გადაწყვეტილება №25105/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25105/2/2025
27 მაისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 22.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25105/2/2025).
დავის საგანი:
საბაჟო დეკლარაციის გაუქმება და დეკლარირებული აქციზის გადასახადის დაბრუნება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 14.02.2025 წლის №21-10-21/9835 წერილი;
2. შემოსავლების სამსახურის 4.04.2025 წლის №6423 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
მომჩივანმა 21.01.2025 წელს №7109/21 განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და მოითხოვა №------- (25.11.2023) საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა, იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონელი (ტრანსფორმატორის ზეთი „Transformer T1500“ - ნეტო 22 932 კგ) 2024 წელს სრულად იქნა გატანილი საქართველოდან №------- (28/03/2024) და №------- (18/04/2024) საბაჟო დეკლარაციებით.
საბაჟო დეპარტამენტის 14.02.2025 წლის №21-10-21/9835 წერილით მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, რომ განცხადებაში აღნიშნული საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას არ აკმაყოფილებდა საქონლის რეექსპორტში მოქცევისათვის დადგენილ პირობებს, კერძოდ, არ იყო შესაძლებელი №------- (25.11.2023) საქონლის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის (ტრანსფორმატორის ზეთი „Transformer T1500“ - ნეტო 22 932 კგ) იდენტიფიცირება, ამასთან ერთად, №------- (18/04/2024) საბაჟო დეკლარაციით ექსპორტში დეკლარირებული საქონლის შემთხვევაში, წარმოდგენილი არ ყოფილა საქონლის დაბრუნებაზე მომწოდებლის თანხმობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი. შესაბამისად, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა განხორციელდა ექსპორტის საბაჟო დეკლარაციებით (№------- (28/03/2024); №------- (18/04/2024)).
საბაჟო დეპარტამენტის 14.02.2025 წლის №21-10-21/9835 წერილი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 4.04.2025 წლის №6423 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 141 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, საბაჟო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „რეექსპორტის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №16) პირველი მუხლის მე-3 პუნქტზე.
დადგენილია, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას საქონელი არ აკმაყოფილებდა რეექსპორტში მოქცევისათვის დადგენილ პირობებს, კერძოდ, არ იყო შესაძლებელი 25.11.2023 წლის №------- საქონლის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის (ტრანსფორმატორის ზეთი „Transformer T1500“ - ნეტო 22 932 კგ) იდენტიფიცირება, ამასთან ერთად წარდგენილი არ ყოფილა საქონლის დაბრუნებაზე მომწოდებლის თანხმობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტის 14.02.2025 წლის №21- 10-21/9835 გადაწყვეტილება, რომლითაც მომჩივანს უარი ეთქვა №------- (25.11.2023) საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობაზე, შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
22.11.2023 წელს დაარეგისტრირა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაცია C-------, რომელიც შეფასდა 25.11.2023 წელს ნომრით A-------. მომწოდებელი -------, -------. ხსენებული დეკლარაციით მიღებულ პროდუქციას წარმოადგენდა ტრანსფორმატორის ზეთი - 22 932 კგ ნეტო (24 362 კგ ბრუტო). აღნიშნული პროდუქცია შემოვიდა ტონიანი კასრებით, რომელზეც დატანილი იყო ნომრები. დეკლარაცია მოხვდა მწვანე დერეფანში, შესაბამისად №13738425 შეტყობინებით კომპანიას დაერიცხა გადასახადები: დღგ - 18 091,01 ლარი, აქციზი 18 345,6 ლარი, რომელიც გადახდილ იქნა.
მიღებული პროდუქციის რეალიზაცია მოხდა 18.12.2023 წელს სრულად სასაქონლო ზედნადებით №------- სს -------, რის შემდეგაც სს ------- მხრიდან მოხდა პრეტენზიის წამოყენება, რომ მის მიერ კომპანიისგან შეძენილი ხსენებული საქონელი არ შეესაბამებოდა და აკმაყოფილებდა ტექნიკურ მოთხოვნებს. სს ------- კომპანიას დაუბრუნა ხსენებული პროდუქცია. კომპანიამ მოიკვლია მომწოდებელთან ხსენებული საკითხი და მომწოდებელმა თანხმობა გამოხატა უკან დაებრუნებინა საქონელი. აღნიშნული მობრუნებული პროდუქცია (ტრანსფორმატორის ზეთი) კომპანიამ წარუდგინა საბაჟო ორგანოს, სადაც სამწუხაროდ დაუსაბუთებლად ვერ მოხდა დეფექტური საქონლის იდენტიფიცირება იმ საქონელთან, რაც გაიმპორტდა 22.11.2023 წელს რეგისტრირებული C------- საბაჟო დეკლარაციით.
აღნიშნულის გამო არ მომხდარა საბაჟო ორგანოს მხრიდან C------- საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა, რაც საშუალებას მისცემდა კომპანიას ხსენებული საქონელი გაეგზავნა მომწოდებელთან რეექსპორტით.
შესაბამისად, კომპანიამ 28.03.2024 წელს რეგისტრირებული C------- და 18.04.2024 წელს რეგისტრირებული C------- ექსპორტის საბაჟო დეკლარაციებით დაუბრუნა მომწოდებელს ხსენებული დეფექტური საქონელი.
საბაჟო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ თუ დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამის გამო იგი მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს უბრუნდება, ეს საქონელი შეიძლება რეექსპორტს დაექვემდებაროს. ამ შემთხვევაში ამავე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი განმარტავს, რომ: თუ ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის მთლიანი ოდენობის რეექსპორტი, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაცია ბათილად იქნება ცნობილი და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს ჩამოერთმევა საქართველოს საქონლის სტატუსი.
საბაჟო კოდექსის 160-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას ამ საქონელზე გადახდილი იმპორტის გადასახდელის თანხა (გარდა იმ თანხისა, რომელზედაც პირს მიღებული აქვს ჩათვლა) დაბრუნებას ან მომავალ საგადასახადო/საბაჟო ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლას ექვემდებარება.
განსახილველ შემთხვევაში საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენისას არსებული დოკუმენტებით ნათლად იდენტიფიცირდებოდა, რომ კომპანიის მიერ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული საქონელი იყო დეფექტური.
შესაბამისად, ასეთ დროს უნდა მომხდარიყო 22.11.2023 წელს რეგისტრირებული (C-------) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა და არსებული დეფექტური საქონლის შემდგომი რეექსპორტი. საბაჟო ორგანომ დაუსაბუთებლად მიიჩნია, რომ წარდგენილი დეფექტური საქონელი არ იყო ის საქონელი, რაც გაიმპორტდა 22.11.2023 წელს რეგისტრირებული (C-------) საბაჟო დეკლარაციით. აღნიშნული ნათლად დასტურდება საჩივარზე თანდართული დოკუმენტაციით. შესაბამისად, კომპანიის მოთხოვნა აქციზის თანხის დაბრუნების თაობაზე სრულად მართლზომიერია.
ყოვლად დაუსაბუთებელია შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია, რითაც უარი ეთქვა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, კერძოდ გადაწყვეტილებაში მითითებულია 2 არგუმენტი: ა) წარდგენილი არ ყოფილა საქონლის დაბრუნებაზე მომწოდებლის თანხმობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი და ბ) არ იყო შესაძლებელი 25.11.2023 წლის №------- საქონლის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის (ტრანსფორმატორის ზეთი „Transformer T1500“ - ნეტო 22 932 კგ) იდენტიფიცირება.
პირველ არგუმენტთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ საქონლის დაბრუნებაზე მომწოდებლის წერილობითი თანხმობა წარდგენილ იქნა საბაჟო ორგანოში, იგი დართულია საჩივარზეც და თარიღდება 28.03.2024 წლით. რაც შეეხება მეორე არგუმენტს, კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტები (ინვოისები, ლაბორატორიული ანალიზის შედეგები, წერილები და სხვა) მარტივად იძლევა 25.11.2023 წლის №------- საქონლის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის (ტრანსფორმატორის ზეთი „Transformer T1500“) იდენტიფიცირების შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 4.04.2025 წლის №6423 გადაწყვეტილება და საბაჟო დეპარტამენტის 14.02.2025 წლის №21-10- 21/9835 გადაწყვეტილება. დაევალოს შემოსავლების სამსახურს/საბაჟო დეპარტამენტს: ა) ბათილად ცნოს/გააუქმოს 22.11.2023 წელს რეგისტრირებული (C-------/A-------) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაცია და ბ) შპს ------- შეუმციროს/დაუბრუნოს 22.11.2023 წელს რეგისტრირებული (C-------/A-------) საბაჟო დეკლარაციით დარიცხული აქციზის თანხა და აღნიშნული ასახოს მისი პირადი აღრიცხვის ბარათზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა შესაბამისი საქონლის გაშვების შემდეგ, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შემთხვევებისა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 141 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქონლის გაშვების შემდეგ საბაჟო დეკლარაცია ბათილად შეიძლება იქნეს ცნობილი, საქართველოს საბაჟო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის მთლიანი ოდენობის რეექსპორტი.
საბაჟო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამის გამო იგი მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს უბრუნდება, ეს საქონელი შეიძლება რეექსპორტს დაექვემდებაროს. ამ შემთხვევაში თუ ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის მთლიანი ოდენობის რეექსპორტი, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაცია ბათილად იქნება ცნობილი და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს ჩამოერთმევა საქართველოს საქონლის სტატუსი.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „რეექსპორტის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №16) პირველი მუხლის მე2 პუნქტის „კ“ ქვეპუნტის თანახმად, თუ დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეოეკონომიკური გარიგების პირობებს და ამის გამო იგი მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს უბრუნდება. ამავე ინსტრუქციის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „კ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქონლის რეექსპორტის გამოყენებისათვის დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს შემდეგი პირობები:
ა) საქონელი არ უნდა იქნეს გამოყენებული და გადამუშავებული საქართველოს ტერიტორიაზე;
ბ) შესაძლებელი უნდა იყოს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის იდენტიფიცირება;
გ) რეექსპორტის დეკლარაციასთან ერთად უნდა წარედგინოს პირის განცხადება საქონლის დეფექტის არსებობის, რაოდენობის, ხარისხის, შეფუთვისა და აღწერილობის საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებთან შეუსაბამობის შესახებ, და მომწოდებლისათვის ან მის მიერ მითითებული სხვა პირისათვის საქონლის დაბრუნებაზე მომწოდებლის თანხმობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი;
დ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონელი გატანილი უნდა იქნეს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დღიდან 6 თვეში.
დადგენილია, რომ მომჩივანმა 21.01.2025 წელს №7109/21 განცხადებით მოითხოვა №------- (25.11.2023) საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა, იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონელი (ტრანსფორმატორის ზეთი „Transformer T1500“ - ნეტო 22 932 კგ) 2024 წელს სრულად იქნა გატანილი საქართველოდან №------- (28/03/2024) და №------- (18/04/2024) საბაჟო დეკლარაციებით.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 1.05.2025 წლის №35160-21-10 წერილი სადაც მითითებულია, რომ სადავო საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას არ აკმაყოფილებდა საქონლის რეექსპორტში მოქცევისათვის დადგენილ პირობებს, კერძოდ, არ იყო შესაძლებელი №------- (25.11.2023) საქონლის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის (ტრანსფორმატორის ზეთი „Transformer T1500“ - ნეტო 22 932 კგ) იდენტიფიცირება.
ამგვარად, ვინაიდან საბაჟო ორგანომ ვერ მოახდინა №------- (25.11.2023) საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის იდენტიფიცირება №------- (28/03/2024) და №------- (18/04/2024) საბაჟო დეკლარაციებით ექსპორტში დეკლარირებულ საქონელთან, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას არ ყოფილა დაცული საქონლის რეექსპორტში მოქცევისათვის დადგენილ პირობები. შესაბამისად, არ არსებობს №------- (25.11.2023) საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობის და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საბაჟო დეკლარაციის გაუქმება და დეკლარირებული აქციზის გადასახადის დაბრუნება.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანმა 21.01.2025 წელს განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და მოითხოვა საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა, იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონელი 2024 წელს სრულად იქნა გატანილი საქართველოდან საბაჟო დეკლარაციებით.
საბაჟო დეპარტამენტის წერილით მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, რომ განცხადებაში აღნიშნული საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას არ აკმაყოფილებდა საქონლის რეექსპორტში მოქცევისათვის დადგენილ პირობებს, კერძოდ, არ იყო შესაძლებელი საქონლის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის იდენტიფიცირება, ამასთან ერთად, საბაჟო დეკლარაციით ექსპორტში დეკლარირებული საქონლის შემთხვევაში, წარმოდგენილი არ ყოფილა საქონლის დაბრუნებაზე მომწოდებლის თანხმობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი. შესაბამისად, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა განხორციელდა ექსპორტის საბაჟო დეკლარაციებით.
საბაჟო დეპარტამენტის წერილი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 4.04.2025 წლის №6423 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას არ ყოფილა დაცული საქონლის რეექსპორტში მოქცევისათვის დადგენილ პირობები. შესაბამისად, არ არსებობს საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობის და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 91(3); 160(3-ა);