე წარუდგენლობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, დასარიცხად გამოანგარიშებული გადასახადის/სანქციის თანხა არ ამცირებს სალდირებული ზედმეტობის მაჩვენებელს „მოთხოვნაში“ მითითებული დასაბრუნებელი თანხის ფარგლებში, ან როდესაც სავარაუდოდ, გამოანგარიშებული გადასახადის/სანქციის თანხის დარიცხვის შედეგად გადამხდელს მაინც უფიქსირდება სალდირებული ზედმეტობა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, გადამხდელს მიეთითება ხსენებული შეუსაბამობების აღმოფხვრაზე და საგადასახადო ორგანოს შესაბამისი თანამშრომლის მიერ სათანადო პროცედურები შესაძლო დასაბრუნებელი თანხის ფარგლებში განხორციელდება გადამხდელის მიერ აღნიშნული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემთხვევაში. ამასთან, შეუსაბამობის აღმოფხვრის შესახებ მითითებიდან მათ აღმოფხვრამდე ინტერვალში, ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება, საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებულ ვადაში შეუსაბამობების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კი გადამხდელს გაეგზავნება შესაგებელი).

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავალი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს. შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება ამავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი. შესაბამისად, მართლზომიერია წარდგენილ მოთხოვნაზე უარის თქმა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ ---ის (პ/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნაზე გამოცემულ უარის თქმის შესახებ შესაგებელს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ საპასუხოდ, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 2023 წლის 30 მარტის შესაგებელი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე. შესაგებელში უარის თქმის საფუძვლად მითითებულია: თქვენს მიერ მიღებული შემოსავალი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ზ“ ქვეპუნქტით განეკუთნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს. შესაბამისად, ამავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვერ გავრცელდება გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურებიდან მიღებულ შემოსავალზე.“

 

გადაწყვეტილება

სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

302 (6); 63 (1); 65; 104; 82 (1, ფ).