გადაწყვეტილება №18764/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 02.03.2023
№ დოკუმენტი 18764/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18764/2/2023

2.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------" (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 2.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 1.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18764/2/2023).

 

დავის საგანი:

საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანისათვის დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 6.12.2022 წლის №EL193338 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 20.01.2023 წლის №665 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 7 893.83 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

23.11.2022 წელს საფოსტო გადამზიდავ შპს „----------“ მიერ (ს/ნ -----------) №20010/1370848 საბაჟო დეკლარაცია ფორმა-4-ით, 11.10.2022 წლის №17-09202-21494 ინვოისის საფუძველზე, განხორციელდა მომჩივნის კუთვნილი №1Z6X627X0341209853 საფოსტო გზავნილის დეკლარირება, რომელსაც გადასახადების ადმინისტრირების სისტემა „oracle“-ს მიერ განესაზღვრა მწვანე დერეფანი.

კომპანიის წარმომადგენელმა საბაჟო დეპარტამენტში 30.11.2022 წლის №ID11783333 განცხადებით მოითხოვა №20010/1370848 საბაჟო დეკლარაცია ფორმა-4-ის კორექტირება, კერძოდ: 24.95 აშშ დოლარის ღირებულების საქონლის (5 ცალი სანათი მოწყობილობა) ნაცვლად, №104830 ინვოისის საფუძველზე დეკლარაციაში შესატანი იყო 2 ცალი 2 903 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი (გადამწოდი და პულსოქსიმეტრი).

ვინაიდან კომპანიის მიერ ადგილი ჰქონდა საქონლის (გადამწოდი და პულსოქსიმეტრი) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას, გამოვლენილ ფაქტზე, საბაჟო დეპარტამენტის მიერ 6.12.2022 წელს შედგენილია №EL193338 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 7 893,83 ლარის ოდენობით.

აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი 14.12.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.01.2023 წლის №665 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილია, რომ შპს „-----------“ მიერ გადამწოდი და პულსოქსიმეტრი №20010/1370848 საბაჟო დეკლარაცია ფორმა-4-ით თავდაპირველად არ იყო დეკლარირებული. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას, რაც პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (168-ე მუხლის პირველი ნაწილი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.

მომჩივნის მოთხოვნაზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გათვალისწინებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირი შეცდა ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. კანონმდებლის მიზანია, საბაჟო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ პირი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიაჩნია საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება. ამდენად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

23.12.2022 წელს მომჩივნის მიერ განბაჟდა საქონელი გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით №20010/1370848. ტვირთის ადგილზე (კომპანიის საწყობში) მიტანის შემდეგ აღმოჩნდა, რომ შეცდომით მოხდა არასწორი ინვოისით საქონლის განბაჟება 30.11.2022 წელს კომპანიამ წერილით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და აცნობა დაშვებული შეცდომის შესახებ და მოითხოვა მომხდარიყო საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებების განხორციელება. საბაჟო დეპარტამენტმა განცხადების წარდგენის შემდეგ გამოსცა სამართალდარღვევის ოქმი რაც გასაჩივრდა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კომპანიის მიერ დაშვებული იყო შეცდომა მექანიკურად, საქონლის საბაჟოს გვერდის ავლის შემოტანის ფაქტს არ ჰქონდა ადგილი, კომპანიამ თავად აღიარა შეცდომა და აღმოჩენის მომენტისთანავე მოითხოვა კორექტირება და საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად საბაჟო სანქციიდან გათავისუფლება.

კომპანიამ თავისი ქმედებით დაამტკიცა რომ ის სამართლებრივ არეალში მოქმედებდა და თვითონვე მიმართა საბაჟო ორგანოს დაშვებული შეცდომის კორექტირებისთვის. საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი კი იძლევა საშუალებას პირი გათავისუფლდეს სანქციებისგან დადგენილი ფაქტობრივი გარემოებიდან. ამ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოებები მოწმობს რომ კომპანიის მიერ მიზნობრივად არ მომხდა არასწორი ინვოისით საქონლის განბაჟება და ადგილი არ ჰქონია საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით საქონლის შემოტანას. დაიშვა შეცდომა უყურადღებობით და აღმოჩენისთანავე მიმართა საბაჟო ორგანოს შეცდომის გამოსასწორებლად. კომპანია თვლის, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურის ბრძანება ბათილად უნდა იქნას ცნობილი და კომპანია გათავისუფლდეს საბაჟო ჯარიმისაგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

ამავე კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით

მომჩივნის განმარტებით კომპანიის მიერ დაშვებული იყო შეცდომა მექანიკურად, საქონლის საბაჟოს გვერდის ავლის შემოტანის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, კომპანიამ თავად აღიარა შეცდომა და აღმოჩენის მომენტისთანავე მოითხოვა კორექტირება და საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად საბაჟო სანქციიდან გათავისუფლება.

დადგენილია რომ მომჩივანმა თავად მიმართა საბაჟო დეპარტამენტს №---------- საბაჟო დეკლარაცია ფორმა-4-ში ცვლილების განსახორციელებლად და მოითხოვა დეკლარირებული საქონლის ჩასწორება და საქონლის საბაჟო ღირებულების გაზრდა. ცვლილების მიზეზად მიუთითა, რომ საბაჟო დეკლარაცია ფორმა-4-ის დარეგისტრირება უნდა მომხდარიყო №--------- ინვოისის საფუძველზე და დეკლარაციაში 24.95 აშშ დოლარის ღირებულების საქონლის (5 ცალი სანათი მოწყობილობა) ნაცვლად, შესატანი იყო 2 ცალი 2 903 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი (გადამწოდი და პულსოქსიმეტრი).

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მომჩივანი საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისაგან.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. მომჩივანი, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს საბაჟო დეპარტამენტის 6.12.2022 წლის №EL193338 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისაგან;

3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.