ბრძანება N 19723
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19723
10 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 6 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 ივნისის და 20 ივლისის სხდომებზე (ოქმები №65 და №76) განიხილა შპს „-----------“ (ს/ნ -----------) 2023 წლის 6 მარტის №79507/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 თებერვლის №063-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
1. გადამხდელი განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, სრული ვადების დაცვით წარადგინა აუდიტის დეპარტამენტის კანცელარიაში 2022 წლის 6 ივნისის პერიოდისათვის დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (განცხადება №98441/21-14). გადამხდელი აცხადებს, რომ სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული დებიტორული დავალიანებები, ქეშბექის ხელშეკრულებები, ბანკის პროცენტები, ბანკის მომსახურების გადასახადი, ნაღდი ფულის გამოტანის საკომისიო და სხვადასხვა სამეურნეო ხარჯი. ასევე აუდიტორმა არ გაითვალისწინა დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალის შენატან-განატანები და სხვა. გადამხდელს წარმოდგენილი აქვს სხვადასხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია და ითხოვს საკითხის ხელახლა შესწავლას მისი მონაწილეობით.
2. გადამხდელი ითხოვს სანქციის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 23 მაისის №12811 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-----------“ (ს/ნ ------------) საჩივრები. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
1. შპს „-----------“ (ს/ნ -----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 23 მაისის №12811 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 2 თებერვლას გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს 2021 წლის 22 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 6 თებერვლის №063-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის არაერთი ცდის მიუხედავად ვერ შეძლეს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებითი მტკიცებულებების შესწავლა და გამოკვლევა, შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება) არ განხორციელებულა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა საჩივარზე დართული დოკუმენტაცია და დადგინდა, რომ აღნიშნული ემთხვევა 2022 წლის 23 მაისის №12811 ბრძანების საფუძველზე წარმოდგენილ დოკუმენტაციას, რომელიც შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა და გავლენა არ მოახდინა გადაანგარიშების შედეგებზე. რიგ შემთხვევებში წარმოდგენილ პირველად დოკუმენტებში არც ერთ მხარედ არ ფიქსირდება შპს „---------“ (ს/ნ ----------) და შემოწმებისათვის გაუგებარია რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ დოკუმენტებმა შემოწმების შედეგებზე. აღსანიშნავია, როგორც შემოწმების პროცესში, ასევე გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელისგან არაერთხელ იქნა მოთხოვილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარმოდგენა და შემდგომ ეტაპზე უკვე, საჩივარზე თანდართული ინფორმაცია/დოკუმენტაციის მისი მონაწილეობით გავლა. თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ არ მოხდა წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემმოწმებლებთან ერთად გავლა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა ვერ შეძლო წარმოედგინა ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ასევე, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1.შპს „------------“ (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელს წარმოდგენილი აქვს სხვადასხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია და ითხოვს საკითხის ხელახლა შესწავლას მისი მონაწილეობით.ასევე ითხოვს სანქციის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა საჩივარზე დართული დოკუმენტაცია და დადგინდა, რომ აღნიშნული ემთხვევა 2022 წლის 23 მაისის №12811 ბრძანების საფუძველზე წარმოდგენილ დოკუმენტაციას, რომელიც შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა და გავლენა არ მოახდინა გადაანგარიშების შედეგებზე.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:304(21);